Facebook Twitter

ბს-896(2კ-20) 13 მაისი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ო-მა და ს. მ-მა 17.03.2016წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფოს ქონების ეროვნული სააგენტოს 29.04.2015წ. №10/24185 წერილის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 17.02.2016წ. №1-1/72 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე 18.12.2001წ. აუქციონის გზით შეძენილი ...ს მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთის მოსარჩელეთა საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ მოპასუხის დავალდებულება.

26.04.2016წ. დაზუსტებული სარჩელით რ. ო-მა და ს. მ-მა დააზუსტეს მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად დაასახელეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ქონების სააგენტო. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ სახელმწიფოს ქონების ეროვნული სააგენტოს 29.04.2015წ. №10/24185 წერილის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 17.02.2016წ. №1-1/72 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე სახელმწიფოსა და მოსარჩელეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2017წ. გადაწყვეტილებით რ. ო-ისა და ს. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 17.02.2016წ. №1-1/72 ბრძანება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.04.2015წ. №10/24185 წერილი და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დაევალა მოსარჩელეებთან 18.12.2001წ. აუქციონზე შეძენილი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2019წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რ. ო-მა და ნ. ბ-მა 18.12.2001წ. აუქციონში გამარჯვებით მოიპოვეს აუქციონზე გატანილ შესაბამის ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების უფლება. სადავო არ არის, რომ მათ შეასრულეს ქონების ფასის გადახდის ვალდებულება და მფლობელობაში მიიღეს უძრავი ქონება, თუმცა ხელშეკრულება გაფორმებული არ ყოფილა. იმ დროისათვის სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ახორციელებდა და აუქციონში გამარჯვების შედეგად მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებითა და საკუთრების მოწმობის გაცემით სრულდებოდა პრივატიზაციის პროცესი. სზაკ-ის 65-ე მუხლით დადგენილი ნორმიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის კომპეტენციას მიკუთვნებული ურთიერთობის დარეგულირების ერთ-ერთ ფორმას. აუქციონის ჩატარებისა და მასში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ შესაბამისი ხელშეკრულების კანონით დადგენილი წესით გაფორმება ქონების გამყიდველი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, მყიდველის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულების შეუსრულებლობად შეთავაზებულ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი უნდა ყოფილიყო მიჩნეული, რასაც ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ დაარღვია მისთვის კანონით მინიჭებული ვალდებულება იმის შესახებ, რომ უზრუნველყო 20 დღის ვადაში ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ მისთვის და მისი უფლებამონაცვლე სამინისტროსათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების და არა მოსარჩელის უფლების გაუქმების საფუძვლად. სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ხელშეკრულების გაფორმების 20-დღიანი ვადის გასვლის გამო აუქციონში გამარჯვებული პირისათვის აუქციონის შედეგად უძრავ ნივთზე მოპოვებული უფლების გაუქმებას და ასეთ წესს არც დღეს მოქმედი კანონმდებლობა ადგენს. რ. ო-ისა და ნ. ბ-ის უფლება 18.12.2001წ. აუქციონზე გატანილ ქონებაზე არც ქონების გამყიდველი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ყოფილა გაუქმებული, არამედ მათ აუქციონზე გატანილი ქონება გადაეცათ მფლობელობაში და აღნიშნული მფლობელობის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია გაცხადებული არ ყოფილა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებმა პრივატიზების ხელშეკრულების გაფორმებაზე მათი უფლების დარღვევის თაობაზე შეიტყვეს 2014 წელს, როცა მოპასუხე სააგენტოს შესაბამისი მოთხოვნით მიმართეს და მასზე უარი მიიღეს. აღნიშნულ დრომდე პრივატიზებას დაქვემდებარებული ქონებით სარგებლობა მეტყველებს იმაზე, რომ მათთვის არ იყო ცნობილი უფლების შეზღუდვის თაობაზე. ის ფაქტი, რომ ქონების გამყიდველს მყიდველის მფლობელობიდან არ გამოუთხოვია აუქციონზე გასხვისებული ქონება, მიუთითებს იმაზე, რომ მას არ გააჩნდა პრეტენზია ხელშეკრულების 20 დღის ვადაში გაუფორმებლობით მოსარჩელის უფლების გაუქმებაზე, ამდენად, სადავო აქტის საფუძვლად მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება დაუსაბუთებელია.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საკუთრების უფლება იმ ბუნებითი უფლებების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოს ბაზისს ქმნიან. საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითაც – პრეამბულაში მოცემული დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების, ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები ამ უფლების უპირველესი გარანტიებია. საკუთრების უფლება არის მესაკუთრის უფლება სარგებლობდეს, ფლობდეს და განკარგავდეს თავის საკუთრებას. სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლების შეზღუდვის ნებისმიერი შემთხვევა უნდა შეფასდეს იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით. შეზღუდვა უნდა იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და უნდა იყოს პროპორციული, დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი. საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერების საკითხის დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ზღვარი - შეზღუდვა საკუთრების უფლებას არ უნდა უკარგავდეს არსს და ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს საკუთრების უფლების შინაარსს. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.04.2015წ. №10/24185 წერილით მოსარჩელეებს უსაფუძვლოდ, კანონმდებლობის ნორმათა არასწორი გამოყენებით ეთქვათ უარი, რითაც შეიზღუდა მათი საკუთრების უფლება, ამდენად, მართებულია აღნიშნული წერილის ბათილად ცნობა და მოსარჩელეებთან ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დავალდებულება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.04.2015წ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლების მხედველობაში მიღებით ცხადია, რომ დასახელებულ აქტზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგიც - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 17.02.2016წ. ბრძანება კანონმდებლობის არასწორი გამოყენების გზით იქნა მიღებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

კასატორმა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელეებს არ შეუძენიათ, ვინაიდან არ შესრულდა ქონების აუქციონზე შეძენის დროს მოქმედი ის საკანონმდებლო წინაპირობები, რომელიც აუცილებელი იყო სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად. მოსარჩელეები გამოვლინდნენ გამარჯვებულად 18.12.2001წ. ჩატარებულ აუქციონზე, თუმცა აღნიშნული არ იყო საკმარისი აუქციონზე გამოტანილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესაძენად. მხარეთა შორის 20 დღის ვადაში უნდა დადებულიყო სანოტარო წესით დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შემდეგომ ქონების გამსხვისებელ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოეშობოდა ვალდებულება 30 დღის ვადაში გაეცა აუქციონზე გატანილ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარჩელეების მიერ აღნიშნული მოქმედებები არ შესრულებულა, შესაბამისად, მათ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არ მოუპოვებიათ. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყვო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 31.03.1999წ. №1-3/151 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების“ მე-7 მუხლის მე-6 პუქნტის მოთხოვნები, კერძოდ, აუქციონის შედეგების დამტკიცების შესახებ „გამყიდველის“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში „გამარჯვებული“ ვალდებულია „გამყიდველთან“ გააფორმოს ხელშეკრულება. მოსარჩელეებმა უმოქმედობის შედეგად დაკარგეს უფლება გამხდარიყვნენ აუქციონზე გამოტანილი უძრავი ქონების მესაკუთრეები. მოსარჩელეებისათვის იმთავითვე იყო ცნობილი იმ ვალდებულების შესახებ, რომ აუქციონის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ ქონების გამყიდველი და მყიდველი ვალდებულნი იყვნენ ხელი მოეწერათ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაზე. აღნიშნულის თაობაზე მითითებულია აუქციონის ოქმში, რომლის შინაარსი ცნობილი იყო მოსარჩელეებისათვის, ამდენად, ხანდაზმულობის ათვლის წერტილად 2014 წლის მიჩნევა უსაფუძვლოა.

კასატორმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის 18.12.2001წ. მოქმედი რედაქციის მე-10 მუხლით განსაზღვრული იყო აუქციონის გზით შეძენილ სახელმწიფო ქონებაზე გარიგების გაფორმების წესი, რომლის მიხედვით აუქციონის ჩატარებიდან 20 კალენდარული დღის განმვავლობაში მყიდველსა და გამყიდველს შორის უნდა დადებულიყო სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი ხელშეკრულება. აუქციონზე გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არ წარმოშობდა ნივთზე საკუთრების უფლებას, არამედ ოქმი ანიჭებდა უფლებას აუქციონზე გამარჯვებულ პირებს მოეთხოვათ ადმინისტრაციული ორგანოსაგან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და შემდგომ საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა. კანონმდებლობით დადგენილი 20 დღიანი ვადის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაშიც მოსარჩელეს გაშვებული აქვს უფლების განხორციელების ხანდაზმულობის საერთო 10 წლიანი ვადა, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით. მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ - სამინიტრომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 21.07.2010წ. მიღებული იქნა კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“, რომლის მე-6 მუხლით განისაზღვრა ელექტრონული და საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზება. ამ კანონში 29.05.2020წ. შეტანილი ცვლილებით დადგინდა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 07.09.2010წ. №1-1/1487 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების“ 5.2 მუხლით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011წ. №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის“ 7.2 მუხლით გათვალისწინებული იქნა, რომ დადგენილ ვადაში ხელშეკრულების გაფორმების მიზნით სახელმწიფო ქონების პრივატიზების/რეალიზაციის განმახორციელებელ ორგანოში გამოუცხადებლობა მიიჩნევა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარად და აუქციონის შედეგები ძალას კარგავს. ამდენად, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა იმის შესახებ, რომ აუქციონში გამარჯვებული პირისათვის აუქციონის შედეგად უძრავ ნივთზე მოპოვებული უფლების გაუქმების წესს დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ადგენს, თუმცა აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პირობას არ ქმნის. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 47.5 მუხლის მიხედვით, ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებულ, სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესი. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს 31.03.1999წ. №1-3/151 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების“ (ძალადაკარგულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 24.10.2006წ. №1-1/1244 ბრძანებით) მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, აუქციონის შედეგების დამტკიცების შესახებ გამყიდველის გადაწყვეტილების მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში გამარჯვებული ვალდებული იყო გამყიდველთან გაეფორმებინა ხელშეკრულება, რომელიც უნდა დამოწმებულიყო სანოტარო წესით, ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს. საქმის მასალებში დაცული 18.12.2001წ. აუქციონის ოქმის მიხედვით, საპრივატიზაციო ობიექტს წარმოადგენდა ყოფილი სახ. საწარმო „...ის“ ...ის შენობა, გამარჯვებულებად გამოვლინდნენ რ. ო-ი და ნ. ბ-ი. მოსარჩელეთა მიერ აუქციონზე ნივთის შეძენისას მოქმედი კანონმდებლობა ხელშეკრულების გაფორმების ვადის გასვლის შემდეგ აუქციონის შედეგების ძალის დაკარგვის წესს არ ითვალისწინებდა, დღეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმად მიიჩნევა სახელმწიფო ქონების პრივატიზების/რეალიზაციის განმახორციელებელ ორგანოში გამოუცხადებლობა. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ქონების განმკარგავი ორგანოსაგან მოითხოვდნენ ხელშეკრულების გაფორმებას. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კანონით დადგენილ ვადაში ხელშეკრულების გაუფორმებლობა მოსარჩელეთა უმოქმედობით იყო გამოწვეული, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. ამდენად, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ ორმხრივად შესასრულებელი ვალდებულება ვერ შესრულდა მოსარჩელეთა უმოქმედობით, ამ გარემოების დასადასტურებლად საკმარისი არ არის. კასატორები არ მიუთითებენ ქონების განმკარგავი ორგანოს მიერ ვალდებულების შესრულების თაობაზე. პრივატიზებულ უძრავ ქონებაზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს, რომლის გაფორმების პროცედურების უზრუნველყოფა გამყიდველი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა. რ. ო-მა და ნ. ბ-მა 18.12.2001წ. აუქციონში გამარჯვებით მოიპოვეს აუქციონზე გატანილ შესაბამის ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების უფლება. განსახილველ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია და სადავო არ არის, რომ მათ შეასრულეს ქონების ფასის გადახდის ვალდებულება და მფლობელობაში მიიღეს უძრავი ქონება, თუმცა ხელშეკრულება არ გაფორმებულა. სადავო პერიოდში სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ახორციელებდა. ამდენად, აუქციონის ჩატარებისა და მასში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ შესაბამისი ხელშეკრულების კანონით დადგენილი წესით გაფორმება სწორედ ქონების გამყიდველი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, მყიდველის მიერ ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულების შეუსრულებლობად შეთავაზებული ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი უნდა ყოფილიყო მიჩნეული, რასაც საქმის მასალებით მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეებმა დაარღვიეს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ვალდებულება, არ დასტურდება. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით პირს ნასყიდობის ხელშეკრულებაზე გაფორმებაზე უარი ეთქვა ისე, რომ აუქციონის შედეგებს იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ძალა არ დაუკარგავს, ამდენად, აუქციონის შედეგები გაუქმებული არ არის, ასევე სადავო არ არის ნივთის შემძენი პირის მიერ მთელი ამ ხნის განმავლობაში სადავო უძრავი ნივთის ფლობა და საფასურის გადახდის ფაქტი, შესაბამისად, კასატორების პრეტენზია ხანდაზმულობის თაობაზე არ უნდა იქნეს გაზიარებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. აბუსერიძე