Facebook Twitter

საქმე #ბს-995(კ-21) 10 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 21 ოქტომბერს ლ.ღ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1993 წლის 15 ივლისს გაცემული #... დევნილის მოწმობის შესაბამისად, მას, როგორც ცხინვალიდან დევნილს, მიენიჭა დევნილის სტატუსი. იმის გამო, რომ ვერ მოახერხა რეგისტრაციის განმეორებით გავლა, მას შეუწყდა დევნილის სტატუსი.

მოსარჩელის მითითებით, 2019 წლის 30 სექტემბერს დევნილის სტატუსის აღდგენის მიზნით მან #3257 განცხადებით მიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას, რათა დაედგინა ქალაქ ცხინვალში (მისამართი: ქ. ცხინვალი, ...-ის ქუჩა, მე-... კორპუსი, მე-... სადარბაზო, მე-... სართ., ბინა #...) მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის #1008/01 წერილით, მას ეცნობა, რომ არ დადასტურდა 1991 წლამდე მისი ცხინვალში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დოკუმენტების გამოთხოვის შემდგომ, მას ჩაბარდა 2019 წლის 22 აგვისტოს #12 ოქმი და 2019 წლის 17 სექტემბრის #13 ოქმი. ამასთან, #12 ოქმით დადგენილია მისი ცხინვალში მუდმივად ცხოვრების ფაქტი, ხოლო #13 ოქმით აღნიშნული მოსაზრება შეიცვალა. უარის თქმის მიზეზად კი დასახელდა ის, რომ 1990-1996 წლებში იგი სწავლობდა ქ. თბილისში.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი დაიბადა ცხინვალში 1964 წელს. 1979 წლამდე იგი სწავლობდა სოფელ ...-ას სკოლაში, სადაც დაამთავრა 8 კლასი და სწავლა განაგრძო თბილისის მესამე სამედიცინო სასწავლებელში. საბოლოოდ, სწავლა 1983 წელს დაასრულა. მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ თბილისში მისი ყოფნის ერთადერთ მიზანს განათლების მიღება წარმოადგენდა. სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში, იგი ქირით ცხოვრობდა. ამასთან, იგი მუდმივად ჩადიოდა თავის საცხოვრებელ ადგილას ოჯახის წევრებთან, რომლებსაც ცხინვალი ომამდე არ დაუტოვებიათ. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ იგი პრაქტიკებს გადიოდა ცხინვალის ...ოში. შემდგომ, იგი მუშაობდა ქალაქ თბილისში ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში. ამ პერიოდის განმავლობაში, იგი ცხინვალიდან თბილისში 4 დღეში ერთხელ დადიოდა.

მოსარჩელის მითითებით, 1989 წელს იგი ჩაირიცხა თბილისის სამედიცინო სასწავლებელში, რა დროსაც იგი თბილისში კვლავ ქირით ცხოვრობდა. უშუალოდ საომარი მოქმედებების დაწყების დროს, იგი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა ცხინვალში. ამასთან, მან ცხინვალი ძმასთან და ძმისშვილებთან ერთად ავტომანქანით დატოვა. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ თბილისში ჩამოსვლის შემდგომ, მან კვლავ გააგრძელა სწავლა. მას მიენიჭა დევნილის სტატუსი და სხვა დევნილების მსგავსად, აღარ მისცემია საშუალება დაბრუნებულიყო საკუთარ სახლში.

ამდენად, მოსარჩელემ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის დროებითი კომისიის 2019 წლის 17 სექტემბრის #13 საოქმო გადაწყვეტილებისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2019 წლის 24 სექტემბრის #1008/01 წერილის ბათილად ცნობა, ასევე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისათვის 1991 წლამდე ლ.ღ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ქ. ცხინვალის დადგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად შესაბამისი ცნობის გაცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ლ.ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის დროებითი კომისიის 2019 წლის 17 სექტემბრის #13 საოქმო გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2019 წლის 24 სექტემბრის #1008/01 წერილი; სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას დაევალა 1991 წლამდე ლ.ღ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ქ. ცხინვალის დადგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და შესაბამისი ცნობის გაცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 სექტემბრის განჩინებით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენდა ლ.ღ-ის 1991 წლამდე ქალაქ ცხინვალში მუდმივად ცხოვრების ფაქტისა და იძულებით გადაადგილების ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის კანონიერება. შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი იყო დადგენილიყო, წარმოადგენდა თუ არა 1991 წლამდე მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ქალაქი ცხინვალი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, რომლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პალატის შეფასებით, საცხოვრებელი ადგილის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.“ ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. თავის მხრივ, პირის ნება – დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი – უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე პირის რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი.

მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეფასებისას, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, ლ.ღ-ე დაიბადა 1964 წელს ...-ში. ანკეტა-განცხადებაში მითითებულია, რომ იგი მე-3 კლასის ჩათვლით სწავლობდა ქ. ცხინვალის #... საშუალო სკოლაში, შემდეგ მე-8 კლასის ჩათვლით - ...-ის საშუალო სკოლაში. დადგენილია, რომ ლ.ღ-ემ 1979 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სამედიცინო სასწავლებელში, სადაც სწავლა დაასრულა 1983 წელს. 1984 წლიდან იგი განაწილებული იყო მედდის პოზიციაზე სამუშაოდ ქ. თბილისში, ხოლო 1990 წელს ჩაირიცხა თბილისის სამედიცინო აკადემიაში. რაც შეეხება საინფორმაციო ბარათში მითითებულ მისამართს: ქ. რუსთავი, ...-ის ქ. #..., სადაც იგი რეგისტრირებულია 1983 წლიდან, მისივე განცხადებით, აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა ქირით და არ ყოფილა მისი საკუთრება. მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ლ.ღ-ე 1991 წლამდე ცხოვრობდა მისამართზე: ქ. ცხინვალი, ...ის ქუჩა, მე-... კორპ, მე-... სართული, ბინა #...

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ ლ.ღ-ე 1984 წლიდან განაწილებული იყო ქ. თბილისში მედდის პოზიციაზე სამუშაოდ, ხოლო 1990 წლიდან სწავლობდა თბილისის სამედიცინო აკადემიაში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, თბილისში სწავლისა და მუშაობის მიუხედავად, ლ.ღ-ეს თავის მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან - ქალაქ ცხინვალთან კავშირი არ შეუწყვეტია და სწავლისგან და მუშაობისგან თავისუფალ დროს იგი ჩადიოდა ცხინვალში. აღნიშნული გარემოება დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმაც. ამასთან, მან მხარი დაუჭირა #12 ოქმით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე მხარი დაუჭირა #13 ოქმში მითითებულ კომისიის ორი წევრის პოზიციას, რომ ლ.ღ-ე 1984 წლიდან განაწილებული იყო მედდის პოზიციაზე სამუშაოდ, 1990 წლის მდგომარეობით იგი იყო სტუდენტი, 1991 წელს კი მისი ოჯახი გახდა დევნილი. შესაბამისად, იგი ვერ დაბრუნდებოდა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას.

საქმის მასალების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დადასტურებული იყო ლ.ღ-ის 1991 წლამდე ქ. ცხინვალში მუდმივად ცხოვრების ფაქტი, ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელის სამუშაო და სწავლების ადგილი იყო ქ. თბილისი, ვერ გამორიცხავდა იმას, რომ მოსარჩელე ლ.ღ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ქალაქი ცხინვალი წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, ლ.ღ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება მისი ქ. ცხინვალში მუდმივად ცხოვრების ფაქტი. კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ: 1. თბილისის სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათით ირკვევა, რომ ლ.ღ-ე დაბადებულია ...-ის რაიონის სოფელ ...-ში; 2. დაბადების მოწმობა გაცემულია ...-ის რაიონის სოფ. ...-ას სასოფლო საბჭოს მიერ; 3. თბილისის სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათით ირკვევა, რომ ლ.ღ-ე 1980 წელს სსრკ პასპორტი გაიცა თბილისის ოქტომბრის შსს განყოფილების მიერ; 4. პასპორტის გაცემისას რეგისტრაციის ადგილად მითითებულია ქ. რუსთავი, ...-ის ქ. #.., ბინა #..; 5. დიპლომი გაცემულია სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს ...ში 1979-1983წწ.-ში; 6. შრომის წიგნაკი გახსნილია 1984 წელს. 1983 წელს მან მუშაობა დაიწყო ...ოში, 1984 წელს მუშაობა დაიწყო ქ. თბილისში, ...ში, 1998 წელს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დამთავრებასთან დაკავშირებით, განთავისუფლებულ იქნა მედდის თანამდებობიდან; 7. სამხედრო ბილეთი გაცემულია 1983 წელს ...ის მიერ.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელე თავად აღნიშნავს, რომ 1979 წელს მან დაამთავრა სოფელ ...-ას საშუალო სკოლის მე-8 კლასი. კასატორი მიუთითებს, რომ სოფელი ...-ა ოკუპირებულია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად და არა 1991 წელს. იგი სკოლის დამთავრების შემდეგ 1979-1983 წლებში სწავლობდა თბილისის სამედიცინო ტექნიკუმში. 1983-1998 წლებში ლ.ღ-ე უწყვეტი სტაჟით მუშაობდა ქ. თბილისში, მედდის პოზიციაზე. 1990-1996 წლებში იგი სწავლობდა თბილისის სამედიცინო აკადემიაში. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ლ.ღ-ეს 1979 წლიდან მუდმივად არ უცხოვრია ქ. ცხინვალში. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მისი ნათესავები - ნ.ღ-ე და მ. და ს. ა-ი დევნილის მოწმობების მიხედვით, რეგისტრირებულები არიან ქ. ცხინვალში, ...ის ქუჩის #.. -ში და არა ამავე ქუჩის კორპუსი #.., მე-... სართული, ბინა #...-ში. ამასთან, კასატორის მითითებით, ლ.ღ-ეს არ წარუდგენია მისი მშობლების დევნილის მოწმობები ან ცნობა შესაბამისი სამსახურიდან, რომლითაც დადასტურდებოდა მითითებულ მისამართზე მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

კასატორის განმატებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მოთხოვნა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, კერძოდ, გასაჩივრებული 2019 წლის 24 ივლისის #1008/01 ცნობა მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და იგი არ აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს მოსარჩელის ან სხვა პირის რაიმე უფლებას, ასევე, მას არ შეიძლება მოჰყვეს რაიმე სამართლებრივი შედეგი, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის კანონიერ ინტერესს წარმოადგენს დევნილის სტატუსის მინიჭება (აღდგენა), რომელიც ხორციელდება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) გამოცემის გზით.

კასატორი აღნიშნავს, რომ დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციის მიერ გაცემულ ცნობას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი, სავალდებულო ხასიათი. სააგენტო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს, გაითვალისწინოს თუ არა ზემოაღნიშნული ცნობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება დევნილის სტატუსის მინიჭებისას. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო ცნობას დამოუკიდებლად არ შეიძლება მოჰყვეს რაიმე სამართლებრივი შედეგი.

ამასთან, კასატორი მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შუამდგომლობა საქმეში მოპასუხე მხარედ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ჩართვასთან დაკავშირებით.

კასატორი, ასევე, აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომები წარიმართა დისტანციურად, ხარვეზებით. სასამართლო სხდომას ვერ ჩაერთო მოსარჩელე მხარე, ვერ მოხდა კასატორის მხრიდან სათანადო აზრის გამოთქმა, მოსარჩელის მიმართ შესაბამისი კითხვების დასმა და მის მიერ მოწმეების წარდგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის დროებითი კომისიის 2019 წლის 17 სექტემბრის #13 საოქმო გადაწყვეტილებისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2019 წლის 24 სექტემბრის #1008/01 წერილის კანონიერება, ასევე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისათვის 1991 წლამდე ლ.ღ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ქ. ცხინვალის დადგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად შესაბამისი ცნობის გაცემის დავალება.

დადგენილია, რომ 2019 წლის 8 აგვისტოს ლ.ღ-ემ განცხადებით მიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა ცნობის გაცემა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ იგი 1964 წლიდან 1991 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა მისამართზე: ქ. ცხინვალი, ...ის ქ., მე-... კორპუსი, მე-.. სადარბაზო, მე-... სართ., ბინა #...

ასევე, დადგენილია, რომ 2019 წლის 22 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან სეპარატისტულ რეჟიმს თავდაღწეულ პირთა და ამ ტერიტორიიდან სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) შესაბამის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად, შესაბამისი განცხადებების განხილვის მიზნით შედგა დროებითი კომისიის სხდომა (ოქმი #12). კომისიის წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ლ.ღ-ე 1991 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა მისამართზე: ქ. ცხინვალი, ...ის ქ. მე-.. კორპუსი, მე-... სადარბაზო, მე-... სართ., ბინა #...-ში.

ოქმში მითითებულია, რომ წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ლ.ღ-ე დაბადებულია 1964 წელს ...-ში. ანკეტა-განცხადებაში იგი მიუთითებს, რომ მე-3 კლასის ჩათვლით სწავლობდა ქ. ცხინვალის #... საშუალო სკოლაში, ...-ის საშუალო სკოლაში მე-8 კლასის ჩათვლით, ხოლო შემდგომ სწავლა განაგრძო თბილისის სამედიცინო სასწავლებელში. მან ასევე მიუთითა, რომ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. განმცხადებლის განმარტებით, ცხინვალი დატოვა 1991 წელს საომარი მოქმედებების შედეგად ოჯახის წევრებთან ერთად (ძმა - გ.ღ-ე, ძმისშვილი - ნ.ღ-ე). აღსანიშნავი იყო ისიც, რომ მისი ოჯახის წევრები დევნილები არიან. განმცხადებელს დაზუსტებით არ ახსოვდა, როდის შეუჩერდა დევნილის სტატუსი და შესაბამისად ვერ გაიარა დევნილთა საყოველთაო რეგისტრაცია. ლ.ღ-ემ ანკეტა-განცხადებაში მიუთითა, რომ ვერ წარადგინა დაბადების მოწმობა, საბინაო წიგნი. კომისიის წევრმა - ე.გ-მა კითხვით მიმართა განმცხადებელს, თუ რომელ წლებში სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში და განმცხადებელმა უპასუხა, რომ 1990-1996 წლებში. ელენე ხმიადაშვილის კითხვაზე, თუ რატომ არ გაიარა ხელახალი დევნილთა საყოველთაო რეგისტრაცია, ლ.ღ-ემ უპასუხა, რომ მან დროულად არ მიმართა დევნილთა სამინისტროს. კომისიის მიმდინარეობის დროს განხორციელდა სატელეფონო ზარი კომისიის წევრის - ს.ც-ის მხრიდან ლ.ღ-ის მიერ ანკეტა-განცხადებაში მითითებულ მეზობელთან - მ.ჯ-სთან და კითხვაზე, იცნობდა თუ არა ლ.ღ-ეს, მ.ჯ-მა დაადასტურა, რომ აღნიშნულ პიროვნებას პირადად იცნობს, იყო მისი მეზობელი და 1991 წლამდე ცხოვრობდა ქ. ცხინვალში, ...ის ქ. მე-... კორპუსი, მე-... სადარბაზო, მე-... სართ., ბინა ...-ში.

2019 წლის 17 სექტემბერს კვლავ შედგა დროებითი კომისიის სხდომა (ოქმი #13), სადაც ხელახლა იქნა განხილული ლ.ღ-ის საკითხი. განხილვის შედეგად კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით მიღებული იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება, რადგან მიჩნეული იქნა, რომ ვინაიდან მოსარჩელე სწავლობდა და შემდეგ მუშაობდა ქ. თბილისში, აღნიშნული გარემოება გამორიცხავდა მის ზემოთ მითითებულ მისამართზე მუდმივად ცხოვრების ფაქტს. ამასთან, ოქმის მიხედვით, კომისიის 2 წევრი თვლიდა, რომ შრომის წიგნაკის თანახმად, ლ.ღ-ე 1984 წლიდან განაწილებული იყო მედდის პოზიციაზე სამუშაოდ, 1990 წლის მდგომარეობით იგი იყო სტუდენტი, 1991 წელს კი მისი ოჯახი გახდა დევნილი. შესაბამისად, იგი ვერ დაბრუნდებოდა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე და კომისიის წევრები საჭიროდ მიიჩნევდნენ, რომ აღნიშნული მოტივით უნდა დაკმაყოფილიყო განმცხადებლის მოთხოვნა.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2019 წლის 24 სექტემბრის #1008/01 წერილით ლ.ღ-ეს ეცნობა, რომ მისი განცხადება განხილულ იქნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში შექმნილი დროებითი კომისიის სხდომაზე (ოქმი #13, 17.09.2019წ.). აღნიშნული კომისიის გადაწყვეტილებით, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, არ დასტურდებოდა მისი 1991 წლამდე მუდმივად ცხოვრების და იძულებით გადაადგილების ფაქტი შემდეგ მისამართზე: ქ. ცხინვალი, ...ის ქუჩა, მე-... კორპუსი, მე-... სადარბაზო, მე-... სართ., ბინა #....

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, რომლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. საცხოვრებელი ადგილის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.“ ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება – დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი – უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე პირის რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. პირის განსაზღვრულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატული უნდა იყოს აღნიშულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც უნდა დადასტურდეს სხვადასხვა ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს. ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ასევე მის დროებით ცხოვრებას მუდმივი საცხოვრებელი ადგილისაგან მოშორებით სასწავლებლად თუ სამუშაოდ.

საკასაციო პალატის მითითებით, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ლ.ღ-ე 1984 წლიდან განაწილებული იყო ქ. თბილისში მედდის პოზიციაზე სამუშაოდ, ხოლო 1990 წლიდან სწავლობდა თბილისის სამედიცინო აკადემიაში. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ მოცემულ შემთხვევაში, თბილისში სწავლისა და მუშაობის მიუხედავად, ლ.ღ-ეს თავის მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან - ქალაქ ცხინვალთან კავშირი არ შეუწყვეტია და სწავლისგან და მუშაობისგან თავისუფალ დროს იგი ჩადიოდა ცხინვალში. აღნიშნული გარემოება დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმაც. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ მან მხარი დაუჭირა #12 ოქმით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე, მხარი დაუჭირა #13 ოქმში მითითებულ კომისიის ორი წევრის პოზიციას, რომ ლ.ღ-ე 1984 წლიდან განაწილებული იყო მედდის პოზიციაზე სამუშაოდ, 1990 წლის მდგომარეობით იგი იყო სტუდენტი, 1991 წელს კი მისი ოჯახი გახდა დევნილი. შესაბამისად, იგი ვერ დაბრუნდებოდა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას.

საქმის მასალების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დადასტურებულია ლ.ღ-ის 1991 წლამდე ქ. ცხინვალში მუდმივად ცხოვრების ფაქტი, ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელის სამუშაო და სწავლების ადგილი იყო ქ. თბილისი, ვერ გამორიცხავს იმას, რომ მოსარჩელე ლ.ღ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ქალაქი ცხინვალი წარმოადგენდა.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებებს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების არსებობის თაობაზე იმ მოტივით, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2019 წლის 24 ივლისის #1008/01 ცნობა (2019 წლის 17 სექტემბრის #13 საოქმო გადაწყვეტილება) მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და იგი არ აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს მოსარჩელის ან სხვა პირის რაიმე უფლებას, ასევე მას არ შეიძლება მოჰყვეს რაიმე სამართლებრივი შედეგი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის #287 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, პირი დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამმართველოს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ- ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა/დასკვნა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების ფაქტს და ოჯახის შემადგენლობას (ამ უკანასკნელის შესაძლებლობის შემთხვევაში).

შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებებს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2019 წლის 24 ივლისის #1008/01 ცნობის მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენაზე, შესაძლებელია მის მიმართ მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ნ. სხირტლაძე