Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-49(კ-22) 6 აპრილი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ძ-ემ 2020 წლის 9 დეკემბერს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 24 ნოემბრის №16-162032943 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, რ. ძ-ისათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 0.15 ჰა მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ გამოყოფის ფაქტის დადასტურების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ძ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა რ. ძ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ძ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ. ძ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 24 ნოემბრის №16-162032943 გადაწყვეტილება; ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ, საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 24 ნოემბრის №16-162032943 გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე.

საქმეში დაცული საქართველოს ეროვნული არქივის 2020 წლის 7 სექტემბრის საარქივო ცნობის საფუძველზე პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხაშურის რეგიონულ არქივში დაცული ბორჯომის რაიონის ბაკურიანის სადაბო საბჭოს სოფელი ...ის 1943-1944 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად მითითებულია ი. (ი.) შ-ო. კომლის შემადენლობაში ირიცხებიან: დ. შ-ო; მ. შ-ო; ი. შ-ო; რ. შ-ო. ამავე საარქივო ჩანაწერში მითითებულია, რომ 1943 წლის ჩანაწერით კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0.15 ჰა ფართობის საკარმიდამო მიწა. მონაცემები საცხოვრებელი სახლის შესახებ მითითებული არ არის. სოფელი ...ის 1938, 1940-1942 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნებში ი.(ი.) შ-ოს კომლი არ ირიცხება და ამავე სოფლის 1938, 1940-1944 წლების მიწის ზონარგაყრილი წიგნები ხაშურის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ ინახება.

პალატამ ყურადღება გაამახვილა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის ჩანაწერზე, რომლის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად, სხვა დოკუმენტებთან ერთად, განსაზღვრულია, ასევე, საკომლო წიგნიდან ამონაწერი. პალატამ მიუთითა აგრეთვე ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ჩანაწერზე, რომელიც მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტს მხოლოდ მაშინ ანიჭებს იურიდიულ ძალას, თუ ეს უკანასკნელი შედგენილია 2007 წლის 20 სექტემბრამდე. აღნიშნული კი, თანხვედრაშია ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის ჩანაწერთან, რომელიც კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ საშუალებად განსაზღვრავს საკომლო წიგნიდან ამონაწერს, რომელიც უნდა შეიცავდეს კომლის წევრებისა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ბოლო მონაცემებს, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების (2007 წლის 20 სექტემბერი) პერიოდისა.

რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტზე, პალატამ აღნიშნა, რომ ხსენებული ნორმის ჩანაწერის საფუძველზე, 1992-2007 წლები დაკავშირებულია მხოლოდ ამ წლებში შექმნილ ისეთ საარქივო ჩანაწერებთან, რომლებითაც დგინდება მხოლოდ კომლის შემადგენლობა, ხოლო მიწაზე ქონებრივი მდგომარეობა მათში მითითებული არ არის. ამდენად, ვინაიდან ზემოაღნიშნული ნორმა ეხება კონკრეტული პერიოდის, პირობებისა და შინაარსის შემცველ საარქივო ჩანაწერებს, საფუძველს არის მოკლებული ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის მოქმედების 1943 წლის საკომლო წიგნის ჩანაწეზე გავრცელება.

პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავენ კონკრეტულ დასაბუთებას 1943 წლის საკომლო წიგნის ჩანაწერის მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიჩნევის შეუძლებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოების დადგენა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არსებითი გავლენის მოხდენა შეუძლია საბოლოო შედეგზე. პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას ადმინისტრაციული წარმოება სრულად და ყოველმხრივ არ ჩატარებულა, რაც, თავის მხრივ, ამგვარი გადაწყვეტილების არამართებულობაზე მიუთითებს. გასაჩივრებული აქტი გამოცემულია ზემოაღნიშნულ ნორმებში მითითებული, იმპერატიულად გაწერილი, შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნათა გვერდის ავლით, რაც იმთავითვე მიუთითებს ამგვარი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შესაძლო უსწორობაზე.

პალატამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაამტკიცოს ადმინისტრაციული აქტის ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემა, მისი გამოცემით მოსარჩელის კანონიერი უფლებების დარღვევის არარსებობა. სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად მანამ, სანამ მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

პალატის მითითებით, საკითხის ხელახალი განხილვისას, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია სრულყოფილად გამოიყენოს მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება გაამახვილოს საქმეში დაცულ 1943 წლის საარქივო ცნობაზე და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს საკითხის კანონით დადგენილ ვადაში და წესით, ხელახალი შესწავლის შედეგად, კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მხედველობის მიღმა დარჩა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ის გარემოება, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მხოლოდ საკუთრების/მართლზომიერების დამადასტურებელი დოკუმენტის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის დანიშნულების დადგენის მიზნით, მიმართავს მუნიციპალიტეტის მერიას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მართალია სააგენტოს მოძიებული ჰქონდა 2020 წლის 7 სექტემბრის საარქივო ცნობა №AA2020009466-06 (1943 წლის საკომლო ჩანაწერი), თუმცა სააგენტოს ხსენებული დოკუმენტი უფლების დამდგენ დოკუმენტად არ მიუჩნევია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას სააგენტომ მიმართა სადავო უძრავი ქონების საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთად მიჩნევის საკითხის დასადგენად.

კასატორი აღნიშნავს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესწავლისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ არ დადგინდა რ. ძ-ისთვის სოფელ ...ში მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის ფაქტები.

კასატორის მოსაზრებით, საფუძველს არის მოკლებული სააპელაციო სასამართლოს მიერ, ერთი მხრივ, 2020 წლის 7 სექტემბრის №AA2020009466-06 საარქივო ცნობის (1943 წლის საკომლო ჩანაწერის) უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნევა (რის საფუძველზედაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეზღუდება ბორჯომის მუნიციპალიტეტისადმი მიმართვის უფლება), ხოლო მეორე მხრივ, მოპასუხისთვის საქმის ფაქტობრივი გარემოებების ხელახალი გამოკვლევის დავალება. კასატორისთვის დაუსაბუთებელია აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ გამოსაკვლევ/დასადგენ საკითხთა ჩამონათვალი.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს, აგრეთვე, საარქივო ცნობაში საცხოვრებელი სახლის შესახებ მითითების არარსებობაზე და „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე აუცილებელია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) არსებობა, სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და უნდა გაუქმდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის ჩანაწერზე, რომლის შესაბამისად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება (არ გაცემულა ან დაკარგულია), ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ეს მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მისი ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰა-ს. ამავე პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი არის პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა, ხოლო ამავე პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერი მფლობელი არის ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა და რომელიც რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის ფაქტობრივად ფლობს ნივთს. ამავე პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად, სხვა დოკუმენტებთან ერთად, განსაზღვრულია საკომლო წიგნიდან ამონაწერი. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ჩანაწერი იმპერატიულად ადგენს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის 2007 წლის 20 სექტემბრამდე შედგენის აუცილებლობას, აღნიშნულს ადასტურებს ამავე მუხლის მე-7 პუნქტის ჩანაწერი, რომელიც, ამავდროულად, განსაზღვრავს კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დარეგისტრირების შესაძლებლობას საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2020 წლის 30 სექტემბერს რ. ძ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთზე (მდებარე - ბორჯომის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ი) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების სპორადული რეგისტრაციის მოთხოვნით.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 06 ოქტომბერს №... წერილით მიმართა სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ხაშურის რეგიონულ არქივსა და სსიპ შემოსავლების სამსახურს, აღნიშნულ უწყებებში რ. ძ-ის განცხადებასთან დაკავშირებით დაცული ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 16 ოქტომბრის №21-02-1/129949 წერილის თანახმად, 2007 წლის 20 სექტემბრამდე სოფელი ...ის სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები საარქივო სამმართველოში არ ინახება. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ხაშურის რეგიონული არქივის დირექტორის 2020 წლის 09 ოქტომბრის №69/102618 წერილის თანახმად, ხაშურის რეგიონულ არქივში დაცული ბორჯომის რაიონის გამგეობის დოკუმენტებში, კერძოდ 2002, 2004 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში, რ. ძ-ე (შ-ო) არ ფიქსირდება. სოფელ ...ის მიწის განაწილების 1998-2003, 2005-2007 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები და 1992-2007 წლების საკომლო წიგნები ხაშურის არქივში დაცვაზე არ ინახება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 17 ოქტომბრის №... წერილის თანახმად, დაინტერესებული პირისა და სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას მოძიებული დოკუმენტაცია, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადაეგზავნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას, საკითხის შესწავლის შემდეგ, მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 24 ნოემბრის №16-162032943 წერილით (სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) სააგენტოს ეცნობა, რომ რ. ძ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით რ. ძ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ გარემოებებს, რომ არ დადასტურდა უძრავ ნივთზე საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის, აღნიშნული ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის, ამასთანავე, „ფიზიკური და კერძოს სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე უფლების აღიარებისათვის დაწესებული პირობების არსებობის ფაქტები.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ხაშურის რეგიონული არქივის დირექტორის 2020 წლის 7 სექტემბრის №AA2020009466-06 საარქივო ცნობაზე, რომელიც მოიცავს 1943-1944 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში არსებულ კომლის წევრთა შესახებ (მათ შორის არის მოსარჩელეც) ინფორმაციას, ამასთანავე, 1943 წლის მდგომარეობით კომლის საკუთრებაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მისამართისა (ბორჯომის რაიონის ბაკურიანის სადაბო საბჭოს სოფელი ...ი) და ფართობის (0.15 ჰა) შესახებ მონაცემებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში 2019 წლის 11 დეკემბერს შეტანილი ცვლილებებით (დოკუმენტის №5500-Iს) კანონმდებელის მიერ მუნიციპალიტეტების მთელი რიგი უფლებამოსილებებით აღჭურვა საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივების მიზანს ემსახურება. ამავდროულად, მითითებული უფლებამოსილება მუნიციპალიტეტს აკისრებს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულებას (ადგილზე დათვალიერება, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა გამოკითხვა და ა.შ.).

განსახილველ შემთხვევაში, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ხაშურის რეგიონული არქივის დირექტორის 2020 წლის 7 სექტემბრის №AA2020009466-06 საარქივო ცნობაში მითითებულია, რომ გადაცემულია საკარმიდამო მიწა, ამასთან ცნობა შეიცავს დაინტერესებული პირის ვინაობის (რ. ძ-ე (შ-ო)), უძრავი ნივთის მისამართისა (ბორჯომის რაიონის ბაკურიანის სადაბო საბჭოს სოფელი ...ი) და ფართობის (0.15 ჰა) შესახებ ინფორმაციას, რაც ქმნის მუნიციპალიტეტის მიერ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულებას სადავო მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთად მიჩნევისათვის.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 24 ნოემბრის №16-162032943 წერილით (სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ რ. ძ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული წერილი რ. ძ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთად მიჩნევაზე უარის თქმის შესახებ იმთავითვე არ ადასტურებს აღნიშნულის მართებულობას, რამეთუ საქმის მასალებში არ მოიპოვება მუნიციპალიტეტის მიერ, ზემოაღნიშნული დასკვნის გაკეთების მიზნით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის მე-2 პუნქტით დელეგირებული ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთად მიჩნევაზე უარის თქმის საფუძვლები და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობის გაცემის საკითხის გადაწყვეტა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილება უპირობოდ არ გულისხმობს მისი გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას.

მართალია, სასამართლოს კომპეტენციას სცილდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს საკითხის გადაჭრის ყველაზე მისაღები გზის არჩევის მიზანშეწონილობის შემოწმება, მაგრამ სასამართლო ზედამხედველობს ასეთი აქტების დასაბუთებულობის სათანადოობასა და საკმარისობას, მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას. განსახილველ შემთხვევაში, სათანადოდ არ არის დადასტურებული სადავო აქტის კანონიერება. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხლები), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი გამოიცა საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე.

ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე