ბს-322(2უს-22) 13 მაისი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი (მესამე პირი) - ა(ა)იპ „...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ.ჯ-ე
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, შპს „...“
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2022წ. განჩინება
დავის საგანი - უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განჩინებაზე საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ.ჯ-ემ 27.07.2018წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ა(ა)იპ ...-ს“ მიმართ, ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №...-ში (საკადასტრო კოდი ...) მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.12.2013წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.20...-წ. გადაწყვეტილებით, რ.ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.12.2013წ. გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, აჭარის რეგიონულ ოფისში ...-ის (ა(ა)იპ ...) მიერ 19.12.2013წ. წარდგენილი განცხადების თავიდან განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული გადაწყვეტილება ა(ა)იპ ...-მა“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.12.20...-წ. განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.20...-წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.01.2022წ. განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2022წ. განჩინებით, ა(ა)იპ ...-ს“ სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2022წ. განჩინებით, საქმეში სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაება შპს „...-სი“ (ს/ნ ...).
რ.ჯ-ის წარმომადგენელმა 14.02.2022წ. განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით ... სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების აკრძალვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრი დავალდებულდა 2013 წელს განხორციელებული ცვლილებები შესაბამისობაში მოიყვანოს ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში დაცულ მონაცემებთან. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საქმეში მესამე პირად ჩაება საჯარო რეესტრიდან ამონაწერში მითითებული ახალი მესაკუთრე. ამდენად, საჯარო რეესტრის მიერ გადაწყვეტილების აღსრულებამდე რეგისტრირებულ მონაცემებში რაიმე ცვლილების შეტანა ან მესაკუთრის შეცვლა გამოიწვევს ახალი მხარის ჩაბმას, რაც გააჭიანურებს პროცესს, გააძნელებს ან/და შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2022წ. განჩინებით, რ.ჯ-ის წარმომადგენლის მ.ა-ის განცხადება დაკმაყოფილდა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აეკრძალა ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №...--ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება მოცემულ საქმეზე სარჩელთან დაკავშირებით მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალება. ის წარმოადგენს პირთა ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიას და ემსახურება ამ უკანასკნელთა დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ იგი იცავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს მოპასუხის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დროებითი ხასიათისაა და უშუალოდ მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვისკენ არის მიმართული, ამიტომ მატერიალურ-სამართლებრივ სივრცეში მოწმდება უფლების უზრუნველყოფის საკითხი. დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე დავის მიმდინარეობის პერიოდში განხორციელდა რეგისტრაცია, კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილი 02.11.20...-წ. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) ა(ა)იპ ...-თან“ ერთად აღნაგობის უფლების საფუძველზე საკუთრების უფლება აღირიცხა შპს ...-სის“ სახელზე. ამდენად, მას შემდეგ, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 30.07.20...-წ. გადაწყვეტილებით რ.ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე განხორციელდა სარეგისტრაციო წარმოება, რამაც შექმნა გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული მდგომარეობისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ფაქტობრივი მდგომარეობა. თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ ძალაში იქნება დატოვებული ის სამართლებრივი შედეგი, რაც მოსარჩელეს მოპოვებული აქვს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით შესაძლოა საფრთხე შეექმნას მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. განმცხადებლის ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ დავის დასრულებამდე სადავო ქონებაზე არ შეიცვალოს უფლებრივი მდგომარეობა, დასაბუთებულია, ვინაიდან ასეთი ცვლილების პირობებში, განმცხადებლის (მოსარჩელის) სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება გართულდება, ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად სსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენება გამართლებულია.
ა(ა)იპ „...-ს“ წარმომადგენელმა 25.02.2022წ. სააპელაციო სასამართლოს მიმართა საჩივრით და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 15.02.2022წ. განჩინების გაუქმება. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს სასარჩელო მოთხოვნის ხასიათისა და შინაარსის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში დავის მიზანს წარმოადგენს ა(ა)იპ „...-ს“ საკუთრების ობიექტიდან, მოსარჩელის მტკიცებით, მის ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული 32,7 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიება მიმართული უნდა იყოს მოპასუხისადმი, ხოლო რ.ჯ-ის მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე ეხება მესამე პირის საკუთრებაში რიცხულ ქონებას, შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიება რეალურად მიმართულია არა მოპასუხის, არამედ მესამე პირის მიმართ, რაც განჩინების გაუქმების საფუძველია. მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით ... შპს ... „-სის“ მიერ აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. ამდენად, სასამართლოს მიერ გამოყენებული წინამდებარე აკრძალვა, რაც გულისხმობს მთლიან მიწის ნაკვეთზე და მასზე მშენებარედ რეგისტრირებულ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსზე სარეგისტრაციო მოქმედების შესრულების აკრძალვას, წარმოადგენს მესამე პირის ინტერესების არათანაბარზომიერ შეზღუდვას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.03.2022წ. განჩინებით, ა(ა)იპ „...-ს“ წარმომადგენლის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 15.02.2022წ. განჩინების (გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ) გაუქმების თაობაზე, მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსკ-ის 1971 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2022წ. განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გაეგზავნა ა(ა)იპ „...-ს“ წარმომადგენელს მ.ლ-ს და ჩაბარდა 18.02.2022წ. (ი.კ-ე, ადვოკატი), ამდენად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების გასაჩივრების ხუთდღიანი ვადის ათვლა დაიწყო გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღიდან - 2022 წლის 19 თებერვლიდან და ამოიწურა 23.02.2022წ.. ა(ა)იპ ...-ს“ წარმომადგენელმა მ.ლ-მა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2022წ. განჩინების გაუქმების თაობაზე საჩივარი სასამართლოში წარადგინა 25 თებერვალს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. სსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას. სსკ-ის 1971 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას, წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ა(ა)იპ „...-ს“ საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 15.02.2022წ. განჩინების გაუქმების თაობაზე მიჩნეული უნდა იქნეს დაუშვებლად და განსახილველად გადაეგზავნოს ზემდგომ სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „...ს“ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2022წ. განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ა(ა)იპ „...-ს“ წარმომადგენელს გაეგზავნა სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო გზავნილის მხარისთვის ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე და უბრუნდება სასამართლოს (სსკ-ის 73.5 მუხ.). სწორედ აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება გზავნილის მხარისათვის ჩაბარება და შესაბამისად, ამავე დოკუმენტით ხელმძღვანელობს სასამართლო მხარისათვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების ათვლისას. საქმეში დაცული ა(ა)იპ ...ს“ წარმომადგენლისათვის განჩინების ჩაბარების დამადასტურებელ უკუგზავნილზე ჩაბარების თარიღად მითითებულია 18.02.2022წ. (ს.ფ. 125). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებულ უკუგზავნილზე განთავსებულია სსკ-ის 73.8 მუხლით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო რეკვიზიტი და არ არსებობს მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი. ა(ა)იპ „...-სათვის“ სსკ-ის 194.3 მუხლით დადგენილი გასაჩივრების 05 დღიანი ვადა ამოიწურა 23.02.2022წ. 24 საათზე, ხოლო საჩივრის შედგენის თარიღად მითითებულია 25.02.2022წ. (ს.ფ. 138-142). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული გასაჩივრების ვადა დარღვეულად.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საჩივრის წარმოებაში მიღებისას, სსკ-ის 194.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლო ამოწმებს საჩივრის შეტანის ვადის დაცულობას. საჩივარი შეიტანება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მიმღებ სასამართლოში. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. მითითებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს საჩივრის განხილვის საპროცესო უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო პალატამ მოტივირებული განჩინებით არ გაიზიარა საჩივრის საფუძვლები, თუ სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ შეუფასებია წარდგენილი საჩივარი, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას (სუსგ საქმე №ას-768-2021, 23.07.2021წ, საქმე №ას-1308-2020, 28.01.2021წ.). საპროცესო კოდექსის დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (სუსგ საქმე №ას-299-284-2016, 22.04.2016წ.). სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.03.2022წ. განჩინებით საჩივარი დაუშვებლობის საფუძვლით გადმოეგზავნა საკასაციო სასამართლოს, ამდენად, საკასაციო პალატა წინამდებარე საჩივრის ფარგლებში ამოწმებს მხოლოდ ერთ საკითხს, რამდენად სწორად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ მისი დაუშვებლობის წინაპირობა. ა(ა)იპ „...-ს“ საჩივრის ფარგლებაში საკასაციო სასამართლო არ აფასებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.02.2022წ. განჩინების კანონიერებას და ამ განჩინების გაუქმების მოთხოვნის დასაბუთებულობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი მართებულად მიიჩნია დაუშვებლად, ვინაიდან ა(ა)იპ „...-ს“ მიერ საჩივარი წარდგენილია კანონით განსაზღვრული 5-დღიანი ვადის დარღვევით, რაც საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის (სსკ-ის 63-ე მუხ.).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ელი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე, 284-ე-285-ე, 419-ე-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ „..-.ს“ საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2022წ. განჩინების გაუქმების თაობაზე, დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი