№ბს-149(კ-22) 20 აპრილი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ძ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2019 წლის 30 დეკემბერს ნ.ძ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის №04-2242/ო ბრძანება დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; ბ) დაევალოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნ.ძ-ის და მისი ოჯახის წევრების (განცხადებით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
სარჩელის თანახმად, ნ.ძ-ის 8 სულიანი ოჯახი, რომელიც შედგება 3 შვილის და 4 მცირეწლოვანი შვილიშვილისგან, არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. ცხოვრობენ ქირით მისამართზე ქ. თბილისი, ... მე-... კვარტალი, კორპ. ..., ბ. ... რეგისტრირებულნი არიან ერთ ოჯახად და მინიჭებული აქვთ იდენტური დევნილის სარეგისტრაციო ნომრები, ამასთან არიან სოციალურად დაუცველები. 2016 წელს მოსარჩელის ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე ქულის უსაფუძვლოდ შემცირების გამო, რაც დაკავშირებული იყო 845 ლარი შემოსავლის დაფიქსირებასთან. დევნილთა ბოლო განსახლების ეტაპზეც, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის №04-2242/ო ბრძანებით უარი ეთქვა მოსარჩელეს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო. მოსარჩელის 8-სულიან ოჯახს ეკუთვნოდა 4-ოთახიანი ბინა, რადგან 7.5 ქულა ჰქონდათ მინიჭებული, ხოლო 4-ოთახიანი ბინების გაცემა მოხდა 5 და მეტი ქულის მქონე დევნილ ოჯახებზე. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 სხდომის ოქმის მიხედვით ოჯახის ხელოვნურ გაერთიანებად მითითებულია ნ.ძ-ის ოჯახის შვილის ოჯახთან გაერთიანება, თუმცა მოსარჩელის შვილი და შვილიშვილები ყოველთვის მასთან ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ ამჟამადაც, ერთ ოჯახად არიან რეგისტრირებულნი დევნილთა ბაზაში, აქვთ ერთი სარეგისტრაციო ნომერი და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაშიც ერთ ოჯახად არიან რეგისტრირებულნი. წინა განსახლების ეტაპზეც მოსარჩელის შვილი და შვილიშვილები მასთან ცხოვრობდნენ და აღნიშნული არ გამხდარა უარის თქმის საფუძველი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3/10109-19, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოთი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის №04-2242/ო ბრძანება; მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ.ძ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებით აპელანტ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-15 მუხლებზე, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-6, მე-13, მე-14, მე-19, მე-20 მუხლებზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაზე (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 04/08/2021 №01-30/ნ ბრძანებით), ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებაზე, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-109/ნ ბრძანებაზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა, ნ.ძ-ე, როგორც იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი (დევნილი ოჯახი) ექვემდებარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (უფლებამონაცვლე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო) 2019 წლის 25 ნოემბრის №04–2242/ო ბრძანებით (დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე), დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N39) ნ.ძ-ეს ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივარსა და სადავო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში მითითებული შეფასება, დასკვნა - ,,ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო’’ - დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით, არ დასტურდება ნ.ძ-ის დევნილი ოჯახის ხელოვნური გაერთიანება. ის ფაქტი, რომ დევნილი ოჯახის ერთი წევრი, არსრულწლოვან შვილებთან ერთად, ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დროებით ცხოვრობს ყოფილი მამთილის სახლში, ხოლო მეორე სადავო პერიოდში არ იმყოფებოდა საქართველოში, სააპელაციო პალატის მითითებით არ წარმოადგენს, შესაბამისი კრიტერიუმების მქონე დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (უფლებამონაცვლე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო) 2019 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №04–2242/ო ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებული ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, არის კანონშეუსაბამო. შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელის მიმართ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს ფაქტი - მოსარჩელე ხელოვნურად აერთიანებდა თუ არა ოჯახს ქალიშვილის ოჯახთან. შესაფასებელ საკითხსაც ოჯახის ხელოვნური გაერთიანება წარმოადგენს, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამყარებული იქნა შესაბამისი წერილობითი მტკიცებულებებით და უტყუარად დადგინდა აღნიშნული. ორივე ინსატანციის სასამართლო გადაწყვეტილებაში ყურადღებას ამახვილებს და მიღებულ გადაწყვეტილებას აფუძნებს მოსარჩელის ნ.ძ-ის საცხოვრებელ მისამართზე 2020 და 2021 წლებში დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით (ქირა) განხორცილებულ მონიტორინგის ოქმებზე და განმარტავს, რომ სააგენტომ არასწორად უთხრა უარი მოსარჩელეს შვილის ოჯახთან ხელოვნური გაერთიანების გამო საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. კასატორის მითითებით, სადავო საკითხს წარმოადგენდა არა 2020 და 2021 წლებში დროებითი საცხოვრებლის დაქირავების მიზნით მოსარჩელის მისამართზე გახორციელებული მონიტორინგის ოქმები, არამედ 2019 წელს მოსარჩელის მისამართზე გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით რამოდენიმეჯერ განხორციელებული მონიტორინგი, როგორც ნ.ძ-ის მისამართზე, ასევე შვილის თ.გ-ის მისამართზე. აღნიშნული მონიტორინგის ოქმებიდან კი ირკვევა, რომ მოსარჩელე ოჯახს ხელოვნურად აერთიანებდა შვილის ოჯახთან, რომელიც ცხოვრობდა მეუღლის მისამართზე.
კასატორი მიიჩნევს, რომ წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ, მონიტორინგის აღწერის ფორმით, ადგილზე დათვალიერების და გასაუბრების ოქმით უტყუარად დასტურდება ოჯახის ხელოვნური გაერთიანება. ნ.ძ-ე ოჯახს ხელოვნურად აერთიანებს თავის შვილთან თ.გ-სთან, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს მისამართზე: ...-ის ქუჩა .., ბინა .., რომელიც 2015 წელს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მისმა სიძემ ნ.ლ-მა გაასხვისა მამაზე ბ.ლ-ზე, მაგრამ მისი მშობლები აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობენ. მოსარჩელის სიძის მშობლები ცხოვრობენ რუსთავში მისამართზე: ...-ის ..., კერძო სახლში (ს/კ ...-). მონიტორინგის სამსახური აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით იმყოფებოდა მოსარჩელის სიძის მშობლების მისამართზე ქ. რუსთავში. გასაუბრება მოხდა ნ.ლ-ის მამასთან ბ.ლ-თან, რომელმაც განაცხადა, რომ თავისი შვილის, რძლის გ.გ-ის და მათი 3 შვილის მისამართი მისთვის უცნობია. 2019 წლის 23 ივლისს მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა მოსარჩელის იმჟამინდელ მისამართზე: ქ. თბილისი, ...-ის მე-... შესახევევი კორპ. .., ბინა .., სადაც რეალურად მონიტორინგის სამსახურს დახვდა მოსარჩელე, შვილის თ.გ-ის შვილთან ერთად. გ.გ-ი თავის შვილებთან ერთად მისამართზე არ იმყოფებოდა. მესამე შვილი ა.ნ-ი 2014 წლიდან ფაქტობრივად არ ცხოვრობს საქართველოში, იმყოფება პორტუგალიაში. დამატებითი მოკლევის მიზნით 2019 წლის 3 ოქტომბერს ჯგუფი იმყოფებოდა მოსარჩელის შვილის გ.გ-ის ყოფილი მეუღლის მისამართზე: ...ის ქ. .., ბინა .., სადაც ადგილზე დახვდათ თავად გ... შვილებთან ერთად. გ...-ს განმარტებით იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მეუღლესთან ნ.ლ-სთან 2011 წლიდან, განქორწინება არ მომხდარა, თუმცა ერთად არ ცხოვრობენ 2016 წლიდან, მაგრამ რადგან ბავშვები სკოლაში და ბაღში დადიან ...-ე საჯარო სკოლაში და ...-ე ბაღში, რომელიც მდებარეობს კორპუსთან ახლოს, მამამთილმა დაუთმო ბინა დროებით, თავად კი ცხოვრობს რუსთავში, კერძო სახლში, მისამართზე: ...-ის ქ. ...
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ უგულებელყო ყველა ის მტკიცებულება თუ ფაქტობრივი გარემოება, რომელიც წარმოდგენილი იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას და 2020-2021 წლებში შევსებულ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმას. სასამართლომ არ გაითვალისწინა 2 განსხვავებულ მისამართზე ცხოვრების შეუძლებლობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ეს მისამართები დაშორებულია ერთმანეთს. ნ.ძ-ის საცხოვრებელი მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ...-ის მე-... შესახევევი კორპ. ..., ბინა ... და გ.გ-ის და მისი შვილების კი - ქ. თბილისი, ...-ის ქ..., ბინა .., რომელიც იყო მისი მეუღლის საკუთრება (ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ნ.ლ-მა გადასცა მამას ბ.ლ-ს).
კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნევს, რომ პირი განიხილება კონკრეტული ოჯახის წევრად იმ შემთხვევაში, თუ იგი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მუდმივად ცხოვრობს განცალკევებულ ფართში და მათთან ერთად ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის საკითხის განხილვისას მის მისამართზე გ.გ-ი და მისი 3 არასრულწლოვანი შვილი ფაქტობრივად არ ცხოვრობდნენ. ამდენად, ისინი კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ერთ ოჯახს არ წარმოადგენენ. კანონის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია არა ერთი სარეგისტრაციო ნომრის არსებობა, არამედ ნათესაური ან თუნდაც არანათესაური კავშირის მქონე პირების მუდმივად ერთად ცხოვრება და შინასამეურნეო საქმიანობის ერთად განხორციელების ფაქტის არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს №320 ბრძანებით დამტკიცებულ დანართი №8-ზე საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტებზე დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობაზე, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ 7-8 წევრიანი დევნილი ოჯახისთვის, მინიმალური საორიენტაციო ფართის ოდენობა შეადგენს 85-100 კვ.მ (ოთხ ოთახიანი), ხოლო 3-4 წევრიანი დევნილი ოჯახისათვის მინიმალური საორიენტაციო ფართის ოდენობა შეადგენს 45-60 კვ.მ (ორ ოთახიანი). მოცემულ შემთხვევაში ოჯახის შემადგენლობა გამოკვლეულ იქნა მონიტორინგის სამსახურის მიერ. ოჯახი შედგება არა 8 სულისგან, არამედ 4 სულისგან, საიდანაც ერთი წევრი ა.ნ-ი საერთოდ 2014 წლიდან საზღვარგარეთ იმყოფება. შესაბამისად, მოსარჩელე წარმოადგენდა არა 4-ოთახიანი ბინის კანდიდატს, არამედ ორ ოთახიანის.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამ მიზნით სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. მითითებულ ნორმათა სამართლებრივია..ლიზის საფუძველზე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ.ძ-ე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მასზე გაცემულია დევნილის მოწმობა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის №04-2242/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39) ნ.ძ-ეს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომის ოქმით ასევე დგინდება, რომ ნ.ძ-ეს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე შვილის ოჯახთან ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო (დაემატა: სიღარიბის მაჩვენებელში მინიჭებული - 1,5 ქულა).
საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოსარჩელის შვილის ოჯახთან ხელოვნური გაერთიანების თაობაზე.
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ნ.ძ-ის (დაბადების თარიღი ... თებერვალი, ... წელი), მისი შვილების - ა... (დაბადების თარიღი ... ნოემბერი, ... წელი), გ... (დაბადების თარიღი ... დეკემბერი, ... წელი) და თ... (დაბადების თარიღი ... მარტი, ... წელი) გ-ის და შვილიშვილების - მ... (დაბადების თარიღი ... თებერვალი, ... წელი), ბ... (დაბადების თარიღი ... ივნისი, ... წელი), ბ... (დაბადების თარიღი ... იანვარი, ... წელი) ლ...-ის და ე.ბ-ის (დაბადების თარიღი ... ივნისი, ... წელი) სახელზე გაცემულია დევნილის მოწმობები, რომელთა თანახმად მათი ოჯახის სარეგისტრაციო ნომერი არის ... (ტ.1. ს.ფ. 15, 162).
დადგენილია, რომ 2013 წლის 2 დეკემბერს, ნ.ძ-ემ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. განმცხადებელმა ოჯახის შემადგენლობაში მასთან ერთად მიუთითა: შვილები - ა..., გ... და თ.გ-ები; შვილიშვილები - მ... და ბ.ლ-ები. ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: ქ. თბილისი, ...-ის მე-... მასივი, კვარტ. ..., კ. ..., ბ. ... 2017 წლის 13 სექტემბერს დამატებით მიმართა განცხადებით სამინისტროს და ითხოვა წარდგენილ განცხადებაში დაემატებინათ მისი შვილიშვილი - ე.ბ-ი (თ.გ-ის შვილი) (ტ.1. ს.ფ. 64-65, 66-67, 129-130).
საქმეში წარმოდგენილი საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...-ის მე-... მას., მე-... კვ., კორპ. №..., ბინა №../..-ში მდებარე უძრავ ქონებაში ქირით ცხოვრობდნენ ა.გ-ი, მისი შვილი - ნ,გ-ი (ნ.ძ-ის აწ. გარდაცვლილი მეუღლე, გარდაცვალების თარიღი ... წლის ... ივლისი), რძალი - ნ.ძ-ე და შვილიშვილები -ა.., გ... და თ.გ-ები (ტ.1. ს.ფ. 86, 88; ტ.2. ს.ფ. 133, 130).
დადგენილია, რომ 2016 წლის 9 მარტს, 18 აგვისტოს და 3 სექტემბერს განხორციელდა ნ.ძ-ის ოჯახის გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგი მისამართზე: ქ. თბილისი, ...-ის მე-... მასივი, კვარტ. .., კ. .., ბ. .., მესაკუთრე გ.მ-ი (ტ.1. ს.ფ. 171-177, 178-174, 163-169, 205).
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, გ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ნ.ძ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას ქ. თბილისში, ...-ის დასახლება, მე-... მასივში, მე-... კვარტალში, №... კორპუსში მდებარე ბინა №.., ს/კ №... და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე - გ.მ-ს (ტ.1. ს.ფ. 252-253, 205).
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით მ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ნ.ძ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ნივთი მდებარე: ქ. თბილისში, დასახლება ...-ი, მასივი ..., კვარტალი .., კორპ. .., ბინა №... (ს/კ: №....) და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე - მ.გ-ს (ტ.1. ს.ფ. 250-251, 203).
დადგენილია, რომ 2019 წლის 23 ივლისს განხორციელდა ნ.ძ-ის ოჯახის გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგი მისამართზე: ქ. თბილისი, ...-ას მე-... კვ., კორპუსი ..., ბინა №.../ამჟამინდელი: ქ. თბილისი, ...-ის ... შესახ. კორპ. ..., ბ. ... მონიტორინგის განხორციელებისას განმცხადებელმა - ნ.ძ-ემ განმარტა, რომ 2019 წლის 3 მარტიდან იხდიან ქირას 800 ლარს, მანამდე ცხოვრობდნენ ...-ის მე-... მასივში, ... კვარტ. მულის ქმრის - გ.მ-ის ბინაში, ... წლის მანძილზე (ტ. 1. ს.ფ. 185-191).
საქმეში წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 2018 წლის 2 აგვისტოს გადამოწმების შედეგად ნ.ძ-ის ოჯახს მიენიჭა 6 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1,5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები: 4 არასრულწლოვანი - 3 ქულა, სოციალური კრიტერიუმი: 60001-65000 შორის სარეიტინგო ქულით - 1,5 ქულა). კრიტერიუმების შეფასების განყოფილებაში ასევე მითითებულია შენიშვნის სახით, რომ სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს სამი შვილი და ოთხი შვილიშვილი. განაცხადს აკეთებს მათთან ერთად. განცხადების საფუძველზე განაცხადში დაემატა შვილიშვილი - ე.ბ-ი. განცხადების საფუძველზე განაცხადი შეფასდა დისშვილის - ლ.გ-ის გარეშე. სიძეს - ნ.ლ-ს გააჩნდა საკუთრება: ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №.., მე-... სართული, ბინა №... (113.20 კვ.მ.), რომელიც ჩუქების ხელშეკრულებით გაასხვისა მამაზე - ბ.ლ-ზე 09.07.2015 წელს. ნ.ძ-ე გამოსახლებული იქნა ბინიდან მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, დასახლება ..., მასივი .., კვარტალი .., კორპ. ..., ბინა №.., აღნიშნული ფართი ეკუთვნის ნ.ძ-ის მულს - მ.გ-ს. ნ.ძ-ე ცხოვრობს მისამართზე ქ. თბილისში, დასახლება ..., მასივი .., კვარტალი .., კორპ. .., ბინა №.., რომელიც ეკუთვნის გ.მ-ს (ტ. 1, ს.ფ. 57-59).
დადგენილია, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 2019 წლის 5 აგვისტოს გადამოწმების შედეგად ნ.ძ-ის ოჯახს მიენიჭა 6.00 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ნაქირავები - 1,5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები: 4 არასრულწლოვანი - 3 ქულა; სოციალური კრიტერიუმი: 60001-65000 შორის სარეიტინგო ქულით - 1,5 ქულა). კრიტერიუმების შეფასების განყოფილებაში ასევე მითითებულია შენიშვნის სახით, რომ სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს სამი შვილი და ოთხი შვილიშვილი. განაცხადს აკეთებს მათთან ერთად. განცხადების საფუძველზე განაცხადში დაემატა შვილიშვილი - ე.ბ-ი. განცხადების საფუძველზე განაცხადი შეფასდა დისშვილის - ლ.გ-ის გარეშე. სიძეს - ნ.ლ-ს გააჩნდა საკუთრება: ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №.., მე-... სართული, ბინა №... (113.20 კვ.მ.), რომელიც ჩუქების ხელშეკრულებით გაასხვისა მამაზე -ბ.ლ-ზე 09.07.2015 წელს (ტ. 1, ს.ფ. 57).
დადგენილია, რომ მონიტორინგის ჯგუფი დამატებითი მოკვლევის მიზნით 2019 წლის 3 ოქტომბერს გამოცხადდა ნ.ძ-ის შვილის - გ.გ-ის ყოფილი მეუღლის - ნ.ლ-ის მიერ გასხვისებული ბინის მისამართზე: ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №.., ბინა №... (113.20 კვ.მ.). მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა გ.გ-ი შვილებთან - ბო. და ბა. ლ.ი-ებთან ერთად, ხოლო მ.ლ-ი, მისი თქმით, იმყოფებოდა ბებიასთან - ნ.ძ-ესთან. გ.გ-ის განმარტებით, ნ.ლ-თან 2011 წლიდან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. არ განქორწინებულან, თუმცა ერთად აღარ ცხოვრობენ 2016 წლიდან. ასევე განმარტა, რომ ვინაიდან ბავშვები დადიან №... საჯარო სკოლაში და №.. ბაღში, რომელიც მდებარეობს კორპუსთან ახლოს, მამამთილმა ბინა დაუთმო დროებით. მისი თქმით, ყოფილი მეუღლე ცხოვრობს რუსთავში (ტ. 1, ს.ფ. 193).
დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №.., ბინა №... (ფართით 113.20 კვ.მ.). საკუთრების უფლებით 2010 წლის 30 დეკემბრიდან აღრიცხული იყო ნ.ლ-ის სახელზე, ხოლო შემდგომ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 13 ივლისიდან აღირიცხა ბ.ლ-ის სახელზე (ტ.1. ს.ფ. 194-197).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 საოქმო გადაწყვეტილებით, ნ.ძ-ეს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო, შვილის ოჯახთან (დაემატა: სიღარიბის მაჩვენებელში მინიჭებული - 1, 5 ქულა) (ტ. 1, ს.ფ. 24-30).
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის №04-2242/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39), ნ.ძ-ეს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ტ. 1, ს.ფ. 23).
საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის თანახმად ნ.ძ-ის ოჯახი ცხოვრობს მისამართზე: ქ. თბილისი, ... რაიონი, მასივი .., კვარტალი .., კორპ. .., ბინა №.. და შედგება 4 პირისაგან - ნ.ძ-ე, გ.გ-ი, თ.გ-ი, ა.ნ-ი. მოწმობის გაცემის თარიღია 2008 წლის 10 სექტემბერი, სარეიტონგო ქულა არის 78000 (ტ.1. ს.ფ 100).
საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის თანახმად ნ.ძ-ის ოჯახი ცხოვრობს მისამართზე: ქ. თბილისი, ... რაიონი, მასივი .., კვარტალი .., კორპ. .., ბინა №... და შედგება 7 პირისაგან - ნ.ძ-ე, გ.გ-ი, თ.გ-ი, მ.ლ-ი, ბ.ლ-ი, ე.ბ-ი, ბ.ლ-ი. სარეიტონგო ქულა არის 61500. დეკლარაციის შევსების თარიღი 2017 წლის 18 თებერვალი (ტ.1. ს.ფ. 143).
საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის თანახმად ნ.ძ-ის ოჯახი ცხოვრობს მისამართზე ქ. თბილისი, ...-ას ... კვ., კორპუსი .., ბინა №... და შედგება 7 პირისაგან - ნ.ძ-ე, გ.გ-ი, თ.გ-ი, მ. ლ-ი, ბ.ლ-ი, ე.ბ-ი, ბ.ლ-ი. სარეიტონგო ქულა არის 1000. დეკლარაციის შევსების თარიღი 2019 წლის 22 აპრილი (ტ.1. ს.ფ. 16).
საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების ფაქტი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა - ,,ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო’’ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით, არ დასტურდება ნ.ძ-ის დევნილი ოჯახის ხელოვნური გაერთიანება და ის ფაქტი, რომ დევნილი ოჯახის ერთი წევრი, არასრულწლოვან შვილებთან ერთად, ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დროებით ცხოვრობს ყოფილი მამამთილის სახლში, ხოლო მეორე - სადავო პერიოდში არ იმყოფებოდა საქართველოში, არ წარმოადგენს, შესაბამისი კრიტერიუმების მქონე დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებული იყო, წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაედგინა დევნილის საცხოვრებელი პირობები და სათანადოდ გადაეწყვიტა ნ.ძ-ის დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არასრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გამო ვერ განხორციელდა ნ.ძ-ის დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება. შესაბამისად, სახეზეა 2019 წლის 25 ნოემბრის №04-2242/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის მიმართ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე