ბს-322(2უს-22) 13 მაისი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი (მესამე პირი) - შპს „ც...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ.ჯ-ე
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, ა(ა)იპ „...“
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2022წ. განჩინება
დავის საგანი - სარჩელის უზრუნეველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ.ჯ-ემ 27.07.2018წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ა(ა)იპ „...-ს“ მიმართ, ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №...-ში (საკადასტრო კოდი ...-) მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.12.2013წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1990-იანი წლებიდან ფაქტობრივად ფლობს და სარგებლობს ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №21-ში მდებარე უძრავ ნივთს. აღნიშნული უძრავი ქონების დარეგისტრირების მიზნით მიმართა საჯარო რეესტრს. სარეგისტრაციო წარმოებისას მის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად დადგინდა ზედდების არსებობა ა(ა)იპ ...ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მონაცემებთან. ა(ა)იპ ...-მა“ მის რეალურ მფლობელობაში და საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა 02.09.2009წ., ხოლო 19.12.2013წ. კვლავ მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, რაც დაკმაყოფილდა მარეგისტრირებელი ორგანოს 26.12.2013წ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით. აღნიშნული რეგისტრაციით მიწის ნაკვეთს შეეცვალა კონფიგურაცია და მოსარჩელის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა მოექცა ა(ა)იპ ...ს“ საკუთრებაში, რითაც რ.ჯ-ეს მოესპო მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესაძლებლობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.2021წ. გადაწყვეტილებით, რ.ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.12.2013წ. გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, აჭარის რეგიონულ ოფისში ...-ის (ა(ა)იპ ...) მიერ 19.12.2013წ. წარდგენილი განცხადების თავიდან განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული გადაწყვეტილება ა(ა)იპ „...-მა“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.12.2021წ. განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.2021წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.01.2022წ. განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2022წ. განჩინებით, ა(ა)იპ „...ის“ სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2022წ. განჩინებით, საქმეში სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაება შპს „ა...-სი“ (ს/ნ ...).
რ.ჯ-ის წარმომადგენელმა 14.02.2022წ. განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით ... სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების აკრძალვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრი დავალდებულდა 2013 წელს განხორციელებული ცვლილებები შესაბამისობაში მოიყვანოს ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში დაცულ მონაცემებთან. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საქმეში მესამე პირად ჩაება საჯარო რეესტრიდან ამონაწერში მითითებული ახალი მესაკუთრე. ამდენად, საჯარო რეესტრის მიერ გადაწყვეტილების აღსრულებამდე რეგისტრირებულ მონაცემებში რაიმე ცვლილების შეტანა ან მესაკუთრის შეცვლა გამოიწვევს ახალი მხარის ჩაბმას, რაც გააჭიანურებს პროცესს, გააძნელებს ან/და შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2022წ. განჩინებით, რ.ჯ-ის წარმომადგენლის მ.ა-ის განცხადება დაკმაყოფილდა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აეკრძალა ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი ... სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება მოცემულ საქმეზე სარჩელთან დაკავშირებით მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალება. ის წარმოადგენს პირთა ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიას და ემსახურება ამ უკანასკნელთა დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ იგი იცავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს მოპასუხის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დროებითი ხასიათისაა და უშუალოდ მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვისკენ არის მიმართული, ამიტომ მატერიალურ-სამართლებრივ სივრცეში მოწმდება უფლების უზრუნველყოფის საკითხი. დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე დავის მიმდინარეობის პერიოდში განხორციელდა რეგისტრაცია, კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილი 02.11.2021წ. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) ა(ა)იპ „...-თან“ ერთად აღნაგობის უფლების საფუძველზე საკუთრების უფლება აღირიცხა შპს „ა...-სის“ სახელზე. ამდენად, მას შემდეგ, რაც ბათუმის საქლაქო სასამართლოს 30.07.2021წ. გადაწყვეტილებით რ.ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე განხორციელდა სარეგისტრაციო წარმოება, რამაც შექმნა გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული მდგომარეობისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ფაქტობრივი მდგომარეობა. თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ ძალაში იქნება დატოვებული ის სამართლებრივი შედეგი, რაც მოსარჩელეს მოპოვებული აქვს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით შესაძლოა საფრთხე შეექმნას მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. განმცხადებლის ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ დავის დასრულებამდე სადავო ქონებაზე არ შეიცვალოს უფლებრივი მდგომარეობა, დასაბუთებულია, ვინაიდან ასეთი ცვლილების პირობებში, განმცხადებლის (მოსარჩელის) სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება გართულდება, ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად სსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენება გამართლებულია.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 28.01.2022წ. ამონაწერის მიხედვით, შპს „ა...-სს“ (ს/ნ ...) შეეცვალა საფირმო სახელწოდება შპს „ც...ით“.
შპს „ც...ს“ დირექტორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2022წ. განჩინებაზე წარადგინა საჩივარი. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყდეს სასარჩელო მოთხოვნის ხასიათისა და შინაარსის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში დავის მიზანია ა(ა)იპ „...ს“ საკუთრების ობიექტიდან მოსარჩელის მტკიცებით, მის ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული 32,7 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება, რათა შემდგომში შეძლოს მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. უზრუნველყოფის ღონისძიება მიმართული უნდა იყოს მოპასუხისადმი, ხოლო საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელში, როგორც ა(ა)იპ „...“, ასევე შპს „ც...“ მესამე პირებს წარმოადგენენ, შესაბამისად, ქმედების განხორციელების აკრძალვის შესახებ უზრუნველყოფის ღონისძიება მიმართულია არა მოპასუხის, არამედ მესამე პირის მიმართ, რაც განჩინების გაუქმების საფუძველია. გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირში არ არის აღძრულ სარჩელთან, ასევე დაუსაბუთებელია მსჯელობა მისი გამოყენების აუცილებლობის შესახებ. ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრეა ა(ა)იპ „...“, ხოლო მოაღნაგე - შპს „ც...“. განსახილველ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების აკრძალვა წარმოადგენს ისეთ შეზღუდვას, რაც რეალურ, შეუქცევად საფრთხეს უქმნის და აბრკოლებს საზოგადოების სამეწარმეო საქმიანობას და კონტრაჰენტებთან დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში ნასკირი ვალდებულებების შესრულებას. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შპს „ც...-ის“ მიერ აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. კომპანიის სამეწარმეო საქმიანობისათვის მნიშვნელოვანია ფართების რეალიზაციის მიზნით, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მშენებარე ინდივიდუალურ უძრავ ნივთებზე. აღნიშნული რეგისტრაციის გარეშე შეუძლებელი იქნება ფართების შემდგომი რეალიზაცია დაინტერესებულ პირებზე, რაც კომპანიის შემოსავლის მიღებისა და პროექტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს. პროექტის სრულად განხორციელების ღირებულება თავისი მოცულობისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, კალკულაციით შეადგენს 9 000 000 აშშ დოლარს. სასამართლოს მიერ გამოყენებული აკრძალვა გულისხმობს მთლიან მიწის ნაკვეთზე (3359 კვ.მ. ფართი) სარეგისტრაციო მოქმედებების შესრულების აკრძალვას, რაც მესამე პირის ინტერესების არათანაბარზომიერი შეზღუდვაა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ერთ-ერთ არგუმენტს სარჩელის დაუსაბუთბელობა წარმოადგენს. მოსარჩელეს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან/და მართლზომიერი ფლობის დამასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია, ამდენად, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება კანონიერია. საჩივრის ავტორმა მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 15.02.2022წ. განჩინების სრულად გაუქმება, ამასთან, გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა, კერძოდ, რეგისტრაციის აკრძალვის გავრცელება ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №...-ში მდებარე მშენებარე №... ბინაზე. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ აღნიშნული ბინის საბაზრო ღირებულება, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.12.2019წ. დასკვნის გათვალისწინებით, თითქმის სამჯერ აღემატება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ფართის საორიენტაციო საბაზრო ღირებულებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.03.2022წ. განჩინებით შპს „ც...ს“ (შპს „ა...-სის“) საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.2022წ. განჩინებით შპს „ც...ს“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აეკრძალა ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №...-ში (საკადასტრო კოდი ...-) მდებარე საცხოვრებელ ბინა №...-ზე (ფართი 47,9 კვ.მ.) სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება მოცემულ საქმეზე სარჩელთან დაკავშირებით მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შპს „ც...ს“ საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2022წ. განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფად ღონისძიების სრულად გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საჩივარი მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსკ-ის 196-ე მუხლით გათვალისწინებულია არა მხოლოდ მოსარჩელის, არამედ მოპასუხის ინტერესების დაცვაც. მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა მოსარჩელეს შესთავაზოს სარჩელის უზრუნველყოფის ადეკვატური ღონისძიება, რათა სასამართლოს სამომავლო სავარაუდო გადაწყვეტილების აღსრულებას არ შეექმნას პრობლემა, ამასთან დაცული უნდა იყოს დავის განმავლობაში მოპასუხის ინტერესი, რათა ზიანი არ მიადგეს მას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია მხარეთა თანასწორობის პრინციპზე. სასამართლო ვალდებულია დაიცვას ბალანსი კრედიტორის კანონიერ მოთხოვნასა და მოვალის კანონიერ ინტერესს შორის. სსკ-ის 1961 მუხლი ადგენს საპროცესო სუბიექტთა უფლებას საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიმართონ სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვონ უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების შეცვლა სხვა ღონისძიებით. ასეთი ცვლილების სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო პროცესის სუბიექტთა ინტერესების სრულყოფილად დაცვასა და მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებაში მდგომარეობს. სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შემთხვევაში არსებითი პირობაა სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის დანიშნულების დაცვაა, ანუ ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა. განსახილველ შემთხვევაში საჩივარზე დართული ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის №1187 30.09.2019წ. ბრძანებით, შპს „ც...-ს“ განცხადება დაკმაყოფილდა და ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №...-ში მდებარე 3359 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...-) მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის მიზნით შეთანხმდა არქიტექტურული პროექტი, ასევე 07.10.2020წ. შპს „ც...-ს“ და ა(ა)იპ „...-ს“ შორის დაიდო აღნაგობის ხელშეკრულებისა და უძრავი ქონების გაცვლის წინარე ხელშეკრულება, რომლის საგანია ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №...-ში მდებარე 3359 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ამასთან, შპს „ც...-ს“ დადებული აქვს სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები, მათ შორის ნარდობის (28.07.2021წ. და 26.02.2021წ.), იჯარის (01.03.2021წ), საპროექტო მომსახურების (01.02.2019წ) ხელშეკრულებები. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საჩივრის ავტორი ითხოვს საერთოდ უარი ეთქვას მოსარჩელეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, თუმცა ასეთის გაუზიარებლობის შემთხვევაში სსკ-ის 1961 მუხლის საფუძველზე ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლას, კერძოდ მთელი მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის აკრძალვის ნაცვლად (ქ. ბათუმი, ...-ის ქ. №..., საკადასტრო კოდი: ...-) აკრძალვის გავრცელებას მხოლოდ ერთ უძრავ ქონებაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №...-ში (საკადასტრო კოდი: ...-) მდებარე საცხოვრებელი ბინა №...-ზე (ფართი 47,9 კვ.მ.) სარეგისტრაციო წარმოების აკრძალვით დაცული იქნება, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის დანიშნულება, ასევე გათვალისწინებული იქნება შპს „ც...-ს“ ინტერესებიც.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის საგანს შეადგენს მარეგისტრირებელი ორგანოს 26.12.2013წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომელიც ეხება ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციას. სადავო უძრავ ნივთზე დავის მიმდინარეობის პერიოდში განხორციელდა რეგისტრაცია, კერძოდ, 02.11.2021წ. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ნივთზე ა(ა)იპ „...-თან“ ერთად აღნაგობის უფლების საფუძველზე აღირიცხა შპს „ა...-სის“ უფლება. ამდენად, მას შემდეგ, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 30.07.2021წ. გადაწყვეტილებით რ.ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ...- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე განხორციელდა სარეგისტრაციო წარმოება, რამაც შექმნა გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული მდგომარეობისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ფაქტობრივი მდგომარეობა. ისეთ ვითარებაში, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ ძალაში იქნება დატოვებული ის სამართლებრივი შედეგი, რაც მოსარჩელეს მოპოვებული აქვს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით შესაძლოა საფრთხე შეექმნას მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები საკმარისია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მხარის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამდენად საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2022წ. განჩინების სრულად გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საკასაციო სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ც...-ის“ საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სრულად გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს გააჩნია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთი სახეა მოპასუხისთვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა. განსახილველ შემთხვევაში რ.ჯ-ის წარმომადგენელმა 14.02.2022წ. განცხადებით მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით ...- სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების აკრძალვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის მიერ უძრავ ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში რაიმე ცვლილების შეტანა ან მესაკუთრის შეცვლა, ასევე ისეთი სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება, რაც დაკავშირებულია მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის შეცვლასთან, გააძნელებს ან/და შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავს, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება. სარჩელის უზრუნველყოფა მთლიანად მოტივირებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფით, სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსალოდნელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობით, მისი გარდაუვალობით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ მართებულად ეთქვა უარი შპს „ც...-ის“ საჩივარზე აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების სრულად გაუქმების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში რ.ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნა ეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.12.2013წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. მარეგისტრირებელ ორგანოში 03.04.2018წ. წარდგენილი განცხადებით რ.ჯ-ემ მოითხოვა ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №...-ში მდებარე 42 კვმ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. აღსანიშნავია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.2021წ. გადაწყვეტილებით, რ.ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.12.2013წ. გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, აჭარის რეგიონულ ოფისში ...-ის (ა(ა)იპ ...-) მიერ 19.12.2013წ. წარდგენილი განცხადების თავიდან განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. საქმის მასალებით, კერძოდ 02.11.2021წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება აღნაგობის უფლების საფუძველზე ...- საკადასტრო კოდის მქონე სადავო მიწის ნაკვეთზე არსებულ №... მშენებარე შენობაზე შპს „ა...-ის“ უფლების რეგისტრაციის ფაქტი, შესაბამისად, დიდია ალბათობა იმისა, რომ საქმის მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდება, მით უფრო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამასთან, საქმის მასალებით ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №-ში მდებარე უძრავ ნივთზე მრავალფუნქციური ობიექტის მშნებლობის მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული სამშენებლო დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრირებულია მშენებარე შენობა-ნაგებობა, ასევე საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ კომპანიის სამეწარმეო საქმიანობისათვის მნიშვნელოვანია საკუთრების უფლების რეგისტრაცია მშენებარე ინდივიდუალურ უძრავ ნივთებზე მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, აღნიშნული საზოგადოების შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ამდენად, მითითებული გარემოებები უფრო მეტად იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ განსახილველ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მნიშვნელოვნად განსხვავებული ფაქტობრივი გარემოება იარსებებს.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის საჩივრის ავტორის მოსაზრება უზრუნველყოფის ღონისძიების მესამე პირებთან მიმართებაში გამოყენების შეუძლებლობის შესახებ. რეგისტრაციასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელების აკრძალვის პირობებში მოპასუხეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ერთმევა უძრავ ნივთზე გასხვისების ან უფლებრივად დატვირთვის რეგისტრაციის შესაძლებლობა. აღნიშნული უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება მნიშვნელოვნად გართულდება ან სულაც შეუძლებელი გახდება კეთილსინდისიერი შემძენის უფლების დაცვის საჭიროების გათვალისწინებით. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დაუსაბუთებლად, შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე განხორციელდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების პირობა (უძრავი ნივთის ნაწილზე), ასევე არსებობს საფუძველი, რომლის გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ან გაძნელების საფრთხის არსებობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ან აღსრულების გაძნელების რისკების მინიმუმამდე დაყვანას. რისკი არის მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის ნიშნებს, იგი ჯერ არ არის რეალიზებული, თუმცა შესაძლოა მომავალში განხორციელდეს. განსახილველ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.2022წ. განჩინებით, საჩივარი უზრუნველყოფის ღონისძიების სრულად გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №...-ში მდებარე მშენებარე ბინა №...-ზე სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება. საქმის მასალებით სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების აკრძალვის ნაწილში აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა. ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილება, სასამართლოში დავის მიმდინარეობისას საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაცია რეალურს ქმნის შემდგომი რეგისტრაციების განხორციელების რისკს, რაც თავის მხრივ ქმნის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობებს, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სრულად გაუქმების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „ც...-ის“ საჩივარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სრულად გაუქმების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ც...-ს“ საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2022წ. განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების სრულად გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი