გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 16აპ 15 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
გ. ბორჩხაძე,
მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულის საკასციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ყვარლის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 1 ნოემბრის განაჩენი მ. გ-შვილის მიმართ.
პალატამ მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 1 ნოემბრის განაჩენით მ. გ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და შეეფარდა ჯარიმა 100 დღიური ანაზღაურების ოდენობით, თანხით 200 ლარი.
მასვე დაზარალებულის სასარგებლოდ დაეკისრა 400 ლარის გადახდა.
განაჩენით მ. გ-შვილს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან 1999 წლის 26 თებერვალს ა. მ-ძეს მიაყენა სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული მ. გ-შვილი ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგანაც არ არის დაზარალებულ ა. მ-ძის საჩივარი.
საკასაციო საჩივარში მითითებულია შემდეგ გარემოებებზე: ა. მ-ძემ დაზიანების მიღების შემდეგ თითქმის სამი თვე იცოცხლა, მაგრამ სასამართლოში საჩივარი არ შეუტანია. ა. მ-ძე და მისი ოჯახის წევრები ითხოვდნენ მხოლოდ მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას;
ა. მ-ძის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეუღლემ განცხადებით მიმართა პროკურატურას, რათა დადგენილიყო სიკვდილის მიზეზი, რაც გახდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი; დადგენილ იქნა, რომ მიყენებული დაზიანება მიზეზობრივ კავშირში არ არის დამდგარ შედეგთან.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი პროკურორის მოსაზრება, რომ თითქოს საქმეს განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.
საქმის წარმოება კანონის სრულ შესაბამისობაში რომ ყოფილიყო, სასამართლოს ა. მ-ძე უნდა ეცნო კერძო ბრალმდებლად, თანახმად სსსკ-ის 628-ე მუხლისა.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა მ. გ-შვილმა, მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს იმ ცვლილებით, რომ იშუამდგომლა განაჩენის გაუქმება და საქმის წარმოებით შეწყვეტა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “კ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
დაზარალებულმა ა. მ-ძემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, აღნიშნა, რომ ა. მ-ძე პირველსავე ახსნა-განმარტებაში ითხოვდა, იმ პირების დასჯას, რომლებმაც მიაყენეს სხეულის დაზიანება. მას სასამართლოს განაჩენი მიაჩნია კანონიერად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
პროკურორმა ე. ღ-შვილმა კანონიერად მიიჩნია მ. გ-შვილის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: უსაფუძვლოა საჩივრის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს, რადგან თვით ა. მ-ძეს არ შეუტანია საჩივარი, ამიტომ განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე წარმოებით შეწყდეს დაზარალებულის საჩივრის არარსებობის გამო. ჯერ ერთი, თვით ა. მ-ძე მიღებული დაზიანების გამო მოთავსებულ იქნა საავადმყოფოში, მას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, სადაც მიუთითა მომხდარი ფაქტის შესახებ და მოითხოვა დამნაშავეთა დასჯა. მისი გარდაცვალების შემდეგ დაზარალებულის უფლებამონაცვლემ _ ან. მ-ძემ განცხადებით მიმართა პროკურორს და მოითხოვა გვამის გაკვეთა და დამნაშავეთა დასჯა.
პროკურორმა მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეს ჰქონდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა. მან ასეთი პოზიცია დააფიქსირა საქმის პირველი ინსტანციითა და სააპელაციო წესით განხილვისას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის განხილვისას არ დარღვეულა მსჯავრდებულ მ. გ-შვილის უფლებები. სასამართლომ სავსებით კანონიერად მიიჩნია, რომ კონკრეტულ ფაქტს ჰქონდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა და მ. გ-შვილს სავსებით კანონიერად დაედო მსჯავრი საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ამდენად, არ არსებობს საფუძველი განაჩენის გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტისათვის.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 დეკემბრის განაჩენი მ. გ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.