Facebook Twitter

საქმე #ბს-1070(კ-21) 10 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 15 იანვარს გ.კ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, რომელმაც 1995 წელს ოჯახთან ერთად თვითნებურად დაიკავა ხობის რაიონის სოფელ ... არსებული მიტოვებული ფიცრული სახლი. 2019 წლის დასაწყისში აღნიშნულ სახლზე პრეტენზია განაცხადა დ.ს-მ, რომელიც წლების მანძილზე არ იმყოფებოდა საქართველოში. ვინაიდან სახლ-კარი არ იყო რეგისტრირებული კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელემ მიმართა აღიარების კომისიას, რომელმაც მას უღიარა საკუთრების უფლება. მიუხედავად ამისა, სახლის დაკარგვის შიშით, მოსარჩელემ მიმართა სააგენტოს გრძევალდიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნით. მოსარჩელის მითითებით, მის ოჯახს წინასწარი შეფასებით მიენიჭა 3.5 ქულა, თუმცა სააგენტოს 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ ხობის რაიონში მისი ოჯახის მიერ დაკავებული სახლი მოლაპარაკების შედეგად დაუბრუნეს მის პირვანდელ მფლობელს - დ.ს-ს, რომელმაც აუნაზღაურა მათ სახლის გაუმჯობესების, ასევე, სახლის რეგისტრაციისას გაწეული ხარჯები. ვინაიდან მოსარჩელე და მისი ოჯახი დარწმუნებული იყვნენ, რომ სააგენტოსგან მიიღებდნენ კუთვნილ ფართს, სახლი დაუთმეს მის თავდაპირველ მეპატრონეს, რომელთანაც გააფორმეს ჩუქების ხელშეკრულება.

ამდენად, მოსარჩელემ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის #03-222/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ.კ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის #03-222/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 17 სექტემბერს მოსარჩელე გ.კ-ს მიერ შევსებულ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი და წინასწარი შეფასებით მან მოიპოვა 3.5 ქულა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის #03-222/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი #39), გ.კ-ს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის ოქმის მიხედვით, სამოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3.0 და მეტი ქულა.

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 6 თებერვლის #4 განკარგულების მიხედვით, თ.კ-ს განცხადება დაკმაყოფილდა; ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე თვითნებურად დაკავებული 4300.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე ფართით 219 კვ.მ აღიარებული იქნა თ.კ-ს, მ.კ-სა და გ.კ-ს საკუთრების უფლება. 2019 წლის 20 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა დ.ს-ს საკუთრების უფლება. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ოჯახმა თვითნებურად დაიკავა მიტოვებული სახლი სოფელ ... და ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, იგი დაუბრუნა პირვანდელ მესაკუთრეს. შესაბამისად, შეთანხმების საფუძველზე დადგინდა, რომ აღნიშნული საკუთრება მათ 2021 წლის იანვრის ბოლომდე უნდა გამოეთავისუფლებინათ.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია, რომ განსახილველ შემთხვევაში სააგენტო განსახლების გადაუდებლობის საჭიროების არარსებობას ასაბუთებდა მხოლოდ სიტყვიერი ახსნა-განმარტებით. რაიმე სახის მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული ჩუქების ხელშეკრულება ბათილი იყო, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ იყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება დამყარებული იყო ახსნა-განმარტებაზე, რაც არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო გ.კ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასთან მიმართებით საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა მოსარჩელის ოჯახის განსახლების გადაუდებელი აუცილებლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მოყვანილ მსჯელობებს და აღნიშნავს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა გ.კ-ს ოჯახსა და დ.ს-ს შორის გაფორმებულ ჩუქების ხელშეკრულებაზე, თუმცა სააგენტოს მითითებით, აღნიშნული ხელშეკრულება არ შეიცავს ჩანაწერს იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების საფუძველზე მესაკუთრეს უძრავი ქონება 2020 წლის მაისამდე უნდა გამოეთავისუფლებინა. ამასთან, კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მითითებით მას დღეის მდგომარეობით არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და ამის მიუხედავად, იგი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ასხვისებს საკუთრებას. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსარჩელე არ საჭიროებს სასწრაფო განსახლებას. ჩუქების ხელშეკრულების ძირითადი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია. იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია საცხოვრებელი, კასატორისათვის ყოვლად წარმოუდგენელია უსასყიდლოდ ქონების გასხვისება, იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ იგი თავად საჭიროებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

კასატორის მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააგენტოს არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ მოსარჩელე არ საჭიროებს სასწრაფო განსახლებას. თუმცა კასატორის განმარტებით, სააგენტოს აქვს მონიტორინგის სამსახური, რომელსაც უშუალოდ ევალება დევნილი ოჯახების მიერ მოწოდებული ფაქტების გადამოწმება. სწორედ ამ მიზნით შემუშავებულია მონიტორინგის ფორმა, რომელშიც აისახება გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია. მოცემულ შემთხვევაში, მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოკვლეულ იქნა ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარება. მონიტორინგის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლიდან გ.კ-ა ოჯახთან ერთად ცხოვრობს დის საკუთრებაში. იგი ამ ხნის მანძილზე შეუზღუდავად სარგებლობს საცხოვრებელი ფართით და უახლოეს მომავალში არ დგას მისი ოჯახის თავშესაფრის გარეშე დარჩენის საშიშროება. კომისიამ სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით არ მიიჩნია პრიორიტეტულად მოსარჩელის მიმდინარე ეტაპზე სასწრაფო განსახლება, სხვა უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფ დევნილთა ოჯახებთან შედარებით.

ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელის ოჯახთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის #03-222/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ.კ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, ჰყავს დედა - მ.კ-ა, მეუღლე - ე.ჩ-ა, შვილები - ლ.კ-ა, დ.კ-ა. გ.კ-ს განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 3.5 ქულა: საცხოვრებელი ფინანსური პირობები - 1.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები (2 არასრულწლოვანი) - 1.00 ქულა, სოციალური კრიტერიუმი - 1 ქულა. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის #39 ოქმით დგინდება, რომ სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილდნენ დევნილები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა. მიუხედავად აღნიშნულისა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის #03-222/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი #39), გ.კ-ს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ეთქვა უარი იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 6 თებერვლის #4 განკარგულების საფუძველზე, თ.კ-ს განცხადება დაკმაყოფილდა; ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე თვითნებურად დაკავებული 4300 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (ფართით - 219 კვ.მ) აღიარებული იქნა თ.კ-ს, მ.კ-სა და გ.კ-ს საკუთრების უფლება. 2019 წლის 20 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა დ.ს-ს საკუთრების უფლება, კერძოდ, 2019 წლის 20 აგვისტოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი #... მიწა) მესაკუთრეს წარმოადგენს დ.ს-. ამასთან, 2019 წლის 20 აგვისტოს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე თ.კ-მ, გ.კ-მ და მ.კ-მ მათ საკუთრებაში არსებული წილები გადასცეს დ.ს-ს (საკადასტრო კოდი #...).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ რაიმე სახის მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული ჩუქების ხელშეკრულება ბათილია, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება დამყარებულია ახსნა-განმარტებაზე, რაც არ შეიძლება იქნას მიჩნეული გ.კ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის საკმარის მტკიცებულებად. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელის ოჯახმა თვითნებურად დაიკავა მიტოვებული სახლი სოფელ ... და ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე იგი დაუბრუნა პირვანდელ მესაკუთრეს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია მოსარჩელის ოჯახის განსახლების გადაუდებელი აუცილებლობა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაყრდნობოდა პრიორიტეტულობის პრინციპს და გადაწყვეტილება მიეღო მოსარჩელის ოჯახისთვის მინიჭებული ქულების საფუძველზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის #39 ოქმის შესაბამისად, სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილდნენ დევნილები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა