საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1337(2კ-20) 21 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე) და ნ.კ-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ.კ-მა 2018 წლის 21 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 21 თებერვლის №ბ01.011805220 ბრძანების ბათილად ცნობა; მოპასუხისთვის ნ.კ-ის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და თანამდებობიდან დათხოვნის დღიდან სამსახურში აღდგენამდე განაცდურის, 3 600 (სამი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით (ყოველთვიური) ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, ნ.კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 21 თებერვლის №ბ01.011805220 ბრძანება; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურება 2018 წლის 21 თებერვლიდან 2018 წლის 23 მარტამდე პერიოდში, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ოდენობით; სარჩელი სხვა მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნ.კ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნ.კ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. პალატამ დადგენილად მიიჩნია ნ.კ-ის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან გათავისუფლებამდე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის (საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე) თანამდებობაზე მუშაობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ნაცვლად გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის შექმნის ფაქტები. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ივნისის №200 განკარგულებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხით ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში გათვალისწინებული იყო 30 საშტატო ერთეული, ხოლო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილისთვის - 3 საშტატო ერთეული. რეორგანიზაციის შედეგად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვარის №10-19 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხის შესაბამისად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განისაზღვრა 35 საშტატო ერთეული, ხოლო პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილისთვის (საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე) - 3 საშტატო ერთეული. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ნაცვლად გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის შექმნის მიუხედავად, საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეთა საშტატო რაოდენობა არ შემცირებულა. პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამასთან, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ... რეორგანიზაციის შედეგად შესაძლოა ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას. ამდენად, კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება (იხ. სუს. 2018 წლის 5 ივლისის №ბს-392-392(2კ-18) განჩინება). პალატამ აგრეთვე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები მისი წინამორბედი ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობისაგან განსხვავებულად იქნა განსაზღვრული. მართალია, სამსახურის უფროსის მოადგილეთა რაოდენობა არ შემცირებულა და ისევ 3 საშტატო ერთეულით განისაზღვრა, თუმცა სამივე მოადგილის განათლების სფერო დიფერენცირებულ იქნა; კერძოდ, ერთი მოადგილისათვის მოთხოვნად განისაზღვრა განათლება - ბიოლოგიის ან აგრონომიის დარგში (სპეციალობით - ბოტანიკა ან მცენარეთა სელექცია და გენეტიკა ან სატყეო საქმე), მეორე მოადგილისთვის - ინჟინერია (სპეციალობით - გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება, ეკოლოგია), ხოლო მესამე მოადგილისთვის - სამართალი (სპეციალობით - სამართალმცოდნეობა). ამასთან, სავალდებულო მოთხოვნად სამივე მოადგილისთვის განისაზღვრა მაგისტრის აკადემიური ხარისხი (სასურველი - დოქტორის ხარისხი), ხოლო რეორგანიზაციამდე განათლების სფეროში სავალდებულო მოთხოვნის სახით გათვალისწინებული იყო ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. რეორგანიზაციის შემდგომ სავალდებულო მოთხოვნად განისაზღვრა 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება (ხელმძღვანელ პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება), რეორგანიზაციამდე კი სავალდებულო იყო 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველი იყო ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება). რეორგანიზაციის შემდგომ ორი მოადგილისათვის სავალდებულო მოთხოვნად იქნა გათვალისწინებული უცხო ენების - ინგლისურის ან რუსულის ცოდნა (ვერბალური - B2; წერითი - B2), ხოლო მესამე მოადგილისათვის ინგლისური ენის ცოდნა (ვერბალური - B2; წერითი - B2), რეორგანიზაციამდე კი სასურველი იყო ერთი უცხო ენის ცოდნა მაინც. ასევე, რეორგანიზაციის შემდგომ სავალდებულო მოთხოვნად განისაზღვრა კომპიუტერული და ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამების ცოდნა (MS Office Word - კარგად, Excel - კარგად, PowerPoint - კარგად), რეორგანიზაციამდე კი სამსახურის უფროსის მოადგილეს მოეთხოვებოდა საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
პალატის მოსაზრებით, მართალია, ნ.კ-ი ვეღარ აკმაყოფილებდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 23 მარტის №ბ01.01180821 ბრძანებით დამტკიცებულ სამსახურის უფროსის მოადგილისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის 23 მარტს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, რსაფუძველი იყო, თუმცა ნ.კ-ი სამსახურიდან გათავისუფლდა 2018 წლის 21 თებერვალს, ხოლო საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამტკიცდა 2018 წლის ოდესაც მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების მიღებისას სამსახურის უფროსის მოადგილისთვის ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ განისაზღვრებოდა, ქალაქ თბილისის მერია არ იყო უფლებამოსილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცებამდე გაეთავისუფლებინა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სახეზე იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 21 თებერვლის №ბ01.011805220 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რაც გამორიცხავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების გაზიარების შესაძლებლობას.
პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე მოსარჩელის მეორე მოთხოვნა იყო უსაფუძვლო რეორგანიზებულ სტრუქტურულ ერთეულში მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული საშტატო ერთეულის ტოლფასი თანამდებობის არარსებობის გამო, რაც დასტურდებოდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 11 მაისის წერილით. სადავო აქტის ბათილად ცნობის პირობებში კი, მართებული იყო მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურების დავალება 2018 წლის 21 თებერვლიდან 2018 წლის 23 მარტამდე პერიოდში (გათავისუფლებიდან (2018 წლის 22 თებერვლიდან) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 23 მარტის №ბ01.01180821 ბრძანების გამოცემამდე (სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობისთვის დასაკავებლად განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეცვლამდე) შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნ.კ-ის მიერ.
კასატორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, მაშინ, როდესაც რეორგანიზაციის შედეგად შეიცვალა მთლიანად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურა, გაუქმდა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური და მის ბაზაზე შეიქმნა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თარიღი ვერ დაემთხვეოდა სამსახურის დებულების დამტკიცების თარიღს. კასატორის მოსაზრებით, ცალსახაა, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცება წინ ვერ გაუსწრებდა ახალი სამსახურის შექმნას, რომლის შესახებ დებულება გახდა ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და სამუშაო აღწერილობების შემუშავების საფუძველი. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინების იმ ნაწილში გაუქმების საფუძვლები, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
კასატორი ნ.კ-ის მითითებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსაზღვრა მაშინ, როდესაც მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქმისწარმოება უკვე მიმდინარეობდა. სადავო აქტის გამოცემიდან 33 დღის შემდეგ შექმნილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შესაძლებელია მხოლოდ მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში გამხდარიყო ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობის საგანი. ამასთანავე, კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემულია ფაქტობრივი საფუძვლების მითითებისა და დასაბუთების გარეშე, კერძოდ, მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 21 თებერვლის №ბ01.011805220 ბრძანება არ მოიცავს ნ.კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზების შესახებ ინფორმაციას, დაუსაბუთებელია ასევე ადმინისტრაციული ორგანოს ცვლილების სახეობა (რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია თუ შერწყმა), არ დგინდება შტატების შემცირების, ასევე მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის შეცვლის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნ.კ-ის და სხვათა საკადრო რესურსის, მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა და დისციპლინური ისტორიის შეფასების ფაქტები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე მითითებით კასატორი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანაზომიერების პრინციპის დარღვევაზე მიუთითებს. ამასთანავე, საერთაშორისო აქტებისა თუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით, მოსარჩელე დასაქმებული სამუშაო ადგილიდან გაუმართლებლად გათავისუფლების დაუშვებლობასა და შრომის უფლების თავისუფლებაზე ამახვილებს ყურადღებას.
კასატორი ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ სადავო ბრძანებას წინ უსწრებდა შტატების შემცირების და არა საკვალიფიკაციო მოთხოვნების ცვლილების გამო შესაძლო გათავისუფლების შესახებ მოსარჩელის გაფრთხილება. დადგენილია, რომ მოპასუხე ადმინისტაციულ ორგანოში ადგილი ჰქონდა არა შტატების შემცირებას, არამედ გაზრდას. კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს არა მხოლოდ გაუფართოვდა უფლებამოსილებათა სპექტრი, არამედ, აგრეთვე უცვლელად დარჩა მოსარჩელის სამსახურებრივი ფუნქციების გარკვეული ნაწილი. სააპელაციო პალატის მითითება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში ნ.კ-ის გათვისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი საშტატო ერთეულის მოცემულ პერიოდში არარსებობის შესახებ არ იყო მართებული, რამეთუ აღნიშნული მოსაზრება ემყარებოდა არა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდის, არამედ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის თებერვლის ინფორმაციას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 31 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ.კ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნ.კ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების მოსაზრებით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულის დამატება, გაერთიანება ან გაუქმება, ადმინისტრაცია ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესში მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს (სუს 2018 წლის 12 აპრილის განჩინება №ბს-1102-1096(კ-17); სუს 2020 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება №ბს-179(2კ-19)). „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ამავე კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. მითითებული კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა, იგი სურვილის შემთხვევაში მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამდენად, რეორგანიზაციის ფაქტი თავისთავად არ ქმნის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. გათავისუფლება დასაშვებია რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. ადმინისტრაციის მხრიდან გათავისუფლებამდელი თანამდებობის ტოლფას ან დაბალ თანამდებობაზე იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მოხელის გადაყვანის შესახებ სავალდებულო შეთავაზების შემდეგ კი, მოხელის თანხმობის შემთხვევაში, იგი დაინიშნება სხვა თანამდებობაზე. მობილობის განხორციელების შეუძლებლობის პირობებში, მოხელე, მისი სურვილის შესაბამისად, ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში და მასზე გაიცემა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ.კ-ი სამსახურიდან გათავისუფლებამდე იკავებდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 24 ნოემბრის №1-2701 ბრძანების საფუძველზე დაიწყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-17 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-68 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულება“. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-11 დადგენილებით დამტკიცდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულება“. 2018 წლის 18 იანვარს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე (საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე) ნ.კ-ი გაფრთხილებული იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 114-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, შესაძლო გათავისუფლების შესახებ. დადგენილია აგრეთვე „ნ.კ-ის გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 21 თებერვლის №ბ01.011805220 ბრძანების შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის, 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 110-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ნ.კ-ის 2018 წლის 22 თებერვლიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების, მისი საჯარო სამსახურის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის ფაქტები.
საკასაციო პალატა უპირველესად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს არა საკვალიფიკაციო მოთხოვნების გაფართოება, არამედ სტრუქტურის რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირება წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების არსებობა.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ივნისის №200 განკარგულებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხის (დანართი №9) შესაბამისად, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში განსაზღვრული იყო 30 საშტატო ერთეული, ხოლო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე - 3 საშტატო ერთეული. ზემოაღნიშნული სამსახურის რეორგანიზაციის შემდეგ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვარის №10-19 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხის (დანართი №9) შესაბამისად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განისაზღვრა 35 საშტატო ერთეული, ხოლო პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის (საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის) პოზიციაზე - 3 საშტატო ერთეული. ამდენად, ახლადშექმნილ სტრუქტურულ ერთეულში შტატები რაოდენობრივად არ შემცირებულა, განისაზღვრა მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის რანგობრივად ტოლფასი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) 3 საშტატო ერთეული.
გასათვალისწინებელია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-68 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულება“ არ მოიცავდა სამსახურის უფროსის მოადგილის ფუნქციების, კომპეტენციებისა და პასუხისმგებლობების ამომწურავ ჩამონათვალს. სამსახურის უფროსის მოადგილეების, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და მოსამსახურეთა ფუნქციებს, კომპეტენციებსა და პასუხისმგებლობას განსაზღვრავდა სამსახურის უფროსი (დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი). ამავე შინაარსის მოწესრიგებას ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-11 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლი. მართალია, ამავე დებულების მე-4 მუხლში გაწერილი სამსახურის უფროსის მოადგილის რამდენიმე ფუნქციას წინამორბედი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულება“ არ მოიცავდა, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ სტრუქტურის რეორგანიზაციამდე სამსახურის უფროსის დავალებით ამ ფუნქციებს მოსარჩელე არ ასრულდება. არ დასტურდება აგრეთვე ადმინისტრაციის მხრიდან მოსარჩელის უნარ-ჩვევების შეფასების, ახალი დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების მიმართ შესაბამისობისა და კომპეტენციის დადგენის ფაქტები. საფუძველსაა მოკლებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 23 მარტის №ბ01.01180821 ბრძანებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მოხელეთა სამუშაო აღწერილობებით“ სამსახურის უფროსის მოადგილისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მოსარჩელის შეუსაბამობის მის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მიჩნევა, რამეთუ აღნიშნული ბრძანება არათუ არ არის მითითებული სადავო აქტში, არამედ, აგრეთვე, არც არსებობდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების პერიოდში. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გაათავისუფლა მოხელე თანამდებობიდან, რომ გათავისუფლების პერიოდისთვის არსებული დებულებით გათვალისწინებულ ფუქნციათა მიმართ მისი კომპეტენცია არ შეუფასებია, ხოლო დეტალური სამუშაო აღწერილობები და საკვალიფკაციო მოთხოვნები მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ დამტკიცდა. ამდენად, არ დასტურდება სადავო აქტის გამოცემისთვის კანონით განსაზღრული სამართლებრივი საფუძვლების არსებობა, რაც ზემოაღნიშნული აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტის გასაჩივრებას არ აქვს სუსპენზიური ეფექტი, გასაჩივრება არ იწვევს ავტომატურად სადავო აქტის შეჩერებას („საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხ. მე-2 პუნქტი). ამგვარი მოწესრიგებით კანონმდებელმა უფლების დაცვისა და საჯარო სამსახურის სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირების ინტერესებს შორის უპირატესობა მიანიჭა შეუფერხებელ ფუნქციონირებას (იხ. სუს 2021 წლის 25 თებერვლის №ბს-909(2კ-19) განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ მოუთხოვია გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური და შესაბამისად თანამდებობა, რომელსაც გათავისუფლებამდე იკავებდა მოსარჩელე, რეორგანიზაციის შემდეგ გარდაიქმნა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურად, სადაც სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები არსებითად შეიცვალა მანამდე არსებული ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან. დადგენილია აგრეთვე, რომ ახალ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს, ხოლო ტოლფასი თანამდებობა აღარ არსებობს. ამასთანავე, სარჩელით მოთხოვნილი თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულია კონკურსი, საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეების თანამდებობა სადღეისოდ არ არის ვაკანტური, თანამდებობის დაკავება მოხდა კონკურსის წესით, კონკურსის შედეგები არ გასაჩივრებულა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, მოხელის დაუყოვნებლივ იმავე თანამდებობაზე აღდგენის ვალდებულება არ გულისხმობს სადავო პოზიციაზე დანიშნული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხელის უფლების დაცვა მოხდებოდა მეორე მოხელის უფლების დარღვევის ხარჯზე. ასეთ შემთხვევაში ხდება მოხელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილად არის ცნობილი, რომ არც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში და არც სხვა საჯარო დაწესებულებაში არ არსებობს ნ.კ-ის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა, რაც ქმნის მისი სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის საფუძველს, ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება კი ნ.კ-ს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო პალატის მითითება იმის შესახებ, რომ არ არსებობს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო აქტის ბათილად ცნობის პირობებში, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურება ნ.კ-ის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების თარიღიდან (2018 წლის 21 თებერვლიდან) სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობისთვის დასაკავებლად განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეცვლამდე (2018 წლის 23 მარტამდე) პერიოდში, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ოდენობით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნ.კ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნ.კ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა