Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-280(კ-20) 24 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - სს „...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 09 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სს „...მა“ 2019 წლის 20 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2019 წლის 18 ივნისის №214 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის 2465.57 ლარის სს „...ს“ სასარგებლოდ დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 მაისის გადაწყვეტილებით, სს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აღსრულების საფასურის უკან დაბრუნებაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2019 წლის 18 ივნისის №214 ბრძანება და მოპასუხეს, სს „...ს“ მიერ გადახდილი აღსრულების საფასურის 2465.57 ლარის მოსარჩელისათვის დაბრუნება დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 09 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ აღმასრულებელი მოქმედებს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და მის ფარგლებში. სააღსრულებო საქმეში არსებული მასალების შესაბამისად კასატორი მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ფურცელი განსაზღვრავს იპოთეკისა და გირავნობის საგნების რეალიზაციას, ამასთან, სააღსრულებო ფურცელი არ ითვალისწინებს იპოთეკისა და გირავნობის საგნების რეალიზაციის შემდგომ, მოვალეების სხვა ნებისმიერ უძრავ და მოძრავ ქონებებზე აღსრულების მიქცევის შესაძლებლობას. აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი წერილებით ირკვეოდა, რომ აღმასრულებელმა კრედიტორს მოსთხოვა, მიეწოდებინა ინფორმაცია კონკრეტულად რომელ უზრუნველყოფილ საგანზე ითხოვდა აღსრულებას. კრედიტორის მიერ მიწოდებული წერილებით კი დგინდებოდა, რომ კრედიტორი ითხოვდა მოვალეების მთელ უძრავ-მოძრავ ქონებაზე აღსრულებას, წარმოების განხორციელებას არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის ფარგლებში. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს, თუ კრედიტორი, აღსრულების ეროვნული ბიუროს გაფრთხილების მიუხედავად, გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაშიც არ ასრულებს ამ კანონით დადგენილ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება; ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კრედიტორის მიერ ვერ მოხდა აღმასრულებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება, რის გამოც შეუძლებელი გახდა გადაწყვეტილების აღსრულება, კრედიტორს დაუბრუნდა სააღსრულებო ფურცელი შეუსრულებლი სახით, საქმე დასრულდა და გადაეცა არქივს.

საფასურის კრედიტორისათვის დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით განსაზღვრულ, ასევე სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების ამ გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოს/პირის მიერ გათხოვის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შემთხვევაში წინასწარ გადახდილი საფასური კრედიტორს არ უბრუნდება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააღსრულებო წარმოება დასრულდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის საფუძველზე, კრედიტორის მიერ გადახდილი წინასწარი საფასური არ დაექვემდებარა კრედიტორისათვის დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2014 წლის 13 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ №2/3951-07 საქმეზე გაიცა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი კრედიტორი - სს „...ს“ სასარგებლოდ, მოვალეების - ი. თ-ის, თ. კ-ეის, ე. ჩ-ეის, ნ. ჩ-ეის, დ. თ-ის და ლ. ქ-ეის მიმართ. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი სს „...ს“ მიერ აღსრულების მიზნით წარდგენილ იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში. სს „...ს“ მიერ გადახდილი იქნა აღსრულების საფასური - 2465.57 ლარი. 2018 წლის 30 ნოემბერს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა №A14034159-011/001 წერილით მიმართა სს „...ს“ და მიუთითა, რომ ვინაიდან ერთი თვის ვადაში ვერ განხორციელდა მოთხოვნის ოდენობისა და მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების დაზუსტება, გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი იყო, რის გამოც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი კრედიტორს დაუბრუნდა შეუსრულებელი სახით წინასწარ გადახდილი საფასურის ანაზღაურების გარეშე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააღსრულებო სამართალი საჯარო სამართალს მიეკუთვნება, ვინაიდან მისი საგანია სასამართლო გადაწყვეტილებების და კანონით გათვალისწინებული სხვა აქტების ,,იძულების ძალით’’ აღსრულება, რაც ლეგიტიმირებულია არა კრედიტორის კერძოსამართლებრივი მოთხოვნით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა სააღსრულებო სამართლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას მოვალის უფლებებსა და თავისუფლებებში კანონისმიერი ჩარევის გზით აღასრულოს კრედიტორის მოთხოვნა მოვალის ქონების ხარჯზე.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების საფასური არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საფასური ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად.

საქმეში წარმოდგენილი სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, სასამრთლოს მიერ დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება და მასში კონკრეტულად გაიწერა მოდავე მხარეთა უფლება-მოვალეობები, მათ შორის კრედიტორის უფლება იმის შესახებ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გირავნობის საგნის ღირებულება სრულად არ ფარავდა კრედიტორის მოთხოვნის ოდენობას, მისი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად არ ითვლებოდა. შესაბამისად პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმის თაობაზე, რომ არ იკვეთებოდა სააღსრულებო ფურცლის იძულებით აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოება, კასატორს კი A14034159 სააღსრულებო საქმეზე მოვალეების მიმართ არ განუხორციელებია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მომსახურება იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების ჩატარების სახით, შესაბამისად არ არსებობდა აღსრულების საფასურის დაბრუნებაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძველი, სააღსრულებო ფურცლის ფორმალურად წარმოებაში მიღება კი აღსრულების საფასურის მიზნებისთვის, არ მიიჩნევა მომსახურების გაწევად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 09 ოქტომბრის განჩინება;

3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს (ს/ნ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.11.2019წ. №18495 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა