საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე ბს-№370(კ-21) 01 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ლ. ს-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ლ. ს-მა 2019 წლის 11 აპრილს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახში მდებარე, № ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის 2018 წლის 4 დეკემბრის № ... აქტის ბათილად ცნობის, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 11 მარტის № 1-1/118 ბრძანების ბათილად ცნობისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახში მდებარე, № ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების დავალების მოთხოვნით.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით დადასტურებულია, რომ 1 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ 1998 წლის 30 აპრილს მცხეთის რაიონის გამგეობასთან დადებული სამწლიანი იჯარის ხელშეკრულება გაგრძელებული იყო უვადოდ, რადგან სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგაც ლ. ს-ი იხდიდა საიჯარო ქირას. საიჯარო ქირის გადახდა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 2005 წლის 7 დეკემბრის ცნობით საგადასახადო ინსპექციისგან მიიღო შეტყობინება, რომ ლ. ს-ი გათავისუფლებული იყო იჯარით გაცემულ 1ჰა მიწის ნაკვეთის გადასახადის გადახდისაგან, რის შემდეგაც კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით 2007 წლიდან დღემდე არაერთი განცხადებითა თუ საჩივრით მიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, სახელმწიფო რწმუნებულს, საჯარო რეესტრს, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ეკონომიკის სამინისტროს მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უვადო საიჯარო ურთიერთობის აღიარების და ქონების პირდაპირი წესით გამოსყიდვის მოთხოვნით, თუმცა ყველა ორგანოდან იღებდა ურთიერთშეუსაბამო პასუხებს და საბოლოოდ სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის 2018 წლის 4 დეკემბრის № ... აქტით უკანონოდ ეთქვა უარი იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ იჯარის ხელშეკრულება შედგენილი იყო კანონით დადგენილი წესით, მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება ჰქონდა ადმინისტრაციულ ორგანოს და ლ. ს-ს გააჩნდა კანონიერი ნდობა, რომ სახელმწიფო წარმომადგენელი მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახით უზრუნველყოფდა კანონით დადგენილი წესით საიჯარო ხელშეკრულების სათანადო წესით რეგისტრაციას. ასეთ ვითარებაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა სპეციალური კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ" კონკრეტული დათქმით, იჯარის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების შესახებ, არამედ სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნორმებით სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ, რომლითაც სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარისათვის შეზღუდვა ხელშეკრულების ფორმებზე არ არის და საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებლობა არ უნდა წარმოადგენდეს დამაბრკოლებელ გარემოებას ქონების პირდაპირი წესით მიყიდვისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭიროებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად აქტის დასაბუთების შესახებ მოთხოვნების დაცვას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ აქტი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული, ხოლო აქტის მატერიალური კანონიერება უკავშირდება აქტის შინაარსს, კერძოდ, აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შესაბამისობაში უნდა იყოს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებთან.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, აწესრიგებდა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის №1896-რს კანონი (ძალადაკარგულია 10.07.2010 წლიდან), რომლის მე-2 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, პრივატიზებას ექვემდებარება იჯარით გაცემული და იჯარით გაუცემელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების თანახმად, მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების აუცილებელი პირობა იყო სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის დადგენილი წესით გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება; მოიჯარეს მიწის ნაკვეთის და სხვა უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის განცხადებით უნდა მიემართა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიული ორგანოსთვის ამ კანონის ძალაში შესვლიდან არა უადრეს 1 თვისა იჯარის ხელშეკრულების ვადის შეწყვეტამდე ან 10 წელზე მეტი ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულების შემთხვევაში – საიჯარო ხელშეკრულების დადების თარიღიდან 10 წლის განმავლობაში; აღნიშნული კანონი ამოქმედდა კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე 2005 წლის 8 ივლისს. ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს დღეს მოქმედი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების აუცილებელი პირობაა სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება ხოლო 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის მოიჯარისთვის განისაზღვრა ვადა არაუგვიანეს 2011 წლის 1 მაისისა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული საკანონმდებლო რეგულაციის მიხედვით, მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისთვის, გარდა იმისა, რომ აუცილებელი პირობას წარმოადგენდა სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის დადგენილი წესით გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება, ამ უფლების რეალიზებისთვის ასევე განსაზღვრული იყო კონკრეტული ვადა. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში ადმინისტრაცია ასრულებდა საჯარო მოქმედებას (რეალაქტი), გამოსცემდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თუმცა საპრივატიზაციო პროცესის საბოლოო სტადია იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, რა დროსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ხდებოდა სახელმწიფო ქონების კერძო საკუთრებაში გადასვლა. პრივატიზების უფლების წარმოშობაც დაკავშირებული იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერებაზე. ამდენად, იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით შეძენა ხორციელდებოდა მითითებული პირობების - სათანადო დოკუმენტების (საიჯარო ხელშეკრულება) არსებობისა და ამ დოკუმენტების დროის გარკვეულ პერიოდში კომპეტენტურ ორგანოში წარდგენის ერთობლივად არსებობისას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოიჯარე კარგავდა ამ უფლებას.
საიჯარო ხელშეკრულების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს №446 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 პუნქტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო (მათ შორის კერძო საკუთრებაში არსებული) მიწის იჯარით გაცემისას საიჯარო ხელშეკრულებები „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად ექვემდებარებოდა სავალდებულო რეგისტრაციას მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანოებში მათი გაფორმებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მასალების მიხედვით დადგენილია, რომ მცხეთის რაიონის გამგეობისა და ...ის უფროს ჯ. ბ-ის მიერ (...ის ერთ-ერთ წევრს წარმოადგენდა ლ. ს-ი) 1998 წლის 30 აპრილს ხელმოწერილ იქნა 6 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება სამი წლის ვადით. იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთიდან 1 ჰა ფართის მოსარგებლეს წარმოადგენდა ლ. ს-ი. ასევე დადგენილია, რომ საიჯარო ხელშეკრულების ეგზემპლარზე ფიქსირდება მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს ბეჭედი და მითითებულია, რომ „ხელშეკრულება №194 რეგისტრირებულია მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოში“, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ნოემბრის №... მიმართვის თანახმად, იჯარის ხელშეკრულება, სადაც მოიჯარედ ფიქსირდება ჯ. ბ-ი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში დაცული არ არის.
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 12 აპრილის № 3033 მიმართვით დადგენილია, რომ ლ. ს-ის განცხადება საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რადგან ამ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა 2001 წელს; ახალი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებისათვის კი უნდა მიემართა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის“.
2018 წლის 8 ნოემბრის განცხადების პასუხად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის 2018 წლის 4 დეკემბრის № ... მიმართვით ლ. ს-ს მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე უარი ეთქვა იმის გამო, რომ იჯარის ხელშეკრულება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში დაცული არ აღმოჩნდა და ეცნობა, რომ დაინტერესების შემთხვევაში „სააგენტო“ განიხილავს ამ მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით იჯარით გაცემის საკითხს. დადგენილია, რომ აღნიშნული მიმართვა ლ. ს-მა გაასაჩივრა ადმინისტრაციული წესით, თუმცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 11 მარტის ბრძანებით ლ. ს-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, ვინაიდან დადასტურებულია პრივატიზებისთვის დადგენილი აუცილებელი პირობების დარღვევა, კერძოდ, საიჯარო ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის არარსებობა (მისი უვადოდ გაგრძელებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი) და იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მიმართვა. აღნიშნული აუცილებელი პირობების როგორც ერთობლივად, ასევე ცალ-ცალკე გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს გამოსყიდვის შესახებ წარდგენილი განაცხადი.
ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შესაბამისობაშია მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებთან, გადაწყვეტილებაში ასახულია პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე უარის თქმის დასაბუთება შესაბამისად, არ არსებობდა 2018 წლის 4 დეკემბრის №... აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის 2018 წლის 4 დეკემბრის №... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერად მიჩნევა თავის მხრივ გამორიცხავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 11 მარტის № 1-1/118 ბრძანების ბათილად ცნობისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების დავალების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობას. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა არ გამოვლენილა, რაც მართებულად დაედო საფუძვლად ლ. ს-ის სარჩელის უარყოფას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ლ. ს-ს საკასაციო საჩივარზე 12.04.2021წ. №10728197776 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი - უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინება;
3. კასატორს - ლ. ს-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 12.04.2021წ. №10728197776 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა