საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-346(კ-22) 10 მაისი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს „უ...-ის“ (შპს „ბ...-ის“) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია).
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2019 წლის 15 აგვისტოს შპს „ს...-მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 21 მაისის №000081 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 11 ივლისის №937 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ს...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით შპს „ბ...-ის“ (ძველი სახელწოდება შპს „ს...-ი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „უ...-მა“ (შპს „ბ...-მა“). კასატორმა მიუთითა, რომ დავის მსვლელობის დროს განხორციელდა შერწყმა და შპს „ბ...-ი“ შეერწყა შპს „უ...-მს“.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „უ...-ის“ (შპს „ბ...-ის“) საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის ხარვეზის შესახებ განჩინებით კასატორის - შპს „უ...-ის“ (შპს „ბ...-ის“) შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; კასატორს - შპს „უ...-მს“ (შპს „ბ...-ს“) დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, ამავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (მიმღები - ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - TRESGE22; ხაზინის ერთიანი ანგარიშის №200122900; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150); ბ) შპს „ბ...-ის“ შპს „უ...-მთან“ შერწყმის დამადასტურებელი მტკიცებულება; გ) უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის დედანი. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის განჩინების შემცველი გზავნილი გაეგზავნა შპს „უ...-მს“ და 2022 წლის 13 აპრილს ჩაბარდა ე.კ-ს (HR). ამდენად, ხარვეზის შევსების ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 14 აპრილს და ამოიწურა 2022 წლის 26 აპრილს (23 აპრილი, 24 აპრილი და 25 აპრილი იყო უქმე დღეები). მითითებულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია. ამასთან, მას არც ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებიდან გამომდინარე, შპს „უ...-ის“ (შპს „ბ...-ის“) საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს შპს „უ...-ის“ (შპს „ბ...-ის“) საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე