საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1186(კ-21) 6 აპრილი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, 2020 წლის 27 აგვისტოს, სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 23 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 1 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნენ ნ., ი, და შ.ს-ები.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 აგვისტოს განჩინებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშა, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, ხოლო მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციას − ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესებით (151.1 მუხ.). სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის ცვლილება ხორციელდება საზღვრის კორექტირებით (151.2 მუხ.). სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე (151.3 მუხ.). საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის წარმომშობი სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია 2012 წლის 1 იანვრამდე (151.4 მუხლი).
პალატამ დადგენილად მიიჩნია მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების №..., აქტისა და ... წლის ... იანვრის №..., საარქივო ცნობის საფუძველზე უძრავი ნივთის (ს/კ - ...(... კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი)) თანასაკუთრების უფლებით შ., ნ. და ი.ს-ბის საკუთრებად დარეგისტრირების ფაქტები.
სასამართლომ აგრეთვე მიუთითა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-11 პუნქტზე, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის №148 დადგენილებაზე, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილებაზე, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის №66 დადგენილების მე-2 პუნქტზე, სადავო რეგისტრაციის დროს მოქმედი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, საქართველოს იუსტიციიის სამინისტროს 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-14 მუხლის 33-ე პუნქტზე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას, ამავე უძრავი ქონების ტყის ფონდის ფარგლებში არსებობას, სადავოა მხოლოდ ის საკითხი, რომ მოსარჩელე არ მიიწვიეს ადმინისტრაციულ წარმოებაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით და 1994 წლის ტყეთმოწყობის მასალებით, სადავო მიწის ნაკვეთი რეგისტრაციისას ტყის ფონდის საზღვრებში მოექცა, თუმცა ნ.ს-მა თანხმობა განაცხადა კორექტირების შესახებ. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის წარმომშობი სარეგისტრაციო დოკუმენტი არის მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების №... აქტი, რომელიც გამოცემულია 2012 წლის 1 იანვრამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის მიერ დაცულია კანონის მოთხოვნები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ.
კასატორის მოსაზრებით, არ დასტურდება ნ.ს-ის 2017 წლის 21 დეკემბრის №... განცხადების განხილვისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების სათანადოდ შესწავლისა და გამოკვლევის ფაქტები. ამასთანავე, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირებით ამ ფართობის ამორიცხვის შესახებ ინფორმაცია სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის უცნობი იყო, ტყის კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება არამართლზომიერია. კასატორი აღნიშნავს, რომ ტყის ფონდის მიწების ამორიცხვით ტყის ფონდის შემცირება არა მხოლოდ საჯარო რეესტრში დაზუსტებული საკადასტრო ნახაზების წარდგენის გზით, არამედ, აგრეთვე, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სამთავრობო დაწესებულებებისა და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მონაწილეობით ხორციელდება.
კასატორი აგრეთვე მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საზღვრის კორექტირების სხვა შესაძლებლობაზე, რომლის შესაბამისად, საზღვრის კორექტირება შესაძლებელია მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის მიერ 2012 წლის 1 იანვრამდე გამოცემული, მიღებული ან შედგენილი საკუთრების უფლების წარმომშობი სარეგისტრაციო დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.
კასატორის მოსაზრებით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრები და სახელმწიფო ტყის ფონდის ნაკვეთების საიდენტიფიკაციო მონაცემები დადგენილია „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილებით, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ამ დადგენილებით განსაზღვრულ კოორდინატებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს ცვლის, უკავშირდება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების აუცილებლობას.
კასატორის მოსაზრებით, საფუძველს არის მოკლებული მიღება-ჩაბარების №... აქტის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების წარმომშობ დოკუმენტად მიჩნევა მაშინ, როდესაც ამავე აქტითა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით უტყუარად არ დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. აღნიშნული გარემოება კი, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქმნის მოპასუხე ადმინსიტრაციულ ორგანოს მიერ, მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენის მიზნით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისადმი მიმართვის საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების კორექტირების საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილების განხორციელების წესით განხორციელების შესახებ და მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, ხოლო მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციას − ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის ცვლილება ხორციელდება საზღვრის კორექტირებით, ხოლო მე-3 პუნქტების თანახმად, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ1’’ პუნქტის შესაბამისად ქონების მმართველი არის სამინისტრო, ქონების სააგენტო ან მათ მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირი (გარდა ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისა), რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესითა და ფორმით.
სადავო პერიოდში მოქმედი სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიმართვას წარუდგენს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
ამავე დადგენილების მე-4 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების საკითხს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებთან ერთად, შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ორგანო(ები)ს მიერ საკითხის შეთანხმების შემდგომ, სამინისტრო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული მისი უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების შესახებ და მიმართავს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირებისათვის. ამდენად, სამინისტრო არის ის უფლებამოსილი სუბიექტი, რომელსაც შეუძლია მიმართოს სარეგისტრაციო სამსახურს სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობის გაზრდის ან შემცირების (კორექტირების) შესახებ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტული პირობების არსებობის შემთხვევაში, ტყის საზღვრის კორექტირების სპეციალურ წესს ითვალისწინებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ტყის საზღვრის კორექტირებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, იმ შემთხვევაში, თუ მას მიმართავს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომლის უფლების დამდგენი დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია 2012 წლის 1 იანვრამდე.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს, ნ.ს-მა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ჭიათურა, სოფელი ...; ფართობი: 662 კვ.მ.) საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. ამავე განცხადებით ნ.ს-მა თანხმობა განაცხადა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის ტყის საზღვარში მოხვედრის შემთხვევაში ტყის ფონდის საზღვრის კორექტირებაზე. დადგენილია, აგრეთვე 1997 წლის 17 ნოემბრის მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების №... აქტისა და 2018 წლის 12 იანვრის №...საარქივო ცნობის საფუძველზე უძრავი ნივთის (ს/კ - ...(... კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი)) თანასაკუთრების უფლებით შ., ნ. და ი.ს-ლების საკუთრებად დარეგისტრირების ფაქტები. დადგენილია, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე დაფიქსირდა ზედდება სახელმწიფო ტყის ფონდთან.
1997 წლის 17 ნოემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №... აქტის შესაბამისად, თ.ს-ს სოფელ ...-ში გამოეყო 0.60 ჰა მიწის ნაკვეთი. ქუთაისის ცენტრალური არქივის 2018 წლის 12 იანვრის №... საარქივო ცნობის საფუძველზე დადგენილია, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ ჭიათურის რაიონის სოფელ ...-ნის 1986-1995, 1996-2000, 2001-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად მითითებულია თ.ს-ი. კომლის შემადგენლობაში სხვა წევრებთან ერთად ირიცხებიან მესამე პირები: ნ.ს-ი, ი.ს-ი და შ.ს-ი. 1986-1990 წლების მონაცემებით კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი 100 კვ.მ., აგებული 1955 წელს და 1986 წელს 041 ჰა, 1986-1990 წლებში 05 ჰა მიწის ნაკვეთი (ასეა დოკუმენტში). 1996-1998 წლებში კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, რეგისტრაცია, სხვა შემთხვევებთან ერთად, გულისხმობს რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით ნივთზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, აგრეთვე, ტყის ფონდის დადგენის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვას. სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (კანონის მე-8 მუხ. 1-ლი პუნქტ.), ხოლო განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია (კანონის მე-8 მუხ. მე-2 პუნქტ.). სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები (კანონის მე-2 მუხ. „ლ“ პუნქტ.), ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას (კანონის მე-2 მუხ. „კ“ პუნქტ.).
საკასაციო პალატა მიუთითებს აგრეთვე სადავო პერიოდში მოქმედი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ჩანაწერზე, რომლის შესაბამისად, განსახილველი შემთხვევა განეკუთვნება მიწის ნაკვეთზე უფლების სპორადულ რეგისტრაციას, რომელიც წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად (კანონის მე-5 მუხ. პირველი პუნქტ.). ამავე კანონის მე-3 მუხლის „მ“ პუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი არის პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა, ხოლო საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, წარმოადგენს ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი) (კანონის მე-3 მუხლის „ჟ“ პუნქტ.). ამავე კანონის მე-3 მუხლის „ნ“ პუნქტის შესაბამისად, მართლზომიერი მფლობელია ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა და რომელიც რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის ფაქტობრივად ფლობს ნივთს, ხოლო მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტს, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, წარმოადგენს საკომლო წიგნიდან ამონაწერი (კანონის მე-3 მუხლის „რ“ პუნქტი).
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე იყო „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წინაპირობები, რაც მარეგისტრირებელ ორგანოს ანიჭებდა რეგისტრაციის განხორციელების უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილების განხორციელების გარეშეც.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ იდენტურობის დადგენის შესახებ ბრძანების მომზადების შემდეგ მიღების შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის ჩანაწერზე, რომლის შესაბამისად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესადგენად უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელია ამ ნივთის მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი (1-ლი პუნქტ.), ხოლო საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა სისწორისთვის პასუხისმგებელია საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი (მე-2 პუნქტი). გასათვალისწინებელია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომლები პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე (კანონის მე-3 მუხ. მე-6 პუნქტ.).
საკასაციო პალატა მიუთითებს „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 აპრილის №521 ბრძანებაზე, რომელიც საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, განსაზღვრავდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებას, აგრეთვე, მის მიერ გაწეული მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებულ წესებსა და პირობებს. აღნიშნული ბრძანება მოქმედებდა „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მოქმედების ვადით. საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტი ძალადაკარგულად გამოცხადდა 2020 წლის 23 მაისს, ხოლო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია 2020 წლის 23 აპრილს, შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 აპრილის №521 ბრძანების მოქმედება ვრცელდება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 23 აპრილის №... (სადავო) გადაწყვეტილებაზე. ხსენებული ბრძანების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის, ფაქტების კონსტატაციის გარეშე. ამავე ნორმით დადგენილია რეესტრის აღნიშნული უფლებამოსილების გამომრიცხავი გარემოებები, რომელთა ჩამონათვალიც არ მოიცავს განსახილველ შემთხვევას. ამდენად, მართალია, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიმართ დელეგირებულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის უფლებამოსილება („საჭიროების შემთხვევაში“), თუმცა, ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, აღნიშნული ნორმატიული ჩანაწერი უპირობოდ არ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტისადმი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვის სავალდებულობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2018 წლის 4 მარტის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზითა და 2018 წლის 7 მარტის სიტუაციური ნახაზით დგინდება სადავო მიწის ნაკვეთის გეოგრაფიული მდებარეობა, კონფიგურაცია, საზღვრები, განლაგება, ფართობი, გვერდების ზომების მონაცემები, ასევე, დადგენილია მეზობელი მიწის ნაკვეთის მონაცემებთან მისი მიმართება. ამავე სიტუაციური ნახაზით უტყუარად დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მოქცეულია ტყის მასივის კონტურში, ამასთანავე, ზედდება ფიქსირდება მხოლოდ სახელმწიფო ტყის ფონდთან. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თავად შეაფასა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები და კანონის მოთხოვნათა დაცვით განახორციელა საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 აგვისტოს განჩინება;
3. სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს (ს/კ: 204578581) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 12 ნოემბერს №18280 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე