№ბს-194(კ-22) 20 აპრილი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ.დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია; მესამე პირი - რ.ხ-ე).
აღწერილობითი ნაწილი:
1. 2019 წლის 24 სექტემბერს ჯ.დ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა): ა) ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ...ის განყოფილების 2019 წლის 17 სექტემბრის №2 კრების ოქმი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) არჩების შესახებ“ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრების 2019 წლის 20 სექტემბრის N10 დადგენილება; გ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2019 წლის 25 სექტემბრის N02/37 ბრძანება; დ) დაევალოს მოპასუხე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე - ჯ.დ-ის სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ...ის განყოფილებაში (სპეციალობა - ,,...ი“) აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) არჩევის თაობაზე.
სარჩელის თანახმად, 2019 წლის 15 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოაცხადა კონკურსი 1 აკადემიკოსის ასარჩევად „...ის“ სპეციალობით, რომელშიც მონაწილეობდა ჯ.დ-ი ...-ს ემერიტუს-პროფესორი, აგრეთვე მონაწილეობდნენ აკადემიის წევრ-კორესპონდენტი რ.ხ-ე და ...-ს პროფესორი თ.ც-ე. ვინაიდან მოსარჩელის კონკურენტებს საკონკურსო სპეციალობით სამეცნიერო სტატიები არ გააჩნდათ ჯ.დ-მა ორჯერ მიმართა წერილობით აკადემიის პრეზიდენტს გ.კ-ეს, საექსპერტო კომისიის თავმჯდომარეს ე.მ-ს და მის წევრებს ლ.ჯ-ეს, გ.ჩ-ეს და თ.შ-ეს, რათა წარმოედგინათ რ.ხ-სა და თ.ც-ის ერთი სტატია მაინც აღნიშნული სპეციალობით. თ.ც-ემ 16 სექტემბერს ოფიციალურად მოხსნა კონკურსიდან თავისი კანდიდატურა. ...ო განყოფილების სხდომაზე 17 სექტემბერს, როდესაც იხილებოდა კანდიდატურის შერჩევა ექსპერტებმა რ.ხ-ს კანდიდატურა, რომელსაც არ ჰქონდა თუნდაც ერთი სამეცნიერო სტატია ...ში (მისი სტატიები სხვა სპეციალობისაა), დაუშვეს კენჭისყრაზე და მხარიც დაუჭირეს მის შერჩევას, ხმების რაოდენობით 4/1, ხოლო ჯ.დ-ზე კი ხმები განაწილდა ¼-ზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის საოქმო განჩინებით, საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩაება რ.ხ-ე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჯ.დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ჯ.დ-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის 2019 წლის 15 მარტის №16 დადგენილებით, პრეზიდიუმმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წესდების (თავი X) შესაბამისად, დაადგინა 2019 წლის ივნისში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) არჩევნების ჩატარება. არჩევნების ჩასატარებლად დამტკიცდა აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) 3 ვაკანსია, მათ შორის, ...ის განყოფილების ერთი ვაკანსია, სპეციალობა - ...ი. ამავე დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) 2019 წლის არჩევნების დროებითი დებულება (ტ.I. ს.ფ. 179-182).
...ის განყოფილებაში მართვის სისტემების სპეციალობის ერთ ვაკანსიაზე წარმოდგენილი იყო აკადემიკოსობის სამი კანდიდატი: რ.ხ-ე, თ.ც-ე და ჯ,დ-ი (ტ.I. ს.ფ. 184).
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ...ის განყოფილების 2019 წლის 11 სექტემბრის კრების ოქმის თანახმად, ...ის განყოფილებისა და ...ის განყოფილების წევრებმა დააფიქსირეს მოსაზრება, რომ სამივე პრეტენდენტის სამეცნიერო შრომები განეკუთვნებოდა „...ის“ სფეროს (ტ. I. ს.ფ. 249-252).
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ...ის განყოფილების საექსპერტო კომისიის 2019 წლის 11 სექტემბრის ოქმით დადგენილი იყო, რომ ფარული კენჭისყრის შედეგად სამივე კანდიდატს, თანაბარი ხმების რაოდენობით, გაეწია რეკომენდაცია გამოცხადებულ სპეციალობაზე შესარჩევად (ტ. I. ს.ფ. 253).
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ...ის განყოფილების 2019 წლის 17 სექტემბრის კრების ოქმის თანახმად, 2019 წლის 16 სექტემბერს პროფ. თ.ც-ემ მოხსნა თავისი კანდიდატურა და ფარული კენჭისყრის ბიულეტენში შეტანილი იქნა ორი კანდიდატი: პროფ. ჯ.დ-ი და აკად. წევრ. კორ. რ.ხ-ე განყოფილებების აკადემიკოსების სიითი შემადგენლობის 6 წევრიდან სხდომას დაესწრო 4 წევრი, ხოლო ერთმა წევრმა კენჭი უყარა ბინაზე. ფარული კენჭისყრის თანახმად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადემიკოსობის) კანდიდატად სპეციალობა - ...ი, საერთო კრებამ შეარჩია რ.ხ-ე, რომელმაც მიიღო 4 დადებითი და 1 უარყოფითი ხმა, შესაბამისად შემდგომი არჩევისთვის, განყოფილებამ იგი წარუდგინა აკადემიის პრეზიდიუმსა და აკადემიის საერთო კრებას. მოსარჩელე ჯ.დ-მა ფარული კენჭისყრის შედეგად მიიღო 1 დადებითი და 4 უარყოფითი ხმა (ტ. I. ს.ფ. 256-262).
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრების 2019 წლის 20 სექტემბრის №10 დადგენილების თანახმად აკადემიკოსთა სიითი შემადგენლობის 58 წევრიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ორმოცდათოთხმეტმა აკადემიკოსმა. საერთო კრების გადაწყვეტილებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად), სპეციალობით ,,...ი“, აირჩიეს რ. ხ-ე, ამასთან, მას ხმა მისცა ორმოცდახუთმა აკადემიკოსმა, წინააღმდეგი იყო შვიდი აკადემიკოსი, ხოლო ორი ბიულეტენი გაუქმდა (ტ. I. ს.ფ. 313).
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2019 წლის 25 სექტემბრის №02/37 ბრძანებით, რ.ხ-ეს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაენიშნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის სტატუსის წოდებრივი ანაზღაურება (ტ. I. ს.ფ. 314).
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, მე-3 თავზე, მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტსა და მე-11 მუხლზე. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრების 2016 წლის 12 სექტემბრის №9 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წესდებაზე, აღნიშნული დადგენილების მე-10 თავის მე-2 მუხლზე, მე-5, მე-6, მე-8 და მე-10 მუხლებზე და განმარტა, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ...ის განყოფილების კრების 2019 წლის 11 სექტემბრის ოქმით დასტურდება, რომ ...ის განყოფილებისა და ...ის განყოფილების წევრებმა დააფიქსირეს მოსაზრება, რომ სამივე პრეტენდენტის სამეცნიერო შრომები განეკუთვნებოდა „...ის“ სფეროს. თავის მხრივ, არჩევნების მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე, გადაწყვეტილებების მიღებაში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წესდების თანახმად მონაწილეობას იღებდნენ აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები), რომლებიც ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენდნენ იმ პირებს, რომლებსაც გააჩნდათ არჩევნებზე გადაწყვეტილებების მიღების კომპეტენცია და ვალდებულება იმისა, რომ დაედგინათ არსებულ ვაკანსიაზე და წარდგენილ კანდიდატებს შორის შესაბამისობა.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ მოპასუხე სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიიღო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ.დ-მა.
კასატორის მოსაზრებით, რ.ხ-ს აკადემიკოსად არჩევა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ძირითად კანონთან, რომლის თანახმად, აკადემიკოსად აირჩევა მაღალი ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში, ხოლო რ.ხ-ეს ერთი სამეცნიერო ნაშრომიც კი არ გააჩნია საკონკურსო „...ის“ სპეციალობით.
კასატორის მითითებით, აკადემიამ არჩევნები ჩაატარა მთავარი დოკუმენტის „საექსპერტო კომისიის დასკვნის“ გარეშე, რომლის შედგენა აუცილებელი იყო აკადემიის პრეზიდიუმის 2019 წ. 15.03-ის №16 დადგენილებით. მისი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად აკადემიას დღემდე არ წარმოუდგენია „საექსპერტო კომისიის დასკვნა’’, რ.ხ-ეს არ გააჩნია არცერთი სამეცნიერო ნაშრომი საკონკურსო (...ო) „...ის’’ სპეციალობით. სწორედ ამ დოკუმენტში უნდა ყოფილიყო ასახული კანდიდატთა შრომების საფუძველზე მათი შესაბამისობა საკონკურსო სპეციალობასთან. აკადემიის წესდების თანახმად, საექსპერტო კომისიას დასკვნა უნდა გაეცნო აკადემიის გაერთიანებულ კრებაზე აკადემიკოსებისათვის. მოცემულ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდა საექსპერტო დასკვნის გარეშე. რ.ხ-ეს არ აქვს სამეცნიერო სტატია საკონკურსო სპეციალობით, როგორც ეს მიღებულია საკონკურსო არჩევნებისას მსოფლიოს მოწინავე სამეცნიერო ცენტრებში. კანდიდატთა მოხსენებების დღეს არ დაფიქსირებულა მოსაზრება ...ის განყოფილების აკადემიკოსების მიერ, რომ ყველა კანდიდატის, მათ შორის რ.ხ-ს სტატიებიც ეკუთვნის საკონკურსო „...ის" სპეციალობას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჯ.დ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ.დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის 2019 წლის 15 მარტის N16 დადგენილებით განისაზღვრა, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წესდების (X თავი) შესაბამისად 2019 წლის ივნისში ჩატარდეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) არჩევნები. ამავე დადგენილებით დამტკიცდა აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) 3 ვაკანსია, მათ შორის, 1 ვაკანსია ...ის განყოფილება, სპეციალობაში „...ი.
დადგენილია, რომ ...ის განყოფილება - სპეციალობა „...ის“ აკადემიკოსობის კანდიდატებად წამოყენებულ იქნა სამი კანდიდატურა: ჯ.დ-ი, თ.ც-ე და რ.ხ-ე. ...ის განყოფილების საექსპერტო კომისიის 2019 წლის 11 სექტემბრის ოქმის საფუძველზე სამივე კანდიდატს მიეცა რეკომენდაცია შესარჩევად.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2019 წლის 17 სექტემბრის კრების (...ის განყოფილების კრება) ოქმით დგინდება, რომ თ.ც-ემ 16 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ, რის გამოც თ.ც-ის კანდიდატურა არ იქნა შეტანილი ფარული კენჭისყრის ბიულეტენში. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსობის კანდიდატად სპეციალობით „...ი“ კენჭისყრის საფუძველზე შერჩეულ იქნა რ.ხ-ე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრების 2019 წლის 20 სექტემბრის №10 დადგენილების საფუძველზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) არჩეულ იქნა რ.ხ-ე სპეციალობით „...ი“.
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკადემია არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წევრები არიან აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები), აკადემიის წევრ-კორესპონდენტები, საპატიო აკადემიკოსები და აკადემიის უცხოელი წევრები. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აკადემიას მართავენ: ა) აკადემიის საერთო კრება; ბ) აკადემიის პრეზიდიუმი; გ) აკადემიის პრეზიდენტი.
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში.
საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით, არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რ.ხ-ეს არ გააჩნია არცერთი სამეცნიერო ნაშრომი საკონკურსო „...ის“ სპეციალობით. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ...ის განყოფილების 2019 წლის 11 სექტემბრის სხდომის ოქმზე, რომლიდანაც ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ...ის განყოფილებისა და ...ის განყოფილების წევრებმა დააფიქსირეს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამივე პრეტენდენტის სამეცნიერო შრომები განეკუთვნებოდა „...ის“ სფეროს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადა...რა მოპასუხის მხრიდან არჩევნების ჩატარების წესისა და პირობების პროცედურული დარღვევა. რაც შეეხება საკონკურსო კომისიის და სხვა კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, აღნიშნული სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კოლეგიური ორგანოს, სათათბირო ორგანოს ან საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემოწმება დაიშვება მხოლოდ კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით (შედარ. იხ. საქმე ბს-548 (კ-20).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ.დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე