Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-1287(კ-20) 1 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ს. დ-ი

მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (ვ. ა-ის უფლებამონაცვლე), ს. დ-ი, ფ. ყ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ს. დ-მა 2015 წლის 19 ოქტომბერს სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის, ვ. ა-ის, ს. დ-ის და ფ. ყ-ის მიმართ და მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი: მარნეულის რაიონი სოფელი ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით ...) ს. დ-ის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2001 წლის 7 დეკემბერს განხორციელებული რეგისტრაცია; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 4 თებერვლის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 12 თებერვლის №... და 2015 წლის 10 სექტემბრის №... გადაწყვეტილებები, ასევე 2014 წლის 5 თებერვლის და 2015 წლის 19 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებები.

2015 წლის 23 დეკემბერს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნების, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 12 თებერვლის №... და 2015 წლის 10 სექტემბრის №... გადაწყვეტილებების ნაწილში განუხილველად დატოვება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სასარჩელო მოთხოვნები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 12 თებერვლის №... და 2015 წლის 10 სექტემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინებით დადგინდა მოსარჩელის, ს. დ-ის სასარჩელო მოთხოვნების - 2014 წლის 5 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2015 წლის 19 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა.

2015 წლის 29 დეკემბერს ს. დ-მა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მიმართა დაზუსტებული სარჩელით, მოპასუხედ დაასახელა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური, ხოლო მესამე პირებად - ვ. ა-ი, ს. დ-ი და ფ. ყ-ი და საბოლოოდ, ადმინისტრაციული წესით განსახილველი სასარჩელო მოთხოვნები ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2001 წლის 7 დეკემბერს განხორციელებული ს. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა უძრავ ქონებაზე, მდებარე - მარნეულის რაიონი სოფელი ...ში, საკადასტრო კოდით ...; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 4 თებერვლის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით ს. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2001 წლის 7 დეკემბერს განხორციელებული ს. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე - მარნეულის რაიონი სოფელი ...ში საკადასტრო კოდით ...; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 4 თებერვლის №... რეგისტრაციის დაზუსტების შესახებ გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის განჩინებით, მესამე პირის - ვ. ა-ის გარდაცვალების გამო, შეჩერდა საქმის წარმოება 5 თვის ვადით მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე.

2018 წლის 16 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოსარჩელე ს. დ-ის წარმომადგენელმა ხ. მ-მა და განმარტა, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარმოებაში იყო სამოქალაქო საქმე N2/854-16 იმავე მხარეთა მონაწილეობით, ხოლო დავის საგანს წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. განმცხადებლის მითითებით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის განჩინებით ვ. ა-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ამდენად, ს. დ-ის წარმომადგენელმა მოითხოვა განსახილველ საქმეში ვ. ა-ის უფლებამონაცვლედ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ჩაბმა და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, ს. დ-ის წარმომადგენლის ხ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ცნობილი იქნა აწ გარდაცვლილი ვ. ა-ის უფლებამონაცვლედ და განახლდა საქმის წარმოება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შედეგადაც მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კერძოდ, ს. დ-ის სახელზე 2001 წლის 7 დეკემბერს მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულების საფუძველზე, შესაბამისად ...ა საკადასტრო კოდით სისტემური რეგისტრაციის შედეგად შედგენილია სააღრიცხვო ბარათი. მითითებული ბრძანებულების საფუძველზე უძრავი ნივთი რეგისტრირებულად ითვლება, თუ სააღრიცხვო ბარათზე ან/და საკადასტრო რუკაზე ან/და მათ ასლზე დატანილია ბეჭედი ან/და რეგისტრატორის ხელმოწერა. სიტუაციური ნახაზების თანახმად, ს. დ-ის მიერ მიწის ნაკვეთის საზღვრები, ადგილმდებარეობა და კონფიგურაცია 2014 წლის 4 თებერვლის ... გადაწყვეტილებით დაზუსტდა სააღრიცხვო ბარათზე თანდართული საკადასტრო რუკის შესაბამისად და მიწის ნაკვეთს მიენიჭა ... საკადასტრო კოდი, რომელიც შემდეგში ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, დარეგისტრირდა ჯერ ვ. ა-ის საკუთრებად (...), ხოლო შემდეგში ფ. ყ-ის საკუთრებად (...). ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ ს. დ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე კანონიერად არის რეგისტრირებული.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებისას, მართალია, სააგენტომ მოიძია მოსარჩელის საკომლო ჩანაწერები, რომლის თანახმად, ს. დ-ის ოჯახს გააჩნია უფლება მიწის კონკრეტულ ფართობზე, თუმცა, კასატორი აღნიშნავს, რომ საკომლო ჩანაწერები არ შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის თაობაზე, შესაბამისად, უცნობია თუ სად მდებარეობს რეალურად ს. დ-ის უძრავი ქონება.

ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით კასატორისთვის გაუგებარია, რა დასაბუთებით გააუქმა ორი ინსტანციის სასამართლომ ს. დ-ის საკუთრების უფლება, მაშინ როდესაც ისიც კი უცნობია, არის თუ არა ს. დ-ის მიწის ნაკვეთი სწორედ ის მიწის ნაკვეთი, რომელიც ს. დ-ის კომლს ეკუთვნოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა.

ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი, რა უფლებაც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად აღიარებული და ხელშეუვალია.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

ამ ნორმების შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის.

აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციის მიღებამდე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირველადი რეგისტრაციის დაჩქარებისა და მარტივი წესით განხორციელებისათვის მოქმედებდა „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულება (ძალადაკარგულია 22/05/2007 წლიდან), რომლის მე-4 მუხლის თანახმად, 1999 წლიდან საგადასახადო სია წარმოადგენდა იმ სახის დოკუმენტს, რომელიც მხარეს ანიჭებდა შესაძლებლობას, კანონმდებლობის საფუძველზე, მოეთხოვა უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია, რა დროსაც რეგისტრატორს სარეგისტრაციოდ უნდა გამოეყენებინა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია. ამავე ბრძანებულების მე-5 პუნქტის მიხედვით, ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები, მათ შორის საგადასახადო სია საკმარისი იყო სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის, მაგრამ რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარებოდა შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე.

რაც შეეხება უშუალოდ რეგისტრაციის განხორციელებას საჯარო რეესტრის ჩამოყალიბებამდე (2004წ.) „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონის (ძალადაკარგულია 20/09/2007 წლიდან) მე-4 მუხლისა და ზემოაღნიშნული ბრძანებულების (№327) მე-11 პუნქტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო მიწის პირველად რეგისტრაციასა და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას უსასყიდლოდ, გამოყოფილი ბიუჯეტის ხარჯზე ახორციელებდა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.

მითითებულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების როგორც დღეს მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია, ასევე პირველადი რეგისტრაციის წესი ითვალისწინებდა კონკრეტულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას, რის საფუძველზეც მარეგისტრირებელი ორგანო ახორციელებდა სარეგისტრაციო წარმოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მარნეულის რაიონის სოფელ ...ის სასოფლო-საბჭოს სოფელ ...ას 1983-1996 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია დ- ა. . კომლს ერიცხება - 1967 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი ფართი 110 კვ.მ. და მიწის ნაკვეთი 1986წ. 0.32ჰა. აღნიშნული კომლის ერთ-ერთი წევრი იყო მოსარჩელე ს. დ-ი. 1997 წლის 17 ოქტომბერს ა. დ-მა მის ქალიშვილს ს. დ-ს უანდერძა მის საკუთრებაში არსებული მარნეულის რაიონი სოფელ ...აში მდებარე საცხოვრებელი სახლი.

ს. დ-მა 2015 წლის 5 ოქტომბერს, შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - საარქივო ცნობის საფუძველზე, მიმართა საჯარო რეესტრს აღნიშნული ქონების დასარეგისტრირებლად, რაზეც უარი ეთქვა იმის გამო, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სიის №764 საფუძველზე 2001 წლის 7 დეკემბერს სისტემური რეგისტრაციით დაუზუსტებელი, ხოლო 2014 წლის 4 თებერვლის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით დაზუსტებული სახით, რეგისტრირებული იყო ს. დ-ის სახელზე. დადგენილია, რომ №764 საგადასახადო სია ადმინისტრაციულ ორგანოში არ აღმოჩნდა.

აღმოსავლეთის რეგიონულ არქივში დაცული მარნეულის რაიონის წერეთლის საკრებულოს სოფელ ...ას 1996-2007 წლების საკომლო წიგნის მონაცემების მიხედვით ასევე დადგენილია, რომ ს. დ-ი (გადახაზულია) იყო გ. დ-ის კომლის წევრი და ის ცალკე კომლად არ ფიქსირდება. აღნიშნულ კომლს საკუთრებად ერიცხებოდა მარნეულის რაიონის სოფელ ...აში მდებარე საცხოვრებელი სახლი ლიტერი „ა“, საერთო ფართი - 62.04 კვ.მ. და 0,228 ჰა მიმდებარე მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული უძრავი ქონება დაუზუსტებელი რეგისტრაციით, სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა N763 საგადასახადო სიის საფუძველზე აღრიცხული იყო გ. დ-ის საკუთრებად, რომელიც 2005 წლის 11 ნოემბერს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გასხვისებულ იქნა გ. ლ-ეზე.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, ვინაიდან ს. დ-ის სახელზე 2001 წლის 7 დეკემბერს, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - N764 საგადასახადო სიის არარსებობის პირობებში, ისე განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომ სრულად მოიცვა ს. დ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონება. ამასთან საგულისხმოა, რომ ს. დ-ი არ წარმოადგენდა ცალკე კომლს, ხოლო გ. დ-ის (რომლის კომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ს. დ-ი) N763 საგადასახადო სიის საფუძველზე რეგისტრირებული ჰქონდა მიწის ნაკვეთი, რომელიც 2005 წლის მდგომარეობით გასხვისებულია. ამდენად, დასტურდება, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე სრულყოფილად არ შეისწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია, რამაც განაპირობა ს. დ-ის სახელზე საკუთრების უფლების სათანადო საფუძვლის გარეშე დარეგისტრირება და მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას ს. დ-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაუდგენლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა არა მოსარჩელის საკუთრების უფლება, არამედ ს. დ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების კანონიერება. ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ ს. დ-ს სარეგისტრაციოდ არ ჰქონდა წარდგენილი შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ვერც შემდგომში იქნა მოძიებული N764 საგადასახადო სია, ხოლო სოფ. წერეთლის მცხოვრებთა ნოტარიულად დამოწმებული ჩვენებებით დასტურდება, რომ ს. დ-ი მისი მამის, ა. დ-ის კომლის საკუთრებაში შემავალ სახლში ცხოვრობს დღემდე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მართებულად დაკმაყოფილდა ს. დ-ის სარჩელი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 17.12.2020წ. №28693 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი - უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს 17.12.2020წ. №28693 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა