Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

№ბს-425(კ-21) 03 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - დ. ბ-ის კანონიერი წარმომადგენელი ზ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2018 წლის 27 აპრილს დ. ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2018 წლის 05 მარტის №05 ბრძანების, 2018 წლის 6 მარტის №MES 7 18 00261974 გადაწყვეტილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის 05 აპრილის №MES 8 18 00391962 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და დ. ბ-ის ექსტერნის ფორმით გასამართ გამოცდებზე დაშვების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფლებამონაცვლედ - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მოწვეულ იქნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 მარტის განჩნებით დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-ემ, რომელმაც განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ შეაფასა და არ იმსჯელა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს საექსპერტო დასკვნაზე, რაც მხარის უფლებათა მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენს, რადგან საექსპერტო დასკვნა სამართალწარმოებაში გამოიყენება იმ საკითხის სრულყოფილად შეფასებისათვის და შესასწავლად, რომლის შესახებაც სასამართლო, მოსამართლე თუ მხარე არაა კომპეტენტური. სასამართლო ასევე არ აფასებს თვითონ არასრულწლოვანის პოზიციას და მის მიერ პროცესის მსვლელობისას გამოთქმულ აზრს. კასატორის მითითებით, კანონმდებლობა პირდაპირ ითვალისწინებს ბავშვთა და მოზარდთა საკითხის განხილვისას მათი შეხედულებებისა და მოსაზრებების გაზიარების ვალდებულებას. სასამართლოს სამართლებრივად ვერ ასაბუთებს იმ საკითხს, თუ როგორ უწყობს ბავშვის უფლებების და ინტერესების საუკეთესო დაცვას ხელს დ. ბ-ის ექსტერნ გამოცდებზე დაუშვებლობა. სასამართლო ასევე გვერდს უვლის იმ საკითხის შეფასებას, რომ დ. ბ-ე შემდგომ კლასში არ სწავლობს იმის გამო, რომ მის ოჯახს არ ჰქონდა საშუალება ყოველთვიურად გადაეხადა 500 აშშ დოლარი სწავლის საფასურად. სასამართლოზე დასახელდა სულ მცირე 2 სკოლ,ა რომლებიც იძლეოდნენ შესაძლებლობას კასატორს 2015 წელს დაეწყო სწავლა პირველ კლასში. უბრალოდ, ფინანსური ტვირთის გამო კასატორის ოჯახს არ მიეცა ამის საშუალება. გამოდის, რომ მთავარია კასატორის ოჯახს გადაეხადა რამდენიმე ათასი ლარით მეტი და არ ექნებოდა მნიშვნელობა ბავშვის დაბადების თარიღს და შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში ბავშვის ასაკი არანაირ დაბრკოლებას არ შექმნიდა. ამგვარი მიდგომა თავისთავად ქმნის უსაფუძვლო და კანონშეუსაბამო დისკრიმინაციას. კასატორის მითითებით, განათლების ამოსავალი და საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპია, ყველას მიეცეს საშუალება მიიღოს ცოდნა თავისი გონებრივი განვითარების და არა დაბადების თარიღის მიხედვით. ამასთან, ფინანსური ტვირთის გამო უფლებების შეზღუდვის დაუშვებლობის და დისკრიმინაციის შესახებ ნამსჯელი აქვს ევრო სასამართლოსაც (მრეტები საქართველოს წინააღმდეგ), რომელმაც ფინანსური ტვირთის გამო პირის უფლებების შეზღუდვა ან არათანაბარ პირობებში ჩაყენება დაუშვებლად ცნო. კასატორმა მიუთითა ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ №18/ნ ბრძანების მე-2 მუხლზე და აღნიშნა, რომ სადავო არაა, რომ დ. ბ-ე გამოცდაზე განაცხადის წარდგენისას იყო 8 წლის, მაგრამ სასამართლომ დაუსაბუთებლად შემოიტანა დამატებით შემზღუდავი კომპონენტი და განმარტა, რომ ამავე დროს გამოცდაზე დაშვება დამოკიდებული იყო იმ გარემოებაზე, თუ როდის დაიწყო სასწავლო წელი. ამგვარი დათქმა თავად გამოცდის ბუნებასთანაა წინააღმდეგობაში. გამოცდა არის საშუალება შემოწმდეს ცალკეული პიროვნების ინდივიდუალური უნარი, მისი შესაძლებლობები და ცოდნა. კანონმდებელი სწორედ ამიტომ არ აკეთებს არსად დათქმას, რომ სწავლის დაწყების თარიღი რაიმეს განსაზღვრავს, პირიქით, ზოგადი განათლების კანონის მე-2 მუხლი განმარტავს და იმპერატიულად მიუთითებს, რომ ექსტერნი არის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების წესი პირისათვის, რომელმაც დამოუკიდებლად აითვისა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები.
კასატორის მითითებით, საქართველოს ექსტერნი განათლების სერთიფიცირების დებულების მე-5 (ბ) მუხლი განსაზღვრავს, რომ პირს შეუძლია საერთოდაც არ სწავლობდეს სკოლაში, ისე წარადგინოს გამოცდაზე დაშვების განცხადება რესურს ცენტრში. სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა ვერ მიუთითეს ნორმა, რომლის მიხედვითაც გამოცდაზე გასვლა რაიმე ფორმით, პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება სასწავლო წლის დაწყებას ან დასრულებას. სასამართლომ საკითხზე მსჯელობისას არ გაითვალისწინა ბავშვთა უფლებების შესახებ საერთაშორისო კანონმდებლობის დათქმები.
კასატორი აღნიშნავს, რომ გლდანი-ნაძალადევის რესურსცენტრის 6 მარტის 7 18 00261974 დოკუმენტი წარმოადგენს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს და არა წერილს. გასაჩივრებულ განჩინეში მითითებულია, რომ 2018 წელის 5 მარტის ბრძანებით კასატორს უარი ეთქვა ექსტერნად რეგისტრაციაზე, ხოლო 2018 წლის 6 მარტს წერილით ეცნობა უარის შესახებ. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ 6 მარტის დოკუმენტზე არსად არაა მითითება, რომ ესაა წერილი, ხოლო 5 მარტის დოკუმენტი საქმეში აღმოჩნდა სარჩელის წარდგენის შემდეგ, სარჩელი კი მხარემ თავდაპირველად წარადგინა სწორედ 6 მარტის დოკუმენტის საფუძველზე, რადგან მას სხვა დოკუმენტი არ ჰქონია. ამასთან, სააპელაციო სასამართლო აკეთებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების პერიფრაზს - „მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეც ადასტურებს, რომ დ. ბ-ის ასაკი არ შეესაბამება ექსტერნი ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთ ასაკობრივ ჯგუფს“, თუმცა ამგვარი განმარტება პროცესზე არ გაკეთებულა. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ისეთ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებაზე, როგორიცაა კასატორის მიერ მე-5 კლასის მე-2 სემესტრის გამოცდის ექსტერნად ჩაბარების უფლების მიცემა. გამოდის, რომ რესურსცენტრმა თავისი მოქმედებით ფაქტობრივად აღიარა, რომ კასატორი 2018 წელს უკანონოდ არ დაუშვეს ექსტერნ გამოცდაზე და თუ 2021 წელს კასატორს უფლება ქონდა გასულიყო ნახევარი სემესტრის გამოცდაზე, რატომ არ ქონდა უფლება გასულიყო თუნდაც შემდგომი სასწავლო წლის პირველი სემესტრის გამოცდაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინებით დ. ბ-ის კანონიერი წარმომადგენლის - ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფლებამონაცვლედ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ბ-ის კანონიერი წარმომადგენლის - ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების წესსა და პირობებს ითვალისწინებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულება, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსხვავებულ წესზე მიუთითებს და ადგენს, რომ ასაკობრივი შეზღუდვის მიუხედავად, ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს გამონაკლისი შემთხვევები.
ამდენად, კანონმდებელმა ექსტერნატის ფორმით სასწავლო პროგრამების ჩაბარებაზე პირის დაშვება დაუკავშირა გარკვეულ წინაპირობას - პირის ასაკს, ამასთან ასაკობრივი შეზღუდვის მიუხედავად, ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიანიჭა ამ წესიდან გადახვევის უფლებამოსილება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. ბ-ე დაიბადა 2009 წლის 20 ოქტომბერს. შპს ,,...ის’’ 2016 წლის 8 სექტემბრის №3-117 ბრძანებით დამტკიცდა ,,...ის’’ სასწავლო და დასვენების დღეების განრიგი, რომლის მიხედვითაც აღნიშნულმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ 2016-2017 სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დაიწყო 2016 წლის 24 ოქტომბერს. 2018 წლის 27 თებერვალს დ. ბ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა - მ. ი-მა განცხადებით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რესურსცენტრის უფროსს და ექსერნატის ფორმით მე-2 კლასის მე-2 სემესტრისა და მე-3 კლასის სასწავლო პროგრამის დასაძლევ გამოცდებზე დ. ბ-ის რეგისტრაცია მოითხოვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო-ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2018 წლის 5 მარტის №5 ბრძანებით შპს ,,...ის“ II კლასის მოსწავლეს დ. ბ-ეს უარი ეთქვა ექსტერნად რეგისტრაციაზე, ვინაიდან მისი ასაკი არ შეესაბამებოდა/არ აღემატებოდა ექსტერნის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2018 წლის 6 მარტის MES 7 18 00261974 წერილით დ. ბ-ის კანონიერ წარმომადგენელს - მ. ი-ს ეცნობა, რომ დ. ბ-ეს უარი ეთქვა ექსტერნად რეგისტრაციაზე. ამავე წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დ. ბ-ის ასაკი არ შეესაბამებოდა ექსტერნის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლის ასაკობრივ ჯგუფს, იგი ვერ მიიღებდა მონაწილეობას ექსტერნის გამოცდაში.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად მიუთითებს შემდეგს: იმისათვის, რომ მოსარჩელე დაშვებული ყოფილიყო კონკრეტული სასწავლო პროგრამის დასაძლევ გამოცდაზე, მისი ასაკი ტოლი ან მეტი უნდა ყოფილიყო მე-2 კლასის მე-2 სემესტრისა და მე-3 კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფზე, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. მართალია დ. ბ-ე შპს ,,...ის’’ პირველ კლასში ჩაირიცხა შპს ,,...ის’’ 2016 წლის 24 ოქტომბრის N02-946 ბრძანების საფუძველზე, თუმცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის N84/ნ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით), საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღი განისაზღვრა 15 სექტემბრით, როდესაც მოსარჩელე ჯერ კიდევ არ იყო 6 წლის და, შესაბამისად, მისი ასაკი არ შეესაბამებოდა ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურისთვის გათვალისწინებულ ასაკს - 6 წელს. აღსანიშნავია, რომ მხარეს გააჩნდა უფლება, მიუხედავად ასაკობრივი შეზღუდვისა, ესარგებლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევებით, რა უფლების რეალიზებაც არ განუხორციელებია.
პალატის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მოსწავლის ასაკის ათვლა მართებულად დაუკავშირეს სასწავლო წლის დაწყების ოფიციალურ თარიღს და ის გარემოება, რომ შპს ,,...ის’’ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ 2016-2017 სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დაიწყო 2016 წლის 24 ოქტომბერს, გავლენას ვერ იქონიებს სამართლებრივ მოცემულობაზე.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, დ. ბ-ის კანონიერი წარმომადგენლის - ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ზ. ბ-ის (პ/ნ ...) მიერ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე 07.05.2021წ. №0 საგადასახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჯამში 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ბ-ის კანონიერი წარმომადგენლის - ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 მარტის განჩინება;
3. ზ. ბ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს დ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე 07.05.2021წ. №0 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე




მ. ვაჩაძე




ბ. სტურუა