საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-225(კ-22) 6 აპრილი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო.ი-იმ 2021 წლის 1 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, „ო.ი-ის სასწავლო ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 15 აპრილის №1000743975 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ო.ი-ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ო.ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 15 აპრილის №1000743975 გადაწყვეტილება, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ო.ი-ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება. პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 6 აპრილის №SSG 7 21 00043398 წერილის შესაბამისად, ო.ი-ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის, აგრეთვე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 15 აპრილის №1000743975 გადაწყვეტილებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ო.ი-ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ფაქტები.
პალატამ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლზე და აღნიშნა, რომ ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახეა სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ ან თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. სწორედ ამ ნორმებზე მითითებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია მოსარჩელისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა, რაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 15 აპრილის №1000743975 გადაწყვეტილების (სადავო აქტი) მიღების საფუძველი გახდა.
პალატამ მიუთითა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების მიუხედავად, სასამართლოს მიერ მმართველობის ამ სფეროზე ზემოქმედების შესაძლებლობაზე და აღნიშნა, რომ არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე, როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას.
პალატამ აღნიშნა, რომ საკითხის გადაწყვეტის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის თაობაზე ინფორმაცია, რომლის გაცნობის შედეგად პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი არ შეიცავს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, მოსარჩელისთვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის დამადასტურებელ ინფორმაციას, ასევე არ დასტურდება მოსარჩელის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხის შემქმნელი საქმიანობის განხორციელება.
ამასთანავე, პალატამ ყურადღება გაამახვილა ... უნივერსიტეტის 2021 წლის 20 აპრილის №021/01/1209 ცნობაზე, რომლითაც დადგენილია, რომ შპს ... უნივერსიტეტის მიერ, 2018 წლის 2 მარტს, საქართველოს განათლებისა და მეცნერების სამინისტროს თანხმობითა და კანონით დადგენილი სავალდებულო პროცედურების გატარების შემდეგ, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ო.ი-ი ჩაირიცხა ...-ის ფაკულტეტის 4-წლიან საბაკალავრო პროგრამაზე (დასრულების თარიღი - 2023 წლის 30 ივლისი). პალატის მითითებით, მართალია, აღნიშნული გარემოებები არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის ვალდებულებას, თუმცა მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე მითითება, მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ ქმნის სადავო აქტის საკმარის დასაბუთებას.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემულია ნორმატიულად დადგენილი პროცედურების სრული დაცვით. ბინადრობის სამართლებრივი ბუნება, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, ადმინისტრაციულ ორგანოს კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილების შერჩევის დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს. სააგენტოს მიერ, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით (2021 წლის 6 აპრილის №SSG 7 21 00043398 წერილი), „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დადგინდა მოსარჩელისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა. ამდენად, სააგენტომ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშედარების საფუძველზე მიიღო სადავო გადაწყვეტილება. სააგენტომ უპირატესობა მიანიჭა საჯარო ინტერესს, რადგან საკითხი ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის მოსაზრებით, საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება სააგენტოს მიერ მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის გაზიარების, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების სხვაგვარად დაუსაბუთებლობის შესახებ. მოქმედი სამართლებრივი რეგულაციებიდან გამომდინარე, სააგენტო მოკლებულია ისეთი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, რომლებიც სადავოს გახდის და გააბათილებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „ბ“ პუნქტი ითვალისწინებს უცხოელზე სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემას, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კონტრდაზვერვით საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ითვალისწინებს უცხოელის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხის შემქმნელი საქმიანობის განხორციელების და აღნიშნულის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის არსებობის შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 15 აპრილის №1000743975 გადაწყვეტილება (სადავო აქტი) სწორედ სააგენტოს მიერ გამოთხოვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის 6 აპრილის №SSG 7 21 00043398 წერილის საფუძველზე გამოიცა. ხსენებული წერილის შესაბამისად, მოსარჩელისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იმ ინფორმაციას, რომელიც საფუძვლად დაედო ო.ი-ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები არ ქმნის მოსარჩელის მიერ საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლიან ვარაუდს.
გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საქმეში დაცული შპს ... უნივერსიტეტის 2021 წლის 20 აპრილის №021/01/1209 ცნობის შესაბამისად, შპს ... უნივერსიტეტის მიერ, 2018 წლის 2 მარტს, საქართველოს განათლებისა და მეცნერების სამინისტროს თანხმობითა და კანონით დადგენილი სავალდებულო პროცედურების გატარების შემდეგ, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ო.ი-ი ჩაირიცხა ...-ის ფაკულტეტის 4-წლიან საბაკალავრო პროგრამაზე (პროგრამის დასრულების თარიღი - 2023 წლის 30 ივლისი). მართალია, აღნიშნული იმთავითვე არ ქმნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის ვალდებულებას, რადგან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიუხედავად, დაუსაბუთებელია სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლების არსებობა, არ დგინდება კერძო და საჯარო ინტერესების სათანადო ურთიერთშედარება. მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე მითითება, მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ ქმნის სადავო აქტის მართლზომიერების საფუძველს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები არ ქმნის მოსარჩელის მიერ საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლიან ვარაუდს.
ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ: 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 28 იანვრის №01054 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე