Facebook Twitter

ბს-350(კ-21) 13 მაისი, 2022 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.2021წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი.გ-ამ 06.06.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ხ.კ-ას შორის 08.08.2012წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების და „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 25.06.2012წ. განკარგულების ი.გ-ას ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.06.2019წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და ხ.კ-ა. ამავე სასამართლოს 06.11.2019წ. განჩინებით ხ.კ-ას უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება მ.კ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.12.2019წ. გადაწყვეტილებით ი.გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 25.06.2012წ. განკარგულება და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ხ.კ-ას შორის 08.08.2012წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ი.გ-ას ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ხ.კ-ას შორის 08.08.2012წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ი.გ-ას ნაწილში წინააღმდეგობაშია „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 12.01.2009წ. N4 განკარგულებასთან, სზაკ-ის 65-ე, 70-ე მუხლებთან, რის გამო სკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა პრივატიზებულ საცხოვრებელ ფართთან ი.გ-ას შემხებლობა, გაურკვეველია აგრეთვე ი.გ-ას ნათესაური კავშირი ხ.კ-ას ოჯახთან, მოპასუხეებს არ წარუდგენიათ ი.გ-ას და კუპრავების ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტის დამდგენი რაიმე მტკიცებულება. რაც შეეხება ი.გ-ას ანკეტას, ის შევსებულია ტექნიკური ხარვეზებით, რის გამო გავლენას ვერ მოახდენს განსახილველი დავის შედეგზე. სასამართლომ სარჩელი არ მიიჩნია ხანდაზმულად, რადგან მოპასუხეებმა ვერ მიუთითეს ი.გ-ას მიერ თავისი უფლების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღების კონკრეტულ დროზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელე ადასტურებს იმავე მისამართზე ცხოვრებას, რადგან მის მიერ მითითებული მისამართი: ...ი, ... ქ. N… იგივეა, რაც ...ი, ზონა „ა“, კორპ. N... ანკეტაზე დევნილის ხელმოწერის არარსებობა არ გამორიცხავდა მისთვის იურიდიული ძალის მინიჭების შესაძლებლობას. ი.გ-ას საცხოვრებელ ადგილად ხ.კ-ას ოჯახის მისამართია მითითებული. ამასთანავე, სარჩელი ხანდაზმულია. სასამართლოს უნდა ემსჯელა აგრეთვე ი.გ-ას მიერ საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის შესახებ უფლების ბოროტად გამოყენების საკითხზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, მნიშვნელოვანია მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა. სზაკ-ის 67.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნდათ მოსარჩელისათვის ხელშეკრულების დადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მისგან თანხმობის მიღების ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ შესრულებულა. სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელეს ერთმევა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, უფლებამოსილი ორგანოსგან სხვა რაიმე კომპენსაციის და უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება, რაც სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელის უფლებების შეზღუდვას ადასტურებს და წარმოშობს მსგავსი შინაარსის ხელშეკრულების დადებისას მისი წერილობითი თანხმობის წარდგენის საჭიროებას (სზაკ-ის 67.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში უდავოა ასეთი თანხმობის არარასებობა.

კასატორის მითითება, მოსარჩელისა და კუპრავების ერთ ოჯახად, ერთ მისამართზე ცხოვრების შესახებ არ დასტურდება საქმის მასალებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, მტკიცების საგნის განსაზღვრა და ამ საგანში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთი მხარეებზეა გადატანილი. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპი პროცესის მხარეებს, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანოს, არ ათავისუფლებს მის მიერ მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან. შეჯიბრებითობა ნიშნავს მოდავე მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, მტკიცებულებებს სასამართლოს მხარეები წარუდგენენ (სსკ-ის 103.1 მუხ.). მხოლოდ ახსნა-განმარტება არ ქმნის სამინისტროს მოსაზრებების მართებულად მიჩნევის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. მართალია სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია მხარის ახსნა-განმარტებით, თუმცა უკეთუ განმარტებებს არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, განმარტება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, ასეთი მტკიცებულებები განსახილველ შემთხვევაში სამინისტროს არ წარმოუდგენია, ხოლო ი.გ-ა უარყოფს ხ.კ-ას ოჯახის შემადგენლობაში ყოფნას, ერთად ცხოვრებას. გასათვალისწინებელია, რომ სამინისტრო მართალია უთითებს მოსარჩელისა და კუპრავების ოჯახს შორის ნათესაურ კავშირზე, თუმცა კონკრეტულად რა ნათესაური კავშირი აქვს ი.გ-ას კუპრავების ოჯახთან აღნიშნული არ არის.

კასატორის მითითება მისამართების იდენტურობის შესახებ, ასევე არ არის სათანადოდ დასაბუთებული. აღნიშნული გარემოების - ხ.კ-ას საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართის მისამართის შეცვლის დამადასტურებლად სამინისტროს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, მაგ.: უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მისამართის ცვლილების, მისამართების იგივეობის შესახებ. მხოლოდ ახსნა-განმარტება არ ქმნის იმ გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებას, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მისამართი ემთხვევა ხ.კ-ასთვის საკუთრებაში გადაცემული ფართის მისამართს. გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ წერილობით ახსნა-განმარტებაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო უთითებს, რომ ხ.კ-ასთვის საკუთრებაში გადაცემული ფართი მდებარეობდა დევნილთა კოლექტიურად ჩასახლების ობიექტში. ამდენად, მისამართების იგივეობის დადასტურებაც კი არ წარმოადგენს იმისი მტკიცების საკმარის საფუძველს, რომ მოსარჩელე კუპრავებთან ერთად ერთ ოჯახად ცხოვრობდა, რადგან შესაძლოა კონკრეტულ მისამართზე არსებულ ფართს მხოლოდ ხ.კ-ას ოჯახი არ ფლობდა.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას ი.გ-ას ანკეტის ტექნიკური ხარვეზებით შევსების გამო მისი არასარწმუნოობის შესახებ. ანკეტაში არ არის მითითებული მისი შევსებისა და გაცემის თარიღი, არასწორად არის მითითებული ი.გ-ას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები: გაცემის თარიღი (გაცემის თარიღად მითითებულია: ...), მოქმედების ვადა და გამცემი ორგანო, ამასთანავე ანკეტას არ ახლავს პასუხისმგებელი პირისა და იძულებით გადაადგილებული პირის ხელმოწერები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან არ დგინდება სადავო განკარგულებისა და ხელშეკრულების შინაარსის შესახებ მოსარჩელისათვის ინფორმაციის მიწოდება. გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულება შედგა ერთ ეგზემპლარად, რომელიც გაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციის განხორციელების მიზნით. ამდენად, ვარაუდი, რომ ი.გ-ას უნდა სცოდნოდა ხელშეკრულების შინაარსის შესახებ, არ დასტურდება, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ იკვეთება მოსარჩელისა და ხ.კ-ას ოჯახის კონკრეტული სახის ნათესაური კავშირი და საქმის მასალებით არ დასტურდება მათ ერთ ოჯახად ცხოვრება.

სასკ-ის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სსკ-ის 4.1 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსკ-ის 102.1 მუხ.). სამინისტროს არ წარმოუდგენია იმ გარემოებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომელთაც თავის შესაგებელს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს ამყარებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.2021წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ.გოგიაშვილი