Facebook Twitter

საქმე #ბს-130(კს-22) 16 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ.ძ-ი

დავის საგანი _ დროებითი განჩინების გაუქმება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის დროებითი განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2020 წლის 5 ოქტომბერს ნ.ძ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2020 წლის საგნის გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2020 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება 9.1 და 9.2 დავალებებზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; ბ) დაევალოს მოპასუხეს - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 9.1 და 9.2 დავალებებში თითო ქულის მომატების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ა) ბათილად იქნა ცნობილი 2020 წლის საგნის გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2020 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება ნ.ძ-ის მიერ №9.1 დავალებაზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; ბ) მოპასუხეს - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს №9.1 დავალების ნაწილში ნ.ძ-ისათვის 1 ქულის მომატების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

3. 2021 წლის 29 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ნ.ძ-მა და დროებითი განჩინების მიღების თაობაზე იშუამდგომლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის დროებითი განჩინებით ნ.ძ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაევალა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ნ.ძ-ისათვის მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან/და დროებითი ცნობის გაცემა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი (დროებითი განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ) ითვალისწინებს მხარის უფლებას სარჩელის აღძვრამდე, ან დავის საგანზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე მიმართოს სასამართლოს მოთხოვნით, რათა დავის საგანთან დაკავშირებით სასამართლომ მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლის გამო. განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი განმარტავს, რომ იგი არის მაძიებელი მასწავლებელი და თუ 2022 წლის თებერვლის თვემდე არ მოხდება მისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება, სამართლებრივმა დავამ შესაძლოა დაკარგოს აზრი, ვინაიდან სკოლა ვერ შეძლებს მასთან შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებას საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის #241-ე დადგენილების 38-ე მუხლის საფუძველზე.

პალატამ მიუთითა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს #174/ნ ბრძანების 111 მუხლზე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის #241-ე დადგენილების მე-7 მუხლზე, ამავე დადგენილების 38-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტა, რომ ვინაიდან დავა არ არის დასრულებული, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში, შეიძლება არსებითად შეილახოს მოსარჩელის ინტერესები და მას მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი.

პალატამ მიიჩნია, რომ ნ.ძ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დავალებოდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ნ.ძ-ისათვის მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან/და დროებითი ცნობის გაცემა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის დროებითი განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ნ.ძ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ დაინტერესებული მხარის მოთხოვნა დროებითი განჩინებით სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგების თაობაზე დაკმაყოფილდება, თუ ეს აუცილებელია გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო. იმისათვის, რომ პირის მოთხოვნა დასაბუთებული იყოს, აუცილებელია ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი წინაპირობებისა და რაც მთავარია, რეალური და არა აბსტრაქტული საფრთხის არსებობა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მოთხოვნის ფარგლებში შემოწმდეს მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესი. განცხადებით მოთხოვნილი დროებითი განჩინება უნდა იყოს მოსარჩელის უფლების დროებითი დაცვის აუცილებელი საშუალება. დაინტერესებული მხარის უფლება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვოს დროებითი განჩინების მიღება, გამომდინარეობს მისი უფლებიდან - აღძრას სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ქმედების განხორციელების მოთხოვნით ან აღძრას აღიარებითი სარჩელი. ადმინისტრაციულ პროცესში, ე.წ. კომბინირებულ სარჩელებში უნდა განისაზღვროს ძირითადი და თანმდევი მოთხოვნები. თუ არსებობს ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნა, უნდა განისაზღვროს ძირითადი მოთხოვნა. შესაბამისად, უნდა მოხდეს სარჩელის არსის განსაზღვრა - რომელ სარჩელთან გვაქვს საქმე - შეცილებით (აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელი), თუ მავალდებულებელ სარჩელებთან (აქტის გამოცემის, ან ქმედების განხორციელების მოთხოვნით აღძრული სარჩელი). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს შეცილებითი სარჩელი აქვს წარმოდგენილი, რომლის თანმდევი მოთხოვნაც აქტის გამოცემის დავალებაა. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელეს სარჩელი წარმოდგენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, ამ შემთხვევაში დაუშვებელია ამავე კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინების გამოტანა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უნდა მომხდარიყო, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით დასარეგულირებელ შემთხვევას, არამედ იგი სასამართლოს მიერ არსებითად განსახილველი საკითხია. ამასთან გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, პირველ რიგში იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ნ.ძ-ის მოთხოვნის შეცვლა განახორციელდა და ცენტრს დაავალა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ნ.ძ-ისათვის მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან/და დროებითი ცნობის გაცემა, თუმცა შუამდგომლობის ავტორს სხვა მოთხოვნა ჰქონდა დაყენებული. შესაბამისად, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება გასცდენოდა განცხადებაში მითითებულ მოთხოვნას და საკუთარი ინტერპრეტაციით მიეღო გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს არასწორად აქვს სამართლებრივი ნორმები გამოყენებული, კერძოდ, განჩინებაში მითითებული დადგენილების 38-ე მუხლი ეხება სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების და კარიერული წინსვლის პირობებს, ხოლო ნ.ძ-ი არ წარმოადგენს პრაქტიკოს მასწავლებელს. ასევე, სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განჩინება ისეთი სახით არის ფორმულირებული, რომ შეუძლებელია მისი აღსრულება, რადგან მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების შესახებ რაიმე ცნობის გაცემა არ წარმოადგენს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კომპეტენციას, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელესთან მიმართებით არ არის მიღებული შესაბამისი აქტი საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარების თაობაზე,

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინებით, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული დროებითი განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილია ყოველი ადამიანის სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობის უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს ადამიანის სრულყოფილი სამართლიანი დაცვა. ეფექტური მართლმსაჯულება გულისხმობს არა მარტო დარღვეული უფლების აღდგენას, არამედ დროებით დაცვას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლების პრევენციული დაცვა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში უფლების დროებითი დაცვის სამართლებრივი საშუალებები ამავე კოდექსით განსაზღვრული სარჩელის სახეების მიხედვით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დროებითი დაცვის ღონისძიება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას წარმოადგენს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინება, როგორც უფლების დროებითი დაცვის საშუალება, გამოიყენება ყველა სხვა სახის სარჩელთან მიმართებით. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფას ემსახურება და მხარეთა შორის დავის დასრულებამდე ახდენს მოსარჩელის უფლებებისა და ინტერესების დროებით დაცვას და უზრუნველყოფს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების თავიდან აცილებას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს მხარის ინტერესების დაცვის მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, დროებითი ღონისძიების გამოყენებით, დავის საბოლოოდ დასრულებამდე, დააზღვიოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურ სარგებლობასთან დაკავშირებული რისკები, შექმნას მხარის მოლოდინი, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ეფექტი. სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც ინსტრუმენტული უფლება, მოიცავს არამხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალურად მიმართვის საშუალებით პირის უზრუნველყოფას, არამედ სასამართლოს შესაძლებლობას, უფლების დარღვევის ფაქტზე მოახდინოს ეფექტური რეაგირება, რაც გულისხმობს იმგვარი რეგულაციის არსებობას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილი უშვებს მხარის უფლებას, სარჩელის აღძვრამდე, ან დავის საგანზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე მიმართოს სასამართლოს მოთხოვნით, რათა დავის საგანთან დაკავშირებით სასამართლომ მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლის გამო.

მოცემული დავის ფარგლებში ნ.ძ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი 9.1 და 9.2 დავალებებზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2020 წლის საგნის გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2020 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს მოპასუხეს - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 9.1 და 9.2 დავალებებში თითო ქულის მომატების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: ა) ბათილად იქნა ცნობილი 2020 წლის საგნის გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2020 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება ნ.ძ-ის მიერ №9.1 დავალებაზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; ბ) მოპასუხეს - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს №9.1 დავალების ნაწილში ნ.ძ-ისათვის 1 ქულის მომატების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა;

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს მხარის ინტერესების დაცვის მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, დროებითი ღონისძიების გამოყენებით, დავის საბოლოოდ დასრულებამდე, დააზღვიოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურ სარგებლობასთან დაკავშირებული რისკები. ამდენად, პრევენციული ღონისძიებების დანიშნულება სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებაა. მათი მიზანია ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს, შესაბამისად, მისი გამოყენება მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან მისი შეუძლებლობის თავიდან აცილებისკენ მხოლოდ დავის საგანთან დაკავშირებით და არსებული მდგომარეობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.09.2019წ. #734(კს-19) განჩინება).

ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას. ინტერესთა ბალანსი დგინდება სარჩელის პერსპექტიულობის გათვალისწინებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია სამართლებრივი მდგომარეობის შემოწმებით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებაზე ინტერესის უპირატესობა აშკარაა, თუ სარჩელს აქვს წარმატების ნაკლები პერსპექტივა, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე #ბს-930-922(2კ-16)).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილების მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, უფროსი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება, მიენიჭოს პირს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას, გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს, აკმაყოფილებს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებსა და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით); ბ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი; გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა; დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით; ე) წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს №174/ნ ბრძანებაზე, რომლის 111 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სკოლა უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, შრომითი ხელშეკრულება გააფორმოს მასწავლებლობის მაძიებელთან ან მოწვეულ მასწავლებელთან, ან შემცვლელ მასწავლებელთან.

„მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №169/ნ ბრძანების მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მასწავლებლობის მაძიებელი არის პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის შემთხვევაში) და რომელიც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, არაუმეტეს 2 წლისა დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; ამავე მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით, მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა განიმარტება, როგორც „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ შემუშავებული და დამტკიცებული პროგრამა, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის სტატუსით დასაქმებულმა პირმა უნდა გაიაროს მუშაობის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში, მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით. „დ“ პუნქტის თანახმად კი, მაძიებლობის პერიოდი არის არაუმეტეს 2 (ორი) წელი, რომლის განმავლობაშიც მასწავლებლობის მაძიებელი ვალდებულია გაიაროს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა.

ამავე ბრძანების მე-8 მუხლის თანახმად, მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა მოიცავს: ა) აკადემიურ კურსს; ბ) პედაგოგიური პრაქტიკის კურსს; გ) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარების ვალდებულებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილების 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ვერ შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს.

ზემოაღნიშნული დებულებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმის მიუხედავად ნ.ძ-ი არის პრაქტიკოსი თუ მაძიებელი მასწავლებელი, გამართლებულია მის მიმართ დროებითი განჩინების მიღება, ვინაიდან მოცემულ საქმესთან მიმართებით ორივე შემთხვევაში, სკოლასთან შემდგომი ურთიერთობის გასაგრძელებლად ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა გამოცდის წარმატებით ჩაბარება - იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავიდნენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე ევალებათ სტატუსის ამაღლება, ხოლო მაძიებელ მასწავლებელს - საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავდროულად, ორივეს მიმართ აღნიშნული ვალდებულების შესრულება გარკვეული პერიოდითაა შემოსაზღვრული, ერთ შემთხვევაში - 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე, ხოლო მეორე შემთხვევაში - მაძიებლობის პერიოდი, რაც არაუმეტეს 2 წელია. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ, პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ სტატუსის ვერ ამაღლება იწვევს კონკურსის გამოცხადებას, ხოლო მასწავლებლობის მაძიებელს - უწყდება სკოლასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება.

მაძიებელ მასწავლებელთან მიმართებით საყურადღებოა „მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №169/ნ ბრძანების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლობის მაძიებელი წარმატებით ვერ გაივლის მაძიებლობის პერიოდს, უწყდება სკოლასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება. ამავე ბრძანების 8.7 მუხლის თანახმად, მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ითვლება წარმატებულად გავლილად, თუ მასწავლებლობის მაძიებელი აკადემიურ და პედაგოგიური პრაქტიკის კურსში შეფასდება დადებითად და თუ წარმატებით ჩაბარებული აქვს ან წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში დავა ჯერ არ დასრულებულა, იზრდება იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეიძლება არსებითად შეილახოს მოსარჩელის ინტერესები და მას მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი. სასამართლომ კი, არა მხოლოდ სწორად და ობიექტურად უნდა გადაწყვიტოს დავა მხარეებს შორის, არამედ უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების დაცვა სამომავლო აღუსრულებლობისაგან. შესაბამისად, ნ.ძ-თან მიმართებით მართებულად იქნა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დავის საბოლოო დასრულებამდე.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მასწავლებლის კომპეტენციის შესახებ რაიმე ცნობის გაცემა არ წარმოადგენს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კომპეტენციას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის №193/ნ ბრძანების პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საგნის გამოცდის ჩატარებასთან, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადგენასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ამავე ბრძანების 28.1 მუხლის შესაბამისად, საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღებიდან 20 დღის ვადაში, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება: ა) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა სია, რომლებმაც დაადასტურეს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია; ბ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს საგნის გამოცდა.

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილების მე-3 მუხლის „ნ“ პუნქტის თანახმად, საგნის გამოცდა განიმარტება, როგორც მასწავლებლობის მსურველის ან პრაქტიკოსი მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის შეფასება/დადასტურება, რომელსაც ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი), მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. ამავე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება არის მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. „ჟ“ ქვეპუნქტით კი, პროფესიული კომპეტენციის დადასტურება განიმარტება, როგორც მასწავლებლის პროფესიული კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

ამდენად, სწორედ აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში, სარჩელის უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიების გათვალისწინებით დაევალა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ნ.ძ-ისათვის მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან/და დროებითი ცნობის გაცემა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მართებულად მოხდა მოსარჩელის მიმართ დროებითი განჩინების მიღება, შესაბამისად, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის დროებითი განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 31-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის დროებითი განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე