Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-97(კს-22) 16 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისი

მოსარჩელე - რ. ბ-ე

მესამე პირები - თ. გ-ე, მ. ლ-ე, კ. ლ-ე, თ. ლ-ე, ნ. ტ-ი, თ. ჩ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 27 მარტს რ. ბ-ემ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის, თ. გ-ეის, მ. ლ-ეის, კ. ლ-ეის, თ. ლ-ეისა და ნ. ტ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. ბ-ეის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის N... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა ოფისმა, თ. გ-ემ, მ. ლ-ემ, კ. ლ-ემ, თ. ლ-ემ და ნ. ტ-იმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის, თ. გ-ეის, მ. ლ-ეის, კ. ლ-ეის, თ. ლ-ეის და ნ. ტ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ. ბ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის N... გადაწყვეტილება 2016 წლის 27 ივნისს ამავე სამსახურში კ. ლ-ეის მიერ წარდგენილი N... განცხადებით ... საკადასტრო კოდით დაზუსტებული სახით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულ ოფისს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კ. ლ-ეის მიერ 2016 წლის 27 ივნისის N... განცხადებით მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2021 წლის 25 მაისს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის განმარტება. განმცხადებლის მოსაზრებით, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ბუნდოვანია - არ არის მითითებული, N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია რომელ მიწის ნაკვეთთან, რომელი სარეგისტრაციო განაცხადით დაფიქსირებული გადაფარვის (ზედდების) ნაწილში უნდა გაუქმდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ. ამავე განჩინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა გასწორდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა და ნაცვლად მითითებისა: ,,3. რ. ბ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის N... გადაწყვეტილება 2016 წლის 27 ივნისს ამავე სამსახურში კ. ლ-ეის მიერ წარდგენილი N... განცხადებით ... საკადასტრო კოდით დაზუსტებული სახით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულ ოფისს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კ. ლ-ეის მიერ 2016 წლის 27 ივნისის N... განცხადებით მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით“, მითითებულ უნდა იქნეს: „3. რ. ბ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის N... გადაწყვეტილება 2016 წლის 27 ივნისს ამავე სამსახურში კ. ლ-ეის მიერ წარდგენილი N... განცხადებით ... საკადასტრო კოდით დაზუსტებული სახით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულ ოფისს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კ. ლ-ეის მიერ 2016 წლის 27 ივნისის N... განცხადებით მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით“. განმცხადებელს განემარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 ივლისის განჩინება განმარტებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ხოლო განჩინება უსწორობის გასწორების ნაწილში საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლიდან გამომდინარე, განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. ამასთან, აღნიშნული ნორმა წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებისას დაშვებული ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობას და ორიენტირებულია მოდავე მხარეთა უფლებების იმგვარ დაცვაზე, როდესაც ერთმნიშვნელოვნად სწორად უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის აღსრულება.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება არ არის ბუნდოვანი და მისი განმარტების პროცესუალური აუცილებლობა არ არსებობს. განცხადებაში მოყვანილ გარემოებაზე მოშველიებით გადაწყვეტილების ბუნდოვანებაზე მითითება უსაფუძვლოა.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დაშვებულია უსწორობა, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260.1 მუხლი, სასამართლოს ინიციატივით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი ითვალისწინებს სამართალწარმოების პროცესში საპროცესო დოკუმენტების შედგენისას გარკვეული უზუსტობის არსებობას და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საკუთარი სურვილით ან მხარის მოთხოვნით გამოასწოროს გადაწყვეტილებაში არსებული შეცდომები. ამავდროულად, აღნიშნული ნორმის მიზანია, აღმოიფხვრას ისეთი უსწორობანი, რომელთაც შეუძლია არსებითად იმოქმედოს საქმის გადაწყვეტისა თუ ცალკეული საპროცესო მოქედებების სწორად შესრულების სამართლებრივ შედეგზე. ნორმაში იგულისხმება განჩინებით დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების შესწორება. სასამართლო უფლებამოსილია გაასწოროს უსწორობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილებაში უსწორობა დაშვებულია და ეს იმთავითვე აშკარაა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორება ან სააპელაციო სასამართლოსათვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების დავალება.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით გაურკვეველია, როგორ უნდა გაუქმდეს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ N... გადაწყვეტილება, ამავე მიწის ნაკვეთთან დადგენილი ზედდების ნაწილში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით რ. ბ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო საქმის მასალებით დგინდება, რომ ზედდება აღნიშნულ დავაში დაფიქსირებულია თავად რ. ბ-ეის მიერ N... განცხადებით წარდგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთსა და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს შორის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის ზემდგომ სასამართლოში განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამასთან, 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო პალატა თავდაპირველად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 ივლისის გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა შეეხება როგორც სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების, ისე გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხს. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების განმარტების საფუძველი, თუმცა სახეზეა აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა, რომელიც უნდა გასწორდეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულება, გადაწყვეტილების განმარტება წარმოადგენს მისი გაურკვევლობის აღმოფხვრის საშუალებას. განმარტების მიზანია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისა და ამ გადაწყვეტილებით დადგენილი უფლების რეალიზაციის ხელშეწყობა.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნისა და გასაჩივრებული აქტით გათვალისწინებული მოწესრიგების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არა გადაწყვეტილების განმარტების, არამედ უსწორობის გასწორების საჭიროება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების განმარტების საკითხის მსგავსად, გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტაც გულისხმობს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგის დადგომისა და მისი გასაჩივრების შესაძლებლობას. „..მხარეს, რომელსაც უარი ეთქვა უსწორობის გასწორებაზე, უნდა მიეცეს შესაძლებლობა გაეცნოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას..“ (სუს 17.12.15წ. Nბს-776-768 (2კ-4კს-15) განჩინება). ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გასაჩივრების წესი, ვრცელდება არა მარტო გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე, არამედ იმ განჩინებაზეც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის თაობაზე. „..გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ განჩინება მოიცავს უსწორობის გასწორებისა და უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებებს, იმის მიხედვით, დაკმაყოფილდება თუ არა მხარის შუამდგომლობა, რამდენადაც მხოლოდ იმ მხარისათვის გასაჩივრების უფლების მიცემა, რომლის ინტერესის საწინააღმდეგოდაც გასწორდა უსწორობა გადაწყვეტილებაში დაუშვებელია და მხარეს რომელსაც უარი ეთქვა უსწორობის გასწორებაზე უნდა მიეცეს შესაძლებლობა მოისმინოს ზემდგომი სასამართლოს მოტივაცია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მართებულობასთან დაკავშირებით..“ (სუს 17.12.2015წ. Nბს-776-768(2კ-4კს-15) განჩინება). აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 ივლისის განჩინების მართებულობა, უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტის ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული განჩინებით მხარეებს განემარტათ უსწორობის გასწორების ნაწილში განჩინების გასაჩივრების შეუძლებლობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უსწორობის გასწორების შესაძლებლობა გულისხმობს სასამართლო გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანას, მისი არსის შეუცვლელად. „..გასწორებას ექვემდებარება იმ სახის უზუსტობანი, რომლებიც აშკარად არ შეესაბამება საქმის მასალებს. დაუშვებელია იმ სახის შესწორებების შეტანა, რაც გამოიწვევს გამოტანილი გადაწყვეტილების არსებითად შეცვლას..“ (სუს 2018 წლის პირველი ნოემბრის Nბს-359-359(კს-18) განჩინება).

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 6 თებერვალს რ. ბ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა 5100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 თებერვლის N... გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ რ. ბ-ეის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის მონაცემებიდან გამომდინარე, უძრავი ნივთი ზედდებაშია N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებები გახდა განსახილველი დავის საგნის წარმოშობის წინაპირობა - მოსარჩელის ინტერესი, ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის N... გადაწყვეტილება, უკავშირდება კ. ლ-ეის მხრიდან საჯარო რეესტრში 2016 წლის 27 ივნისის N... განცხადებით უსწორო მონაცემების წარდგენას, რამაც გამოიწვია სადავო გადაწყვეტილებით მოსარჩელის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთის მოქცევა მესამე პირებზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში. დადგენილია, რომ N... უძრავი ნივთი, რომელთანაც დაფიქსირდა რ. ბ-ეის ინტერესში შემავალი მიწის ნაკვეთის ზედდება, კ. ლ-ეის მიერ 2016 წლის 27 ივნისს წარდგენილი N... განცხადების საფუძველზე, 2016 წლის 30 ივნისს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, თ. გ-ეის, მ. ლ-ეის, კ. ლ-ეის, თ. ლ-ეისა და ნ. ტ-ის თანასაკუთრებად.

საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით იმსჯელა რ. ბ-ეის მიერ გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის N... გადაწყვეტილების კანონიერებაზე და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი აღნიშნული გადაწყვეტილება, 2016 წლის 27 ივნისს ამავე სამსახურში კ. ლ-ეის მიერ წარდგენილი N... განცხადებით ... საკადასტრო კოდით დაზუსტებული სახით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ... საკადასტრო კოდი სადავო მიწის ნაკვეთს სწორედ 2016 წლის 27 ივნისის განცხადების დაკმაყოფილებისა და მესამე პირების სახელზე 2016 წლის 30 ივნისის N... გადაწყვეტილებით საკუთრების უფლების რეგისტრაციით მიენიჭა. ამდენად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შედეგები ვერ იქნებოდა მიმართული თავად ამ გადაწყვეტილებით დადგენილ საკადასტრო კოდის მონაცემებზე. რეალურად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით რ. ბ-ეის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოიაზრებს 2017 წლის 6 თებერვალს რ. ბ-ეის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი აზომვითი ნახაზის მონაცემებიდან გამომდინარე, N... მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 ივნისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში.

მოცემულ შემთხვევაში, 2021 წლის 6 ივლისის გასაჩივრებულ განჩინებაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს, თუმცა გასაჩივრებული განჩინების შინაარსი არ იძლევა გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის რეალურად გასწორების შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. 2021 წლის 6 ივლისის განჩინება არ შეიცავს შემცვლელი შინაარსის მქონე, სათანადო ტექსტს, გასასწორებლად მიჩნეული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტისათვის, იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 ივნისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 ივლისის განჩინებით გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, რომ ამავე სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ბ-ეის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოიაზრებს 2017 წლის 6 თებერვალს რ. ბ-ეის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი აზომვითი ნახაზის მონაცემებიდან გამომდინარე, N... მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 ივნისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რ. ბ-ეის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების საკითხის გადასაწყვეტად, საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების საკითხის გადასაწყვეტად, საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე