ბს-135 (კ-22) 15 აპრილი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
კასატორი – გ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
დავის საგანი – სახელმწიფო ბაჟის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.11.2021წ. გადაწყვეტილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 24.05.2021წ. განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს დაინტერესებული პირის გ. გ-ის მიმართ და მოითხოვა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ... ...ის ...ას მონაკვეთის ... მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოქცეულ გ. გ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ ...ის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 649 კვ.მ. ფართობის მთლიან მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...), მასზე არსებულ შენობა-ნაგებობასა (ხის ღობე) და მრავალწლიან ნარგავებზე, ასევე ...ის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 1205 კვ.მ. ფართობის, მთლიან მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...), მასზე არსებულ შენობა-ნაგებობასა და მრავალწლიან ნარგავებზე.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 16.08.2021წ. გადაწყვეტილებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.11.2021წ. გადაწყვეტილებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 16.08.2021წ. გადაწყვეტილება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება დაკმაყოფილდა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლება ... ...ის ...ას მონაკვეთის ... მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოქცეულ გ. გ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ ...ის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 649 კვ.მ. ფართობის მთლიან მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...), მასზე არსებულ შენობა-ნაგებობასა (ხის ღობე) და მრავალწლიან ნარგავებზე, ასევე ...ის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 1205 კვ.მ. ფართობის, მთლიან მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...), მასზე არსებულ შენობა-ნაგებობასა და მრავალწლიან ნარგავებზე; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, მოწინააღმდეგე მხარეს გ. გ-ს (პ/ნ ...) დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.11.2021წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. გ-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.2022წ. განჩინებით გ. გ-ის საკასაციო საჩივარი მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დასაშვებად იქნა ცნობილი, დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების ორ შემთხვევას ითვალისწინებს - მხარის და დავის საგნის მიხედვით. მხარის მიხედვით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შემთხვევაში გადამწყვეტია მხარის სტატუსი (მაგ.: მოსარჩელის სოციალურად დაუცველობა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და სხვ.), ხოლო დავის საგნის მიხედვით სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლებისათვის მნიშვნელოვანია უშუალოდ სასარჩელო მოთხოვნა, დავის შინაარსი (მაგ. სოციალური დავები, დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული სარჩელები და სხვ.).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 და VII17 თავებით გათვალისწინებულ საქმეებზე.“ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განხილულ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ყველა საქმეზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” კანონის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, ექსპროპრიატორი ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის, სამართალწარმოების ხარჯები, აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების შეფასებასთან და მის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტა ხდება ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” კანონის მე-10 მუხლი არის სპეციალური ნორმა, რომელიც არეგულირებს უშუალოდ ექსპროპრიაციასთან დაკავშირებულ დავებზე სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხს. ამდენად, ვინაიდან, მოცემული დავის საგანია საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საკითხი და მისი კანონიერება, "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” კანონის მე-10 მუხლის თანახმად, კასატორი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჟეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გ. გ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ბაჟის სახით 150 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.11.2021წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს-გ. გ-ს (პ.ნ. ...) დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის -150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა (ჩარიცხვა) შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში 200122900, სახაზინო კოდი 300183150;
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი