Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-880(კ-21) 03 მაისი, 2022 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ. ქ-ე

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ვ. ქ-ემ 2019 წლის 14 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიმართ და 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 ივლისამდე მიუღებელი კომპენსაციის - 3984 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, ვ. ქ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაეკისრა მოსარჩელისათვის 2017 წლის 01 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 ივლისამდე მიუღებელი კომპენსაციის - 3984 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, სამართლებრივი შეფასების გარეშეა დარჩენილი საკითხი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გარეშე რამდენად ჰქონდა მოპასუხეს სადავო ფაქტთან მიმართებაში სამართლებრივი განმარტების უფლებამოსილება. მას შემდგომ, რაც ძალაში შევიდა სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელდა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები: ვ. ქ-ეის 2019 წლის 11 ივლისის განცხადების საფუძველზე, გაიცა სასაზღვრო პოლიციის მიერ საჭირო დოკუმენტაცია და სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმართვიდან მომდევნო თვეში, როგორც ამას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლი ითვალისწინებს - 2019 წლის 1 აგვისტოდან მოსარჩელეს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. კასატორი „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ N609 ბრძანებულების მე-14 თავის მე-4 (2) პუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. კერძოდ, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები: ოფიცრები, ზევადიან ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრკ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო - სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით. რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილ საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით). ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: ა) ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვს წელთა ნამსახურობის 20 და 20 - ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10 - ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20 - ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991 - დან 1995 წლამდე და დათხოვნილ იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20 -ზე მეტი კალენდარული წელია.

კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რასაც ასევე უკანონოდ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლო, რომ მოსარჩელეს კომპენსაცია უნდა დანიშვნოდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებამდე. ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა კანონის სრული დაცვით, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილება ვ. ქ-ეის კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე არ იყო კანონიერ ძალაში შესული, შესაბამისად, ვერ მოხდებოდა აღნიშნული გადაწყვეტილებით წარმოშობილი სამართლებრივი შედეგის გათვალისწინება და სახეზე არ გვაქვს ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული ქმედება. სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელისათვის კომპენსაციის მიუღებლობით მიყენებული ზიანი გამოწვეულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, თუმცა არც ერთი სასამართლო არ უთითებს არც ერთ სამართლებრივ საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას და გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით ვ. ქ-ეის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლით, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მხრიდან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თავისი სამსახურებრივ მოვალეობის დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით. სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. აღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ცალსახად დგინდება, რომ ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად უნდა არსებობდეს სათანადო მტკიცებულებით დადასტურებული, სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და უკანონო ქმედების შედეგადაც სახეზე უნდა იყოს მიყენებული ზიანი.

აღსანიშნავია, რომ ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მოთხოვნათა გათვალისწინებით ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებები აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში, რაც ასევე მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, სრულად აუნაზღაუროს პირს უკანონო (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედებით გამოწვეული მატერიალური ზიანი, ასეთის დადასტურების შემთხვევაში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის’’ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს მათ შორის შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშება.

ამ ნორმის გათვალისწინებით ცალსახაა, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად დაინტერესებული პირი ვალდებულია სოციალური მომსახურების სააგენტოში განცხადებასთან ერთად წარადგინოს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული წარდგინება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად; კონკრეტულ შემთხვევაში კი ვ. ქ-ეს სააგენტოში უნდა წარედგინა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ გაცემული წარდგინება და დოკუმენტები, რომლითაც დაუდგინდებოდა წელთა ნამსახურობა 20 წელზე მეტი ვადით, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განახორციელა.

სწორედ ამ უფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად მოსარჩელეს მოუწია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან სამართლებრივი დავა, რაც დასრულდა ვ. ქ-ეის სასარგებლოდ და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ვ. ქ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა გამოეცა ახალი აქტი, რომლითაც ვ. ქ-ეს ნამსახურობის ანგარიშში ჩაეთვლებოდა 1991-93 წლებში სამხედრო სამსახურში ნამსახურობის პერიოდი და დაუდგინდებოდა წელთა ნამსახურობა 20 წელზე მეტი ვადით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ წინამდებარე შემთხვევაში იკვეთება მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ქმედებასა და მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანს შორის, რადგანაც ცალსახაა მიზეზშედეგობრივი კავშირი ვ. ქ-ეისათვის მიყენებულ მატერიალურ ზიანსა (სახელმწიფო კომპენსაციის დროულად დანიშვნაში ხელშეშლა დოკუმენტის გაუცემლობით) და ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეულ უმოქმედობას შორის. ამდენად, წინამდებარე შემთხვევაში კუმულაციურად არსებობდა მოსარჩელის სასარგებლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, რაც მართებულად დაედო საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებას.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა