Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე ბს-№656(კ-21) 24 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ხ. ჩ-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი

მესამე პირები - გორის მუნიციპალიტეტის მერია, თ. ჩ-ი, თე. ჩ-ი, მ. ჩ-ი, მა. ჩ-იი, მ. ჩი-ი და გ. ჩ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ. ჩ-იმა 2020 წლის 1 ოქტომბერს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1656 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თ., თე. და მ. ჩ-იების სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 4 ივლისის №... გადაწყვეტილების, საერთო სარგებლობის საუბნო გზის ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნით.

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ: გორის მუნიციპალიტეტი, თ. ჩ-ი, თე. ჩ-ი, მ. ჩ-ი და დ. ჩ-ი (უფლებამონაცვლე ხ. ჩ-ი).

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ასევე ჩაებნენ: მა. ჩ-იი, მ. ჩი-ი და გ. ჩ-ი.

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ხ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება მესამე პირის - დ. ჩ-ის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით, გარდაცვლილი მესამე პირის - დ. ჩ-ის (პ/ნ ...) უფლებამონაცვლედ დადგინდა ხ. ჩ-ი (პ/ნ ...) და განახლდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ. ჩ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გაიზიარა მარეგისტრირებელი ორგანოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან ე.წ. ყვითელი ფენებში არ იყო ასახული საერთო სარგებლობის საუბნო გზა, კანონიერად განხორციელდა მესამე პირების სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კასატორი მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ ხსენებული ნორმა აწესრიგებს სწორედ იმ სამართლებრივ პრობლემას, როდესაც რეგისტრაციის მასალებში, მათ შორის ე.წ. ყვითელ ფენებში ასახული არ არის საერთო სარგებლობის გზები და გარკვევით არის მითითებული კონკრეტულად საკადასტრო მონაცემების მნიშვნელობა როგორც დამატებითი და არა სავალდებულო ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას მიწის ნაკვეთის მდებარეობის და არა საზღვრების დასადგენად. საკასაციო საჩივრის მიხედვით, მოცემული საქმის შემთხვევაში ე.წ. ყვითელი ნახაზი შედგენილია 1999 წელს, რაც აშკარად არ შეესაბამება მიწების არც მაშინდელ და არც ახლანდელ რეალურ გეოგრაფიულ მდგომარეობას. საქმეში წარმოდგენილ სურათებზე და რუკებზე აშკარად ჩანს, რომ სადაო გზა არის საჯარო და ის არავის კერძო საკუთრებას არ წარმოადგენდა. კასატორი მიუთითებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის და მისი ზედამხედველობის სამსახურის წერილებზე, სურათებზე და რუკებზე და აღნიშნულით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გეოგრაფიულად კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გადის საჯარო/საერთო სარგებლობის გზა, შესაბამისად აღნიშნულის კერძო პირთა საკუთრებაში მოქცევით ილახება მისი უფლებები, მით უფრო მაშინ, როდესაც სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ მოსარჩელე და მესამე პირები სადავო გზას წლების განმავლობაში იყენებდნენ საერთო სარგებლობისთვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; VaN de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე უფლებები, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციის მიღებამდე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირველადი რეგისტრაციის დაჩქარებისა და მარტივი წესით განხორციელებისათვის მოქმედებდა „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულება (ძალადაკარგულია 22/05/2007 წლიდან), რომლის მე-4 მუხლის თანახმად, 1999 წლიდან საგადასახადო სია წარმოადგენდა იმ სახის დოკუმენტს, რომელიც მხარეს ანიჭებდა შესაძლებლობას, კანონმდებლობის საფუძველზე, მოეთხოვა უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია, რა დროსაც რეგისტრატორს სარეგისტრაციოდ უნდა გამოეყენებინა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია. ამასთან საგულისხმოა, რომ პირველადი რეგისტრაციის განხორციელების დროს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა რეგისტრაციისთვის განმცხადებლის მიერ ელექტრონული საკადასტრო - აზომვითი ნახაზის წარდგენის ვალდებულებას.

რაც შეეხება უშუალოდ რეგისტრაციის განხორციელებას საჯარო რეესტრის ჩამოყალიბებამდე (2004წ.) ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" კანონის (ძალადაკარგულია 20/09/2007 წლიდან) მე-4 მუხლი ადგენდა რეგისტრაციის წესს, კერძოდ, საკუთრების ან სარგებლობის უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ კანონის საფუძველზე მიენიჭა ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, პირველადი რეგისტრაციის ფორმით რეგისტრირდებოდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზეღდულეთის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია თ. გ.-ს ძე ჩ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მ. და თე. ჩ-იები (შვილები). გორის არქივის 2017 წლის 1 ნოემბრის № 27/170863 და 2019 წლის 18 ივნისის № 27/70002 მიმართვების, მიწის № 088 და 089 საგადასახადო სიებისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ოჯახის წევრების თანხმობით, 2019 წლის 4 ივლისს თ., თე. და მ. ჩ-იების სახელზე დაზუსტებული რეგისტრაციით (ე. წ. წითელი ფენა) აღირიცხა 2003 წლის 26 აგვისტოს მიწის მართვის დეპარტამენტში მათ სახელზე სისტემური რეგისტრაციით №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული 810 კვ.მ. და 845 კვ.მ. მიწის ნაკვეთები (ე. წ. ყვითელი ფენა), სულ 1656 კვ.მ. საკადასტრო კოდით ... ( ტ.1, ს. ფ. 18).

2020 წლის 1 დეკემბერს მომზადებული სიტუაციური ნახაზით (ტ.1, ს. ფ. 201) დადგენილია, რომ თ., თე. და მ. ჩ-იების სახელზე 2003 წლის 26 აგვისტოდან მიწის მართვის დეპარტამენტში სისტემური რეგისტრაციით №... და №... საკადასტრო კოდებით აღრიცხულ მიწის ნაკვეთებზე საერთო სარგებლობის გზა არ ფიქსირდება.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, ვინაიდან მიწის ნაკვეთების საგადასახადო სიებსა და სისტემური რეგისტრაციის განხორციელებისას შედგენილ ყვითელ ფენებზე ასახული თ. ჩ-ის (რომლის კომლის შემადგენლობაშიც ირიცხებიან მ. და თე. ჩ-იები) გადაცემული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია, სადაც არ ფიქსირდება საერთო სარგებლობის საუბნო გზის არსებობა, სრულად ემთხვევა ამჟამად თე., თ. და მ. ჩ-იების საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციასა და საზღვრებს, შესაბამისად, გამოირიცხება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ 2019 წლის 4 ივლისის №... სარეგისტრაციო გადაწყვეტილების მიღებისას სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სარეგისტრაციოდ წარდგენილი და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, რა გარემოებაც მართებულად დაედო საფუძვლად ხ. ჩ-ის სარჩელის უარყოფას.

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2020 წლის 26 ოქტომბრის №006544920 დასკვნას, რომელშიც ასახულია მხოლოდ ფაქტობრივი მდგომარეობა იმის შესახებ, რომ დ. და ხ. ჩ-იების (აგრეთვე თანამესაკუთრეების) სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 3339 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სამხრეთ ნაწილში, ავტომობილით მოხვედრა ფაქტობრივი მდგომარეობით შეუძლებელია, და მიწის ნაკვეთს (სამხრეთ ნაწილს) და შენობა - ნაგებობებს, ფაქტობრივი მდგომარეობით, არ გააჩნიათ საავტომობილო კავშირი საჯარო გზასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასკვნაში ასახული ფაქტები გავლენას ვერ იქონიებს სადავო საკითხთან მიმართებით. იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია მესამე პირების სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერება და მათი საკუთრების უფლების რეგისტრაციისას არ გამოვლენილა საერთო სარგებლობის შიდა საუბნო გზის რეგისტრაციის ფაქტი, პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული სანივთო უფლებების გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ხ. ჩ-ის საკასაციო საჩივარზე 29.06.2021წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი - უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მესამე პირების - თე. ჩ-ის, თ. ჩ-ის და მ. ჩ-ის წარმომადგენელმა ზ. მ-იმა საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი საკასაციო შესაგებლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, მისი მარწმუნებლების მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 1000 ლარის ხ. ჩ-ისთვის დაკისრების თაობაზე იშუამდგომლა.

თე. ჩ-ის, თ. ჩ-ის, მ. ჩ-ისა და ზ. მ-ის შორის 2021 წლის 28 ივლისს დადებული ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა განისაზღვრა 1000 ლარით. საქმეში წარმოდგენილია თანხის გადახდის 2021 წლის 29 ივლისის №11 ელექტრონული ქვითარი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

პალატა აღნიშნავს, რომ ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ სარჩელის მთლიანად ან/და ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხე მხარეს, მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი დაეკისროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც აქვს მხარეს წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების გადახდის საფასურის დამადასტურებელი მტკიცებულება, რამეთუ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დავის საგანი (საქმის კატეგორია), საქმის სირთულე, განხილვის ხანგრძლივობა და ა.შ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, მოცემულ შემთხვევაში, დავის სირთულისა და წარმომადგენლის მიერ საკასაციო სასამართლოში გაწეული მომსახურების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი შეამოწმა მხარეთა მონაწილეობის გარეშე, ხ. ჩ-ის თე. ჩ-ის, თ. ჩ-ის და მ. ჩ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მათ მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის - 150 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განჩინება;

3. კასატორს - ხ. ჩ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 29.06.2021წ. №... საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. ხ. ჩ-ის (პ/ნ ...) თე. ჩ-ის, თ. ჩ-ის და მ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მათ მიერ საკასაციო სასამართლოში ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის - 150 ლარის ანაზღაურება;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა