საქმე #ბს-1092(კ-21) 10 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 19 დეკემბერს გ.ფ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, რომელიც 1998 წლიდან რეგისტრირებულია და ფაქტობრივად ცხოვრობს მისამართზე: ქ. თბილისი, ... ქ. #..., „...“. 2019 წლის ზაფხულში ავარიულ შენობაში მცხოვრებ დევნილთა აღრიცხვისა და მასიური გასახლების თაობაზე ადმინისტრაციული ღონისძიება გაურკვეველი მიზეზით არ იქნა მისარჩელის მიმართ გატარებული, რის გამოც მან მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სამართლებრივი საფუძვლების მითითება გასახლებაზე უარის შესახებ, შემდგომ კი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სააგენტოს, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.
მოსარჩელე ხაზგასმით მიუთითებს, რომ მას მისამართზე სააგენტოს წარმომადგენელი ეწვია მხოლოდ ერთხელ, ისეთ დროს, როდესაც იგი სახლში არ იმყოფებოდა. 2019 წლის 18 ნოემბრის ბრძანებით კი მისთვის ცნობილი გახდა, რომ გ.ფ-ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ იგი ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში.
ამდენად, მოსარჩელემ გ.ფ-ს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 18 ნოემბრის #04-1887/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გ.ფ-ს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 იანვრის სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხე მხარე და მოპასუხედ განისაზღვრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით გ.ფ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 18 ნოემბრის #04-1887/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გ.ფ-ს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ.ფ- არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის რეგისტრაციის ადგილია - ქ. თბილისი, ...-ის ქუჩა #..., „...“. ამასთან, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...-ის ქუჩა #...-ში განთავსებული „...“ შენობა წარმოადგენს ქალაქ თბილისში ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ ნგრევად ობიექტს და აღნიშნულის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილ ოჯახთა ალტერნატიული ფართებით (დადგენილი სტანდარტების შესაბამისად) უზრუნველყოფის თაობაზე. ამავდროულად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ.ფ-ს უარი ეთქვა იმის გამო, რომ იგი ფაქტობრივად არ ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე.
სააპელაციო სასამართლომ მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს გასაჩივრებულ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებში არსებული მითითებები, რომლებიც საფუძვლად დაედო იძულებით გადაადგილებული პირის - მოსარჩელე გ.ფ-ს ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფის თაობაზე უარის თქმას და აღნიშნა, რომ საქმის განხილვისას სააგენტოს მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა რომ მოსარჩელე, 1998 წლიდან 2019 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში, მდებარე ქ. თბილისი, ...-ის ქუჩა #..., „...“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს რიგითობას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში, ობიექტი დაიცალა იმის გამო, რომ იქ მცხოვრებ პირებს სიცოცხლისათვის საშიში პირობები არ შექმნოდათ, სწორედ ამიტომ საცხოვრებლით უზრუნველყოფილ იქნენ სწორედ ის ოჯახები, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობდნენ ობიექტში და რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე ექმნებოდა. კასატორის შეფასებით, ლოგიკურია, რომ ოჯახს, რომელიც არ ცხოვრობს ასეთ ობიექტში, ვერ შეექმნებოდა საფრთხე, შესაბამისად, ასეთი ოჯახის განსახლების საკითხი განიხილება არა კრიტერიუმების გარეშე, არამედ ჩვეულებრივი წესით, ქულების რაოდენობის მიხედვით.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტო მსგავსი საკითხის გადაწყვეტისას ეყრდნობა მის მიერ მოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამ შემთხვევაში, მოსარჩელისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ შედგენილი ოქმი. კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, სააგენტომ დაიცვა ყველა მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საკითხის მომწესრიგებელი აქტებით და მიმდინარე ეტაპზე არ დააკმაყოფილა საცხოვრებლით პირი, რომელიც ცდილობს უფრო ადრე მიიღოს საცხოვრებელი სხვა უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფ და უფრო მაღალქულიან ოჯახებთან შედარებით. კასატორის შეფასებით, ეჭქვეშ არ დგას ის ფაქტი, რომ ოჯახი სახელმწიფოსაგან საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელია, თუმცა ამ შემთხვევაში ბენეფიციარებსაც აქვთ თმენის ვალდებულება, დაელოდონ თავიანთ რიგს და რიგითობის გათვალისწინებით მიიღონ საცხოვრებელი ფართი.
კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად. სააგენტომ დაიცვა საკითხის მომწესრიგებელი აქტებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, შესაბამისად არ არსებობს ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს გ.ფ-ს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 18 ნოემბრის #04-1887/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის გ.ფ-ს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე გ.ფ- არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. 1998 წლიდან იგი ცხოვრობს თბილისში, ...ქ. #...-ში, „...-ს“ შენობაში. 2019 წლის 22 ოქტომბერს მან შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების შესახებ განაცხადი. შედეგად, 2019 წლის 11 ივნისის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, განხორციელდა გასაუბრება ნ.ფ-სთან, რომელმაც განმარტა, რომ გ.ფ-ა ცხოვრობს მასთან და იმ დროისთვის გ.ფ-ა იმყოფებოდა სენაკში მამასთან. საცხოვრებლის დაზუსტების მიზნით, მონიტორინგი განხორცილდა სენაკში, სოფელ ქვემო ფოცხოში, სადაც ადგილზე იმყოფებოდნენ მამა და გ.ფ-ა. მამის განმარტებით, იგი აღნიშნულ სახლში ცხოვრობს 1997 წლიდან, გ... კი მასთან პერიოდულად ჩადის სტუმრად, ვინაიდან ცხოვრობს თბილისში. ასევე, დადგენილია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #...-ში განთავსებული ,,...-ის“ შენობა წარმოადგენს ქალაქ თბილისში ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ ნგრევად ობიექტს და აღნიშნულის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილ ოჯახთა ალტერნატიული ფართებით (დადგენილი სტანდარტების შესაბამისად) უზრუნველყოფის თაობაზე.
დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 18 ნოემბრის #04–1887/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი #39) გ.ფ-ს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ეთქვა უარი იმის გამო, რომ იგი ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ 2020 წლის 27 თებერვალს სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხული შ.რ-ის, ლ.ჯ-ას და გ.ბ-ას ახსნა-განმარტების თანახმად, მოსარჩელე გ.ფ-ა არის მათი მეზობელი და იგი 1998 წლიდან მუდმივად ცხოვრობს მისამართზე: ქ. თბილისი, ...-ის ქ. #..., „...“. ამასთან, თელასის მონაცემთა ბაზაში, ქ. თბილისში, ...-ქ. #...-ში აბონენტად რეგისტრირებული გ.ფ-ს ბრუნვის ისტორიით დგინდება, რომ გ.ფ-ა წლების განმავლობაში იხდის კომუნალურ გადასახადებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ნგრევად ობიეტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, რომ იგი არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. განსახილველ შემთხვევაში კი, როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე გ.ფ-ს მამისა და ცოლის მიერ გაკეთებული განმარტებებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მუდმივად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...-ქ. #...-ში, „...-ის“ შენობაში და მონიტორინგის დროს, სტუმრად იყო წასული სენაკში. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ის ფაქტი, რომ მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელე არ იმყოფებოდა მისამართზე (მამასთან სოფელში სტუმრობის გამო), უტყუარად ვერ ადასტურებს, რომ მოსარჩელე გ.ფ-ა ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...-ის ქუჩის #...-ში მდებარე „...-ის“ ნგრევად ობიექტში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა