საქმე #ბს-993(კ-21) 10 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 3 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ჯ.ლ-ს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ჯ.ლ-ა სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 10.09.2015წ. #647 ბრძანებით ჩაირიცხა აკადემიის ბაკალავრიატის საგანამანათლებლო პროგრამაზე (სასწავლო ბატალიონის I კურსი) იუნკერად 2015 წლის 13 სექტემბრიდან და აყვანილ იქნა ყველა სახის კმაყოფაზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 17.05.2015წ. #3220 ბრძანებით, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერი ჯ.ლ-ა (პ/ნ ...) გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედერო სამსახურში კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება - „რიგითი“ 2015 წლის 13 სექტემბრიდან.
მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის 13 სექტემბერს ჯ.ლ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის #729 ბრძანებით დამტკიცებული #837 სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტი. სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2019 წლის 24 სექტემბრის #1388 ბრძანებით ჯ.ლ-ს შეუწყდა იუნკერის სტატუსი, ამოირიცხა იუნკერთა სიებიდან და მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან 2019 წლის 20 სექტემბრიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის MOD 9 19 00002472 ბრძანებით სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერთა III კურსის იუნკერი, რიგითი ჯ.ლ- დათხოვნილ იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე ვადამდე დაეთხოვება სამხედრო სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის - 28000 ლარისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება.
მოსარჩელის მითითებით, „„სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის #238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 ივნისის #264 დადგენილებით ცვლილება შევიდა „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის #238 დადგენილებაში, რომლის თანახმადაც პირს, რომელსაც 2019 წლის 10 ივნისამდე „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით სასწავლებლად მისაღებ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის #728 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის ან „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის #729 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის დარღვევის გამო დაეკისრა (მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) 28 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ჯარიმის ოდენობა შეუმცირდეს:
ა) 1500 ლარამდე – I კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში;
ბ) 2500 ლარამდე – II კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში;
გ) 4000 ლარამდე – III კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში;
დ) 5000 ლარამდე – IV კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ რამდენადაც ჯ.ლ- კონტრაქტის პირობების დარღვევის პერიოდისათვის იმყოფებოდა მესამე კურსზე, იგი ვალდებულია სამინისტროს ჯარიმის სახით აუნაზღაუროს 4 000 ლარი.
ამდენად, მოსარჩელემ ჯ.ლ-სთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ჯ.ლ-ს სახელზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს სასარჩელო მოთხოვნის - 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობის ფარგლებში.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ჯ.ლ-ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის თანხა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში უნდა დარჩენილიყო გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ჯ.ლ-ს სახელზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ.ლ-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ჯ.ლ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ განსახილველ შემთხვევაში, ჯ.ლ-სათვის კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, თუმცა მოთხოვნილი თანხა - 4000 ლარი შეუსაბამოდ მაღალი იყო, რაც მართებულად იქნა შემცირებული სასამართლოს მიერ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია უფლებამოსილება, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ ნიშნავს უპირობოდ მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება, რომ რაიონულ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად და პირგასამტეხელოს ოდენობა დაედგინა 4000 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და ამ საფუძვლით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული არ გამორიცხავდა მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს სახელშეკრულებო და კანონით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს (ჯარიმა). სახელშეკრულებო პირგასამტეხლო განისაზღვრება მხარეთა მიერ და შესაბამისად, მისი ოდენობა, გამოთვლის წესი და სხვა, მხოლოდ მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება კანონის შესაბამისად განსაზღვრულ პირგასამტეხლოს (ჯარიმას), კასატორის მოსაზრებით, იგი ექვემდებარება გამოყენებას მიუხედავად იმისა, გათვალისწინებულია თუ არა მისი გადახდა შეთანხმებით. იმ შემთხვევაში, თუკი პირგასამტეხლო (ჯარიმა) განსაზღვრულია იმპერატიული ნორმით, მაშინ იგი აუცილებელ გამოყენებას ექვემდებარება.
კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმა და განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა მოწესრიგებულია კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის გზით შეთანხმებულ პირობას, არამედ იგი დადგენილია კანონისმიერი საფუძვლით.
კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოპუსუხეს აყენებს უპირატეს მდგომარეობაში იმ ასობით სამხედრო მოსამსახურის მიმართ, რომლებსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე, უკვე დაკისრებული აქვთ იმავე სახის კონტრაქტის დარღვევისათვის ჯარიმის 4000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ჯ.ლ-სთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ანაზღაურების დაკისრება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჯ.ლ- ჩაირიცხა სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე იუნკერად 2015 წლის 13 სექტემბრიდან და აყვანილ იქნა ყველა სახის კმაყოფაზე. 2015 წლის 13 სექტემბერს ჯ.ლ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის #729 ბრძანებით დამტკიცებული #837 სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტი. მხარეთა შორის არსებული კონტრაქტის 2.1. პუნქტის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო ემსახურა 6 კალენდარული წლის განმავლობაში. იმავე კონტრაქტის 6.2. პუნქტით განისაზღვრა ფინანსური პასუხისმგებლობა სამხედრო მოსამსახურის ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბერს MOD 9 19 00002472 ბრძანებით სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერთა III კურსის იუნკერი, რიგითი ჯ.ლ- დათხოვნილ იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის კონტრაქტის პირობების დარღვევის საფუძველზე.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში ჯ.ლ-სათვის კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, თუმცა მოთხოვნილი თანხა - 4000 ლარი შეუსაბამოდ მაღალია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია უფლებამოსილება, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ ნიშნავს უპირობოდ მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის #ბს-570(კ-19) გადაწყვეტილებაზე, რომელშიც „საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისთვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს არამარტო მის ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.“
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მხრიდან მართებულად იქნა გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების დაბალანსების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მსგავსი კატეგორიის დავებთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად, პირისათვის კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა არაერთ დავაში იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ და არაგონივრულად, რამაც დაკისრებული თანხის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების წარმოშობა განაპირობა (იხ. მაგალითად, სუს 16.05.2019წ. #ბს-230(კ-19) განჩინება).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა