Facebook Twitter

საქმე #ბს-506(კ-21) 10 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ.ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 6 მარტს თ.ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მისი კუთვნილი უძრავი ქონების რეგისტრაცია გორის რაიონის სოფელ ... რომელსაც დაუფლებულია და გააჩნია მყარი მიჯნები. მას გადაწყვეტილებით ეცნობა, რომ სარეგისტრაციო ფართზე არსებობდა მესამე პირის სასარგებლოდ რეგისტრაცია და არსებობდა ზედდება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა არასწორად და კანონის დარღვევით, ამჟამინდელი მესაკუთრისათვის კარგად არის ცნობილი, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ნ.ბ-ის სასარგებლოდ ს.კ. #... მიღებული #... (01.02.2018წ.) გადაწყვეტილების, ამავე უძრავ ქონებაზე ნ.ბ-ის სასარგებლოდ არსებული (დაზუსტებამდე) სისტემური რეგისტრაციის მონაცემების, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 აპრილის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურისათვის სადავო უძრავი ქონების თ.ბ-ის სახელზე რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნ.ბ-ი.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა მოწმეების - ი.ტ-ის, გ.ტ-ის, გ.ხ-ის და ა.მ-ის სასამართლო სხდომაზე დაკითხვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საოქმო განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში გორის რაიონულ სასამართლოში თ.ბ-ის (პ/ნ ...) სახელზე არსებული სისტემური რეგისტრაციის მონაცემების წარდგენა დაევალა.

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით თ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, ასევე, ამავე სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინებები სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა გორის რაიონის სოფელ ... მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით თ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება და 2019 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინებები.

საქმის მასალებით, მათ შორის, საარქივო ცნობებით სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ თ.ბ-ი და დ.ბ-ი (ნ.ბ-ის მეუღლე) იყვნენ ძმები. ამასთან, აღსანიშნავი იყო, რომ დ.ბ-ი ირიცხებოდა მამის - გ.ბ-ის კომლში, ხოლო თ.ბ-ი წარმოადგენდა ცალკე კომლს და მას გააჩნდა დამოუკიდებელი საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ როგორც აპელანტმა, ისე მესამე პირის მამკვიდრებელმა ისარგებლეს „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 დადგენილებით და მათ შესაბამისი რეფორმის კომისიის მიერ გადაეცათ მიწის ნაკვეთები, რომელთა რეგისტრაცია განხორციელდა სისტემური წესით, თუმცა მოსარჩელის მოსაზრებით - უზუსტოდ. საყურადღებო იყო ის გარემოებაც, რომ აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთი თ.ბ-ს თავდაპირველად თვითნებურად ჰქონდა დაკავებული.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, მე-4 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობით და საკომლო წიგნის ჩანაწერებით დადგენილი იყო, რომ ნ.ბ-ის, დ.ბ-ის და მისი კომლის წევრების სახელზე რიცხული ქონება სრულად შეესაბამებოდა იმ რეკვიზიტებს, რომელიც სააღრიცხვო ბარათში იყო დაფიქსირებული და რომლის მიხედვითაც მას გადაეცა უძრავი ქონება. მიწის სააღრიცხვო ბარათში 2003 წლის 10 ოქტომბერს მიწის საგადასახადო სიის #034 საფუძველზე შესრულებული უძრავი ნივთის რეგისტრაცია სრულად შეესაბამებოდა საკადასტრო რუკის მონაცემებს და გაცემული იყო იმ დროს მოქმედი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მიხედვით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით მიწის განაწილების სიები, უფლების დამადასტურებელი სხვა დამატებითი დოკუმენტების გარეშე, ითვლება მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად და ამ შემთხვევაში, რაიმე დამატებითი აქტის (მაგ. ბრძანება, რომ ნამდვილად გადაეცა პირს საბაღე ნაკვეთი, დამსაქმებლის მოსამსახურეთა კრების ოქმი და ა. შ) წარდგენის საჭიროება არ არსებობდა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში ასევე წარმოდგენილი იყო სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო რუკა, რომლის მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთი დ.ბ-ის სახელზეა რიცხული და შეესაბამება სააღრიცხვო ბარათში მითითებულ მდებარეობასა და კონფიგურაციას. ამდენად, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის მიზნით მასალების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში გადაგზავნის შესახებ, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდებოდა მიწის ნაკვეთის იდენტურობა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ #... საკადასტრო კოდთან (ახალი საკადასტრო კოდი: #...,) დაკავშირებული უძრავი ნივთის სისტემური რეგისტრაცია განხორციელებული იყო კანონიერად და როგორც ამ რეგისტრაციის, ისე მის საფუძველზე დაზუსტებული მონაცემებით უძრავი ქონების რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა, შესაბამისად, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურისათვის სადავო უძრავი ქონების თ.ბ-ის სახელზე რეგისტრაციის დავალების შესახებ.

რაც შეეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებების კანონიერების თაობაზე აპელანტის მოთხოვნის საფუძვლიანობას, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ სადავოს წარმოადგენდა უფლების დამდგენი დოკუმენტით მოდავე მხარეებზე გადაცემული მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემებთან შესაბამისობა, ამ გარემოების მოწმეთა ჩვენებით დადასტურება მოცემულ შემთხვევაში იყო შეუძლებელი, რადგანაც ამ გარემოების ამსახველ საკმარის მტკიცებულებებს შეიცავდა სარეგისტრაციო დოკუმენტები, რომლითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ და სასამართლომ იხელმძღვანელა. შესაბამისად, მხოლოდ იმის მტკიცება, რომ სადავო მიწის ნაკვეთს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფლობდა აპელანტი, თუნდაც აღნიშნული გარემოება დაედასტურებინათ მოწმეებს, ვერ გახდებოდა მესამე პირის საკუთრების უფლების გაუქმების კანონისმიერი საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ასევე უსაფუძვლო იყო მოსარჩელის შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ, რადგანაც დავის მართებულად გადაწყვეტისათვის საჭირო ყველა მტკიცებულება წარმოდგენილი იყო საქმეში. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობის უარყოფის თაობაზე მიღებული გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინებები პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დასაბუთებული იყო და არ არსებობდა მათი გაუქმების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო ძირითადად ეყრდნობა სისტემურ რეგისტრაციას, რომელიც გასაჩივრებულია, კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ თითქოს თ.ბ-ის მოთხოვნა გამომდინარეობს იქიდან, რომ მხოლოდ მას უნდა მიეღო მემკვიდრეობა. მოსარჩელის არგუმენტაცია კი, რეალურად, სულ სხვა გარემოებას ეფუძნება. კასატორი აღნიშნავს, რომ მან მიიღო მამის მემკვიდრეობა - 8000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც სისტემური რეგისტრაციით არასწორად იქნა რეგისტრირებული გ.ბ-ზე.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო ასევე არასწორად მიუთითებს, რომ სადავო უძრავი ქონება არ არის მამის - გ.ბ-ის კუთვნილი სახლის მომიჯნავედ. მოსარჩელე განმარტავს, რომ ძმებს გააჩნდათ ათეული წლების წინ ერთ მთლიანობაში მყოფი 4000-4000 კვ.მ (სულ - 8000 კვ.მ) მიწის ნაკვეთი. სწორედ აღნიშნული მიწის ნაკვეთებია მომიჯნავე და არა სხვა, რომელიც მამის ქონების მომიჯნავე იქნებოდა. კასატორის შეფასებით, სისტემური რეგისტრაციის დროს შეცდომა გამოიხატა იმაში, რომ ცალ-ცალკე დარეგისტრირდა 8000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ჯამში - 1.6 ჰა მიწის ნაკვეთი. უფრო კონკრეტულად, ერთი რეგისტრაცია (8000 კვ.მ-ის) განხორციელდა გ.ბ-ის სახელზე, ხოლო მეორე (ასევე 8000 კვ.მ-ის) - დ.ბ-ის სახელზე. თუმცა, რეალურად, თითოეული მათგანის სახელზე რეგისტრირებული უნდა იყოს 4000-4000 კვ.მ, ანუ ჯამში 8000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. კასატორი აღნიშნავს, რომ გ.ბ-ის სახელზე რეგისტრირებული 8000 კვ.მ სინამდვილეში წარმოადგენს სხვა თანასოფლელების საკუთრებას, რომლებმაც ამ ქონების რეგისტრაცია თ.ბ-ის თანხმობით განახორციელეს, ვინაიდან ხსენებული ქონება არ იყო არც მისი და არც მისი მამის, არამედ იყო სხვა პირების საკუთრება.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება არასწორი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით მიიღო, კერძოდ, არასწორად დაეყრდნო სისტემური რეგისტრაციის ფარგლებს, ვინაიდან სისტემური რეგისტრაცია არის დაუზუსტებელი რეგისტრაცია. შესაბამისად, საჭირო იყო სულ მცირე ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დადასტურება. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გაურკვევლობას არ ქმნიდა ნ.ბ-ის რეგისტრაცია ნახაზთან და ამდენად, არ უნდა გადაგზავნილიყო მერიაში დასადასტურებლად.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მის მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ნ.ბ-ის კუთვნილი ნაკვეთის ფართობის ზედმეტობის დასადასტურებლად, თუ რა ქონებას ფლობდა იგი, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული, ვინაიდან დავა ამ კონკრეტულ ფართს არ ეხებოდა. მოსარჩელისათვის ასევე გაუგებარია, რა გარემოებებზე დაყრდნობით უნდა დადგინდეს სადავოობა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით ჩნდება განცდა, რომ 8000 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თითქოს კიდევ არსებობს 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელსაც იგი სადავოდ ხდის, რასაც კასატორი არასწორად მიიჩნევს ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. მოსარჩელისათვის ასევე გაუგებარია, რატომ იქნებოდა დაუფლებული თ.ბ-ი სადავო მიწის ნაკვეთს ათეული წლების განმავლობაში და რატომ მოითხოვდა დღეის მდგომარეობით ნ.ბ-ი მის გამოთხოვას, ან რატომ არ დაეფლებოდა სადავო ნაკვეთის მომიჯნავედ რეგისტრირებულ 8000 კვ.მ მიწის ნაკვეთს თ.ბ-ი.

კასატორი აღნიშნავს, რომ სისტემური რეგისტრაციის უპირობოდ კანონიერად მითითება ქმნის უამრავ სირთულეს. აღნიშნულ შემთხვევაშიც, ნ.ბ-ისთვისაც სწორედ რეგისტრაციის დროს გახდა ცნობილი, რომ მას შეეძლო დაეზუსტებინა რეგისტრაცია, თუმცა სხვა დროს მას პრეტენზია არ გასჩენია, ვინაიდან იცოდა, რა იყო მისი საკუთრება. ამ ლოგიკით მოსარჩელე უნდა შეედავოს 3 მეზობელს, რომელთანაც თითქოს მოქცეულია მის საკუთრებაში არსებული 8000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. კასატორი აღნიშნულს არასამართლიანად მიიჩნევს, ვინაიდან თ.ბ-ს არ ეკუთვნის 8000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ანალოგიურად, ნ.ბ-ს საკუთრებაში გააჩნია 4000 კვ.მ და არა 8000 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

ამასთან, კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ გ.ბ-ი და დ.ბ-ი არიან ერთი კომლის წევრები და მის საწინააღმდეგოდ განმარტავს, რომ, თავდაპირველად, ყველა ერთ კომლს მიეკუთვნებოდა, თუმცა მოგვიანებით ყველა დამოუკიდებელ კომლად იქცა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ.ბ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს გორის რაიონის სოფელ ... მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 1 თებერვლის # გადაწყვეტილების, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 აპრილის #... გადაწყვეტილების კანონიერება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურისათვის სადავო უძრავი ქონების თ.ბ-ის სახელზე რეგისტრაციის დავალება.

საქმის მასალებით, მათ შორის, საარქივო ცნობებით უდავოდ დადგენილად არის მიჩნეული, რომ თ.ბ-ი და დ.ბ-ი ნ.ბ-ის მეუღლე) იყვნენ ძმები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დ.ბ-ი ირიცხებოდა მამის - გ.ბ-ის კომლში, ხოლო თ.ბ-ი წარმოადგენდა ცალკე კომლს და მას გააჩნდა დამოუკიდებელი საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც კასატორმა, ისე მესამე პირის მამკვიდრებელმა ისარგებლეს „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 დადგენილებით და მათ შესაბამისი რეფორმის კომისიის მიერ გადაეცათ მიწის ნაკვეთები, რომელთა რეგისტრაცია განხორციელდა სისტემური წესით, თუმცა მოსარჩელის მოსაზრებით - უზუსტოდ.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, ამ კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციისა და სპორადული რეგისტრაციის მიზნებისათვის, საკუთარი ინიციატივით: ა) ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას; ბ) სისტემური რეგისტრაციის მიზნებისათვის, ახორციელებს მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერას და შესრულებული სამუშაოს შედეგების დოკუმენტირებას მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში, აგრეთვე განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში, თუ განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი სააგენტოა; გ) ახორციელებს საკადასტრო მონაცემების ცვლილების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას; დ) ფაქტების კონსტატაციის მიზნით მიმართავს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს; ე) უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფას და მათ ურთიერთშესაბამისობას; ვ) ახორციელებს ამ კანონით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სააგენტო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების დაწყებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში გამოითხოვოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა საჭირო დოკუმენტი/ინფორმაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან/უფლებამოსილი პირისგან და მისგან შესაბამისი პასუხის მიღებამდე მიიღოს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება.

ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობით და საკომლო წიგნის ჩანაწერებით დადგენილია, რომ ნ.ბ-ის, დ.ბ-ის და მისი კომლის წევრების სახელზე რიცხული ქონება სრულად შეესაბამება იმ რეკვიზიტებს, რომელიც სააღრიცხვო ბარათშია დაფიქსირებული და რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა უძრავი ქონება. მიწის სააღრიცხვო ბარათში 2003 წლის 10 ოქტომბერს მიწის საგადასახადო სიის #034 საფუძველზე შესრულებული უძრავი ნივთის რეგისტრაცია სრულად შეესაბამება საკადასტრო რუკის მონაცემებს და გაცემულია იმ დროს მოქმედი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მიხედვით. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით მიწის განაწილების სიები, უფლების დამადასტურებელი სხვა დამატებითი დოკუმენტების გარეშე, ითვლება მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად და ამ შემთხვევაში, რაიმე დამატებითი აქტის (მაგ. ბრძანება, რომ ნამდვილად გადაეცა პირს საბაღე ნაკვეთი, დამსაქმებლის მოსამსახურეთა კრების ოქმი და ა. შ) წარდგენის საჭიროება არ არსებობს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო რუკაზე, რომლის მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთი დ.ბ-ის სახელზეა რიცხული და შესაბამება სააღრიცხვო ბარათში მითითებულ მდებარეობასა და კონფიგურაციას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომელმაც უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოსაზრება საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის მიზნით მასალების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში გადაგზავნის შესახებ, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის იდენტურობა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ #...საკადასტრო კოდთან (ახალი საკადასტრო კოდი: #...) დაკავშირებული უძრავი ნივთის სისტემური რეგისტრაცია განხორციელებულია კანონიერად და როგორც ამ რეგისტრაციის, ისე მის საფუძველზე დაზუსტებული მონაცემებით უძრავი ქონების რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურისათვის სადავო უძრავი ქონების თ.ბ-ის სახელზე რეგისტრაციის დავალების შესახებ.

რაც შეეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებების კანონიერების თაობაზე მოთხოვნის საფუძვლიანობას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ იმის გათვალისწინებით, რომ სადავო იყო უფლებადამდგენი დოკუმენტით მოდავე მხარეებზე გადაცემული მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემებთან შესაბამისობა, განსახილველ შემთხვევაში, აღნიშნული გარემოების მოწმეთა ჩვენებით დადასტურება იყო შეუძლებელი, რამდენადაც ამ გარემოების ამსახველ საკმარის მტკიცებულებებს შეიცავდა სარეგისტრაციო დოკუმენტები, რომლითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ და ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა იხელმძღვანელეს. შესაბამისად, მხოლოდ იმის მტკიცება, რომ სადავო მიწის ნაკვეთს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფლობდა კასატორი - თ.ბ-ი (თუნდაც აღნიშნული გარემოება მოწმეების მიერ დადასტურებული ყოფილიყო), ვერ გახდებოდა მესამე პირის საკუთრების უფლების გაუქმების კანონისმიერი საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ასევე უსაფუძვლო იყო მოსარჩელის შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ, ვინაიდან დავის მართებულად გადაწყვეტისათვის საჭირო ყველა მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი იყო.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ.კ-ს (პ/ნ ...) თ.ბ-ის საკასაციო საჩივარზე 07.10.2021წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ლ.კ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინება;

3. ლ.კ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს თ.ბ-ის საკასაციო საჩივარზე 07.10.2021წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ბ. სტურუა