საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-635(კ-20) 18 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სს „...“
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მესამე პირები - ზ. პ-ი, ი. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „...მ“ 2016 წლის 26 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებაზე გაცემული 2015 წლის 18 მარტის N2/19384-13 სააღსრულებო ფურცლების კრედიტორებისთვის - ზ. პ-ისა და ნ. მ-ეისთვის უკან დაბრუნების დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20174 წლის 5 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ზ. პ-ი და ნ. მ-ეე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინებით ნ. მ-ეის გარდაცვალების გამო, მის უფლებამონაცვლედ დადგინდა ი. გ-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...მ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სს „...მ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კრედიტორების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით და კომპანიისათვის არსებული შესაძლებლობის ფარგლებში განახორციელა ქმედებები, კერძოდ, იმის გამო, რომ მითითებული გადაწყვეტილებით მესამე პირები აღდგენილი იქნენ იმ თანამდებობებზე, რომელზეც გადაწყვეტილების მიღების დროს უკვე სხვა პირები იყვნენ დანიშნული და შეუძლებელი იყო მათი აღდგენა კონკრეტულად განსაზღვრულ პოზიციაზე, საწარმოს დირექტორთა საბჭოს 2015 წლის 02 სექტემბრის N25/37 დადგენილებითა და გენერალური დირექტორის 2015 წლის 19 ოქტომბრის N1338 ბრძანებით, საშტატო განრიგში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილება და სს „...ს“ დაემატა „...ის“ ...ის საშტატო ერთეული. აღნიშნული თანამდებობის ყოველთვიური სარგო განისაზღვრა 2 500 ლარის ოდენობით. ასევე დაემატა - „...ის“ ...ის საშტატო ერთეული, რომლის ყოველთვიური სარგო განისაზღვრა 2 950 ლარის ოდენობით. თუმცა მესამე პირებმა უარი განაცხადეს მითითებულ თანამდებობებზე დასაქმებაზე, შესაბამისად სახეზეა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრედიტორებისათვის სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების წინაპირობები, რაზედაც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 1 თებერვლის N9029 წერილით, სს „...ს უკანონოდ ეთქვა უარი.
კასატორის მოსაზრებით, გადაწყვეტილება კომპანიის მხრიდან ითვლება აღსრულებულად, შესაბამისად, მას შემდგომ, რაც მოსარჩელეებმა უარი განაცხადეს შრომითი ხელშეკრულების დადებაზე, არ არსებობს სს „...ს“ მიზეზით გამოწვეული არავითარი იძულებითი განაცდურის, არც მისი ანაზღაურების ვალდებულების და არც სამსახურში აღდგენის საფუძველი, ვინაიდან, შრომითი ხელშეკრულება არის ორმხრივი გარიგება, რომლის დადებისათვისაც აუცილებელია როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის ნების არსებობა. სს „...“ მოკლებულია შესაძლებლობას ცალმხრივ რეჟიმში უზრუნველყოს კრედიტორების დანიშნულ თანამდებობაზე დასაქმება (კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება), რის გამოც კომპანიის რესურსი ამ მხრივ ამოწურულია.
კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავის განჩინებაში არ უმსჯელია მესამე პირის - ნ. მ-ეის გარდაცვალებისა და უფლებამონაცვლედ ი. გ-ეის ჩართვის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს, რომ სამუშაოზე აღდგენის ნაწილში უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, ხოლო სამოქალაქო საქმეზე წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახურის წერილით დადგენილია, რომ 2018 წლის 07 თებერვალს გარდაცვლილ ნ. მ-ეის სასარგებლოდ 2018 წლის 05 თებერვლის ჩათვლით ყოველთვიურად გადარიცხულია მისი კუთვნილი ხელფასი სააღსრულებო ბიუროში. ამდენად, ი. გ-ეის, აწ გარდაცვლილი ნ. მ-ეის მეუღლის მიმართ სს „...ს“ არანაირი, მათ შორის არც სახელფასო დავალიანება არ გააჩნია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სს „...ს“ საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააღსრულებო სამართალი საჯარო სამართალს მიეკუთვნება, ვინაიდან მისი საგანია სასამართლო გადაწყვეტილებების და კანონით გათვალისწინებული სხვა აქტების ,,იძულების ძალით’’ განხორციელება, რაც ლეგიტიმირებულია არა კრედიტორის კერძოსამართლებრივი მოთხოვნით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა სააღსრულებო სამართლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას მოვალის უფლებებსა და თავისუფლებებში კანონისმიერი ჩარევის გზით აღასრულოს კრედიტორის მოთხოვნა – სახელმწიფოს დახმარებით განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების მიერ (გადაწყვეტილებით) ტიტულირებული, დადასტურებული მოთხოვნა, რაც წარმოადგენს სახელმწიფოს სააღსრულებო კომპეტენციის გამოვლინებას.
ამდენად ცალსახაა, რომ ისევე როგორც სახელმწიფოს სხვა ნებისმიერი მოქმედება, სააღსრულებო ორგანოების, როგორც სახელმწიფო ორგანოების მოქმედებაც უნდა იყოს კანონთან შესაბამისი და სათანადოდ უნდა იცავდეს აღსრულების წარმოების ყველა მონაწილის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის დანაწესი, რომლის მიხედვით აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას სავალდებულო, იმპერატიული ბუნება აქვს. სასამართლო აქტების შესრულების სავალდებულოობა კონსტიტუციური პრინციპია (საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 62.1 მუხ.). საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სასამართლოს გადაწყვეტილების დროული, ეფექტიანი და ჯეროვანი აღსრულება, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა ვერ იქნება აბსოლუტური - რიგ შემთხვევებში არ გამოირიცხება აღსრულების შეწყვეტის, შეჩერების, გაუქმების აუცილებლობა ან/და აღსრულების პრაქტიკული შეუძლებლობა. სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცესში აღმასრულებელი შებოჭილია სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის ფარგლებით, რომელშიც საბოლოო სახით არის წარმოდგენილი სასამართლო განხილვის შედეგები (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი) და შესაბამისად იგი ლოგიკურად გამომდინარეობს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შეფასებიდან. აქედან გამომდინარე აღმასრულებელს, როგორც საჯარო მოხელეს, უფლება არა აქვს მოახდინოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების თვითნებური ინტერპრეტაცია, გასცდეს აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებს და იმაზე მეტად ჩაერიოს მოვალის უფლებებსა და თავისუფლებებში (ან პირიქით), ვიდრე ამას აღსასრულებელი სასამართლო აქტი ითვალისწინებს. ამდენად ცალსახაა, რომ სააღსრულებო ორგანოებს აღსრულების პროცესში ევალებათ სამართლიანი ბალანსის დაცვა კრედიტორის მოთხოვნებსა და მოვალის, ასევე სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე სხვა პირთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლი ითვალისწინებს სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების შემთხვევებს; კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს, თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო. ამ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
მითითებული საკანონმდებლო რეგულაციის მიხედვით, გადაწყვეტილების აღუსრულებლობა განპირობებული უნდა იყოს ობიექტურად არსებული ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი მდგომარეობის და არა მოვალის მიერ ხელოვნურად შექმნილი ვითარების გამო.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მასალების მიხედვით დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, სს „...ს“ დაევალა ზ. პ-ის სს ,,...ს“ ...ის მოძრავი შემადგენლობის დეპარტამენტის სამტრედიის ...ოს უფროსის თანამდებობაზე, ხოლო ნ. მ-ეის - ...ოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენა; ამავე გადაწყვეტილებით, სს „...ს“ დაეკისრა 2013 წლის 1 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოსარჩელე ზ. პ-ის სასარგებლოდ თვეში 2500 ლარის, ხოლო ნ. მ-ეის სასარგებლოდ - თვეში 2950 ლარის ოდენობით.
იმ დასაბუთებით, რომ თანამდებობებზე, რომელზეც უნდა აღდგენილიყვნენ ზ. პ-ი და ნ. მ-ეე, დასაქმებულნი იყვნენ სხვა პირები, სს ,,...მ“ მიმართა სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით იმის შესახებ, თუ რამდენად წარმოადგენდა მოსარჩელეთა პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა ამავე საშტატო ერთეულებზე დასაქმებული სხვა პირების მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, მოპასუხე გადაწყვეტილების განმარტებას მოითხოვდა იმგვარად, რომ მოსარჩელეები დასაქმებული ყოფილიყვნენ სხვა თანამდებობებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 მაისის განჩინებით, სს „...ს“ განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი არ იყო ბუნდოვანი და იგი ხელს არ უშლიდა გადაწყვეტილების აღსრულებას.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სს „...მ“ საშტატო ნუსხაში დაამატა სხვა საშტატო ერთეულები და კრედიტორებს შესთავაზა დასაქმება, რაზეც მათ უარი განაცხადეს. გამომდინარე აქედან, სს „...მ“ 2015 წლის 29 დეკემბერს განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებაზე გაცემული 2015 წლის 18 მარტის N2/19384-13 სააღსრულებო ფურცლების კრედიტორებისთვის - ზ. პ-ისა და ნ. მ-ეისთვის უკან დაბრუნება (ტ. II, ს.ფ. 39-41).
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 1 თებერვლის N9029 გადაწყვეტილებით სს „...ს“ განემარტა, რომ მოვალის მოქმედება კრედიტორებისთვის სხვა თანამდებობების შეთავაზების შესახებ, მაშინ, როდესაც აღსასრულებელი სასამართლოს გადაწყვეტილება მსგავს ჩანაწერს არ შეიცავდა, დაუსაბუთებელი იყო, რის გამოც არ არსებობდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე აღსასრულებელი გადაწყვეტილების კრედიტორებისთვის დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი (ტ. II, ს.ფ. 144-145).
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასებები ზ. პ-ისა და ნ. მ-ეის სასამართლოს მიერ მითითებულ თანამდებობებზე აღდგენის ვალდებულების შესახებ, რადგანაც აღმასრულებელს არ გააჩნდა მოეხდინა აღსასრულებელი გადაწყვეტილების თვითნებური ინტერპრეტაცია და გასცდენოდა აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებს.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მხარეთა ნების გამოვლენის არარსებობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანამდებობების კვლავ არსებობის პირობებში, კრედიტორების უარი ახლად შექმნილ თანამდებობებზე დასაქმებასთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობაზე უარის თქმას. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ გამოვლენილა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღუსრულებელი სახით კრედიტორისთვის დაბრუნების წინაპირობა, რაც გამორიცხავს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებაზე გაცემული 2015 წლის 18 მარტის N2/19384-13 სააღსრულებო ფურცლების კრედიტორებისთვის - ზ. პ-ისა და ნ. მ-ეისთვის უკან დაბრუნების დავალების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობას.
საკასაციო პალატა ნ. მ-ეის უფლებამონაცვლეობის საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ აღნიშნული თვალსაზრისით სააპელაციო პალატის მიერ პროცესუალური ნორმების დარღვევა არ გამოვლენილა, რამდენადაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინებით ნ. მ-ეის გარდაცვალების გამო, მის უფლებამონაცვლედ დადგინდა ი. გ-ე, ხოლო მოცემული დავის საგანია არა იძულებითი განაცდურისა და სამუშაოზე აღდგენის, არამედ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ დაყენებული მოთხოვნის კანონიერება, შესაბამისად, კასატორის მოსაზრებები უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის თაობაზე მოცემული დავის საგნიდან გამომდინარე არარელევანტურია.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში ძირითადად მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სს „...ს“ საკასაციო საჩივარზე 21.08.2019წ. №7787 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი - უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის განჩინება;
3. კასატორს - სს „...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 21.08.2019წ. №7787 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა