Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-547 (კ-22) 16 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ. ი-ეის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.03.2022წ. განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.03.2022წ. განჩინებით გ. ი-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2021წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ი-ეის წარმომადგენელმა ნ. ხ-იმა.

სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინების ასლი საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და ჩაბარდა გ. ი-ეის წარმომადგენელს ნ. ხ-ის პირადად 01.04.2022წ. (ტ. 2, ს.ფ. 40). მხარემ ნ. ხ-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა განუსაზღვრელი ვადით (ტ. 1, ს.ფ. 39). მხარისათვის აღნიშნული განჩინების გასაჩივრების ბოლო ვადა (უქმე დღეების გათვალისწინებით) იყო 26.04.2022წ. (სამშაბათი) 24 საათი. საკასაციო საჩივარზე თანდართულ კონვერტზე არსებული ფოსტის შტამპის მიხედვით, გ. ი-ეის წარმომადგენელმა ნ. ხ-იმა საკასაციო საჩივარი ფოსტას 02.05.2022წ. წარუდგინა (ტ. 2, ს.ფ. 53).

სსკ-ის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.03.2022წ. განჩინება გ. ი-ეემ (წარმომადგენელი ნ. ხ-იი) საკასაციო წესით გაასაჩივრა გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 396-ე, 397-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ი-ეის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.03.2022წ. განჩინებაზე დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი