საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1023 (კ-21) 10 მაისი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე.ქ-ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ე.ქ-მა 2020 წლის პირველ ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ნაწილში, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 19 დეკემბრის №1636/01-04 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, ე.ქ-ი 2002 წლიდან სწავლობდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ...ის სამაგისტრო პროგრამის ...ის სპეციალობაზე. სადავო ბრძანებით, მოსარჩელეს 2007-2008 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან, სასწავლო პროცესების შეწყვეტის გამო, შეუწყდა სტუდენტის სტატუსი. აღნიშნული ბრძანება ე.ქ-ს გადაეცა 2020 წლის 15 ივნისს.
მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ მას 2007 წლის 22 მარტს შეეძინა შვილი, რაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-6 მუხლის, მე-2 პუნქტის, „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სტუდენტისთვის აკადამიური შვებულების მიცემის საფუძველს წარმოადგენდა. შესაბამისად, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანება გამოიცა იმ პერიოდში, როცა მოსარჩელე კუთვნილ აკადამიურ შვებულებაში იმყოფებოდა. მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით, მოსარჩელე ითხოვს სადავო ბრძანების ბათილად ცნობას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ე.ქ-ისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ნაწილში სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 19 დეკემბრის №1636/01-04 ბრძანება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; მოპასუხეს ასევე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გაწეული ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 200 ლარის ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2004 წლის 30 აპრილის №4/443 ბრძანების თანახმად, 2002 წელს ე.ქ-ი ჩაირიცხა ...ის სამაგისტრო პროგრამის პირველ კურსზე ...ის სპეციალობით;
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 19 დეკემბრის №1636/01-04 ბრძანებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნესის ადმინისტრირების სკოლის ...ის სპეციალობის მაგისტრანტს ე.ქ-ს 2007-2008 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან შეუწყდა სტუდენტის სტატუსი სასწავლო პროცესიდან მოწყვეტის გამო.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლსა და 43-ე მუხლის მე-12 პუნქტზე მითითებით, აღნიშნა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი რეგულაციის თანახმად, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის წინაპირობები გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, ხოლო მითითებული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, აკადამიური საბჭო არ წარმოადგენდა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლების განმსაზღვრელ უფლებამოსილ ორგანოს. ამასთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლი, რომლითაც განსაზღვრული იყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის უფლებამოსილება, ასევე არ ითვალისწინებდა რექტორის მიერ სტუდენტის სტატუსის დამოუკიდებლად შეწყვეტის უფლებამოსილებას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახალი განხილვის ფარგლებში, მნიშვნელოვანი იყო სადავო ბრძანების (ე.ქ-ისთვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ნაწილში) გამოცემის როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლის დადგენა, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მიუთითებდა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლის არარსებობაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა მიუთითოს კონკრეტულ დოკუმენტზე ან/და შესაბამის ნორმატიულ აქტზე, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრავს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს, რომლის შესაბამისადაც, მოსარჩელესთან მიმართებით დადგინდება სტუდენტის სტატუტის შეწყვეტის წინაპირობის არსებობის ფაქტი და გამოიცემა ადმინისტრაციული აქტი. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ხელახლა უნდა ემსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განჩინებით სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი დასაბუთება. ამასთანავე აღნიშნა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი რეგულაციის შესაბამისად, სტუდენტისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის წინაპირობები გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. აღსანიშნავია, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, აკადემიური საბჭო არ წარმოადგენდა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლების განმსაზღვრელ უფლებამოსილ ორგანოს. შესაბამისი საკანონმდებლო აქტით დადგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით, საგანმანათლებლო დაწესებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე, თუ არსებობდა საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ აკადემიური საბჭო არ იყო უფლებამოსილი დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება და დადგენილებით განესაზღვრა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მოცემული საკითხის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი, რომელიც აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებებს ეხება, რომლის მიხედვით, აკადემიურ საბჭოს არ ჰქონდა უფლებამოსილება დაერეგულირებინა სასაწავლო პროცესი. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებია, კერძოდ, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის 10/ნ ბრძანება და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართი. მითითებული დანართის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ წესის ძალაში შესვლამდე გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილებოდა სტუდენტის სტატუს შეჩერებულ პირად გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 წლის განმავლობაში და ამ ვადაში დაინტერესებული პირი უფლებამოსილი იყო მიემართა დაწესებულებისთვის სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე, ან ესარგებლა მობილობის უფლებით, თუ გარიცხვის/ამორიცხვის საფუძველი არ იყო ამ წესით დადგენილი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. კასატორის მითითებით, რადგან მოსარჩელის ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან გასულია ათ წელზე მეტი, იგი ვერ ისარგებლებს აღდგენის ან მობილობის უფლებით.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან სარჩელი წარდგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ერთთვიანი, ასევე ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ერთწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, კასატორი თვლის, რომ სადავო აქტი კანონის საფუძველზეა გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე.ქ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მიერ მოსარჩელისთვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის კანონიერების შეფასება, თუმცა, მოცემული დავის გადასაწყვეტად, პირველ ყოვლისა, უნდა შემოწმდეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, რამეთუ, ზოგადად, „ვადის უფლებაწარმომშობი და უფლებააღმკვეთი თვისება გამოკვეთილია არა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო სამართალში, არამედ იგი დამახასიათებელია მთელი სამართლისათვის. დრო იწვევს სამართლებრივი სინამდვილის ტრანსფორმაციას, უფლების წარმოშობას, შეწყვეტას, უფლების სუბიექტის შეცვლას. მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული... სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ვერ იქნება გაგებული აბსოლუტური სახით, პროცესუალურსამართლებრივი წესრიგის გარეშე, რაც უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის №1/3/161 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საკასაციო პალატა ხანდაზმულობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულია სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადები. სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებითი დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მოთხოვნის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლიანობაზე. სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ინსტიტუტის შემოღება მიზნად ისახავს უფლების დაცვის ვადების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას, რათა უფლება დაუსრულებლად, განუსაზღვრელად არ იყოს საეჭვოობის ხასიათის მატარებელი. ამასთანავე, სასამართლოსადმი მიმართვის უფლების დროული განხორციელება ემსახურება ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. თავის მხრივ, სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არაჯეროვანი გამოყენება, სასამართლოსთვის ვადის დარღვევით მიმართვა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. კერძოდ, მოთხოვნის უფლება აგრძელებს არსებობას, მაგრამ მისი საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, ვერ დაექვემდებარება იძულებით აღსრულებას და დარღვეული უფლების აღდგენა მხოლოდ დამრღვევის მიხედულებაზე იქნება დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს მითითებული ვადების მხარეთა მიერ დაცვის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სტუდენტის სტატუსის უკანონოდ შეწყვეტის შემთხვევაშიც კი, მხარემ კანონით დადგენილ ვადაში უნდა მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ვრცელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი/მატერიალური/კანონმდებლობის ძირითადი მოთხოვნების დაცვით გამოცემული აქტის მიმართ. სწორედ ამგვარი - კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად გამოცემული (რეკვიზიტების თვალსაზრისით) აქტების მიმართ წარმოეშობა ადრესატს ვალდებულება კანონით მკაცრად დადგენილ ვადებში გასაჩივრების უფლების გამოყენებისა. ამრიგად, სადავო სამართლებრივი უერთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა. აღსანიშნავია, რომ სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა აითვლება კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტის გაცნობიდან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში.
მიუხედავად ზემოაღნიშნული დანაწესისა, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად არის განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისი გაცნობიდან მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში გასაჩივრების შესაძლებლობა, გამონაკლისის სახით, თუკი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მის აუცილებელ რეკვიზიტს გასაჩივრების წესის განმარტების თაობაზე, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი და ასეთი აქტის გასაჩივრება შეიძლება აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი.
განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის დაცვის საკითხის შესწავლისას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ბრძანების მოსარჩელისთვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარება დასტურდება მხოლოდ 2020 წლის 15 ივნისს. აქვე მნიშვნელოვანია, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 19 დეკემბრის №1636/01-04 ბრძანება არ შეიცავს მისი გასაჩივრების წესის განმარტებას. დამატებით საყურადღებოა მოსარჩელის განმარტება, რომ აქტი ჩაბარდა 2020 წლის 15 ივნისს, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2020 წლის 1 ივლისს, გასაჩივრების ვადის დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყების მომენტის განსაზღვრისთვის, გასათვალისწინებელია სადავო სამართალურთიერთობის სპეციფიკა. კერძოდ, „ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის ათვლის დასაწყისს კანონმდებლობა უსაფუძვლოდ არ უკავშირებს დაინტერესებული მხარის მიერ აქტის გაცნობის ფაქტს. ბუნებრივია, შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის გასაჩივრება. აქტის არცოდნა მისი გასაჩივრების შესაძლებლობას გამორიცხავს. თუმცა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაინტერესებული მხარისათვის გაცნობა უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ამ აქტით მიღებული გადაწყვეტილების მიღების ფაქტისა და გადაწყვეტილების შინაარსის მხარისათვის გაცნობას და არა მარტო იმას, რომ პირმა მხოლოდ და მხოლოდ მატერიალურად ჩაიბაროს გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ბს-312-308(კ-14)). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისთვის სათანადო წესით ჩაბარების მნიშვნელობა გამოიხატება, ერთი მხრივ, ადრესატის მიერ აქტის შესრულების შესაძლებლობის უზრუნველყოფაში, მეორე მხრივ, გასაჩივრების უფლების ჯეროვანი რეალიზაციის მიზნის მიღწევაში. ამასთან, საუნივერსიტეტო სწავლების თავისებურებების გათვალისწინებით, სტუდენტის მოვალეობების განუხორციელებლობა, სასწავლო დაწესებულებაში გამოუცხადებლობა და სასწავლო პროცესიდან მოწყვეტა ცალსახად მიუთითებს და ადასტურებს, რომ დაწესებულებასთან სასწავლო ურთიერთობა შეწყვეტილია, რის თაობაზეც ცნობილია სტუდენტისთვისაც.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ სადავო შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობა შეწყდა 2007 წელს. ცალსახაა, რომ ე.ქ-ისთვის იმავე წლიდან ცნობილი იყო აღნიშნულის შესახებ, ვინაიდან არ დადიოდა სასწავლო დაწესებულებაში და მონაწილეობას არ იღებდა სასწავლო პროცესში. მაშასადამე, მიუხედავად ადრესატისთვის აქტის არჩაბარებისა, მას შეეძლო, საკუთარი დარღვეული უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა და საკუთარი პოზიციის სათანადოდ ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს და მიუთითებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისთვის ჩაბარების სავალდებულოობაზე, იმავდროულად განმარტავს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლისთვის აქტის მხარისთვის ჩაუბარებლობა ავტომატურად არ უნდა გახდეს ხანდაზმულობის ვადების დაცვისგან თავის არიდების საშუალება, ასეთი ვითარება ხელყოფს სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისა და სტაბილური მართლწესრიგის შენარჩუნების მიზნებს. ამდენად, აქტის გასაჩივრების ვადის დენის დაწყება უნდა დაუკავშირდეს არა ე.ქ-ისათვის აქტის მატერიალური სახით გადაცემას, არამედ იმ მომენტს, როდესაც მან შეიტყო საკუთარი უფლების დარღვევისა და იმ კონკრეტული ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების თაობაზე, რაც მისი სტატუსის შეწყვეტის საფუძველი გახდა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის სასწავლო ურთიერთობა შეწყვეტილია 2007 წელს, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია მხოლოდ 2020 წლის 1 ივლისს, გასულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო სასარჩელო ხანაზმულობის გამო დავის გადაწყვეტის მართებულობისთვის, დამატებით მიუთითებს „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაზე და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებულ №1 დანართზე, რომლის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ წესის ძალაში შესვლამდე გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება სტუდენტის სტატუს შეჩერებულ პირად გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 წლის განმავლობაში და ამ ვადაში უფლებამოსილია მიმართოს დაწესებულებას სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე, ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, თუ გარიცხვის/ამორიცხვის საფუძველი არ არის ამ წესით დადგენილი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მითითებული ნორმის ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ სტუდენტის გარიცხვა-ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან სტუდენტი 10 წლის განმავლობაში ითვლება სტუდენტის სტატუსშეჩერებულ პირად და მხოლოდ ამ ვადაშია უფლებამოსილი მიმართოს სასწავლო დაწესებულებას სტატუსის აღდგენის ან მობილობით სარგებლობის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ ისარგებლებს აღნიშნული უფლებებით. ამრიგად, დასახელებული საკანონმდებლო დანაწესი გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს დაინტერესებულ პირს დროის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტის ბათილად ცნობის პირობებშიც კი, შედეგი ვერ იქნება მიღწეული, ვინაიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანება უპირობოდ ზღუდავს სტუდენტის სტატუსის აღდგენას ან მობილობით სარგებლობას 10 წლის განმავლობაში სასწავლო დაწესებულებისათვის მიუმართაობის შემთხვევაში. საქმის მასალებით კი არ დასტურდება 2007 წლიდან 2020 წლამდე ე.ქ-ის მიერ უნივერისტეტისადმი მიმართვიანობა და სტუდენტის სტატუსის აღდგენის მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს ხანდაზმულობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, იგი შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
განსახილველ შემთხვევაში, ე.ქ-ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, მასვე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე მოპასუხის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარისა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 394-ე, 411-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ე.ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო;
4. ე.ქ-ს (პ/ნ ...) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასარგებლოდ დაეკისროს უნივერსიტეტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარისა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე