საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-274(კ-20) 3 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მესამე პირი) - მ.კ-ე
პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ.ბ-ე, ლ.დ-ე, გ.ხ-ე, რ.ხ-ე, ნ.კ-ა, ნ.ს-ე,
თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ზ.ბ-ემ, ლ.დ-ემ, გ.ხ-ემ, რ.ხ-ემ, ნ.კ-ამ და ნ.ს-ძე 2017 წლის 27 ნოემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ მოითხოვეს: სააგენტოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების, 2017 წლის 02 აგვისტოს №... სამსახურებრივი ბარათის, პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 11 ოქტომბრის №46 სხდომის ოქმის №9 საკითხისა და 2017 წლის 07 აგვისტოს №... და 2017 წლის 15 ნოემბრის № ... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება მ.კ-ე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით, ზ.ბ-ის, ლ.დ-ის, გ.ხ-ის, რ.ხ-ის, ნ.კ-ას და ნ.ს-ძე სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილება №...; სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2017 წლის 27 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება მ.კ-ის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის თაობაზე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისს საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების №..., 2017 წლის 02 აგვისტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის №... სამსახურეობრივი ბარათის და პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 11 ოქტომბრის №... სხდომის ოქმის №... საკითხის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს გადაწყვეტილება მ.კ-ემ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინებით, მ.კ-ესა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, მიუხედავად მოსარჩელეთა მცდელობისა, მათ ვერ დაადასტურეს, რომ გასაჩივრებული აქტებით და მ.კ-ის 30 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციით მოსარჩელეებს მიადგათ/მიადგებათ რაიმე სახის პირდაპირი და უშუალო ზიანი. მოსარჩელეები მიუთითებდნენ სარეკრეაციო ზონაზე, თუმცა I ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მ.კ-ის ნაკვეთი სარეკრეაციო ზონაში არ იყო მოქცეული. მოსარჩელეები ასევე მიუთითებდნენ, რომ ეზღუდებოდათ ნაკვეთამდე მისასვლელი გზა. საქმის განხილვისას ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ მოსარჩელეებს რჩებოდათ სამანქანო გზა მიწის ნაკვეთამდე იმ შემთხვევაშიც, თუკი მ.კ-ე აღმართავდა მყარ სასაზღვრო მიჯნას საკუთარი ნაკვეთის საზღვრებზე. ამასთანავე დადგინდა, რომ ზოგიერთ მოსარჩელეს საერთოდ არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა მ.კ-ის კუთვნილ ნაკვეთთან. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ საკუთრების რეგისტრაცია უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე არ იყო რეკომენდებული, თუმცა აღნიშნული არ დადასტურდა. კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება საკმაოდ მოცულობითი იყო, სააპელაციო სასამართლო მოსარჩელეთა „იურიდიული ინტერესის" დასადგენად შემოიფარგლა მხოლოდ ზემოთ უკვე ნახსენები ფრაზით: "სადავო მიწის ნაკვეთი (მ.კ-ის საკუთრება) მდებარეობს ზ.ბ-ის, ნ.კ-ას, ლ.დ-ის და მ.კ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში შემავალი ჭიშკრის ქვედა მარჯვენა მხარეს (გასაჩივრებული განჩინების 95 პუნქტი)." სხვა მტკიცებულებებთან ერთად, თვით მოსარჩელე ზ.ბ-ემ სააპელაციო განხილვისას დაადასტურა, რომ მ.კ-ის კუთვნილი ნაკვეთი საერთოდ შემხებლობაში არ იყო მოსარჩელეთა კუთვნილ ჭიშკართან და ბუნებრივია ვერც ხელს შეუშლიდა (26.03.2019 წლის სხდომის ოქმი). პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებს აღნიშნული საკითხისათვის სათანადო ყურადღება არ გაუმახვილებიათ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ არასწორად დაადგინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა. კასატორის მითითებით, ცალსახა იყო, რომ მოსარჩელეები არ წარმოადგენენ დაინტერესებულ პირებს, შესაბამისად, მათი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მოითხოვებოდა. მეტიც, თუკი მოსარჩელეები მიიღებენ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში და მათი სუბიექტური დამოკიდებულების ქვეშ მოექცეოდა ადმინისტრაციული ორგანო, სწორედ ეს შემთხვევა იქნებოდა კანონდარღვევა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა/განმარტა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" კანონის 16.1.1 მუხლი ("სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა"). მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი სწორედაც რომ "საჭიროების შემთხვევაში" ადგენს მითითებულ გარემოებას. მოცემულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მონაწილეობის საჭიროება საერთოდ არ არსებობდა, ვინაიდან უტყუარად დადგინდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობა. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის მიერ მოწყობილ 2017 წლის 21 ივლისის ადგილზე დათვალიერებისას დაინტერესებულ პირად ჩაბმულ იქნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაც (ეს ფაქტი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ აქვს ნახსენები). თუკი გამგეობას რაიმე სახის დასაბუთებული პოზიცია ჰქონდა სარეგისტრაციო ნაკვეთთან დაკავშირებით, წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა უნდა მიეღო საჯარო რეესტრის ინიციატივით მოწყობილ ადგილზე დათვალიერებაში. კასატორის მითითებით, ცხადი იყო, რომ გამგეობამ ზუსტად იმიტომ არ მიიღო 2017 წლის 21 ივლისის დათვალიერებაში მონაწილეობა, რომ საჯარო რეესტრის უფლებამოსილ წარმომადგენლებთან პირისპირ გამოვლინდებოდა გამგეობის მიერ ორჯერ ჩატარებული დათვალიერების ოქმის სრული აბსურდულობა, თითქოსდა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდებოდა. კასატორი აღნიშნავს, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, ისე სააპლაციო სასამართლო ყველანაირად ცდილობდა გამგეობის მიერ გაურკვეველ ვითარებაში შედგენილი ორი დათვალიერების ოქმი მიეჩნია უტყუარად. კასატორის მითითებით, გაურკვეველია როგორ ვერ მოხერხდა ადგილობრივი მოსახლეების მიერ მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირება კონკრეტულ ქუჩაზე. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ბორჯომის გამგეობის თანამშრომლებს და ხაჩიძეს უკანონო ინტერესები არ ამოძრავებდათ, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დასადგენად ერთხელ მაინც უნდა მიეწვიათ დაინტერესებული პირი - მ.კ-ე.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი, ვინაიდან მ.კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად განხორციელდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 მარტის განჩინებით მ.კ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ...-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.კ-ის საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ...-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ...-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 8 აგვისტოს მ.კ-ემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე ჯავახეთის რეგიონულ ოფისში წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, რომლითაც მოითხოვა ბორჯომის რაიონში, ... მდებარე 30 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია; განცხადებას თან ერთვოდა მიღება-ჩაბარების აქტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (№ ..., ...წ), სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ხაშურის არქივის მიერ 2014 წლის 10 სექტემბერს გაცემული №... საარქივო ცნობა, შპს „...-ის'' მიერ მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. მ.კ-ის განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოება არაერთგზის შეჩერდა დამატებითი დოკუმენტაციის მოძიების მიზნით. კერძოდ, არ დგინდებოდა მოთხოვნილ და მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ ნაკვეთთა იდენტურობა. საბოლოოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაცის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისის 2017 წლის 27 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, მ.კ-ის განცხადება უფლების რეგისტრაციის თაობაზე დაკმაყოფილდა და სადავო უძრავი ქონება დარეგისტრირდა მ.კ-ის საკუთრებად. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელეებს არ გაუსაჩირებიათ, საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადავო საკითხს მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 აგვისტოს №... გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2017 წლის 27 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა.
ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი, რა უფლებაც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად აღიარებული და ხელშეუვალია.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
ამ ნორმების შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მ.კ-ის ადმინისტრაციული საჩივრების განხილვაზე დაინტერესებული პირები (მოსარჩელეები) არ ყოფილან მიწვეული კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკითხისადმი მათი კანონიერი დაინტერესება კი მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე სადავო ფართზე საჯარო სივრცის სტატუსის შენარჩუნებაში გამოიხატებოდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი იყო დაინტერესებულ პირთა არსებობის შესახებ. მოსარჩელეთა ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა იმ მოცემულობის განთვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს არაერთი მცდელობის (მათ შორის ადგილზე დათვალიერების გზით) მიუხედავად, მ.კ-ის მიერ მოთხოვნილ და მიღება-ჩაბარების აქტით მისთვის გადაცემულ ნაკვეთთა იდენტურობა ვერ დადასტურდა. მნიშვნელოვანია, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი სარეგისტრაციო დოკუმენტი უტყუარად არ ადგენს მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას და, შესაბამისად, იდენტურობას. სადავო გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა სააგენტოს მიერ ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების შედეგები, რომლის თანახმად, „ადგილზე დათვალიერების დროს CNSS ტექნოლოგიის გამოყენებით აიგეგმა ნაკვეთი დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ საზღვრებში და დადგინდა, რომ აღნიშნული ნაკვეთი არ კეტავდა მომიჯნავე ნაკვეთის შესასვლელ ჭიშკარს. დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ და ადგილზე აზომილი ნაკვეთის საზღვრებს შორის იყო განსხვავებები, თუმცა არ ცვლიდა სიტუაციას მოსაზღვრე შემოღობილ ნაკვეთებთან და აქტში მითითებულ ადგილმდებარეობასთან მიმართებაში; სამი მხრიდან ნამდვილად ესაზღვრებოდა გზა, ხოლო ერთ-ერთ მხარეს - საერთო სარგებლობის ეზო, რომელშიც მდებარეობდა მ.კ-ის ოჯახის სარგებლობაში არსებული 2 (ორი) ოთახი. მოსაზღვრედ მდებარე შემოღობილ მიწის ნაკვეთებსა და მათ შესასვლელებს არ მოიცავდა დაინტერესებული პირების მიერ მითითებული საზღვრები და მისი შემოღობვის შემთხვევაშიც დარჩება მოსაზღვრე უძრავ ნივთებთან მისასვლელი გზა."
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააგენტოს წარმომადგენლების მიერ ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებისას შეფასდა ნაკვეთის მდებარეობა მეზობელ ნაკვეთებთან მიმართებით და არა ნაკვეთის იდენტურობა უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებულ ნაკვეთთან. აღნიშნული კი, პალატის მოსაზრებით, ვერ ჩაითვლება სრულყოფილ ადმინისტრაციულ წარმოებად და გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევად. პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარმეოებას, რომ 1989 წლის 14 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე კასატორს გადაეცა რეფორმამდე არსებული 24 კვ.მ. ფართობის მქონე ნაკვეთი დანიშნულებით ,,საერთო სარგებლობის ეზო''. სააგენტოს მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგებით კი დასტურდება, რომ მ.კ-ის ოჯახს, გარდა სადავო ნაკვეთისა, სარგებლობაში აქვს გარკვეული ფართი, რა გარემოებაც დამატებით კვლევას საჭიროებს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, მ.კ-ის საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მ.კ-ის საკასაციო საჩივარზე 09.12.2019წ. №0 საგადახდო დავალებით გ.ჭ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი -210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინება;
3. გ.ჭ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მ.კ-ის საკასაციო საჩივარზე 09.12.2019წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა