Facebook Twitter

ბს-1030(კ-20) 13 მაისი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 16.06.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ზ. გ-ეის და ს. გ-ეის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ზ. გ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.07.2015წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე 28.07.2015წ. ზ. გ-ესა და ს. გ-ეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.07.2016წ. განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ზ. გ-ეისა და ს. გ-ეის მიმართ 28.07.2015წ. დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.07.2016წ. განჩინებით, სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ზ. გ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.03.2018წ. განჩინებით, სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ს. გ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.06.2018წ. გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2019წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობის ტექნიკურ აღრიცხვა-დახასიათებას, ინვენტარიზაციასა და პასპორტიზაციას ახორციელებდნენ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურები და ამ მონაცემებს წარუდგენდნენ საჯარო რეესტრის სამსახურს, რომელიც ახდენდა უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციას. საქართველოს პრეზიდენტის 28.09.2004წ. ბრძანებულებით, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურების ლიკვიდაციის გამო, ამ სამსახურებში არსებულ მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და არქივის მასალები გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლის ჩამოყალიბებამდე, ანუ 1998 წლის 10 იანვრამდე ტექნიკური აღრიცხვის სამსახურების კომპეტენციას მიეკუთვნებოდა უძრავ ქონებაზე, მათ შორის მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე უფლების რეგისტრაცია, შესაბამისად ტექნიკური აღრიცხვის სამსახურებში უძრავი ქონების კონკრეტული პირის სახელზე რეგისტრაცია წარმოშობდა ამ პირის კანონიერ უფლებას რეგისტირებულ უძრავ ქონებასთან მიმართებაში. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში დაცული მონაცემების თანახმად, ქ. თბილისში, ...ის (...ის) ქ. №...-ში მდებარე 370 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე დამაგრებულ ლიტერებზე (ლიტ. „ა“ (საცხ.), ლიტ. „ბ“, „გ“ და „დ“ (დამხმარე), აგრეთვე ლიტ. „ვც“ (საპირფარეშო)) მესაკურედ/მოსარგებლედ აღრიცხულნი არიან გ. თ-ი (32/43 ნაწილი) და ზ. გ-ე (11/43 ნაწილი). ამდენად, მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული მონაცემების თანახამად, სადავო უძრავ ნივთზე მესაკუთრეს წარმოადგენდა ზ. გ-ე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტებით ვერ დადასტურდება გარემოება იმის შესახებ, რომ ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 04.04.1984წ. გადაწყვეტილებით ბინით დაკმაყოფილების საფუძველზე ზ. გ-ეს ჩამოერთვა სადავო ქონება და გადაეცა სახელმწიფოს. საქმის მასალებით, მათ შორის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 04.04.1984წ. გადაწყვეტილებით, აღნიშნული არ დგინდება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის „საჯარო რეესტრის შესახებ“ 23-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, მარეგისტრირებელმა ორგანომ სადავო უძრავ ნივთზე, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ზ. გ-ეის სახელზე მართებულად მოახდინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 04.04.1984წ. გადაწყვეტილებით მეწყრულ ზონაში მდებარე საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ მობინადრეთა გასაყვანად მიღებული ზომების შესაბამისად, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მცხოვრებ ზ. გ-ეის ოთხსულიანი ოჯახი დაკმაყოფილდა ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში, კორპ. ...-ში მდებარე ბინით, რომელიც 21.09.1994წ. პრივატიზაციის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცა ზ. გ-ეს. ამდენად, ქ. თბილისში, მ...ის (...ის) ქ. №...-ში მდებარე შენობის 11/43 წილი ზ. გ-ეისათვის სანაცვლო ქონების საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში, თუმცა ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებები არ შესულა. მიუხედავად ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში არსებული ჩანაწერისა, ზ. გ-ეისთვის ცნობილი იყო ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო ფართზე საკუთრების უფლება დაკარგული ჰქონდა, შესაბამისად, საჯარო რეესტრმა მიიღო უკანონო გადაწყვეტილება ზ. გ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. სადავო რეგისტრაციით დაირღვა სახელმწიფოს საკუთრების უფლება ქ. თბილისში, მ...ის (...ის) ქ. №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე, ვინაიდან ტექ.ბიუროში სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული შესაბამისი ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაშიც კი დამეწყრილ ზონაში მდებარე ქონებაზე წარმოიშვა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა შეფასება არ მისცეს იმ გარემოებას, რომ ზ. გ-ემ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარადგინა 11.02.1981წ. ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც 23.07.2015წ. მდგომარეობით უკვე აღარ იყო ძალაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებდნენ ტექნიკური ინვეტარიზაციის ბიუროები. საქართველოს პრეზიდენტის 28.09.2004წ. №416 ბრძანებულებით ლიკვიდირებულ იქნა ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები და ამ სამსახურებში არსებული მონაცემები არქივის სახით გადაეცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-10 მუხლი ითვალისწინებდა ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ინფორმაციის (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვ.) გაცემის წესს. საქმის მასალებში დაცული ცნობა-დახასიათების შესაბამისად (ტ. 1, ს.ფ. 14-15), ქ. თბილისში, მ...ის (...ის) ქ. №...-ში მდებარე უძრავი ნივთის 32/43 ნაწილზე აღრიცხულია გ. თ-ის უფლება, ხოლო 11/43 ნაწილზე - ზ. გ-ეის უფლება. მესამე პირის უფლების აღრიცხვის საფუძვლად მითითებულია 11.02.1981წ. ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ზ. გ-ემ ვ. თ-ისაგან შეიძინა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ლიტ. „ა“ საცხოვრებელი სახლის 11/43 ნაწილი (ტ. 1, ს.ფ. 23-24). ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტმა 04.04.1984წ. მიიღო გადაწყვეტილება მეწყრულ ზონაში მდებარე საცხოვრებელ სახლში მცხოვრები ზ. გ-ეის ...ში მდებარე ბინით დაკმაყოფილების თაობაზე. 21.09.1994წ. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს საბინაო-საექსპლოატაციო ორგანიზაციის წარმომადგენელსა და ზ. გ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება ქ. თბილისში, ...ის მას. ... მ/რ, კორპ. ..., ბ. 83-ის ზ. გ-ეისათვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების დადების დროისათვის მოქმედი „საკუთრების უფლების შესახებ“ კანონის (ძალადაკარგულია 26.06.1997წ. №786 კანონით) მე-6 მუხლის მიხედვით, სტიქიური უბედურების შემთხვევაში, სახელმწიფო ან საზოგადოების ინტერესების გამო, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული წესითა და პირობებით, მესაკუთრეს შეიძლება ჩამორთმეოდა ქონება და ანაზღაურებოდა მისი ღირებულება (რეკვიზიცია). განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში დაცული დოკუმენტების შინაარსი არ მიუთითებს ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავ ნივთის ზ. გ-ეისათვის ჩამორთმევის ან რაიმე სხვა ფორმით ამ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების გადასვლის შესახებ, ამდენად, კასატორის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ ზ. გ-ეს ...ის რაიონში ბინა გადაეცა ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე უძრავი ნივთის სანაცვლოდ, საქმეში დაცული მასალებით, მათ შორის ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 04.04.1984წ. გადაწყვეტილებითა და ტექნიკური აღრიცხვის არქივის ჩანაწერებით, არ დგინდება.

დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ზ. გ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადავო უძრავ ნივთზე განხორციელდა ძალაში არმყოფი ხელშეკრულების საფუძველზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 1964წ. სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული იყო საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, ხელშეკრულება დადასტურებული უნდა ყოფილიყო სანოტარო წესით და სანოტარო დადასტურების დღიდან სამი თვის ვადაში უნდა დარეგისტრირებულიყო. ვ. თ-ისა და ზ. გ-ეს შორის 11.02.1981წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებულია სანოტარო წესით, ასევე, ამავე დოკუმენტში მითითებულია, რომ ეს ხელშეკრულება სანოტარო წესით დამოწმებიდან სამი თვის ვადაში უნდა დარეგისტრირებულიყო ქ. თბილისის ტექნინვენტარიზაციის ბიუროში. განსახილველ შემთხვევაში დგინდება მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავ ნივთზე ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში ზ. გ-ეის უფლების აღრიცხვის ფაქტი. 1964წ. სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მიხედვით, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადებულად ითვლებოდა მისი რეგისტრაციის მომენტიდან, მსგავს დათქმას ითვალისწინებდა იმავე კოდექსის 131-ე მუხლიც, რომლის თანახმად, თუ ნივთის გასხვისების ხელშეკრულება რეგისტრაციას მოითხოვდა, საკუთრების უფლება წარმოიშობოდა რეგისტრაციის მომენტიდან, შესაბამისად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მარეგისტრებელმა ორგანომ ზ. გ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 23.07.2015წ. გადაწყვეტილება მიიღო ძალაში არმყოფი ხელშეკრულების საფუძველზე, უსაფუძვლოა. გარდა ამისა, კასატორს (მოსარჩელეს) არ წარმოუდგენია აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმების ან სადავო უძრავ ნივთზე უფლების გადასვლის დამადასტურებელი მტკიცებულებები. უდავოა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებში ზ. გ-ეის უფლება არ გაუქმებულა, არ შესულა რაიმე სახის ცვლილებები და აღნიშნული ჩანაწერები დღემდე ძალაშია. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ არ არსებობდა ზ. გ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძვლები.

სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლით დადგენილია უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენა ხანდაზმულობით. მითითებული ნორმის თანახმად, თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს. იმავე კოდექსის 1507.4 მუხლის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსის 165-ე-168-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობით საკუთრების შეძენის ვადა აითვლება 1993 წლის 23 ივლისიდან - საკუთრების უფლების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებიდან. უძრავ ნივთზე ხანდაზმულობით საკუთრების უფლების შეძენას ითვალისწინებდა მანამდე მოქმედი „საკუთრების უფლების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლიც (ძალადაკარგულია 26.06.1997წ. №786 კანონით). მართალია, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 11.02.1981წ. ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოშობდა საჯარო რეესტრში ზ. გ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს, თუმცა საქმეში დაცული მასალებით ასევე არ დგინდება ზ. გ-ეის მიერ სადავო უძრავ ნივთზე ხანდაზმულობით საკუთრების უფლების შეძენის გამომრიცხავი გარემოებები. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 103-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, პირად საკუთრებაში შეიძლება ყოფილიყო საცხოვრებელი სახლი. თუ კანონით დაშვებული საფუძვლით მოქალაქის ან ერთად მცხოვრები მეუღლეებისა და მათი არასრულწლოვანი შვილების პირად საკუთრებად აღმოჩნდებოდა ერთზე მეტი საცხოვრებელი სახლი, მესაკუთრეს უფლება ჰქონდა თავისი არჩევანით საკუთრებაში დაეტოვებინა ერთ-ერთი მათგანი. სხვა სახლი მესაკუთრეს ერთი წლის განმავლობაში უნდა გაეყიდა, გაეჩუქებინა ან სხვა წესით გაესხვისებინა. თუ მესაკუთრე ერთი წლის განმავლობაში არ გაასხვისებდა სახლს, ეს სახლი იძულებითი წესით გაიყიდებოდა. იმ შემთხვევაში, თუ სახლის იძულებით გაყიდვა ვერ მოხერხდებოდა, იგი სახალხო დეპუტატების რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით უსასყიდლოდ გადადიოდა სახელმწიფო საკუთრებაში (სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 105-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ 21.09.1994წ. პრივატიზაციის ხელშეკრულებით მიღებული ქ. თბილისში, ...ის რაიონში მდებარე ბინა ზ. გ-ემ გაასხვისა 08.04.1995წ. ხელშეკრულებით (ტ. 1, ს.ფ. 29-30), ანუ აღნიშნული ბინა ზ. გ-ემ განკარგა იმ პერიოდში დადგენილი ერთწლიანი ვადის დაცვით, ამდენად, გარდა ზემოთ მითითებული გარემოებებისა, ასევე არ დგინდება მოქალაქის პირად საკუთრებაში ერთზე მეტ საცხოვრებელი სახლზე საკუთრების უფლების შეწყვეტის ფაქტი, როგორც ამას ითვალისწინებდა სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 105-ე მუხლი, გარდა ამისა არ დასტურდება საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით ბინის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა, ან იძულებით რეალიზაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. აბუსერიძე