საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-431(კ-20) 18 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ბ.დ-ე
პროცესუალური მოწინააღმდეგეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ზ.გ-ე, რ.გ-ი
მესამე პირი - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
რ.გ-მა 2018 წლის 13 დეკემბერს სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ზ.გ-ისა და ბ.დ-ის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა ზ.გ-ისა და ბ.დ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 ივნისის N... გადაწყვეტილებისა და 2018 წლის 25 ივლისის ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა 35 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით რ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, რ.გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ.დ-ემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, 2016 წლის 21 ივნისს ზ.გ-ემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება. განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N... აქტი და საარქივო ცნობა. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, 2016 წლის 24 ივნისს კანონის მოთხოვნების სრული დაცვით რეესტრმა მიიღო N... გადაწყვეტილება ზ.გ-ის საკუთრებად 1400 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ, საკადასტრო კოდით: ... (ნაკვეთის წინა ნომერი: ...). აღნიშნული მიწის ნაკვეთი ზ.გ-ემ 2018 წლის 20 ივლისს კანონის სრული დაცვით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა ბ.დ-ეზე და 2018 წლის 25 ივლისის საჯარო რეესტრის N... გადაწყვეტილებით მესაკუთრედ დარეგისტრირდა ბ.დ-ე, რომელიც არის ხსენებული მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერი შემძენი და კანონიერი მესაკუთრე.
კასატორის განმარტებით, საქმეში არ არსებობს რ.გ-ის საკუთრების უფლების ან სხვაგვარად მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი ან უფლების დამდგენი რაიმე დოკუმენტი, შესაბამისად, არ დასტურდება, რომ საჯარო რეესტრის სადავო გადაწყვეტილებებით მას მიადგა ზიანი, რაც სარჩელის უსაფუძვლობას ადასტურებს, შესაბამისად, ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ბ.დ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ.დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე და 394-ე მუხლების დანაწესი სააპელაციო სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას გააუქმოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს ხელახლა განსახილველად. ერთ-ერთ ასეთ საფუძველს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების იმდენად არასრული დასაბუთება, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რა გარემოებაც სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე ართულებს საქმის ობიექტურად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენას. მართალია სააპელაციო სასამართლო თავისი პროცესუალური როლის გათვალისწინებით წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, თუმცა ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ქვედა ინსტანციის მიერ მოკვლეულ, განხილულ და დადასტურებულ/უარყოფილ ფაქტებსა თუ გარემოებებს, რა მიმართებით დაშვებული არსებითი ხარვეზის შევსება სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე ობიექტურად შეუძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისთვის დამატებითი მტკიცებულებების შეგროვებისა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში მათი გაანალიზების აუცილებლობის შესახებ, რამეთუ სადავო საკითხის გადაწყვეტა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმის შეფასებაზე, თუ რამდენად წარმოადგენდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...-ში მდებარე სადავო 35 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებასთან მისასვლელ გზას და შედიოდა თუ არა ზ.გ-ისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.
საქმეში დაცული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით ირკვევა, რომ ზ.გ-ის საკუთრებად რეგისტრირებულია ჭიათურის რაიონის სოფელ ...-ში 1400 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - ს/კ. ...(ნაკვეთის წინა ნომერი ...). უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N... აქტი. აღსანიშნავია, რომ N ... საკადასტრო კოდით ზ.გ-ის ოჯახის საკუთრებად რეგისტრირებული იყო მხოლოდ 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
საქმეში დაცულია ზ.გ-ის სახელზე გაცემული ორი მიღება-ჩაბარების აქტის ასლი - 1995 წლის 25 ივნისის N... და 1995 წლის 13 ნოემბრის N... ზ.გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია N... აქტი, თუმცა საქმეში დაცულ ორთოფოტოსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე გამოსახული სადავო რეგისტრაციის შედეგად რეგისტრირებული 1400 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია არ ემთხვევა N ... მიღება-ჩაბარების აქტის გრაფიკულ გამოსახულებას, ასევე არც კონფიგურაციით და არც ფართობით არ ემთხვევა მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობის მონაცემებს, რა გარემოებებიც სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში მითითებულ არსებით საკითხებთან ერთად სრულყოფილად დადგენასა და შეფასებას საჭიროებს.
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული გარემოებების დასადგენად შერჩეული საპროცესო მოქმედებების (ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარების კანონიერების შეფასება და სხვა) ჩატარება და ინკვიზიციურობის პრინციპის დაცვით ახალი მტკიცებულებების მოპოვებით საქმის გარემოებების სრულყოფა მიზანშეწონილია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხორციელდეს, რამეთუ საკითხი ეხება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების მოპოვების სადავოობას (მათ შორის უძრავი ქონების შემძენის კეთილსინდისიერების ასპექტში), რასთან დაკავშირებით კონკრეტულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების სარწმუნოდ დადასტურება მრავალსაფეხურიანი ინსტანციურობის პირობებში უდავოდ მიიღწევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, ბ.დ-ის საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ბ.დ-ეს საკასაციო საჩივარზე 13.05.2020წ №... საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი - უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ.დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება;
3. კასატორს - ბ.დ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 13.05.2020წ. №... საგადახდო დავალებით (გადამხდელი - შ.დ-ე) მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა