ბს-961 (კ-20) 13 მაისი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2020წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-იმა 30.11.2017წ. სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ კომისიის 06.11.2017წ. N499 განკარგულების, მ. ბ-ის ნაწილში კომისიის 27.10.2017წ. N42 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და კომისიისათვის მ.ბ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით (დაზუსტებული მოთხოვნა).
მცხეთის რაიონული სასამართლოს 30.07.2019წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ე. ბ-ი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 16.12.2019წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 27.10.2017წ. N42 საოქმო გადაწყვეტილება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე კომისიის 06.11.2017წ. N499 განკარგულება და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2020წ. განჩინებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1300 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე მ. ბ-ის უარი ეთქვა ე. ბ-ის განცხადების გათვალისწინებით, რომლის მიხედვით, ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ნაწილი ე. ბ-ის საკუთრებაში იყო. პალატამ აღნიშნა, რომ სადავო აქტები არ შეიცავდნენ აღიარებაზე უარის თქმის სათანადო დასაბუთებას, წარდგენილი დოკუმენტაცია ადასტურებდა მ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარებისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებობას. პალატამ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული პირების ახსნა-განმარტებებზე, რომლის მიხედვით სადავო 1300 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან მ. ბ-ის არასოდეს უსარგებლია მხოლოდ ხის ისრებით შემოკავებული მიწის ნაკვეთით და იგი იყო ე. ბ-ის მფლობელობაში, დანარჩენი მიწის ნაკვეთით კი 2007 წლამდე და დღემდე სარგებლობს მოსარჩელე. პალატის მოსაზრებით აღნიშნული გარემოებები დადასტურებულია ასევე საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალით და ორთოფოტოებით, რაც კომისიის მიერ არ შეფასებულა. პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელისა და მესამე პირის მონაწილეობით შესაძლებლობა ჰქონდა დაედგინა მოთხოვნილი 1300 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რა ნაწილი იყო უშუალოდ მოსარჩელის მფლობელობაში და ემსჯელა მ. ბ-ის განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების საკითხზე, რასაც ადგილი არ ჰქონია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2020წ. განჩინება მ. ბ-იმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ იმსჯელა მ. ბ-ის არგუმენტებზე და არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. მ. ბ-ის მიერ 1982-1984 წლებში დუშეთის რაიონის სოფ. ...ში მდებარე 1304 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აშენდა 46,17 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი. ამ პერიოდიდან მ. ბ-ი ერთპიროვნულად სარგებლობს აღნიშნული მიწის ნაკვეთითა და სახლით. კომისია გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო განსახილველ საქმესთან შემხებლობის არმქონე პირის განცხადებას, კომისიას ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე არ მოუხდენია განცხადებაში მითითებული ფაქტების გამოკვლევა, არ დაუდგენია მათი რეალობასთან შესაბამისობა. მ. ბ-ი 2007 წლამდე სრულად სარგებლობდა მითითებული მიწის ნაკვეთით, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით მიწის ნაკვეთის ნაწილის სხვა პირის მიერ დაკავება არ ქმნიდა აღიარების გამომრიცხავ საფუძველს. სასამართლოს ჰქონდა საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის და საქმის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების საჭიროების შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, სასამართლოს ერთმევა დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობა. სასკ-ის 32.4 მუხლის მიხედვით სასამართლო დავის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს აქტს იმ შემთხვევაში, უკეთუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე მსჯელობას. განსახილველ შემთხვევაში, კომისიის მიერ მ. ბ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა მხოლოდ ე. ბ-ის განმარტება, რომლის შესწავლაც კომისიას არ მოუხდენია, კომისიას არ დაუდგენია მიწის ნაკვეთზე ე. ბ-ის უფლების არსებობა და მისი ფარგლები. ე. ბ-ის განცხადებიდან იკვეთება, რომ ის სადავოდ ხდიდა მ. ბ-ის მიერ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მხოლოდ ნაწილის მფლობელობას. სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას წარდგენილ იქნა აგრეთვე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 10.03.2020წ. გაცემული ამონაწერი, რომლის თანახმად, ე. ბ-ის საკუთრებაში აღრიცხულია დუშეთის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 3844 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: 30.10.2018წ. საარქივო ცნობა, 03.02.2020წ. ცნობა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის დადასტურების შესახებ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის 03.05.2020წ. ცნობა). ამონაწერზე თანდართულია სიტუაციური ნახაზი, რომლის მიხედვით ე. ბ-ის საკუთრებაში აღირიცხა მ. ბ-ის დაინტერესებაში მყოფი მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორია, თუმცა შენობა-ნაგებობა და მის წინ მდებარე მიწის ნაკვეთი ე. ბ-ის სახელზე აღრიცხული მიწის ნაკვეთის საზღვრებში არ ექცევა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლევას საჭიროებს ე. ბ-ის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთისა და მ. ბ-ის დაინტერესებაში მყოფი მიწის ნაკვეთის ურთიერთმდებარეობა, ამის გათვალისწინებით შესაძლოა დაზუსტებას საჭიროებდეს მ. ბ-ის მოთხოვნის ფარგლები და იმ მიწის ნაკვეთის საზღვრები, რომელზე საკუთრების უფლების აღიარებაც არის მოთხოვნილი. საჭიროების შემთხვევაში ორგანომ არ უნდა უგულებელყოს აგრეთვე განმცხადებლის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნორმატიულად დადგენილია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების არაერთი წინაპირობა, რომელთა არსებობის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიას არ უმსჯელია. მართალია საქმეში დაცულია გარკვეული მტკიცებულებები, მათ შორის სხვადასხვა თარიღის ორთოფოტოები, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს მ. ბ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე არსებითად არ უმსჯელია, მის მიერ წარდგენილი მტიცებულებები არ შეუფასებია და საქმის გარემოებები არ გამოუკვლევია, რასაც კასატორიც ადასტურებს, სასამართლო მოკლებული იყო დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული აქტის კანონიერებას და ამ მიზნით ინკვიზიციის გარკვეული ფარგლებით სარგებლობს, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს საკითხის გადაწყვეტაზე უფლების მქონე ორგანოს ფუნქციების სასამართლოსათვის სრულ გადაკისრებას, ადმინისტრაციული წარმოების სრულ ჩანაცვლებას. შეცილებითი სარჩელის წარდგენისას სასამართლო არ არის სადავო საკითხის გადამწყვეტი პირველადი ორგანო. ამდენად, კასატორის მითითება არაერთი არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევის საჭიროების მიუხედავად სასამართლოს მიერ დავის არსებითად გადაწყვეტის წინაპირობების არსებობაზე, მოკლებულია სათანადო დასაბუთებას.
ამასთანავე, უკეთუ კანონმდებლობაში განხორციელებული უკანასკნელი ცვლილებების გათვალისწინებით („მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 4.6 მუხ.) საკითხი აღარ არის კომისიის ქვემდებარე, მას შეუძლია იხელმძღვანელოს სზაკ-ის 80.1 მუხლით, რომლის თანახმად თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ორგანოს უფლებამოსილებას, განცხადებისა და მასზე დართული საბუთების გადაგზავნა უნდა მოხდეს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის, რის შესახებაც შესაბამის დასაბუთებასთან ერთად წერილობით უნდა ეცნობოს მხარეს (სზაკ 80.3 მუხ.).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2020წ. განჩინება;
3. დ. მ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.10.2020წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. აბუსერიძე