Facebook Twitter

#ბს-1153(კ-21) 16 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. თ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2019 წლის 14 იანვარს ლ. თ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ოფისის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააღრიცხვო ბარათი: განაცხადის რეგისტრაციის №..., თარიღი: ...წ., სარეგისტრაციო ნომერი - ...; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 მაისის №... გადაწყვეტილება ი. კ-იზე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ, მდებარე: სამტრედია, სოფელი ..., უძრავი ნივთის ს/კ №..., წინა ს/კ №..., მიწის ფართობი - 1043 კვ.მ; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 სექტემბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოახდინოს უძრავი ნივთის - ს/კ #..., ადგილმდებარეობისა და საზღვრების იდენტურობა შესრულებულ აზომვით ნახაზთან შესაბამისობაში და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოახდინოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი უძრავი ქონების უფლების რეგისტრაცია, მდებარე: სამტრედია, სოფელი ..., მიწის ფართობი 2220 კვ.მ.

სარჩელის თანახმად, 1997 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამტრედიის რაიონის გამგეობის მითითებით შეიქმნა კომისია სოფელ ვაზისუბნის მევენახეობის მეურნეობის ამორტიზირებული ვენახების ჩამოწერისა და ნაკვეთების მოსახლეობაზე განაწილების მიზნით. დადგენილი იყო, რომ თითოეული ოჯახი, რომელიც ითხოვდა მიწის ნაკვეთს, უნდა დაკმაყოფილებულიყო 0.15 ჰა-დან 0.25 ჰ-მდე მიწის ნაკვეთით, იმის მიხედვით, თუ ვინ რამდენ მიწის ნაკვეთს ფლობდა. ვინაიდან მოსარჩელის ოჯახი რეგისტრირებული იყო ცალკე კომლად, კომისიამ მას გამოუყო საკარმიდამო მიწის ნაკვეთად 2 300 კვ.მ მიწის ფართი. აღნიშნული ნაკვეთი იმთავითვე შემოღობა მოსარჩელემ, გააშენა მრავალწლოვანი ნარგავები და ფლობს 22 წელია. ი. კ-ის ოჯახი სამტრედიის რაიონის სოფელ ...ში კომლად რეგისტრირებული არ იყო 1997-2000 წლებში და მასზე მიწის რეფორმის კომისიის მიერ არ გამოყოფილა მიწის ნაკვეთი. კომლის ერთადერთ წევრს წარმოადგენდა ი. კ-ის დედა - ე. კ-ი, რომელსაც 1997 წელს კომისიის მიერ გამოეყო სხვებთან შედარებით ყველაზე მეტი - 3 433 კვ.მ მიწის ფართი, რომელიც ესაზღვრება მოსარჩელის მიწის ნაკვეთს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა გაიცა ი. კ-ის ძმისშვილის სახელზე - ს. კ-იზე, რაც უკანონოა, ვინაიდან 1997 წელს მიწების განაწილების დროს, ს. კ-იი იყო არასრულწლოვანი, არ იყო კომლის წევრი და მას მიწის ნაკვეთი ვერანაირად ვერ გამოეყოფოდა. აწ გარდაცვლილი ე. კ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს 3 433 კვ.მ სამკვიდრო ქონებას, რომელიც თანაბარი წილის უფლებით ეკუთვნის მის მემკვიდრეებს: შვილს - ი. კ-ის და ტრანსმისიით შვილიშვილს - ს. კ-ის. ამდენად, მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობებში, რომელიც გაიცა ი. კ-ისა და ს. კ-იის სახელზე, უნდა ასახულიყო ე. კ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის - 3 433 კვ.მ-ის თანაბარი წილი და არა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთი. 2007 წელს, როდესაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მიწის სარეგისტრაციო მოწმობაში არ იყო ასახული მიწის ფართის ის ოდენობა, რომელიც მას გამოეყო კომისიის მიერ, განცხადებით მიმართა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელმაც მოიკვლია და დაადგინა, რომ სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის დროს დაშვებულია შეცდომა.

მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის შესაბამის სამსახურს უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც გამოეყო 1997 წელს. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში ცნობილი გახდა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 1039 კვ.მ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია ი. კ-ის სახელზე.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ი. კ-ის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია განხორციელებულია უკანონოდ, რადგან უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია მიღება-ჩაბარების აქტი №608, რომელიც არ არსებობს. ამასთან, ეროვნული არქივის №13/43473 წერილით ირკვევა, რომ ი. კ-ი კომლის წევრად სამტრედიის რაიონის სოფელ ...ში არ იყო რეგისტრირებული და მიწის განაწილების სიები, მიწის მიღება-ჩაბარების აქტები ქუთაისის ცენტრალურ არქივში არ არის დაცული. გარდა ამისა, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ისე მოახდინა ი. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის დროს არ დაადგინა ი. კ-ის მიერ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ფართის იდენტურობა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდგომარეობასთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ი. კ-ის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებული მიღება-ჩაბარების №608 აქტი არ არსებობს, მის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია უსაფუძვლოა და უნდა გაუქმდეს.

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ი. კ-ი.

3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. თ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო საჩივრით.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ლ. თ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. თ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, „საკუთრების უფლების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების ფულების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანების 38-ე მუხლი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 2007 წლის კანონის მე-2 მუხლი, მინისტრთა კაბინეტის 10.03.1192წ. №290 დადგენილება, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, „უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამასთან, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი. ასევე, არასწორად არის განმარტებული საკუთრების უფლების დოკუმენტის დეფინიცია და მართლზომიერი მფლობელობის სტატუსი.

კასატორის მითითებით, იგი 25 წელია ფლობს სადავო მიწის ნაკვეთს და სარგებლობს მისით, შემოსაზღვრული აქვს მრავალწლიანი ნარგავებით. ი. კ-ის არ მიუღია და ვერც მიიღებდა მიწის ნაკვეთს, რადგან არ იყო სოფლის მცხოვრები. შესაბამისად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მას არ აქვს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. თ-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. თ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საქმეში წარმოდგენილია 2000 წლის 3 აპრილს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის თანახმად, სამტრედიის რაიონის სოფელ ...ში მცხოვრებ ლ. თ-ეის ოჯახის სახელზე გაცემულ იქნა 1 238.50 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ზონა - სამტრედია, კოდი - ..., სექტორი - ..., კოდი - ..., კვარტალი - ..., ნაკვეთი - #...). ამავე თარიღით, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ლ. თ-ეის ოჯახის საკუთრების უფლებით, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების აქტი #58 (ტ. 1; ს.ფ. 23, 79-80).

საქმეში წარმოდგენილია 2000 წლის 3 აპრილს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის თანახმად, ი. კ-ის ოჯახის სახელზე გაცემულ იქნა 1 039.21 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ზონა - სამტრედია, კოდი - ..., სექტორი - ..., კოდი - ..., კვარტალი - ..., ნაკვეთი - #...). ამავე თარიღით, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ი. კ-ის ოჯახის საკუთრების უფლებით, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების აქტი #608 (ტ. 1; ს.ფ. 22, 89-91).

დადგენილია, რომ 2017 წლის 29 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ი. კ-იმა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის

ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: სამტრედია, სოფელი .... სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 მაისის №6... გადაწყვეტილებით განხორციელდა ი. კ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, №... საკადასტრო კოდის მქონე 1 039.21 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: სამტრედია, სოფელი ..., დაზუსტებული მონაცემით 1 043 კვ.მ, ახალი საკადასტრო კოდით №..., დარეგისტრირდა ი. კ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №608 და 2017 წლის 13 აპრილს გაცემული №13/43473 საარქივო ცნობა (ტ. 1; ს.ფ. 43-47, 82-91, 114).

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის მიერ საჯარო რეესტრისათვის 2017 წლის 13 აპრილს მიწერილი №13/43473 წერილით ირკვევა, რომ არქივში დაცული, სამტრედიის რაიონის ...ს სასოფლო საბჭოს და საკრებულოს 1986-1996, 1997-2000 და 2001-2006 წლების საკომლო წიგნებში კომლი, რომლის უფროსია ი. ს.-ის ძე კ-ი, რეგისტრირებული არ არის. ამასთან, ...ს საკრებულოს გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წიგნები, მიწის განაწილების სიები, მიწის მიღება-ჩაბარების აქტები, 2007 წლის საკომლო წიგნები, ქუთაისის ცენტრალურ არქივში არ არის დაცული (ტ. 1; ს.ფ. 15).

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 23 ოქტომბერს განცხადებით მიმართა ლ. თ-ემ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია 2220 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე: სამტრედია, სოფელი ... (ტ. 1; ს.ფ. 92-97).

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, იმ საფუძველზე მითითებით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით ,,სახელწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე, უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ დანიშნული იქნა მედიატორი, თუმცა მოდავე მხარეებს შორის მორიგება ვერ მოხდა (ტ. 1; ს.ფ. 48, 92-97).

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დოკუმენტის სიყალბესთან მიმართებით მოსარჩელის მითითებაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მითითებული ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ ათავისუფლებს მის პროცესუალურ მოწინააღმდეგე მხარეს - მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთების ვალდებულებისაგან (სუსგ #ბს-620(კ-19), 05.03.2020წ.). მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს სასარჩელო მოთხოვნა და წარმოადგინოს სარჩელში მითითებული იმ გარემოებების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სარჩელი (სსკ-ის 102.1 მუხ.). მოცემული კოდექსის 17.1 მუხლის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სსკ-ის 4.1 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსკ-ის 102.1 მუხ., სასკ-ის 17.1 მუხ.). მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, მტკიცების საგნის განსაზღვრა და ამ საგანში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთი მხარეებზეა გადატანილი. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპი პროცესის მხარეებს არ ათავისუფლებს მათ მიერ მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან, მტკიცებულებებს სასამართლოს სწორედ მხარეები წარუდგენენ (სსკ-ის 103.1 მუხ.). მოცემულ საქმეზე დოკუმენტების სიყალბის თაობაზე მოსარჩელისა და მოწმეების ახსნა-განმარტებები არ ქმნის აღნიშნული გარემოების დადგენილად მიჩნევის საფუძველს. მართალია, სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია მხარის ახსნა-განმარტებით, თუმცა განმარტება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, ასეთი მტკიცებულებები კი, განსახილველ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ ი. კ-ის სახელზე გაცემული უფლების დამდგენი დოკუმენტი - №608 მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც სადავო რეგისტრაციის საფუძველია, არის ყალბი. ასევე, საქმის მასალებით ვერ იქნა მოსარჩელის მიერ დადასტურებული ის გარემოება, რომ მისთვის გამოყოფილ იქნა 2200 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და არა მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში მითითებული 1238 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართებულად არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის ზემოაღნიშნული პოზიცია, ვინაიდან მოცემული გარემოებები ვერ იქნა დადასტურებული. პირიქით, დგინდება, რომ მოსარჩელემ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი ნახაზით მოითხოვა განსხვავებული ზომებისა და კონფიგურაციის ნაკვეთის რეგისტრაცია, ვიდრე მას ჰქონდა გადაცემული, რამაც გამოიწვია ზედდება ი. კ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. დოკუმენტის სიყალბეს ვერ დაადასტურებს ის ფაქტი, რომ ვერ იქნა მოძიებული სადავო რეგისტრაციის (ს/კ №..., წინა ს/კ №..., მიწის ფართობი 1043 კვ.მ) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №608, რადგან აღნიშნული გარემოება არ ნიშნავს, რომ ასეთი დოკუმენტი არც არასოდეს არსებულა.

დაუსაბუთებელია მოსარჩელის მითითება, რომ ი. კ-ის ოჯახი სამტრედიის რაიონის სოფელ ...ში კომლად რეგისტრირებული არ იყო 1997-2000 წლებში და მასზე მიწის რეფორმის კომისიის მიერ ვერ მოხდებოდა მიწის ნაკვეთის გამოყოფა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ე. კ-ის (ი. კ-ი დედა) კომლში სხვა პირი არ არის რეგისტრირებული (ს. ფ. 17). ი. კ-ი რომ არ იყო ცალკე კომლად გამოყოფილი ამ ფაქტობრივ გარემოებას ეს უკანასკნელი არც ხდის სადავოდ და განმარტავს, რომ სადავო პერიოდში ცხოვრობდა და მუშაობდა ქალაქ თბილისში (ტ. 1; ს.ფ. 98-101, მესამე პირის ახსნა-განმარტება). „საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის პირველი ეტაპის განხორციელების ღონისძიებებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 და 6 თებერვლის №128 დადგენილებებში ნაწილობრივ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის №290 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად შეიცვალა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების 1-ლი პუნქტი და ჩამოყალიბდა იგი შემდეგი რედაქციით: „დაწესდეს საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსაყვანად და მათ მიზნობრივ გამოყენებაზე მკაცრი კონტროლის დაწესებით: - სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისათვის და სოფლად მუდმივად მცხოვრები სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის ბარისა და ზეგნის რაიონებში - 1 ჰექტარამდე, ხოლო იმ რაიონებში, სადაც ამის შესაძლებლობაა - 1,25 ჰექტარამდე, მთის რაიონებში - 5 ჰექტარამდე (მათ შორის დამუშავებაში არსებული მიწები - 1 ჰექტარამდე); - სოფლად მუდმივად მცხოვრები სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეებისათვის ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0,75 ჰექტარამდე, ხოლო მთის რაიონებში - 5 ჰექტარამდე (მათ შორის დამუშავებაში არსებული მიწები - 0,75 ჰექტარამდე); - ქალაქად მცხოვრებთათვის, რომელთაც საკუთრების უფლებით მიღებული აქვთ საცხოვრებელი სახლი ან სახლის ნაწილი, და ქალაქად მცხოვრები იმ მოქალაქეებისათვის, რომელთაც სურთ სოფლად მიიღონ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები საგარეუბნო ზონებში - 0,15 ჰექტარამდე, ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0,25 ჰექტარამდე, ხოლო მთის რაიონებში - 1 ჰექტარამდე (მათ შორის დამუშავებაში არსებული მიწები - 0,25 ჰექტარამდე); - რაიონული დაქვემდებარების ქალაქებისა და დაბების დამტკიცებულ საზღვრებში მუდმივად მცხოვრებ და მომუშავე სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მოქალაქეთათვის - 0,75 ჰექტარამდე, ხოლო სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეებისათვის (რომლებიც ცხოვრობენ სასოფლო-სამეურნეო საწარმოებზე მიმაგრებულ მიწებზე) - 0,5 ჰექტარამდე“.

ამდენად, დასახელებული საკანონმდებლო რეგულაციით ცხადია, რომ მიწის ნაკვეთის მიღების შესაძლებლობა გაუჩნდათ ქალაქად მცხოვრებ პირებსაც, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ მიეღოთ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ ი. კ-ისათვის ვერ მოხდებოდა მიწის რეფორმის კომისიის მიერ ნაკვეთის გამოყოფა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების (ძალადაკარგულია 22.05.2007 წლიდან) საფუძველზე შედგენილი სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა, როცა იგი ხელმოწერილია სახელმწიფო რეგისტრატორის მიერ და მასზე დასმულია მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბეჭედი, ითვლება რეგისტრირებულ საკუთრებად. ამასთან, „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 20.03.2006 წლიდან) 7.1 მუხლით, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები. სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა. უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს (სუსგ №ბს-367-363(კ-12) 28.02.2013წ.). გარდა ამისა, სარეგისტრაციო მოწმობა მიწის სახვა მახასიათებლებთან ერთად შეიცავს აგრეთვე საკადასტრო გეგმას, კერძოდ, ი. კ-ის და მოსარჩელე ლ. თ-ეის საკუთრებაში მყოფი მომიჯნავე მიწის ნაკვეთების კონფიგურაციის, ნაკვეთის ზომებისა და საზღვრის პარამეტრებს, რაც იძლევა ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენის შესაძლებლობასაც, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული სააღრიცხვო ბარათისა და ი. კ-იზე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მითითებით, ასევე მართებულად იქნა ძალაში დატოვებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 სექტემბრის №... გადაწყვეტილება, რომლითაც სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა სარეგისტრაციოდ წარდგენილ და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგენილი ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდების გამო.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელე ლ. თ-ეს სადავო უძრავი ქონების (ს/კ №..., წინა ს/კ №..., მიწის ფართობი 1043 კვ.მ) არც მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი გააჩნია.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლოს თვალსაზრისით, ვინაიდან ლ. თ-ეის საკასაციო საჩივარზე 15.11.2021წ. №0 საგადასახადო დავალებით თ. ლ-ას მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ლ. თ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. თ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინება;

3. ლ. თ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.11.2021წ. №0 საგადასახადო დავალებით თ. ლ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ.ოქროპირიძე