Facebook Twitter

საქმე #ბს-904(კ-21) 10 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 5 აგვისტოს მ.რ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე და შვილთან - ნ.რ-სთან ერთად, კანონიერად იმყოფება საქართველოში. მოსარჩელემ 2019 წლის 8 იანვარს, ოჯახის გაერთიანების მიზნით, ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომელმაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით, მას უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შედეგად, მოსარჩელემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში, რომლის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სააგენტოს დაევალა საკითხის ხელახალი განხილვის შედეგად ახალი აქტის გამოცემა. თუმცა, 2019 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოსარჩელეს კვლავ უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

მოსარჩელის მითითებით, მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომელიც სწავლობს საქართველოში არსებულ ... „...“, რომლის გადასახადი მოსარჩელის მიერ წინასწარ არის გადახდილი. მას საქართველოში ნაქირავები აქვს ბინა და შეძენილი აქვს 74.6 კვ.მ მშენებარე ბინა, ასევე მოსარჩელეს ბანკში არსებულ ანგარიშზე აქვს ბრუნვა. ამასთან, მოსარჩელის არასრულწლოვან შვილს საქართველოში სხვა წარმომადგენელი/მზრუნველი არ ჰყავს.

ამდენად, მოსარჩელემ მ.რ-ს მიმართ ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 22 ივლისის #1000648054 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის მ.რ-სათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.რ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 22 ივლისის #1000648054 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მ.რ-სთვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის #1000635195 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა 2018 წლის 23 ოქტომბრის #1000635195 განცხადება და ნ.რ-ს მიეცა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 22 ნოემბრიდან 2019 წლის 15 ივლისამდე. ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ცნობით დასტურდება, რომ მ.რ- არის ნ.რ-ს მამა.

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 11 ივლისს #01/205365 წერილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს გადაუგზავნა მ.რ-ს საქმის მასალები და გამოითხოვა ინფორმაცია, არსებობდა თუ არა მოსარჩელისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 22 ივლისის #1000648054 გადაწყვეტილებით მ.რ-ს, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გაცნობის შედეგად მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი არ შეიცავდა ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე, არ დასტურდებოდა მისი მხრიდან ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნიდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ.რ-ს მიმართ დადგენილი არ იყო ისეთი გარემოებების არსებობა, რომლებიც შექმნიდა კანონისმიერ წინაპირობებს მისთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ნებართვის გაცემაზე უარისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით, გაითვალისწინა კერძო და საჯარო ინტერესები და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

კასატორი მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლებზე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 16 ივლისის SSGG 4 19 00127764 წერილი. სააგენტოს მითითებით, მან უპირატესობა მიანიჭა საჯარო ინტერესს, მაშინ როდესაც საკითხი ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოებას. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ როდესაც სახეზეა კომპეტენტური ორგანოს დასკვნა კონკრეტული პირის საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის თაობაზე, განცხადების განმხილველი ორგანო კანონმდებლობით შეზღუდულია მოიპოვოს ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავოს გახდიდა და გააბათილებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მ.რ-ს მიმართ ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 22 ივლისის #1000648054 გადაწყვეტილების კანონიერება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის მ.რ-სათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე კანონის მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე მუხლის ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის #520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ცნობის შესაბამისად, მ.რ- არის ნ.რ-ს მამა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის #1000635195 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა 2018 წლის 23 ოქტომბრის #1000635195 განცხადება და ნ.რ-ს მიეცა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 22 ნოემბრიდან 2019 წლის 15 ივლისამდე.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 8 იანვარს მ.რ-მ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 7 თებერვლის #1000648054 გადაწყვეტილებით, მ.რ-ს, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით მ.რ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 7 თებევრლის #1000648054 გადაწყვეტილება და მოპასუხეს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 11 ივლისს #01/205365 წერილით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს განმეორებით გადაუგზავნა მ.რ-ს საქმის მასალები, ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილება და გამოითხოვა ინფორმაცია, არსებობდა თუ არა მოსარჩელისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 22 ივლისის #1000648054 გადაწყვეტილებით მ.რ-ს, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად კი, სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ, ზოგადად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას დაეყრდნოს და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისი არის პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება ისეთი გარემოებების არსებობა, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიმართ საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, შესაბამისად სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ.რ-სათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 27.07.2021წ. #11546 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.07.2021წ. #11546 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა