ბს-899(კს-21) 13 მაისი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ. ფ-დ
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.2021წ. განჩინება
დავის საგანი - დროებითი განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ფ-დმა 14.12.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, რ. ფ-დისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 16.11.2020წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სახელზე საქართველოს მოკლევადიანი ბინადრობის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოპასუხისათვის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.04.2021წ. გადაწყვეტილებით, რ. ფ-დის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 16.11.2020წ. №1000724397 გადაწყვეტილება, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში რ. ფ-დისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2021წ. განჩინებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში განსახილველად.
მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ) სააპელაციო სასამართლოში 05.07.2021წ. წარადგინა სააპელაციო შესაგებელი, ამასთან, მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, სსკ-ის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე რ. ფ-დისათვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 15.01.2021წ. გადაწყვეტილების შესაბამისად რ. ფ-დი საქართველოში კანონიერად იმყოფებოდა 2021 წლის 6 მარტამდე. აღნიშნული გადავადების საფუძველი იყო სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარე დავა, საქმის განხილვა დანიშნული იყო 05.03.2021წ.. საქართველოს მთავრობის 28.01.2020წ. №164 განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-5 მუხლის თანახმად, მსოფლიოში გამოცხადებული პანდემიის შედეგად დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, ყველა უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილება მიენიჭა საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილიყო 2021 წლის 1 ივლისამდე. ვინაიდან მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე 14 კალენდარული დღით ადრე - 15.06.2021წ. რ. ფ-დმა მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მისი ინტერესების დასაცავად სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს დავა, ასევე საქართველოში მის ყოფნას აქვს არსებითი მნიშვნელობა მისი ინტერესების დასაცავად. მიუხადავად ამისა, რ. ფ-დს სააგენტოს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებაზე. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გაართულებს ან შეუძლებელს გახდის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, კერძოდ, მოსარჩელის ქვეყნიდან გაძევების ან კანონიერი საფუძვლის არქონის გამო მოსარჩელის მიერ ქვეყნის დატოვების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულება დგება პრობლემის წინაშე. ამდენად, რ. ფ-დმა მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.2021წ. განჩინებით, რ. ფ-დის (წარმომადგენლის ა. გ-ის) შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მიღებულ იქნა დროებითი განჩინება და №3/ბ-1177/21წ. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე რ. ფ-დს გადაუვადდა საქართველოდან გასვლის ვალდებულება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შუამდგომლობის ავტორმა სსკ-ის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და რ. ფ-დის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება. სასამართლო შეზღუდული არ არის განმცხადებლის მოთხოვნის ვიწრო ფორმულირებით, ვინაიდან მხარის მოთხოვნას აქტის ბათილად ცნობასთან ერთად ასევე წარმოადგენს ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე მოპასუხისათვის აქტის გამოცემის დავალება, სააპელაციო პალატამ შესაძლებლად და მიზანშეწონილად მიიჩნია უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა სასკ-ის 31-ე მუხლის საფუძველზე (დროებითი განჩინება). პალატამ აღნიშნა, რომ დროებითი განჩინების მიზანია დავის საგანზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ისეთი მდგომარეობის შენარჩუნება, რომელიც შესაძლებელს გახდის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. დროებითი სასამართლო განჩინება წარმოადგენს პირის უფლების დაცვის ერთგვარ დანამატს. „უცხოელთა და მოქალაქოების არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო კანონიერი საფუძვლით საქართველოში ყოფნის ვადის ამოწურვამდე, თუმცა ამავე კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს, რომელიც ვერ ასრულებს ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება, თუ საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.04.2021წ. გადაწყვეტილებით, რ. ფ-დის სარჩელი დაკმაყოფილდა, ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2021წ. განჩინებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმის წარმოება მიმდინარეობს საერთო სასამართლოებში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსი, რეგულირების საგანი და მიზანი, მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტაცია ადასტურებს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია დავის საბოლოოდ დასრულებამდე არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი მდგომარეობის შენარჩუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.2021წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კერძო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია სსკ-ის 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის და 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების დარღვევით. განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ კანონის ნორმის ციტირებით. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ უცხოელისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო მისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 28.11.2019წ. №462 ბრძანებით განსაზღვრულია სააგენტოს ფუნქციები, კერძოდ, დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება შედის სააგენტოს სტუქტურული ქვედანაყოფის - მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის კომპეტენციაში, აგრეთვე, აღნიშნული ტიპის სერვისისთვის გათვალისწინებულია საფასური, კერძოდ, უცხოელისათვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებისათვის მომსახურების საფასური შეადგენს 50 ლარს. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დროებითი განჩინებით გარკვეულწილად ჩაერია ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციასა და მის დისკრეციულ უფლებამოსილებაში. აღნიშნული საკითხის განხილვა სააგენტოს ექსკლუზიურ კომტენეციას განეკუთვნება, რაზეც მსჯელობის უფლებამოსილება სასამართლოს არ გააჩნდა. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.09.2017წ. განჩინებაზე (საქმე №ბს-595-592(კ-17)) და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებლი წარმოების ჩანაცვლებას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოსათვის დელეგირება.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება, თუ ერთდროულად აკმაყოფილებს ამ ნორმით გათვალისწინებულ ორ პირობას. მუხლის მე-3 პუნქტი უთითებს, რომ უცხოელს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადების სააგენტოსათვის წარდგენისას, საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე კანონით დადგენილი ვადა უნდა ჰქონდეს დარჩენილი. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში 30.03.2021წ. შეტანილი ცვლილებით სასამართლოში მიმდინარე წარმოების საფუძვლით გადავადების საკითხს დაემატა კიდევ ერთი წინაპირობა, კერძოდ, სააგენტოსათვის საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე 14 კალენდარული დღით ადრე მიმართვის ვალდებულება. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე რ. ფ-დი საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადების წარდგენისას საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა არაკანონიერად და ვერ აკმაყოფილებდა ზემოხსენებული კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, შესაბამისად, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას გადაევადებინა განმცხადებლისათვის საქართველოდან გასვლის ვალდებულება. განცხადებით მოთხოვნილი დროებითი განჩინება უნდა იყოს უფლების დროებითი დაცვის აუცილებელი საშუალება. ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარეს არ გამოუყენებია საკუთარი უფლების დაცვის მის ხელთ არსებული სხვა ყველა საშუალება, მაგალითად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შესაძლებლობა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გართულებასთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მოსარჩელეს ჰყავს წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც იცავს მის ინტერესებს, ამასთან, რ. ფ-დი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, რაც მას საშუალებას აძლევს უვიზოდ გადმოკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ქვეყანაში იმყოფებოდეს 45 დღე, შესაბამისად, არ არსებობს იმის მტკიცების საფუძველი, რომ დროებითი განჩინების გარეშე განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ხელი შეეშლება ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ეფექტური მართლმსაჯულება გულისხმობს არა მარტო დარღვეული უფლების აღდგენას, არამედ დროებით დაცვას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლების პრევენციული დაცვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა თავად არეგულირებს სარჩელის უზრუნველყოფის საკითხს და ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ ორ ღონისძიებას, როგორიც არის გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი) და დროებითი განჩინების მიღება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი). აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების აღმოფხვრას, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი (დროებითი განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ) ითვალისწინებს მხარის უფლებას სარჩელის აღძვრამდე, ან დავის საგანზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე მიმართოს სასამართლოს მოთხოვნით, რათა დავის საგანთან დაკავშირებით სასამართლომ მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა დენადი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში, აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლის გამო. დროებითი განჩინება წარმოადგენს მხარის ინტერესების დაცვის მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, დროებითი ღონისძიების გამოყენებით, დავის საბოლოოდ დასრულებამდე, დააზღვიოს სასამართლოს უფლებით ეფექტურ სარგებლობასთან დაკავშირებული რისკები, შექმნას მხარის მოლოდინი, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინება, როგორც უფლების დროებითი დაცვის საშუალება, გამოიყენება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ სარჩელზე. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნებს შეადგენს რ. ფ-დისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 16.11.2020წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელის სახელზე საქართველოს მოკლევადიანი ბინადრობის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოპასუხისათვის გამოცემის დავალება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში დროებითი განჩინების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი დამოკიდებულია დავის პერსპექტიულობაზე. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი თავისი არსით წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მნიშვნელოვან სამართლებრივ საშუალებას, რომლის გამოყენებაც დაიშვება იმ მიზნით, რომ არ გაძნელდეს ან შეუძლებელი არ გახდეს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი მართლმსაჯულების რეალურ განხორციელებას ემსახურება, რათა მართლმსაჯულებას ფორმალური ხასიათი არ მიეცეს. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას დროებითი განჩინების მიღების საფუძვლის არარსებობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს მოკლვადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება. „უცხოელთა და მოქალაქეობის მქონე არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 47.3 მუხლის მიხედვით, უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო კანონიერი საფუძვლით საქართველოში ყოფნის ვადის ამოწურვამდე. საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საკითხი მოწესრიგებულია აღნიშნული კანონის 48-ე მუხლით. უცხოელს, რომელიც ვერ ასრულებს ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება, თუ საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად („უცხოელთა და მოქალაქეობის მქონე არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 48.3 მუხ. „გ“ ქვ.პ.). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.04.2021წ. გადაწყვეტილებით, რ. ფ-დის სასარჩელო მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა აპელაციის წესით სააგენტოს მიერ, სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ადმინისტრაიციული ორგანოს სააპელაციო საჩივარი, ამდენად, სახეზეა დავის საერთო სასამართლოში მიმდინარეობის წარმოება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე საქმის მასალებში დაცულ რიგ დოკუმენტებზე, კერძოდ, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, რ. ფ-დი არის ქ. თბილისში, ... №...-ში მდებარე №9 და №9ა (მშენებარე) ბინების თანამესაკუთრე (ს.ფ. 18-21). 12.12.2018წ. უძრავი ქონების შეფასების დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, ... №...-ში მდებარე ბინა 9-ის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 247 000 ლარი, რამაც დასკვნის გაცემისათვის არსებული კურსით შეადგინა 92 613 აშშ დოლარი (ს.ფ. 68-72). სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 24.12.2018წ. გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა 13.12.2018წ. განცხადება და რ. ფ-დს 2018 წლის 24 დეკემბრიდან 2019 წლის 24 დეკემბრამდე მიეცა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა (ს.ფ. 75-76). აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივ საფუძველს შეადგენდა „უცხოელთა და მოქალაქეობის მქონე არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის იმ დროს მოქმედი რედაქცია, რომელიც მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემას ითვალისწინებდა ისეთ უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჰქონდა საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატებოდა 35 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, და მისი ოჯახის წევრებზე. იმავე საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე სააგენტომ 15.11.2019წ. მიიღო გადაწყვეტილება 07.11.2019წ. განცხადების დაკმაყოფილების შესახებ და რ. ფ-დს გაუგრძელდა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2020 წლის 18 ნოემბრამდე (ს.ფ. 77-78). აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დროისათვის „უცხოელთა და მოქალაქეობის მქონე არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციის მიხედვით, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემოდა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჰქონდა საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატებოდა 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, და მისი ოჯახის წევრებზე. გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 16.11.2020წ. გადაწყვეტილებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის მქონე არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 18.1 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, რ. ფ-დის განცხადება არ დაკმაყოფილდა და მას უარი ეთქვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 15.01.2021წ. გადაწყვეტილებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის მქონე არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაკმაყოფილდა 12.01.2021წ. განცხადება ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის რ. ფ-დისათვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე და მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2021 წლის 15 იანვრიდან 2021 წლის 6 მარტამდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 28.06.2021წ. გადაწყვეტილებით, რ. ფ-დის განცხადება არ დაკმაყოფილდა და მას უარი ეთქვა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებაზე. სააგენტომ უარის თქმის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ რ. ფ-დი საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადების წარდგენისას საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა არაკანონიერად, შესაბამისად, ვერ დააკმაყოფილა „უცხოელთა და მოქალაქეობის მქონე არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე 14 კალენდარული დღით ადრე განცხადების სააგენტოში წარდგენის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს დროებითი განჩინების მიღების ერთ-ერთ დამაბრკოლებელ გარემოებად მიაჩნია რ. ფ-დის მიერ საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე განცხადების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით სააგენტოშო წარდგენა. აღნიშნულ გარემოებაზე მითითება უსაფუძვლოა და რ. ფ-დის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნის, ვინაიდან განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 28.06.2021წ. გადაწყვეტილების კანონიერება, შესაბამისად, საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების მოთხოვნით სააგენტოსათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით მიმართვა სასამართლოს მიერ დროებითი განჩინების მიღების დამაბრკოლებელ გარემოებად ვერ იქნება განხილული.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის კერძო საჩივრის ავტორის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.09.2017წ. განჩინებაზე (საქმე №ბს-595-592(კ-17)) მითითება. მითითებულ განჩინებაში ასახული საკასაციო სასამართლოს მსჯელობა შეეხება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების საფუძვლებს და კონკრეტული დავის ფარგლებში აღნიშნული ნორმის გამოყენების მართლზომიერებას, შესაბამისად, აღნიშნულ განჩინებაზე მითითება იმ მოსაზრებით, რომ დროებითი განჩინების მიღებით სასამართლომ შეითავსა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენცია და გადაწყვიტა ისეთი საკითხი, რაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტურქტურული ქვედანაყოფის ექსკლუზიურ, დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, არ პასუხობს სასკ-ის 31-ე მუხლის მიზანს. პირის უფლების პრევენციული დაცვის მექანიზმი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც საქმე ეხება მოსალოდნელ მმართველობით ღონისძიებას - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას ან მოქმედების განხორციელებას ან განხორციელებისაგან თავის შეკავებას. დროებითი განჩინების მიზანი არის დავის საგანზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ისეთი მდგომარეობის შენარჩუნება, რომელიც შესაძლებელს გახდის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. დროებითი განჩინების მიღების უფლება მხოლოდ სასამართლოს გააჩნია, რომელსაც სასამართლო იღებს განცხადების საფუძველზე. უფლების სასამართლო წესით დაცვა არის პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. განცხადების მიღებასა ან განხილვაზე უარი თქმის უფლება სასამართლოს არ აქვს, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამდენად, დასაბუთებას მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა იმის შესახებ, რომ არსებული ურთიერთობის დროებითი მოწესრიგების უფლება დროებითი განჩინების მიღებით სასამართლოს არ გააჩნდა. ამასთანავე, განცხადებით მოთხოვნილი დროებითი განჩინება უნდა იყოს აუცილებელი საშუალება მოსარჩელის უფლების დროებითი დაცვისათვის. ასეთი აუცილებლობა არ არის სახეზე, მაგალითად, როდესაც მოსარჩელეს სხვა გზით შეუძლია საკუთარი უფლებების დაცვა ან როდესაც აშკარაა სარჩელის უშედეგობა. მოცემულ შემთხვევაში საქმეში დაცული მტკიცებულებების და დროებითი განჩინების მიღების სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აუცილებლობის არარსებობა, ასევე, დასაბუთებას მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა მოსარჩელის გარეშე საქმის განხილვის შესაძლებლობის გამო დროებითი განჩინების გამოყენების საფუძვლების არარსებობაზე, ვინაიდან ამით მოსარჩელეს ფაქტიურად წაერთმევა სასამართლო პროცესში მონაწილეობის კანონით გარანტირებული უფლება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებისა და მხარეთა ინტერესების თანაბარზომიერების პრინციპიდან გამომდინარე, წარმოიშობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ელი და 31-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე - 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.2021წ. დროებითი განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი