საქმე #ბ-1622-6(ა-21) 10 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ა. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები _ 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2. სსიპ შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის #ბს-1219(კ-20) გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 15 მაისს ა. მ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 დეკემბრის #... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 დეკემბრის #... საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 იანვრის #129 ბრძანების, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების (საჩივარი #5248/2/2018) ბათილად ცნობა და სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის ა. მ-ისათვის ჩამორთმეული 3 300 000 რუსული რუბლის დაბრუნების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 დეკემბრის #... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 დეკემბრის #... საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი შესწავლის შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, ახალი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 იანვრის #129 ბრძანება და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება (საჩივარი #5248/2/2018); დანარჩენ ნაწილში ა. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
2018 წლის 8 აგვისტოს ა. მ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 20 თებერვლის #... სამართალდარღვევის ოქმის, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 აპრილის #7854 ბრძანებისა და #5691/2/2018 საჩივარზე დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ა. მ-ისათვის 2018 წლის 20 თებერვალს ჩამორთმეული 1 000 000 რუსული რუბლის, 300 აშშ დოლარის, 770 ევროს, 757 აზერბაიჯანული მანათის, 2 610 ლარისა და 5 000 რუსული რუბლის დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ 2018 წლის 20 თებერვლის #... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 აპრილის #7854 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება (საჩივარი #5691/2/2018); მოსარჩელე ა. მ-ის დაუბრუნდა 2018 წლის 20 თებერვალს ჩამორთმეული საქონელი - 1 000 000 რუსული რუბლი, 300 აშშ დოლარი, 770 ევრო, 757 აზერბაიჯანული მანათი, 2 610 ლარი და 5 000 რუსული რუბლი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 20 თებერვლის #... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი შესწავლის შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 აპრილის #7854 ბრძანება და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება (საჩივარი #5691/2/2018); დანარჩენ ნაწილში ა. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე #ბს-1022(კ-20) ა. მ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 დეკემბრის #... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 დეკემბრის #... საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 იანვრის #129 ბრძანების, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების (საჩივარი #5248/2/2018) ბათილად ცნობისა და სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის ა. მ-ისათვის ჩამორთმეული 3 300 000 რუსული რუბლის დაბრუნების დავალების თაობაზე და ადმინისტრაციული საქმე #ბს-1219(კ-20) ა. მ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 20 თებერვლის #... სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 აპრილის #7854 ბრძანებისა და #5691/2/2018 საჩივარზე დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ა. მ-ისათვის 2018 წლის 20 თებერვალს ჩამორთმეული 1 000 000 რუსული რუბლის, 300 აშშ დოლარის, 770 ევროს, 757 აზერბაიჯანული მანათის, 2 610 ლარისა და 5 000 რუსული რუბლის დაბრუნების თაობაზე, გაერთიანდა ერთ წარმოებად, ერთად განხილვისათვის; გაერთიანებულ ადმინისტრაციულ საქმეს მიენიჭა ნომერი - #ბს-1219(კ-20).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ა. მ-ის სარჩელი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 დეკემბრის #... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 დეკემბრის #... საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 იანვრის #129 ბრძანების, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების (საჩივარი #5248/2/2018) ბათილად ცნობისა და სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის ა. მ-ისათვის ჩამორთმეული 3 300 000 რუსული რუბლის დაბრუნების დავალების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; ა. მ-ის სარჩელი, საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 20 თებერვლის #... სამართალდარღვევის ოქმის, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 აპრილის #7854 ბრძანებისა და #5691/2/2018 საჩივარზე დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ა. მ-ისათვის 2018 წლის 20 თებერვალს ჩამორთმეული 1 000 000 რუსული რუბლის, 300 აშშ დოლარის, 770 ევროს, 757 აზერბაიჯანული მანათის, 2 610 ლარისა და 5 000 რუსული რუბლის დაბრუნების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2021 წლის 11 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ა. მ-იმა, რომელმაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განმცხადებლის მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის #ბს-1219(კ-20) გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები სახლის გაყიდვისა და 3 300 000 რუსული რუბლის წარმოშობის შესახებ (სახლი გაიყიდა ქ. ...ში და არა ...ში). განმცხადებლის განმარტებით, მან მოიძია მტკიცებულებები, რომელიც აღმოაჩნდა ე. მ-ის. მან დასკანერებული მასალები ა. მ-ის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2021 წლის 9 ნოემბერს მიაწოდა. განმცხადებლის მოსაზრებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ მისთვის ჩამორთმეული თანხა ეკუთვნოდა ე. მ-ის, რომელმაც ქალაქ ...ში გაყიდა თავისი საცხოვრებელი სახლი და იგი ქალაქ მარნეულში, სოფელ ...ში ა. ბ-იისაგან ბინის ყიდვას აპირებდა. სახლის საყიდელი თანხა კი მან გამოატანა ჰ. ხ-ის.
განმცხადებლის მითითებით, ე. მ-ი ცხოვრობს აზერბაიჯანში და ზემოხსენებული დოკუმენტები ინახებოდა მის სახლში. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებს თანხის კანონიერ წარმომავლობას და არის საკმარისზე მეტი საფუძველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოების განახლებისათვის.
განმცხადებელი განმარტავს, რომ რამდენადაც 2021 წლის 8 ნოემბრამდე მისთვის უცნობი იყო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების არსებობის შესახებ, მან ვერ შეძლო მითითებული მტკიცებულებების წარმოდგენა. განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებები კი ცხადყოფენ 3 300 000 რუსული რუბლის წარმოშობის კანონიერ საფუძველს, ვინაიდან იგი მიღებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქ. ...ში მდებარე უძრავი ქონების გასხვისების შედეგად. განცხადებელი აღნიშნავს, რომ მისთვის ჩამორთმეული თანხა ეკუთვნოდა ე. მ-ის, რომელმაც ქალაქ ...ში გაყიდა თავისი საცხოვრებელი სახლი და აპირებდა ბინის შეძენას ქალაქ მარნეულში ა. ბ-იისაგან. ე. მ-ი მოურიგდა ა. ბ-ის 150 000 ლარად, რაშიც ბეს სახით გადაუხადა 5000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა მას უნდა გადაეხადა 2017 წლის 15 დეკემბრამდე. 2017 წლის 2 დეკემბერს ე. მ-იმა ...ში გაყიდა სახლი 180 000 აზერბაიჯანულ მანათად, რაშიც ბეს სახით აიღო 100 000 მანათი - 3 300 000 რუსული რუბლი, რომელიც 2017 წლის 9 დეკემბერს მან ჰ. ხ-ის ა. ბ-იისათვის გადასაცემად გამოატანა. ჰ. ხ-იმა (როდესაც იგი ...დან მარნეულში მოდიოდა) 2017 წლის 10 დეკემბერს წითელი ხიდის გამშვებ პუნქტზე აღნიშნული თანხა დატოვა ავტობუსში და თვითონ ფეხით გადმოვიდა საქართველოს მხარეს. განმცხადებლის მითითებით, ჰ. ხ-იი და ა. მ-ი იყვნენ ერთი სარეისო (მარნეული-...-მარნეული) ავტობუსის მძღოლები და ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. რამდენადაც ჰ. ხ-ის ავტობუსის მართვაზე მინდობილობა უმთავრდებოდა, მან დაურეკა ა. მ-ის, რათა დახვედროდა საზღვარზე და ავტობუსი მას გადაეყვანა. ა. მ-იმა გადაკვეთა საზღვარი და გადმოიყვანა ავტობუსი.
განმცხადებლის მითითებით, თანდართული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ე. მ-იმა თანხა 2017 წლის 9 დეკემბერს ჰ. ხ-ის ა. ბ-იისათვის გადასაცემად გამოატანა. შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გარკვეულია მითითებული თანხის წარმოშობაც. ა. მ-იმა ამ თანხის მებაჟეების მიერ აღმოჩენისთანავე განაცხადა, რომ თანხა არა მას, არამედ ჰ. ხ-ის ეკუთვნოდა და მას უნდა დაედეკლარირებინა აღნიშნული თანხა. მიუხედავად ამისა, მებაჟეებმა მაინც იგი დააჯარიმეს, რადგან ავტობუსი სწორედ მან გადმოიყვანა საზღვარზე.
განმცხადებელი ასევე მიუთითებს საქმეზე გრადინგერი ავსტრიის წინააღმდეგ (Gradinger v. Austria, განაცხადის no. 15963/90. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება), აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტსა და 31-ე მუხლის მე-7 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მან დადასტურებულად დაადეკლარირა 1 000 000 რუსული რუბლი და ასევე ჯიბიდან ამოიღო საფულე, მასში არსებული თანხის დეკლარირების მიზნით, რაც მებაჟე-ოფიცერმა ჩაუთვალა არასწორ დეკლარირებად და თანხა სანქციის სახით ჩამოართვა. განმცხადებლისათვის გაურკვეველია, თუ რატომ და რა მიზნით უნდა დაემალა მას წვრილი თანხა საბაჟოსაგან და რატომ უნდა შეენახა ჯიბეში დამალულად 7 000 ლარამდე, მაშინ, როდესაც დაადეკლარირა სრული თანხის დაახლოებით 84% (1 000 000 რუბლი) და მისთვის ცნობილი იყო, რომ დამალვის შემთხვევაში, მას თანხას სრულად ჩამოართმევდნენ.
ამდენად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულით დასტურდება, რომ ხსენებული გარემოებები განმცხადებლისათვის ადრე რომ ყოფილიყო ცნობილი, აღნიშნული გამოიწვევდა ყველა ინსტანციის სასამართლოში მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ა. მ-ის განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი. ამასთან, ამავე განჩინებით განმცხადებელს - ა. მ-ის სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა.
2021 წლის 13 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა მოსაზრება ა. მ-ის განცხადებასთან დაკავშირებით. სამინისტრო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარისათვის საქმის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი ისეთი მტკიცებულებების არსებობის შესახებ, რომელთა თავის დროზე სასამართლოში წარდგენა არსებით გავლენას იქონიებდა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ამასთან, მითითებული მუხლი ხაზს უსვამს მტკიცებულებათა წარდგენის დროულობას, კერძოდ, მხარისათვის საქმის წარმოების განახლებას შესაძლებელია საფუძვლად დაედოს ისეთი მტკიცებულების არსებობა, რომლის შესახებაც პირისათვის უცნობი იყო დავის მიმდინარეობის დროს. სამინისტრო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ა. მ-ის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლის არსებობის შესახებაც იგი ჯერ კიდევ ადმინისტრაციულ ორგანოებში დავის განხილვის დროს მიუთითებდა, თუმცაღა დავის განხილვის არც ერთ ეტაპზე მის მიერ შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა.
სამინისტრო ასევე ყურადღებას ამახვილებს ფულადი თანხის გვაროვნულ ხასიათზე და განმარტავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ იქნება დამადასტურებელი იმ ფაქტისა, რომ საბაჟო საზღვარზე დაუდეკლარირებელი ფულადი თანხა იყო ის თანხა, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უფლებამოსილ პირს უნდა მიეღო. ამასთან, სამინისტროს მითითებით, განმცხადებელს მტკიცებულებად წარმოდგენილი აქვს ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ბეს ხელშეკრულება (მარტივი ფორმით შედგენილი), რომელიც ვერ ადასტურებს პირთა შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ფაქტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ განცხადებას, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ა. მ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის #ბს-1219(კ-20) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს0 შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული დანაწესისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, სწორედ განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე მითითება და ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა. თავის მხრივ, მანვე უნდა დაადასტუროს, რომ მითითებული გარემოებები თუ წარმოდგენილი მტკიცებულებები არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანის მომენტში და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას მისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო უპირველესად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის #ბს-1219(კ-20) გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლომ შეაფასა მოსარჩელე ა. მ-ისათვის ჩადენილი ორი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობის კანონიერება. კერძოდ, პირველ შემთხვევაში, 2017 წლის 10 დეკემბერს საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის მხრიდან შევიდა საქართველოში რეგისტრირებული ავტობუსი სახელმწიფო ნომრით - ..., რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე - ა. მ-ი (პ/ნ ...). მოსარჩელეს ჩამოერთვა 3 300 000 რუსული რუბლი (148 965.3 ექვივალენტი ლარში), რომელიც ავტობუსის ერთ-ერთი სავარძლის ქვეშ, რეზინების მეშვეობით ქვემოდან ამოკრულ მდგომარეობაში იქნა აღმოჩენილი. მეორე შემთხვევაში, 2018 წლის 20 თებერვალს საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდა იგივე ავტობუსი (საქართველოს სახ. ნომ. ...), რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი - ა. მ-ი. ინტერვიურებისას მოსარჩელემ დაადეკლარირა 1 000 000 რუსული რუბლი, თუმცა ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მას დამატებით აღმოაჩნდა 300 აშშ დოლარი, 770 ევრო, 757 აზარბაიჯანული მანათი, 2 610 ლარი და 5 000 რუსული რუბლი (ჯამში 7 024.45 ექვივალენტი ლარში). ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, არასწორად დეკლარირებულმა თანხამ შეადგინა 50 714.45 ლარი.
პირველ შემთხვევასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს და წარმოდგენილი განცხადებით თავად განმცხადებელიც ადასტურებს, რომ ა. მ-ი სამართალწარმოების საწყისი სტადიიდანვე (მათ შორის, საქართველოს უზენაეს სასამართლოშიც) ცდილობდა თანხის კანონიერი წარმომავლობის მტკიცებას, ასევე, მიუთითებდა, რომ ჩამორთმეული თანხა არათუ მას, არამედ ე. მ-ის ეკუთვნოდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ გარემოებათა არსებობის თაობაზე ა. მ-ისათვის მხოლოდ 2021 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ა. მ-ი პირველ სამართალდარღვევასთან მიმართებით წარდგენილი სარჩელის საფუძვლიანობას სწორედ იმ გარემოებას აყრდნობდა, რომ ჩამორთმეული, დაუდეკლარირებელი 3 300 000 რუსული რუბლი ე. მ-ის მხრიდან ...ში საცხოვრებელი სახლის რეალიზაციის შედეგად იქნა წარმოშობილი, თუმცა ხანგრძლივი სამართალწარმოების მიმდინარეობის პროცესში მისი მხრიდან არც ერთი ინსტანციის სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი დასახელებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. უფრო მეტიც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის #ბს-1219(კ-20) გადაწყვეტილებაშიც კი საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ მითითებულ განმარტებებზე თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით და აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც ჩამორთმეული თანხის კანონიერ წარმომავლობას ან მისი სხვა ფიზიკური პირისათვის კუთვნილებას დაადასტურებდა. ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „მოსარჩელე შემოიფარგლა მარტოოდენ განმარტებებით და მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია ქალაქ ...ში ე. მ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის გაყიდვის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება (მაგალითად, ხელშეკრულება), რომელიც თანხის კანონიერ წარმომავლობას დაადასტურებდა. ა. მ-ის ასევე არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება ე. მ-ის მიერ ქალაქ მარნეულში საცხოვრებელი სახის შეძენის ან მის მიერ ბეს სახით გამყიდველისათვის კონკრეტული ოდენობის თანხის გადახდის შესახებ. მოსარჩელეს ასევე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჩამორთმეული 3 300 000 რუსული რუბლის ე. მ-ის მიერ ჰ. ხ-იისათვის კონკრეტული დანიშნულებით (მაგალითად, საცხოვრებელი სახლის შეძენის ან რაიმე სხვა კანონიერი მოქმედების განხორციელების მიზნით) გადაცემას. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება (მაგალითად, ჰ. ხ-იის ხელწერილი), რომლითაც მოსარჩელე ა. მ-ი დაადასტურებდა, რომ ჩამორთმეული თანხის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანას უშუალოდ ჰ. ხ-იი ცდილობდა. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილ მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც ფულადი სახსრების ჩამორთმევის საფუძვლით ჰ. ხ-იის ან ე. მ-ის მიმართ ა. მ-ის რაიმე სახის სავარაუდო ვალის წარმოშობა დადასტურდებოდა. ასეთი ვალის დაუდასტურებლობის პირობებში კი, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას და ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ, ერთი მხრივ, თანხის მისთვის კუთვნილების უარყოფას, ხოლო, მეორე მხრივ, ჩამორთმეული თანხის სწორედ მისთვის დაბრუნების დავალების მოთხოვნას.“
ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული ზემოაღნიშნული მსჯელობა სწორედ მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენის ეტაპიდანვე შემოთავაზებულ და უშუალოდ მის მიერ ჩამოყალიბებულ ფაქტობრივ მდგომარეობას დაეფუძნა, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ სარჩელის საფუძვლიანობა მოსარჩელის მიერ შექმნილი ფაქტობრივი სურათის სათანადო მტკიცებულებებით დაუდასტურებლობის მოტივით გამორიცხა. აღნიშნული კი ცხადყოფს, რომ განმცხადებლისათვის - ა. მ-ისათვის იმთავითვე ცნობილი იყო არსებული ფაქტობრივი ვითარების შესახებ, რომლის მტკიცებაც, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, სწორედ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განმცხადებელი მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის არსებობის დადასტურებასაც იგი არა მხოლოდ სამართალწარმოების ეტაპზე (მათ შორის, საქართველოს უზენაეს სასამართლოშიც), არამედ ჯერ კიდევ ადმინისტრაციულ ორგანოებში დავის განხილვის დროს ცდილობდა. მიუხედავად აღნიშნულისა, განმცხადებელს არ გაუტარებია დროული და ქმედითი ღონისძიებები მის მიერ მითითებული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებისა და სასამართლოში წარმოდგენისათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. მ-ის განცხადება არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს, კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება ისეთ ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რომლის თაობაზეც მხარისათვის სასამართლოში საქმის განხილვის დროს არ იყო ცნობილი, რამდენადაც მხარის მიერ მითითებული ის გარემოებები, რომლის დადასტურებაც მოსარჩელეს განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებებით აქვს განზრახული, ა. მ-ისათვის ცნობილი იყო არა მხოლოდ სამართალწარმოების ეტაპზე, არამედ ჯერ კიდევ ადმინისტრაციულ ორგანოებში დავის მიმდინარეობის დროს. უფრო მეტიც, მხარე სარჩელის საფუძვლიანობის მტკიცებას სწორედ ამ გარემოებებზე მითითებით ცდილობდა, თუმცა მას ხანგრძლივი სამართალწარმოების პროცესში არ უცდია სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით დაედასტურებინა დასახელებული გარემოებების რეალურად არსებობა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს უშუალოდ განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებების შინაარსობრივ მხარეზე, კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ა. მ-ისათვის ჩამორთმეული თანხა სწორედ აზერბაიჯანში, ქალაქ ...ში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად იქნა წარმოშობილი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, ფულადი თანხა წარმოადგენს გვაროვნული ნიშნით განსაზღვრულ ნივთს. შესაბამისად, გვაროვნული თვისებები არ იძლევა მისი ზუსტი იდენტიფიცირების შესაძლებლობას, უფრო კონკრეტულად, იმის დადგენას, რომ ა. მ-ის მიერ საბაჟო საზღვარზე შემოტანილი თანხა ზუსტად ის თანხა იყო, რომელიც შესაძლოა ზემოხსენებული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოიშვა და რომელიც განკუთვნილი იყო ე. მ-ის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უძრავი ქონების შესაძენად. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს განსახილველ განცხადებაზე თანდართულ ე. მ-ის, ა. ბ-იისა და ჰ. ხ-იის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებებზე და საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მითითებული განცხადებები შედგენილია 2018 წლის იანვარში - სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის შემდგომ.
საკასაციო სასამართლო აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელს წარმოდგენილი აქვს ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მარტივი (და არა სანოტარო) ფორმით შედგენილი ბეს ხელშეკრულება (და არა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ან ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დადასტურდებოდა ნასყიდობის ფაქტი), მაშინ, როდესაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემისათვის გათვალისწინებულია სანოტარო წესით გაფორმებული ხელშეკრულების არსებობის იმპერატივი. თანხის წინასწარ გადახდის თაობაზე შეთანხმების შესახებ მარტივი ფორმის ბეს ხელშეკრულება, ცხადია, უტყუარად ვერ ადასტურებს პირთა შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ფაქტს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გარდა იმისა, რომ ა. მ-ის განცხადება არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, წარმოდგენილი მტკიცებულებები ასევე ვერ გამორიცხავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობას, რამდენადაც ზემოაღნიშნული გარემოებები ასუსტებს განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტაციათა მტკიცებულებით ძალას და სარწმუნოობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საქმის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. მ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის #ბს-1219(კ-20) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია - შეადგენს 100 ლარს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან განმცხადებელს - ა. მ-ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა, განმცხადებელს - ა. მ-ის უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. მ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის #ბს-1219(კ-20) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. განმცხადებელს - ა. მ-ის დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა