Facebook Twitter

ბს-953(კ-20) 13 მაისი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2020წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 11.05.2018წ. სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მ.ა-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.04.2018წ. №... გადაწყვეტილების და რეგისტრაციის შესახებ 18.04.2018წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.2018წ. გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2020წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) სახელმწიფოს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №... ( 22.09.2012წ.) წერილის საფუძველზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო წარდგენილი სიებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, დანართში მითითებულ ფართობებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სიაში, სხვა პირებთან ერთად, მითითებულია მ.ა-ი, ამასთანავე, 28.03.1994წ. №2-237 პრივატიზაციის ხელშეკრულების თანახმად, გარდაბნის რაიონის სოფელ ...-ში ფაბრიკის წარმომადგენელმა, 01.02.1992წ. დადგენილების საფუძველზე, უსასყიდლოდ გადასცა საკუთრებაში მ.ა-ს გარდაბნის რაიონში, სოფელ ...-ში ფაბრიკის კუთვნილი ბინა, ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე 21.02 კვ.მ. ერთოთახიანი ბინა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ წარმოადგენს აღნიშნულ ქონებაზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში უფლების დამდგენი დოკუმენტია პრივატიზაციის ხელშეკრულება, ამასთანავე, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების თანახმად, სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე აღრიცხულია მ.ა-ის უფლება. რომლის საერთო ფართი შეადგენს 56.24 კვ.მ.-ს. 02.11.2017წ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ...-ის ადმინისტრაციული ერთეულის №14618-04 ცნობის, 03.11.2017წ. უძრავი ქონების ადგილმდებარეობის დადასტურების ოქმისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ...-ის ადმინისტრაციული ერთეულის 01.02.2018წ. №04/882 ცნობის თანახმად, მ.ა-ი წლების განმავლობაში ფლობს და განაგებს სარეგისტრაციო უძრავ ნივთს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 21 კვ.მ. და №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი 51,27 კვ.მ. ფართი, მ.ა-ის მიერ სართულებრივ გეგმაზე მონიშნული ფართობი და №... სარეგისტრაციო განცხადებას დართულ შიდა აზომვით ნახაზზე ასახული ფართობები ერთმანეთს შეესაბამება. ამდენად, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში ცვლილების შეტანა და მ.ა-ის თანასაკუთრების უფლების დარეგისტრირება 51.27 კვ.მ. ფართზე სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, შესაბამისად მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. უფლების დამდგენი დოკუმენტით - 28.03.1994წ. ხელშეკრულებით დასტურდება, რომ მ.ა-ს უსასყიდლოდ გადაეცა ...-ის ...ის კუთვნილი 21 კვ.მ. საცხოვრებელი ერთოთახიანი ბინა. სასამართლომ 03.11.2017წ. ადგილმდებარეობის დადასტურების ოქმსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ...-ის ადმინისტრაციული ერთეულის 01.02.2018წ. ცნობაზე მითითებით აღნიშნა, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 21 კვ.მ. და №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი 51,27 კვ.მ. ფართი ერთმანეთს შეესაბამება. სადავო არ არის ქონების ადგილმდებარეობა და მ.ა-ის მიერ სადავო საცხოვრებელი სადგომის ფლობა, თუმცა მითითებული მტკიცებულებები არ წარმოადგენს იმგვარი სახის მტკიცებულებებს, რომლებითაც დადასტურდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული და მოთხოვნილი ფართების იდენტურობა. კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.04.2017წ. განჩინებაზე (საქმე ͏№ას-730-698-2016) და აღნიშნა, რომ „სასამართლო გადაწყვეტილებების ხარისხის შესახებ“ ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (ემსს) №11 (2008) დასკვნის 34-36-ე და 38-ე პუნქტების შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. გადაწყვეტილების ხარისხი უმთავრესად მის დასაბუთებულობაზეა დამოკიდებული.დასაბუთება (არგუმენტების მოყვანა) უნდა ემყარებოდეს მხარის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებს, რაც აისახება მათ სარჩელებსა და მათ შესაგებლებში. ეს აუცილებელი გარანტიაა იმისა, რომ მხარეები დარწმუნდნენ, რომ სასამართლომ იმსჯელა მათ მოთხოვნებზე და მიიღო ისინი მხედველობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეში დაცული მასალებით 28.03.1994წ. ფაბრიკის წარმომადგენელსა და მ.ა-ს შორის, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.1992წ. დადგენილების საფუძველზე, დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მ.ა-ს უსასყიდლოდ გადაეცა გარდაბნის რაიონში, სოფ. ...-ში მდებარე ...ის კუთვნილი 21,02 კვ.მ. ბინა. 1994წ. მარტში გაცემული ტექნიკური პასპორტის მიხედვით, მ.ა-ის სახელზე აღრიცხული იქნა გარდაბანში სოფ. ...-ში მდებარე 56,24 კვ.მ. ფართი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლით დადგენილია უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენა ხანდაზმულობით. მითითებული ნორმის თანახმად, თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს. იმავე კოდექსის 1507.4 მუხლის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსის 165-ე-168-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობით საკუთრების შეძენის ვადა აითვლება 1993 წლის 23 ივლისიდან - საკუთრების უფლების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებიდან. უძრავ ნივთზე ხანდაზმულობით საკუთრების უფლების შეძენას ითვალისწინებდა მანამდე მოქმედი 15.07.1993წ. „საკუთრების უფლების შესახებ“ კანონიც (ძალადაკარგულია 26.06.1997წ. №786 კანონით). სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებდნენ ტექნიკური ინვეტარიზაციის ბიუროები. ამდენად, საქმეში დაცული მასალებით დგინდება რეგისტრაციის არსებობა თხუთმეტი წლის განმავლობაში.

30.10.2017წ. მ.ა-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა გარდაბანში, სოფ. ...-ში მე-... ქ. №... ბინა ...-ზე (51,27კვ.მ. ფართზე) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის 02.11.2017წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება, ხოლო აზომვით ნახაზზე მითითებული მისამართი საჯარო რეესტრის მონაცემებით არ იძებნება. სოფ. ...-ში გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 02.11.2017წ. ცნობის თანახმად, მ.ა-ი ნამდვილად ცხოვრობს სოფ. ...-ში, ...ის დასახლებაში, კორ. ...-ში, ახალი დამისამართებით არის გარდაბნის რაიონი, სოფ. ...-, მე-... ქ. კორ. ..., ბინა .. . სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში 03.04.2018წ. შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმში ასახული დათვალიერების მონაწილე პირთა განმარტებებით დასტურდება მ.ა-ის მიერ სადავო ფართის 1989 წლიდან ფლობის ფაქტი. ამდენად, საქმეში დაცული მასალებით, გარდა თხუთმეტი წლის განმავლობაში რეგისტრაციის ფაქტისა, დგინდება ამ ხნის მანძილზე მ.ა-ის მიერ სადავო უძრავი ნივთის ფლობის ფაქტი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციო ფართის ფლობის ფაქტს კასატორი სადავოდ არ ხდის. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის 04.04.2018წ. სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფ. ...-ში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) ადგილზე დათვალიერებისას დადგინდა, რომ მესაკუთრის მიერ წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზი და ტექ.ბიუროს ნახაზზე მონიშნული ფართი შეესაბამება რეალობას, ასევე, ...-ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის 01.02.2018წ. ცნობის მიხედვით, 28.03.1994წ. მ.ა-ზე პრივატიზებული ბინა და ის ბინა, რომელშიც ცხოვრობს, არის ერთი და იგივე ბინა, აღნიშნულ ბინას მ.ა-ი ფლობს 1990 წლიდან დღემდე, შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება ხელშეკრულებით გათვალისწინებული და მოთხოვნილი ფართების იდენტურობის დასადასტურებლად არასაკმარისი მტკიცებულებების თაობაზე. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში ცვლილების შეტანა და მ.ა-ის უფლების რეგისტრაცია 51.27 კვ.მ. ფართზე სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2020წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. აბუსერიძე