ბს-563(კ-20) 13 მაისი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2021წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. მ-ამ 19.12.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ ლ. მ-ასთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 22.11.2019წ. ბრძანების ბათილად ცნობის და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ლ. მ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.07.2020წ. გადაწყვეტილებით ლ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 22.11.2019წ. ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის განისაზღვრება საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი, რომელთა განსაზღვრა ხდება, დევნილი ოჯახის მიერ კითხვარის შევსების შედეგად სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. საქმის მასალების საფუძვლეზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2013-2019 წლებში ლ. მ-ა სისტემატიურად მიმართავდა სამინისტროს თავისი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. პირველადი განცხადების შევსების შედეგად მას მიენიჭა 5,5 ქულა. სადავო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსარჩელეს, მის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე (სასამართლოს გადაწყვეტილება გამოსახლების შესახებ), წინასწარი შეფასებით, ლ. მ-ას მიენიჭა 8,5 ქულა. ქულების განაწილება მოხდა შემდეგნაირად: დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში, რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას, მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას - 3 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური /ნაქირავები/ პირობები - 1,5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები, ორი არასრულწლოვანი - 1 ქულა, სოციალური კრიტერიუმი - 3 ქულა. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019 წ. სხდომაზე მოსარჩელეს დააკლდა 3 ქულა, რის გამოც კომისიამ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, არასაკმარისი ქულების გამო. პალატამ აღნიშნა, რომ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ N6 დანართი ადგენს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განსაზღვრა, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების ქულა. N6 დანართის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განსაზღვრულია 3 ქულა შემდეგ შემთხვევებში: დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას და: ა.ა.ბ) მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას; ა.ა.გ) მესაკუთრემ განახორციელა დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებული პროცედურა. ამავე დანართის შენიშვნა 1-ის შესაბამისად, ამ დანართის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქულა არ მიენიჭება დევნილ ოჯახს იმ შემთხვევაში, თუ იგი დაეთანხმება მესაკუთრის სასარჩელო მოთხოვნას გამოსახლების თაობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალები არ იძლევა დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას, რადგან მოსარჩელისათვის წინასწარ მინიჭებული ქულის (8,5) შემცირების მიზეზი ნათლად და ცალსახად არ არის დასაბუთებული. კომისიის მიერ ლ. მ-ასათვის წინასწარ მინიჭებული ქულის შემცირების დასაბუთებას გადაწყვეტილება არ შეიცავს, შესაბამისად, გაურკეველია რა გარემოებების საფუძველზე დადგინდა ქულის შემცირების წინაპირობების არსებობა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ თავდაპირველი ქულის მომატება სწორედ საცხოვრებელი ფართიდან ლ. მ-ას გამოსახლებამ გამოიწვია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2021წ. განჩინება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ საკასაციო წესით გასაჩივრდა. კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მართალია ლ. მ-ას ოჯახი 8,5 ქულით გავიდა კომისიაზე, თუმცა ერთ-ერთი კრიტერიუმის არარსებობის გამო ჩამოაკლდა 3 ქულა, დარჩენილი 5,5 ქულა კი აღარ იყო საკმარისი იმ ეტაპზე საცხოვრებელი ფართის მისაღებად. კასატორი აღნიშნავს, რომ ლ. მ-ას შეფასების პროცესში დაშვებულ იქნა ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ, კრიტერიუმით - დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს - მხარეს მინიჭებული ჰქონდა 3 ქულა, თუმცა წარდგენილი დოკუმენტაციით დადასტურდა, რომ დევნილი ოჯახის გამოსახლება განხორციელდა კერძო საკუთრებიდან, მესაკუთრის სარჩელის საფუძველზე, რაშიც ქულის მინიჭება არსებული კრიტერიუმით არ არის გათვალისწინებული. ამდენად, თავდაპირველად აღნიშნული კრიტერიუმის ფარგლებში 3 ქულის დამატება იყო არასწორი, რის გამო ეს 3 ქულა ისევ ჩამოაკლდა ლ. მ-ას ოჯახს. აღნიშნულთან მიმართებით ნორმატიულად გათვალისწინებულია ქულის მინიჭების მხოლოდ 2 შემთხვევა: როცა მესაკუთრე ახორციელებს ან უკვე განახორციელა დევნილთა ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტიდან დევნილთა გამოყვანა ან როცა იპოთეკური სესხის გადაუხდელობის გამო მესაკუთრის მიერ ხდება ან უკვე მოხდა დევნილი ოჯახისგან ბინის გათავისუფლება. განსახილველ შემთხვევაში ეს წინაპირობები სახეზე არ ყოფილა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების საფუძველი, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, სასამართლოს ერთმევა დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობა. სასკ-ის 32.4 მუხლის მიხედვით სასამართლო დავის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს აქტს იმ შემთხვევაში, უკეთუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე მსჯელობას. განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტიდან არ იკვეთება ლ. მ-ას ოჯახისათვის ქულის მოკლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით ლ. მ-ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ...ის პირველ მ/რ-ში, კორპ. N...-ში მდებარე N... ბინა. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენის შემდეგ ლ. მ-ას ოჯახს მიენიჭა დამატებითი 3 ქულა, თუმცა შემდგომში, რაიმე ფაქტობრივი გარემოების არსებით შეცვლაზე მითითების გარეშე, ადმინისტრაციულმა ორგანომ ლ. მ-ას ოჯახს კვლავ ჩამოაკლო მინიჭებული 3 ქულა.
ლ. მ-ას ახსნა-განმარტების თანახმად, ის და მისი ორი არასრულწლოვანი შვილი ამჟამად უზრუნველყოფილი არ არიან სათანადო საცხოვრებლით, ხოლო შემოსავლის სიმცირის გათვალისწინებით ბინის დროებით სარგებლობაში მიღების საფასურის (ქირის) გადახდა მის შესაძლებლობებს აღემატება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენია აღნიშნული განმარტების საწინააღმდეგო მოსაზრებები და მტკიცებულებები, არ დაუსაბუთებია, რომ ლ. მ-ასა და მის არასრულწლოვან, დევნილ შვილებს აქვთ სათანადო საცხოვრებლით სარგებლობის შესაძლებლობა. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონულ ფორმაში იმ გარემოებაზე მითითება, რომ ლ. მ-ას დედამთილს დაკანონებული აქვს ფართი წყნეთში, ...ის ქუჩაზე, არ ადასტურებს ლ. მ-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერებას, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დაეთანხმა ლ. მ-ას სარჩელში ასახულ მე-4 ფაქტობრივ გარემოებას, რომლის თანახმად, ლ. მ-ა დაშორდა მეუღლეს ე. რ-ას, რომელსაც აქვს ახალი ოჯახი (ს.ფ.5, 65). ამდენად, სათანადო შედავების არარსებობის პირობებში დადგენილად მიიჩნევა, რომ ლ. მ-ა თავის ორ არასრულწლოვან, დევნილის სტატუსის მქონე შვილთან ერთად დარჩენილია საცხოვრებლის გარეშე. ლ. მ-ას რაიმე ალტერნატიულ საცხოვრებელზე სააგენტო არც საკასაციო საჩივარში უთითებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლ. მ-ა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო 2013 წლიდან ითხოვს საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით (13.2 მუხ.). გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისას დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობის განსაზღვრის მიზნით ოჯახს ნორმატიულად განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე ენიჭება გარკვეული ქულები (სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხ.). ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმია - საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი. ლ. მ-ას ოჯახის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით ლ. მ-ას ოჯახს სადავო 3 ქულა მინიჭებული ჰქონდა N320 ბრძანების N6 დანართის „ა.ა“, „ა.ა.ბ“ და „ა.ა.გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, რაც გულისხმობს 3 ქულის მინიჭებას დევნილი ოჯახისთვის, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას და მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას ან მესაკუთრემ უკვე განახორციელა დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებული პროცედურა. ამასთანავე, სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი მოწესრიგების მიხედვით, მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი გულისხმობდა არა მხოლოდ დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტს, არამედ ფართობს, სადაც დევნილი ოჯახი მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებული იყო ან რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობდა („საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის „პ“ ქვ.პ.). განსახილველ შემთხვევაში ლ. მ-ა არასრულწლოვან შვილებთან ერთად მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე ფაქტობრივად ცხოვრობდა თავისი ძმის კუთვნილ ბინაში, თუმცა ძმის გარდაცვალების შემდგომ ახალი მესაკუთრის მიერ წარდგენილი სარჩელის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ლ. მ-ას ოჯახის გამოსახლების შესახებ. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ლ. მ-ას ოჯახისათვის ქულის შემცირება არ არის დასაბუთებული. ამასთანავე, გაურკვეველია კასატორის მითითება ისეთ ობიექტებზე, რომლებიც სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს. აღნიშნული საფუძვლით ქულის მინიჭება ხდებოდა N320 ბრძანების N6 დანართის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო ლ. მ-ას ქულა მინიჭებული ჰქონდა ამავე დანართის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია განსახილველი დავისთვის არ არის რელევანტური.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ არ იკვეთება მინიჭებული ქულის შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადოდ არ არის დასაბუთებული კონკრეტული შედეგის დადგომის მართლზომიერება, სააგენტოს მკაფიოდ უნდა განემარტა ქულის დაკლების და საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი ეხება არასრულწლოვანი პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2021წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი