Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

#ბს-501(კ-22) 05 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე

ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2022წ. განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა.ფ-მა 24.12.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 08.12.2020წ. N MIA 2 20 02851135 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ა.ფ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოსარჩელისათვის საქართველოში დროებითი ცხოვრების ნებართვის მინიჭების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.06.2021წ. გადაწყვეტილებით ა.ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 08.12.2020წ. N MIA 2 20 02851135 გადაწყვეტილება ა.ფ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა.ფ-ისათვის საქართველოში დროებითი ცხოვრების ნებართვის მინიჭების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2022წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.06.2021წ. გადაწყვეტილება, ამასთანავე, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით განიმარტა განჩინების საკასაციო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 08.12.2020წ. N MIA 2 20 02851135 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ა.ფ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოსარჩელისათვის საქართველოში დროებითი ცხოვრების ნებართვის მინიჭების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავს, რომ არის ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე, აღმსარებლობით ქრისტიანი კოპტი. ეგვიპტეში არსებული ვითარების გამო, 2016 წელს იძულებით დატოვა ქ. ალექსანდრია, რადგან აღმსარებლობიდან გამომდინარე მის სიცოცხლეს ემუქრებოდა რეალური საფრთხე. ა.ფ-ი სარჩელში აღნიშნავს, რომ ეგვიპტეში დაბრუნების შემთხვევაში მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოში დროებითი ცხოვრების უფლების მინიჭება. სასარჩელო მოთხოვნის ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძვლად სარჩელში მითითებულია „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონის 43.6 მუხლი, რომლის თანახმადაც, თუ თავშესაფრის მაძიებელს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა, ან პირს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა, ამასთანავე, შეუძლებელია მისი გაძევება წარმოშობის ქვეყანაში, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, მას შეიძლება მიეცეს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დავა თავისი შინაარსით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავით განსახილველ დავათა კატეგორიას მიეკუთვნება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავით რეგულირებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით. კოდექსის 2125 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა აღნიშნული კატეგორიის დავებს სრულად გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციიდან. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 08.12.2020წ. N MIA 2 20 02851135 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა.ფ-ის 18.02.2020წ. განცხადება, ამავე გადაწყვეტილებით უარი ითქვა მოქალაქე ა.ფ-ის საქართველოდან გაძევებაზე. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ა.ფ-ის მიერ, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლისა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე, მოთხოვნილია საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მინიჭება და დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემა. მიგრაციის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვინაიდან ა.ფ-სს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში არ ემუქრება წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის საფრთხე, არ არსებობს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე მისთვის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მინიჭებისა და საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის საფუძველი. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 06.08.2014წ. N588 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულებაზე, რომლის მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება დეპარტამენტის კომპეტენციას წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავის განხილვა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავით დადგენილი წესების შესაბამისად. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით დავები ექვემდებარება მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვას. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებულ დავებზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასება. ამ ტიპის დავებზე საჩივარი არ დაიშვება და საკასაციო ინსტანციას არ გააჩნია საჩივრის განხილვის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა. რაც შეეხება სააპელაციო პალატის მიერ 21.02.2022წ. განჩინების მეორე პუნქტში გასაჩივრების უფლების განმარტებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იგი დამოუკიდებლად არ წარმოშობს განჩინების გასაჩივრების უფლებამოსილებას, რადგან განჩინების/გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობას ქმნის შესაბამისი ნორმატიული საფუძველი და არა სასამართლოს განმარტება. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების სპეციალური წესი იმპერატიულია, შესაბამისად, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 3.1 მუხლის თანახმად, სავალდებულოა შესასრულებლად და არ განეკუთვნება სასამართლოს მიხედულების, მიზანშეწონილობის სფეროს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2125 მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2022წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. აბუსერიძე