Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე ბს-N836(კ-21) 3 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა. ლ-ა

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - ზ. ტ-ე, ნ. ნ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ა. ლ-ამ 2019 წლის 5 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 11 ნოემბრის N... და 2015 წლის 01 ივნისის N... გადაწყვეტილებები ბათილად ცნობის შესახებ ამავე სააგენტოს 2019 წლის 13 მაისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინებით, ა. ლ-ას სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით გადაეგზავნა განსჯად ხაშურის რაიონულ სასამართლოს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ...ის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ: ზ. ტ-ე და ნ. ნ-ი.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განჩინებით, ა. ლ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ლ-ამ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც დაირღვა მისი საკუთრების უფლება და მიიჩნევს, რომ სწორი შეფასების შემთხვევაში სასამართლო მიიღებდა მის სასარგებლო გადაწყვეტილებას.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ 2011 წელს მშობლებისაგან მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ხაშურში, ...ის ქ. N...-ში, მისმა ძმამ - ნ. ნ-იმა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა, შესაბამისად, აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 01 ივლისის N... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა მის სახელზე. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 11 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით, ნ. ნ-ის სახელზე რეგისტრირებული ქ. ხაშურში, ...ის ქ. N152-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 89 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 02 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა კასატორის საკუთრებად. ხოლო მისივე განცხადების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 1 ივნისის N... გადაწყვეტილებით, შესაბამისი საკადასტრო კოდებით არსებული რეგისტრირებული უძრავი ნივთები გაერთიანდა და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი .... აღნიშნული რეგისტრაცია, რომელიც საჯარო რეესტრში სამართლებრივად გაფორმდა, იყო საკუთრების კანონიერ ფარგლებში აღდგენა, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ აღნიშნული ნაკვეთი ყოველთვის იყო ნ-იების მფლობელობაში, აღმართული მიჯნებითა და მყარად შემოსაზღვრული საზღვრით.

რაც შეეხება მესამე პირის, ზ. ტ-ეის საკუთრებას, კასატორი აღნიშნავს, რომ ...ის ქუჩის ჩრდილოეთით გადის ...ის ქუჩა, რომლის N5-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს ზ. ტ-ე. ზ. ტ-ეის მიწის ნაკვეთის სამხრეთი მხარე ესაზღვრება მის ეზოს. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941-45 წლებში, ...ის ქუჩა N65-ში მდებარე სახლში, რომელიც იმ პერიოდისათვის ი. და ო. ტ-ეების საკუთრებას წარმოადგენდა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, განთავსდა სამხედრო ნაწილი. დღეს უკვე სადავოდ გამხდარი მიწის ნაკვეთი 89 კვ.მ ფართობის ოდენობით, ომის დასრულების შემდეგ, ი. და ო. ტ-ეებმა, აღნიშნული მონაკვეთი არ დააბრუნეს ნ-იების საკუთრებაში და მოკლე გზით ქალაქის ცენტრთან დასაკავშირებლად დაიტოვეს სარგებლობაში, რაზედაც ხაშურის საქალაქო საბჭოს აღმასკომში, ნ-იებისა და ტ-ეებს შორის არსებული დავის შედეგად, ამავე აღმასკომის 1970 წლის 27 ნოემბრის N252-ე გადაწყვეტილებით, სადაო მიწის ნაკვეთი, დროებით სარგებლობაში, ავადმყოფობისა და მოხუცებულობის გამო, დაუტოვა ო. ტ-ეს, თუმცა კასატორის მოსაზრებით, იმავე დადგენილებით დასტურდება, რომ ნაკვეთი ეკუთვნოდა კასატორის ბებიას - მ. ყ.-ს ასულ ა-ე-ნ-ის. ო. ტ-ეის გარდაცვალების შემდგომ კი, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ისევ მყარად შემოსაზღვრული იქნა ნ-იების მიერ და დაბრუნდა, აღდგა ნ-იების კანონიერ მფლობელობასა და საკუთრებაში.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, ...ის ქ. N5-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (იმ პერიოდისათვის უძრავი ქონებაც) თავდაპირველად იყო ი. და ო. ტ-ეების საკუთრება, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო მათმა შვილმა, შ. ტ-ეემ. შ. ტ-ეის გარდაცვალების შემდგომ, აღნიშნული ქონება, ასევე, მემკვიდრეობით მიიღო შ. ტ-ეის დეიდაშვილმა ნ. ა-იმა, რომელმაც 2009 წელს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ზ. ტ-ეს. 2019 წელს ზ. ტ-ეის მიერ საჯარო რეესტრის წინააღმდეგ აღძრულ დავაზე, საჯარო რეესტრმა არასრულყოფილად განახორციელა ადგილის დათვალიერება, რადგან ისე იქნა დადგენილი ზედდება ა. ლ-ასა და ზ. ტ-ეის მიწის ნაკვეთებს შორის, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ არ გაითვალისწინა კასატორის მოთხოვნა, შემოწმებულიყო არამხოლოდ მისი და ზ. ტ-ეის ნაკვეთები, არამედ ტ-ეის დასავლეთით და აღმოსავლეთით მოსაზღვრე ნაკვეთებიც, რადგან მიწის ფართები ორივე მხარეს იყო გაუმიჯნავი და შესაძლოა ზომები მათთანაც დარღვეული ყოფილიყო, აღნიშნული გარემოების გამოკვლევის შემთხვევაში შესაძლოა არ წარმოქმნილიყო ზედდება, თუმცა საჯარო რეესტრმა საზღვრების სიზუსტის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარება არ მიიჩნია მიზანშეწონილად. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალები, საჯარო რეესტრიდან ამოღებული ტექნიკური აღრიცხვის პასპორტები, სიტუაციური ნახაზები და ფოტომასალა სრულიად საწინააღმდეგოს ადასტურებს, რამეთუ სიტუაციური ნახაზები და ფოტოები მთლიანად წინააღმდეგობაში მოდის ტექნიკური აღრიცხვის პასპორტებთან, რომლებიც ზ. ტ-ეის აღმოსავლეთითა და დასავლეთით მოსაზღვრე მიწის ნაკვეთებზეა ასახული.

კასატორის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 13 მაისის N... გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 11 ნოემბრის N... და 2015 წლის 01 ივნისის N... გადაწყვეტილებები და სადავო ფართი დაურეგისტრირა ზ. ტ-ეს იმ მოტივით, რომ მას ჰქონდა იმაზე ნაკლები ფართობი, ვიდრე უნდა ჰქონოდა და, მას - ა. ლ-ას - მეტი. საჯარო რეესტრმა არც კი დაუშვა ის ფაქტი, რომ ზ. ტ-ეის მიწის ნაკვეთის ფართობი შესაძლოა დარღვეული ყოფილიყო გაუმიჯნავი მოსაზღვრეების ხარჯზე. გარდა ამისა, კასატორი აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, თვითნებურად, განცხადების გარეშე, საკუთრების უფლებით დაურეგისტრირა ...ის ქუჩის N...-ის წინ მდებარე მიწის ნაკვეთი (სამხრეთის მხარე), რის შემდგომაც მის საკუთრებაში არსებული ფართი ბუნებრივად აღმოჩნდა იმაზე მეტი, ვიდრე უნდა ჰქონოდა და ვიდრე მოითხოვდა, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი (აღმოსავლეთის მხარე), რომელზეც საუბარია ხაშურის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1970 წლის 27 ნოემბრის N252-ე გადაწყვეტილებაში, ზ. ტ-ეს გადასცემოდა, რითაც დაირღვა საკუთრების უფლება და მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია.

კასატორის განმარტებით, გაუგებარია რა საფუძვლით აღმოჩნდა მისი ეზოს ნაწილი ტ-ეების 1987 წლის ტექნიკური აღრიცხვის პასპორტში, თუკი ის, არც 1976 წლის გეგმაში და არც მანამდე არსებულ სხვა დოკუმენტებში არ არსებობდა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომაც და სასამართლომაც ყურადაღება გაამახვილა მაინცდამაინც 1987 წლის ტექნიკური აღრიცხვის პასპორტის მონაცემებზე, სადაც მითითებულია, რომ შ. ტ-ეის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი შეადგენდა 1211 კვ.მ., რომელშიც მოქცეულია სადაო მიწის ნაკვეთიც. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, არც ზ. ტ-ეს ჰქონდა დარეგისტრირებული, რადგან არ არსებობდა უფლების დამდგენი რაიმე დოკუმენტი. ამასთან, განსახილველ დავის საგანს არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთების ფართობის მეტ ნაკლებობა, არამედ დავის საგანია კონკრეტული მიწის ნაკვეთი, რაც კასატორის მოსაზრებით მამა-პაპიდან მათ საკუთრებას წარმოადგენდა.

კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ზ. ტ-ეის საკუთრებაში მისასვლელი სამანქანო გზის მხოლოდ ...ის ქუჩიდან აქვს და აღნიშნავს, რომ ზ. ტ-ეს აქვს სხვა სამანქანო მისასვლელი, თუკი მას სურვილი გაუჩნდება მისი მოწესრიგების.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ...ის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ა. ლ-ას საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ლ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 13 მაისის N... გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 11 ნოემბრის N... და 2015 წლის 01 ივნისის N... გადაწყვეტილებები. აქედან გამომდინარე, უნდა შემოწმდეს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისობა სარეგისტრაციო წარმოებისათვის დადგენილ საკანონმდებლო მოთხოვნებთან.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა.

ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი.

პალატა დამატებით განმარტავს, რომ მართალია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელების, მეორე მხრივ კი, სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფისა და საკადასტრო მონაცემების ზედდების გამორიცხვის საფუძვლით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 28 ივნისის და 2014 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებებით ნ. ნ-ის სახელზე დარეგისტრირდა 603 კვ.მ. და 89 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებიც ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა ა. ლ-ას. აღნიშნული ნაკვეთები სააგენტოს 2015 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით გაერთიანდა და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი: ....

ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 8 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ზ. ტ-ემ და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქალაქი ხაშური, ...ის ქუჩა N..., საკადასტრო კოდი: .... განცხადებას ერთოდა 2011 წლის 12 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 12 ივნისის N... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ..., მესაკუთრე ა. ლ-ა) საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, წარდგენილი მიწის ნაკვეთის მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. დაინტერესებულ პირს დაევალა წარედგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2015 წლის 13 ივლისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. ზ. ტ-ემ 2015 წლის 7 სექტემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ა. ლ-ას მიმართ გამოცემულ აქტებში შესწორების შეტანა. სააგენტომ 2015 წლის 7 ოქტომბერს უარი უთხრა საჩივრის განხილვაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასამართლო წესით და საბოლოოდ, 2017 წლის 28 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ზ. ტ-ეის სარჩელი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 2015 წლის 7 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სააგენტომ 25 თებერვალს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 11 ნოემბრის N... და 2015 წლის 01 ივნისის N... გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით. დადგენილია, რომ ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში განხორციელდა წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული და სარეგისტრაციო წარმოების მასალებში არსებული დოკუმენტების შედარება, ასევე, ადგილზე დათვალიერება, რომელშიც მონაწილეობდნენ ზ. ტ-ე და ა. ლ-ას წარმომადგენელი, ჩატარდა აგრეთვე ზეპირი მოსმენა. შედეგად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 13 მაისს მიიღო N... გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 11 ნოემბრის N... და 2015 წლის 01 ივნისის N... გადაწყვეტილებები; განახლდა ... საკადასტრო კოდის მოქმედება და შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალა პირობითი განცხადების მიღება ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთთან დაკავშირებით და უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ადგილზე დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით, სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა, პირობითი განცხადების საფუძველზე, 2019 წლის 21 მაისის N... გადაწყვეტილებით განახორციელა ა. ლ-ას კუთვნილი უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) სარეგისტრაციო (საკადასტრო) მონაცემების ცვლილება - კონფიგურაციის ცვლილება, რის შედეგადაც მოხდა მიწის ნაკვეთის ფართის გაზრდა 699 კვ.მ-მდე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 13 ივნისის N... გადაწყვეტილებით განხორციელდა ზ. ტ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაცია დაზუსტებული მონაცემებით უძრავ ნივთზე მდებარე ხაშური, ...ის ქ. N... საკადასტრო კოდი ... (წინა ნომერი ...), მიწის ნაკვეთის ფართობი 1156კვ.მ.

საქმეზე წარმოდგენილი ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში, ასევე სარეგისტრაციო მასალებში დაცული ერთი მხრივ ა. ლ-ას და მეორე მხრივ ზ. ტ-ეის კუთვნილი უძრავი ქონებების თაობაზე არსებული დოკუმენტაციით დადასტურებულია, რომ ზ. ტ-ეის უფლების დამადასტურებელ საფუთებში, კერძოდ, ტექნიკური აღრიცხვის მასალებში 1966 წლიდანვე მიწის ფართობად მითითებულია 1211 კვ.მ., ხოლო ნახაზებში არსებული კონფიგურაცია მსგავსია ამჟამად ზ. ტ-ეის სახელზე რეგისტრირებული ქონების სარეგისტრაციო მასალებში არსებული კონფიგურაციისა. ასევე დადასტურებულია, რომ ა. ლ-ას უფლების დამდგენ საფუთებში, ტექნიკური აღრიცხვის მასალებში მიწის ფართობად მითითებულია: დოკუმენტებით - 600 კვ.მ, ფაქტობრივი - 689 კვ.მ, უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე - 89 კვ.მ. ტექნიკური აღრიცხვის ნახაზებში არსებული კონფიგურაცია არ ემთხვევა ა. ლ-ას სახელზე 2019 წლამდე რეგისტრირებული ქონების სარეგისტრაციო მასალებში არსებულ კონფიგურაციას, ვიდრე სააგენტო გააბათილებდა 2014 წლის 11 ნოემბრის და 2015 წლის 1 ივნისის რეგისტრაციებს. საგულისხმოა, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით, 2019 წლის 17 აპრილს ჩატარდა ადგილზე დათვალიერება, რა დროსაც დადგინდა, რომ ა. ლ-ას ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართი სადავო ნაკვეთის ჩათვლით არის 855,9კვ.მ. (რეგისტრირებული - 692კვ.მ.), ხოლო ზ. ტ-ეის კუთვნილი ნაკვეთი სადავო ფართის გარეშე არის 1051,6 (ტექნიკური აღრიცხვის მასალების, ასევე, სააღრიცხვო ბარათის მიხედვით აწერია 1211კვ.მ.). მას შემდეგ, რაც ზ. ტ-ეის სახელზე დარეგისტრირდა სადავო ფართი, მისი კუთვნილი ნაკვეთი ჯამში გამოვიდა 1156 კვ.მ, ხოლო ა. ლ-ასი კორექტირების შემდეგ - 699კვ.მ.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 13 მაისის N... გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ა. ლ-ას სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით მოცემულ შემთხვევაში შეიზღუდა ზ. ტ-ეის საკუთრების უფლება, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მათ შორის, ადგილზე დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით (13.05.2019 წლის სადავო გადაწყვეტილების 2.26 პუნქტი) დადასტურებულია ა. ლ-ას მიერ როგორც ფაქტობრივად დაკავებული, ასევე რეგისტრირებული მონაცემების შეუსაბამობა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ საინვენტარიზაციო გეგმასთან, რამაც განაპირობა ზედდება ზ. ტ-ეის სახელზე რეგისტრირებულ უფლებასთან. ამდენად, მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე - 97-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, გადაამოწმა არქივში დაცული მონაცემები, ჩაატარა ადგილზე დათვალიერება და შეისწავლა მიწის ნაკვეთების მდებარეობა მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან ურთიერთმიმართებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას ზ. ტ-ეის სხვა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს და დამატებით მიუთითებს, რომ განსახილველი დავა შეეხებოდა კონკრეტული სადავო გადაწყვეტილების კანონიერებას, რომლის შესაბამისობაც დადასტურებულია საკითხის მომწესრიგებელ ნორმებთან, ამდენად, იმ პირობებში როდესაც მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ ვარაუდებზე, რომელიც არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით, ასეთი მოსაზრებები ვერ გახდება საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო. მტკიცებულებების გამოკვლევასა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე უფლებამოსილი სასამართლო სააპელაციო სასამართლოა, სადაც მოსარჩელე არ იყო შეზღუდული წარედგინა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გამომრიცხველი მტკიცებულებები, მათ შორის ზ. ტ-ეის მიწის ნაკვეთის სხვა კონფიგურაციითა და რეგისტრირებული ფართის იდენტურობის დასადასტურებლად, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, კასატორის მოსაზრებები საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორ დადგენასთან დაკავშირებით არარელევანტურია.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ა. ლ-ას მის საკასაციო საჩივარზე 14.08.2021წ. №11400676927 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი - უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ლ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განჩინება;

3. ა. ლ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 14.08.2021წ. №11400676927 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა