Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-859(კ-21) 3 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქ.თბილისის მუნიციპლიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...მ“ 2018 წლის 12 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 24 სექტემბრის №61-01-82673797 მიმართვის, ასევე შპს „...ს“ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ (№7 ლოტის უძრავ ნივთზე მისამართით: ქ.თბილისი, ...ის ... მ/რ, კორპუსი №...-ის მიმდებარედ/...ის მიკრო/რაიონი ..., №... და №... კორპუსების მოპირდაპირედ/ფერდობი ...ე, მიკრო/რაიონი ..., კორპუსი 36 მიმდებარედ, საკადასტრო კოდით №...) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 27 ივლისის №415 ელექტრონული აუქციონის შედეგების/ოქმის ბათილად ცნობა და შპს „...სათვის“ ბეს სახით გადახდილი 121 184 ლარის დაბრუნება მოითხვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 27 ივლისის №415 ელექტრონული აუქციონის შედეგები/ოქმი (№ ...) შპს „...ს“ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ (ლოტი №7, უძრავ ნივთზე ქ. თბილისი, ...ის ... მ/რ, კორპუსი №...-ის მიმდებარედ/...ის მიკრო/რაიონი ..., №... და №... კორპუსების მოპირდაპირედ/ფერდობი ...ე, მიკრო/რაიონი ..., კორპუსი 36 მიმდებარედ, საკადასტრო კოდით №...) და შპს „...ს“ დაუბრუნდა ბეს სახით გადახდილი 121 184 (ას ოცდაერთიათას ას ოთხმოცდაოთხი) ლარი, რა გადაწყვეტილებაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია სააგენტოს ოფიციალურ ვებ. გვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 13 ივლისს. საწყისი ფასი განისაზღვრა - 605 920 ლარის ოდენობით, ხოლო ბიჯი - 9089 ლარის ოდენობით. აუქციონის პირობის თანახმად, განაცხადის მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა - 27.07.2018წ. 16:58სთ, ხოლო აუქციონის დასრულების თარიღად - 27.07.2018წ. 17:00 სთ. კასატორის მითითებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე პირველი ბიჯი - 615 009 ლარი შპს „...ს“ მიერ დაფიქსირდა 2018 წლის 26 ივლისს 13:11:19სთ-ზე. მომდევნო ბიჯი - 6 224 098 ლარი შპს „დ...ის“ მიერ - 27.07.2018წ. 16:38:12სთ-ზე. შპს „...მ“ მომდევნო ბიჯი - 6 233 187 ლარი დააფიქსირა - 27.07.2018წ. 16:38:38სთ-ზე.

კასატორი მიუთითებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ...ის მიერ ბიჯის დაფიქსირების შემდეგ აუქციონის მეორე მონაწილის მიერ არ მომხდარა ახალი ფასის შემოთავაზება, კანონმდებლობის თანახმად გამარჯვებულად გამოვლინდა აღნიშნული კომპანია. ამასთან, ხსენებული მუხლი ითვალისწინებდა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ აუქციონში მონაწილეს არ შეეძლო დადგენილი ბიჯის ოდენობაზე დაბალი ბიჯის დაფიქსირება, ხოლო აუქციონატორის მიერ დადგენილი ბიჯის ოდენობაზე ბევრად მაღალი ბიჯის დაფიქსირება კანონმდებლობით შეზღუდული არ იყო. შესაბამისად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოში 2018 წლის 27 ივლისს გამართულ აუქციონზე №... საკადასტრო კოდზე შპს „...“ გამარჯვებულად გამოვლინდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და გაცემული იქნა №... ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება). კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ აუქციონში მონაწილეობისას შპს „...ს“ მიერ ნების გამოვლება მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე, რადგან კომპანიის მიერ დაფიქსირდა მისთვის სასურველი თანხა დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების შესაძენად, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გააგრძელებდა აუქციონში მონაწილეობის მიღებას. ამასთან, კასატორის მითითებით, თუ აუქციონში გამარჯვებული პირი გადაიფიქრებს ან/და ვერ შეძლებს აუქციონის დასრულების დროს დაფიქსირებული თანხის გადახდას, მას შეეძლება ნების გამოვლების არსებითი შეცდომაზე მითითებით (შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე) მოითხოვოს აუქციონის შედეგების გაუქმება და მის მიერ ბე-ს სახით გადახდილი თანხის დაბრუნება. აღნიშნული კი საფრთხეს შეუქმნის ელექტრონული აუქციონის პრინციპს და გამოიწვევს ადმინისტრაციული რესურსის ფუჭად ხარჯვას.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ორგანული კანონის - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 119-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებულმა უარი განაცხადებდა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე, აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხებოდა შესაბამის ანგარიშზე, ხოლო გადახდილი ბეს თანხა არ უბრუნდებოდა აუქციონის მონაწილეს. აღნიშნული გათვალისწინებული იყო ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით. ამდენად, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა რა შემთხვევაში არ უბრუნდებოდა ბეს თანხა აუქციონში გამარჯვებულს, რაც მოსარჩელეს განემარტა სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 24 სექტემბრის №61-01-82673797 წერილით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მ. კ-ეის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპლიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 13 ივლისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების მიზნით (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ... მ/რ, კორპუსი №...-ის მიმდებარედ/...ის მიკრო/რაიონი ..., №მ. კ-ე და №5 კორპუსების მოპირდაპირედ/ფერდობი ...ე, მიკრო/რაიონი ..., კორპუსი №36 მიმდებარედ მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 7574 კვ.მ.), სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებ. გვერდზე გამოცხადდა (გამოქვეყნდა) აუქციონი. გასაყიდი ქონების საწყისი ფასი განისაზღვრა 605 920 ლარით, ბიჯი - 9089 ლარით, აუქციონის დასრულების თარიღად - 2018 წლის 27 ივლისი, 17:00 სთ. აუქციონში მონაწილეობას იღებდა შპს „...“ და შპს „დ...“. აუქციონზე პირველი ბიჯი გაკეთდა შპს „...ს“ მიერ, ბიჯის დრო - 26.07.18, 13:11:19, შეთავაზებული თანხა - 615 009 ლარი (ბიჯის ოდენობა - 9089 ლარი); მეორე ბიჯი გაკეთდა მომხმარებელ შპს „დ...ის“ მიერ, ბიჯის დრო 27.07.18, 16:38:12 სთ, შეთავაზებული თანხა - 6 224 098 ლარი (ბიჯის ოდენობა -5609089). მომდევნო (მესამე) ბიჯი გაკეთდა შპს „...ს“ მიერ 27.07.18, 16:38:38 სთ-ზე შეთავაზებულმა თანხამ შეადგინა 6 233 187 ლარი (ბიჯის ოდენობა - 9089 ლარი). აუქციონის გამარჯვებული გახდა შპს „...“, ნასყიდობის ღირებულებად კი განისაზღვრა 6 233 187 ლარი. საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შპს „...მ“ ზემოხსენებული აუქციონის შედეგების გაუქმების მოთხოვნით არაერთხელ მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მის მიერ შეცდომით იქნა მითითებული შეთავაზებული თანხის ოდენობა.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო საამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ შპს „...ს“ მიერ აუქციონზე შეთავაზებული თანხა - 6 233 187 ლარი არ შეესაბამებოდა მის რეალურ ნებას, იგი განხორციელებული იქნა არსებითი შეცდომის საფუძველზე, რის გამოც უსაფუძვლო იყო მოპასუხის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „...“ გამარჯვებულად გამოვლინდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. საკასაციო პალატა, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად, მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 72-ე და 73-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ნების გამოვლენისას შეცდომა სახეზეა მაშინ, როდესაც პირის რეალური და მის მიერ გამოხატული ნება ერთმანეთს არ ემთხვევა. სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ შეცდომა არსებითია მაშინ, როდესაც შემთხვევის ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის პირი, რომელიც შეცდომით ავლენს ნებას, შემთხვევის ნამდვილი შემადგენლობის ცოდნის შემთხვევაში ნებას საერთოდ არ გამოავლენდა ან თუ გამოავლენდა, არა ასეთი სახით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს „...მ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონების (ს.კ. №...) პრივატიზების მიზნით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამართულ აუქციონში მონაწილეობით გამოხატა აღნიშნული უძრავი ქონების შეძენის ნება. თუმცა, როგორც მისი ახსნა-განმარტებით ირკვევა, აქუციონში მონაწილეობისას, შპს „დ...“-ის მიერ მითითებულმა ბიჯმა 5 609 089 ლარმა (ბიჯის ადგილას ხელით ჩაწერილმა თანხამ) გამოიწვია ის, რომ შპს „დ...“-ის შეთავაზებულმა ნასყიდობის ფასმა შეადგინა 6 224 098 ლარი, რაც ერთი ციფრის (ციფრი „2“) ამოკლების შემთხვევაში იძლეოდა სწორედ იმ თანხას, რომელიც უნდა დაფიქსირებულიყო შპს „...ს“ მიერ შეთავაზებულ თანხაზე მინიმალური ბიჯის - 9 089 ლარის დამატებით (615 009 + 9089 =624 098). შესაბამისად, ვინაიდან იწურებოდა აუქციონის ვადა, მის მიერ არასწორად იქნა აღქმული ეს ციფრი და 26 წამში ავტომატურად დადებულ იქნა მომდევნო ბიჯი, რის საფუძველზეც ნასყიდობის თანხამ შეადგინა 6 233 187 ლარი, რაც არ გამოხატავდა მის რეალური ნებას და აღნიშნული თანხის დაფიქსირება განხორციელდა შეცდომით. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ლოგიკურ აზრს მოკლებულია იმის ვარაუდი, რომ შპს „დ...მა“ შპს „...ს“ მიერ შეთავაზებული თავდაპირველი ნასყიდობის ფასი გაზარდა 5 609 089 ლარით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპლიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე 22.06.2021წ. №01919 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6 059.20 ლარის 70 პროცენტი - 4 241.4 შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპლიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განჩინება;

3. ქ. თბილისის მუნიციპლიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.06.2021წ. №01919 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6 059.20 ლარის 70 პროცენტი - 4241.4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა