Facebook Twitter

ბს-1020 (კ-20) 13 მაისი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2020წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 14.11.2018წ. სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ს.ა-ის მიმართ ჯარიმის - 3000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 11.01.2019წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, ს.ა-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის გადახდა 3000 ლარის ოდენობით, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ს.ა-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2020წ. გადაწყვეტილებით ს.ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.01.2019წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პალატამ აღნიშნა, რომ მართალია კონტრაქტის 7.3 პუნქტი ითვალისწინებს ჯარიმის - 3000 ლარის დაკისრებას სამხედრო მოსამახურის მიერ სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, თუმცა კონტრაქტის 7.4 პუნქტში მითითებულია, რომ 7.3 პუნქტი არ ვრცელდება 9.1.7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონტრაქტის შეწყვეტისას. ხელშეკრულების 9.1.7 პუნქტის მიხედვით, კონტრაქტი შეიძლება ვადამდე შეწყდეს პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა). განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს.ა-ის მიერ კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტა განპირობებული იყო შვილის - ფ.ა-ის ჯანმრთელობის მძიმე მდომარეობით. ს.ა-ის შვილს დაბადებიდან აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ, ცერებლარული დამბლა, პასტ ეპილეფსია (დაუზუსტებელი), იგი რეაბილიტაციის კურსს გადის ქ. თბილისში, კურსის დაწყება შესაძლებელი გახდა დაფინანსების მოპოვების შემდეგ. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა ს.ა-ისათვის ჯარიმის დაკისრების გამომრიცხავი საფუძველი. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარზე (N4, 2013წ.), რომელშიც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის სათანადო ინტეგრირება და მისი გათვალისწინება როგორც საჯარო უწყებებში, ასევე ყველა სასამართლო და ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებში. სახელმწიფომ უნდა გაუწიოს დახმარება მშობლებს თავიანთი პასუხისმგებლობის შესრულებაში და აღადგინოს/გააძლიეროს ოჯახის უნარი, იზრუნოს ბავშვზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2020წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ უდავოა კონტრაქტის შეწყვეტა ვადაზე ადრე, ს.ა-ის პატაკის საფუძველზე. ასეთი შემთხვევისათვის ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ ჯარიმის კონკრეტულ ოდენობაზე, რომლის დაკისრებაც უპირობოდ უნდა მომხდარიყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალების მიხედვით, ერთი მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მეორე მხრივ ს.ა-ეს შორის დაიდო კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. კონტრაქტის 7.3 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ სამხედრო მოსამსახურე ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას ითვალისწინებს, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული აუნაზღაუროს სამინისტროს ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით. კონტრაქტის გაფორმებიდან 2 წლის გასვლამდე - 18.09.2018წ. ს.ა-ემ პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს და შვილის ავადმყოფობის გამო საკონტრაქტო სამსახურის შეწყვეტა მოითხოვა. აღნიშნული პატაკის საფუძველზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 01.10.2018წ. ბრძანებით ს.ა-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურის რეზერვში. კასატორი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ს.ა-ის პირადი პატაკის საფუძველზე კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის ფაქტის უტყუარად დადასტურების გათვალისწინებით, თვლის, რომ არსებობს მისთვის ჯარიმის - 3000 ლარის უპირობოდ დაკისრების საფუძველი. საკასაციო პალატა არ იზიარებს სამინისტროს მითითებულ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ მართალია კონტრაქტის 7.3 პუნქტით განსაზღვრულია კონტრაქტის ვადადე შეწყვეტის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურისათვის ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თავად კონტრაქტი ითვალისწინებს 7.3 პუნქტის გამოყენების გამომრიცხავ საფუძვლებს, კერძოდ, კონტრაქტის 7.4.1 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის 7.3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება 9.1.7 პუნქტით კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაზე. კონტრაქტის 9.1.7 პუნქტის მიხედვით, კონტრაქტი შეიძლება ვადამდე შეწყდეს პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული მიზეზების გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა). ამდენად, უკეთუ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნით პატაკის დაწერა გამოწვეულ იქნა მძიმე ოჯახური მდგომარეობით, რაც შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურდება, იარსებებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ პირადი პატაკით საკონტრაქტო სამსახურის ვადამდე შეწყვეტა ს.ა-ემ მოითხოვა შვილის ავადმყოფობის გამო. ამასთანავე, საქმის მასალებით, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით, დასტურდება, რომ ს.ა-ის შვილის ფ.ა-ის (დაბ. ... წ.) დიაგნოზია: ცერებრული დამბლა, ეპილეფსია. საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 06.08.2018 წ. გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ფ.ა-ე 2018 წლის 06 აგვისტოდან ჩაერთო „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 29.12.2017წ. N601 დადგენილებით დამტკიცებულ ბავშვთა რეაბილიაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამაში. „ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების)“ საქართველოს ფილიალის დირექტორის მიერ 07.12.2018წ. გაცემული ცნობის მიხედვით, ფ.ა-ე 2018 წლის 05 სექტემბრიდან გადის რეაბილიტაციას. ცნობის მიხედვით აღნიშნული დაწესებულება მდებარეობს ქ.თბილისში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბუთებულია ს.ა-ის განმარტება იმის შესახებ, რომ მან კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნით პატაკი დაწერა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რადგან 2018 წლის 05 სექტემბრიდან ფ.ა-ე ჩაერთო სარეაბილიტაციო კურსში, რის გამო ს.ა-ე საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში და იძულებული გახდა შეეწყვიტა კონტრაქტი. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ კონტრაქტი შეწყდა საპატიო მიზეზით - ს.ა-ის მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო, რაც კონტრაქტის 7.3, 7.4.1 და 9.1.7 პუნქტების შესაბამისად, გამორიცხავდა ს.ა-ისათვის ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2020წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. აბუსერიძე