Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 41დად 1 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),

ი. ბიბილაშვილი,

თ. ლალიაშვილი

განიხილა ქ. სოხუმის და სოხუმის რაიონის პროკურორის მოადგილე ჭ. ც-იას საკასაციო საჩივარი სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 თებერვლის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა აფხაზეთის ა/რ ტურიზმისა და კურორტების მთავარი სამმართველოს უფროსი გ. მ-იანის საჩივარი და გაუქმდა აფხაზეთის ა/რ შს სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის მიერ 1998 წლის 10 მარტს შ. შ-იას და ა. შ-იას მიმართ გამოტანილი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება.

აღწერილობითი ნაწილი:

აფხაზეთის ა/რ ტურიზმისა და კურორტების მთავარი სამმართველოს უფროსმა გ. მ-იანმა 1996 წლის 16 სექტემბერს საჩივრით მიმართა აფხაზეთის ა/რ შს სამინისტროს, ამავე სამმართველოს მძღოლების: ძმები ა. და შ. შ-იების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე, ამ უკანასკნელთა მიერ 1996 წლის აგვისტოს თვეში გალი _ ოჩამჩირის ტერიტორიაზე სამმართველოს კუთვნილი “ლაზ-699” მარკის ავტობუსის გადაყვანის და უკანონოდ გაყიდვის ფაქტთან დაკავშირებით.

აფხაზეთის ა/რ შს სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ა. შ-იამ, ზემოთ მითითებული ავტობუსი, რომელიც იყო გაუმართავ მდგომარეობაში, სამმართველოს უფროს გ. მ-იანთან შეთანხმებით, საკუთარი სახსრებით შეაკეთა იგი და ძმასთან _ შ. შ-იასთან _ ერთად 1996 წლის 15 მარტიდან დაინიშნა ამ ავტობუსის მძღოლად. ვინიდან ერთი თვის შემდეგ აუცილებელი გახდა ავტობუსისათვის საბურავების გამოცვლა, ამისათვის საჭირო თანხის ანდა ახალი საბურავების მიღების თხოვნით ა. შ-იამ მიმართა სამმართველოს ხელმძღვანელობას. უარის მიღების შემდეგ ასეთივე თხოვნით მიმართა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მაგრამ უშედეგოდ. ამ პერიოდში ა. შ-იამ გაიცნო თბილისში გალის რაოინის სოფ. ... მკვიდრი რ. ბ-ძე, რომელიც ა. შ-იას ორ საბურავს შეჰპირდა სოფ. ... ჩასვლის შემთხვევაში. 1999 წლის 20 აგვისტოს ა. და შ. შ-იები სამმართველოს კუთვნილი ავტობუსით ესტუმრნენ რ. ბ-ძეს გალის რაიონის სოფ. ... ღამე რ. ბ-ძის ოჯახში გაათენეს. 21 აგვისტოს, დილით, გალის მილიციის უფროსის დ. ჯ-უას ხელმძღვანელობით აფხაზეთიდან შემოსულმა აფხაზეთის პოლიციის თანამშრომლებმა სოფ. ... ტყვედ აიყვანეს შ. შ-ია, რ. ბ-ძე და სოფლის სხვა მაცხოვრებლები, სულ _ 18 კაცი, რომელთაგან ნაწილი გალში გადაიყვანეს სამმართველოს კუთვნილი ავტობუსით. ტყვედ აყვანილები 18 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ გალის მილიციის დროებით დაკავების საკანში, საიდანაც გათავისუფლდნენ საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილის ა. იოსელიანის ჩარევის შედეგად. ა. შ-იამ შემთხვევის დღეს შეძლო მიმალვა, ხოლო სამმართველოს კუთვნილი ავტობუსი დაიტოვეს გალის მილიციაში.

ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, აფხაზეთის შს სამინისტროს სსს სამსახურის მიერ მიჩნეული იქნა, რომ ა. და შ. შ-იების ქმედობაში არ არსებობს დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები და უარი ეთქვა მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.

ეს დადგენილება კანოინერად იქნა მიჩნეული აფხაზეთის ა/რ გალის რაიონის პროკურატურის, აფხაზეთის ა/რ პროკურატურის, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.

აფხაზეთის ა/რ სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლომ 2001 წლის 23 თებერვლის დადგენილებით მიიჩნია, რომ ა. და შ. შ-იებმა დაარღვიეს საიჯარო ხელშეკრულება და თვითნებურად გაასხვისეს მათზე მინდობილი ქონება და გააუქმა ზემოთმითითებული სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება და მოკვლეული მასალები გადაუგზავნა სოხუმის რაიონის პროკურატურას ა. და შ. შ-იების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.

საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 თებერვლის დადგენილების გაუქმებას და აფხაზეთის ა/რ შს სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის მიერ 1998 წლის 10 მარტს ა. და შ. შ-იების მიმართ გამოტანილი სისხლის სამართლის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების ძალაში დატოვებას.

კასატორმა სასამართლო სხდომაზე მოკვლევის პერიოდში მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით უარყო ა. და შ. შ-იების მიერ მათზე მინდობილი სამმართვლეოს კუთვნილი ავტობუსის თვითნებურად გასხვისების ფაქტი და მიუთითა, რომ 1996 წლის 21 აგვისტოს სოფ. ... და სხვა სოფლებიდან 18 პირის, მათ შორის შ. შ-იას, აფხაზი მეომრების მიერ ტყვედ აყვანის ფაქტთან დაკავშირებით ზუგდიდის პროკურატურაში 1996 წლის 4 სექტემბერს აღძრული ¹ 9796820 სისხლის სამართლის საქმით უტყუარად არის დადგენილი ამ პირთა 18 დღის მანძილზე გალის მილიციის დროებით დაკავების საკანში ტყვედ ყოფნის და სამმართველოს კუთვნილი ავტობუსის გალის პოლიციაში დატოვების ფაქტი.

აფხაზეთის ა/რ ტურიზმის და კურორტების მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე პროკურორის არგუმენტები, ა. და შ. შ-იების ქმედობაში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის თაობაზე, დაუსაბუთებლად მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ მოკვლევის დროს არ იქნა დაკითხული სოფ. ... მცხოვრები მ. მ-ია, რომელსაც შეეძლო სამმართველოს კუთვნილი ავტობუსის შ-იების მიერ გაყიდვის ფაქტი დაედასტურებინა. პროკურატურა ენდო ძმებ შ-იებს და გაიზიარა მათი ვერსია ავტობუსის გატაცების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ძმებ შ-იებს არც ერთი ორგანოსათვის არ მიუმართავთ.

სასამართლო სხდომაზე ა. და შ. შ-იებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორს, რომელიც ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას, ა. და შ. შ-იებს, რომლებიც, ასევე, ითხოვენ საჩივრის დაკმაყოფილებას, აფხაზეთის ა/რ ტურიზმის და კურორტების მთავარი სამმართველოს წარმომადგენელ დ. ს-ძეს, შეისწავლა მოკვლეული მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1996 წლის 21 აგვისტოს სოფ. ... და სხვა მიმდებარე სოფლებიდან 18 პირის, მათ შორის შ. შ-იას, აფხაზი მეომრების მიერ ტყვედ აყვანის ფაქტთან დაკავშირებით ქ. ზუგდიდის პროკურატურაში 1994 წლის 4 სექტემბერს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹ 9796820. საქმეში არსებული მასალებით, მოწმეების: რ. ლ-იას, რ. ბ-ძის, მ. ფ-ავას და სხვათა ჩვენებებით დადგენილია, რომ 1996 წლის 21 აგვისტოს შ. შ-ია მათთან და სხვა პირებთან ერთად, ტყვედ იქნა აყვანილი აფხაზი მეომრების მიერ “ლაზის” ტიპის ავტობუსით, რომლითაც შ. შ-ია სოფ. ... იყო ჩასული. აფხაზი მეომრების მიერ ისინი გადაყვანილ იქნენ გალში, სადაც გალის პოლიციის წინასწარ დაკავების საკანში იქნენ მოთავსებულნი, საიდანაც 18 დღის შემდეგ გათავისუფლდნენ. ავტობუსი დარჩა გალის პოლიციაში.

ზემოაღნიშნულით დადასტურებულია, რომ ა. და შ. შ-იებს სამმართველოს კუთვნილი ავტობუსი ნებაყოფლობით არ გაუსხვისებიათ, ის მათი ნების საწინააღმდეგოდ იქნა დატოვებული გალის პოლიციაში.

ამგვარად, ა. და შ. შ-იებს არ ჩაუდენიათ მართლსაწინააღმდეგო ქმედობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გაუქმებულ უნდა იქნეს აფხაზეთის ა/რ სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 23 თებერვლის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა აფხაზეთის ა/რ შს სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის 1998 წლის 10 მარტის დადგენილება ა. და შ. შ-იების მიმართ, სისხლის სამართილს საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 242-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 243-ე, 561-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აფხაზეთის ა/რ სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 23 თებერვლის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა აფხაზეთის ა/რ შს სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის 1998 წლის 10 მარტის დადგენილება ა. და შ. შელიების მიმართ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.