საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე ბს-N726(კ-21) 3 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ჯ.რ-ი
მესამე პირები - ე.მ-ი, დ.მ-ი, და.მ-ი, ნ.მ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ჯ.რ-მა 2019 წლის 4 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ნ., დ. და დ.მ-ის სახელზე საჯარო რეესტრში თანასაკუთრების უფლებით 1500 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (ს/კ: N...) რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს 2016 წლის 31 მაისის ...გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ამავე სექტორში მდებარე, მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული 700 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (ს/კ: №...) დარეგისტრირების ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ: ე.მ-ი, დ.მ-ი, და.მ-ი, ნ.მ-ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, ჯ.რ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ჯ.რ-ის მიერ №... განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 31 მაისის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და სააგენტოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის განჩინებით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, როგორც სააპელაციო სასამართლომ, ასევე საქალაქო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიანიჭა უპირატესობა ჯ.რ-ის სახელზე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით განხორციელებულ რეგისტრაციას იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა მესამე პირების სახელზე არსებული რეგისტრაციის უკანონობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ასევე სასამართლო უსაფუძვლოდ დაეყრდნო ლ.გ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს სადავო მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირების თვალსაზრისით. სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ ჯ.რ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდით: N...) წარმოადგენდა დაუზუსტებელ მონაცემს, რომლის ადგილმდებარეობის დამდასტურებელი დოკუმენტი არც სააგენტოს მონაცემებით და არც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდებოდა.
კასატორმა მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის (სადავო რეგისტრაციის დროს მოქმედი) მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელი ორგანო მისი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის გათვალისწინებით მოკლებული იყო შესაძლებლობას დაედგინა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, რა გარემოებაც არც სასამართლოს მიერ დადგენილა, შესაბამისად სასამართლომ გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად მიანიჭა უპირატესობა მოსარჩელის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზს მესამე პირების სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, რა გარემოებებიც, კასატორის მოსაზრებით, გამორიცხავდა მოცემულ დავაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ისაკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო, საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ნ., დ. და დ.მ-ის სახელზე საჯარო რეესტრში თანასაკუთრების უფლებით 1500 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (ს/კ:...) რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 31 მაისის ...გადაწყვეტილების კანონიერება, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების საფუძვლით. აქედან გამომდინარე, უნდა შემოწმდეს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისობა სარეგისტრაციო წარმოებისათვის დადგენილ საკანონმდებლო მოთხოვნებთან.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება იწყება სწორედ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენით, რა დროსაც მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მითითებული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს შემთხვევათა იმ ჩამონათვალს, რა დროსაც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდება, კერძოდ, „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე. იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე დგინდება, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებისას არ უნდა არსებობდეს რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება ან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს მისი აღმოფხვრის დამადასტურებელი საბუთი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს ნივტზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2007 წლის 15 მარტიდან, გ.მ-ას სახელზე, ქ. თბილისში, სოფელ...მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, კერძოდ 0,15ჰა მიწის ნაკვეთი 2007 წლის 23 აპრილს დაიყო ორ - №... (0,07 ჰა) და №... (0,08 ჰა) საკადასტრო ერთეულად. 2007 წლის 01 მაისის №1-1275 და №1-1276 უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) ნასყიდობის ხელშეკრულებებით, გ.მ-ამ, მის საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: №..., ფართობი 0,07 ჰა, მიჰყიდა ჯ.რ-ს, ხოლო ამავე მისამართზე მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, ფართით 0,08 ჰა - ლ.გ-ეს, რა უფლებებიც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 31 მაისის N... გადაწყვეტილებით, საკომლო ჩანაწერის შესახებ საარქივო ცნობის საფუძველზე, ქ.თბილისში, სოფელ... მდებარე უძრავი ქონება, თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა დ.მ-ის, ნ.მ-ისა და დ.მ-ის სახელზე (საკადასტრო კოდით: №...). აღნიშნული უძრავი ქონება 2016 წლის 09 ივნისიდან, შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე, საკუთრების უფლებით აღირიცხა ა. ა-ის სახელზე, ხოლო შემდგომ, 2020 წლის 20 მაისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ეთერ მრადიანის სახელზე.
2018 წლის 01 მაისს, ჯ.რ-მა №...სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, ... ფართი: 700კვ.მ.). სააგენტოს 2018 წლის 07 მაისის №... გადაწყვეტილებით, განმცხადებელს განემარტა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, შესაბამისად მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ასევე საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე მიღების შესახებ; კერძოდ, სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს უტყუარად არ დაუდგენია ნ., დ. და დ.მ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ასევე უკვე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების არსებობა/არარსებობის ფაქტი, რაც გამორიცხავდა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობას. აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ, უძრავი ქონების მონაცემების დაზუსტების მიზნით საჯარო რეესტრში წარდგენილი ელექტრონული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' ინსტრუქციის მოთხოვნებთან შეუსაბამობა. შესაბამისად ცალსახაა, რომ თუკი მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი ელექტრონული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაფიქსირდა რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდება, ასეთივე ზედდება იარსებებდა დ.მ-ის, ნ.მ-ისა და დ.მ-ის თანასაკუთრების უფლებით დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციისას მოსარჩელის სახელზე საჯარო რეეტრში დაუზუსტებელი სახით აღრიცხულ საკადასტრო მონაცემებთან, რისი შემოწმებაც საჯარო რეესტრის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 28.09.2021წ. №21103 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
1. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის განჩინება;
2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს 28.09.2021წ. №21103 საგადასახადო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა