საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-370(კ-5კს-22) 15 აპრილი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორები - გ. ფ-ი, ნ. ფ-ი, ზ. ფ-ი, ა. მ-ი, ნ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოპასუხეები - შპს „...ა“, შპს „გ...ი“
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება
გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის საოქმო განჩინება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის ბრძანება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 28 დეკემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შპს „...ას“, შპს ”გ...ის“, გ. ფ-ის, ნ. ფ-ის, ზ. ფ-ის, ა. მ-ისა და ნ. ნ-ის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის VII16 თავის შესაბამისად წარმოდგენილ შუამდგომლობად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის ბრძანებით შპს „...ა“, შპს „გ...ი“, გ. ფ-ი, ნ. ფ-ი, ზ. ფ-ი, ა. მ-ი და ნ. ნ-ი აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად. აღნიშნულ ბრძანებაზე საჩივარი წარადგინეს ა. მ-მა, ზ. ფ-მა, ნ. ნ-მა, გ. ფ-მა და ნ. ფ-მა, რომელთაც 2021 წლის 18 ივნისის ბრძანების გაუქმება მოითხოვეს. ასევე, აღნიშნულმა პირებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განჩინება და მისი გაუქმება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით გ. ფ-ის, ნ. ფ-ის, ზ. ფ-ის, ა. მ-ისა და ნ. ნ-ის კერძო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განჩინებაზე დარჩა განუხილველი, ხოლო სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის ბრძანებით აღნიშნულ პირთა საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის ბრძანება.
გ. ფ-მა, ნ. ფ-მა, ზ. ფ-მა, ა. მ-მა და ნ. ნ-მა განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2022 წლის 16 მარტის ბრძანების განმარტება მოითხოვეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განჩინებით აღნიშნული განცხადება არ დაკმაყოფილდა.
გ. ფ-მა, ნ. ფ-მა, ა. მ-მა, ზ. ფ-მა და ნ. ნ-მა კერძო საჩივრებით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინება და ამავე პალატის 2022 წლის 16 მარტის საოქმო განჩინება. ასევე კერძო საჩივრით გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23 მარტის განჩინება ზ. ფ-ის, ნ. ნ-ისა და ა. მ-ის მიერ. ამავე პირებმა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2022 წლის 16 მარტის ბრძანება და აღნიშნული ბრძანების გაუქმება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ფ-ის, ნ. ფ-ის, ზ. ფ-ის, ა. მ-ისა და ნ. ნ-ის კერძო საჩივრები და საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII16 თავით მოწესრიგებულია პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიმდინარეობის წესები. მითითებული კოდექსის 2163 მუხლის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით საქალაქო (რაიონული) სასამართლოს მოსამართლე. ამავე კოდექსის 2165 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, აღნიშნული ბრძანების ეგზემპლარის მხარისთვის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. ამასთან, დასახელებული მუხლის მე-9 ნაწილი ადგენს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული ბრძანება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო ვერ შეაფასებს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების დავასთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ გამოცემული აქტების კანონიერებას.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც იმპერატიულად განსაზღვრულია, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრები წარმოდგენილია ორსაფეხურიანი დავის ფარგლებში გამოცემულ განჩინებებზე. ამ შემთხვევაში კი, კერძო საჩივრის წარმოდგენის შესაძლებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის ეტაპზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ფ-ის, ნ. ფ-ის, ზ. ფ-ის, ა. მ-ისა და ნ. ნ-ის კერძო საჩივრები და საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, რამდენადაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია კომპეტენცია, შეაფასოს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე გამოცემული სააპელაციო სასამართლოს ბრძანებისა თუ განჩინების კანონიერება.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2163 და 2165 მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ. ფ-ის, ნ. ფ-ის, ზ. ფ-ის, ა. მ-ისა და ნ. ნ-ის კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. გ. ფ-ის, ნ. ფ-ის, ზ. ფ-ის, ა. მ-ისა და ნ. ნ-ის კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის საოქმო განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
3. ზ. ფ-ის, ნ. ნ-ისა და ა. მ-ის კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
4. ზ. ფ-ის, ნ. ნ-ისა და ა. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის ბრძანებაზე დარჩეს განუხილველად.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე