საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1020(კ-21) 22 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ს-ე
მესამე პირი - გ. ქ-ა, ბ. ჯ-ი, ლ. ჯ-ი
თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 1 მაისს, მ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ბ. ჯ-ის, ლ. ჯ-ის და გ. ქ-ას მიმართ. 2018 წლის 2 ოქტომბერს მ. ს-ემ დაზუსტებული (გაზრდილი) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 27 იანვრის N422 საოქმო გადაწყვეტილების (საკითხი N11, ბ. ჯ-ის ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღიარების თაობაზე), 2015 წლის 5 მარტს გაცემული საკუთრების უფლების N... მოწმობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 მარტის N... გადაწყვეტილების (... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრედ ბ. ჯ-ის რეგისტრაციის თაობაზე), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 20 აპრილის N... გადაწყვეტილების (... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ ლ. ჯ-ის რეგისტრაციის თაობაზე), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015წლის 20 აპრილის N... გადაწყვეტილების (... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ გ. ქ-ას რეგისტრაციის თაობაზე) ბათილად ცნობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის უძრავი ქონების - 600 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის მდებარე: ქ. თბილისი, მთაწმინდის რაიონი, სოფელი ...ი (ზედდების მიხედვით საკადასტრო კოდები ... და ...) მ. ს-ეის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ს-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 27 იანვრის №422 საოქმო გადაწყვეტილება ბ. ჯ-ისათვის ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონი, სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე (დღის წესრიგის მე-11 საკითხი); ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 5 მარტს გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 მარტის №... გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’ (უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, მთაწმინდის რაიონი, სოფ. ...ი, ფართობი- 600 კვ.მეტრი, ბ. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე). დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში მ. ს-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და გ. ქ-ამ, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და გ. ქ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო დაეყრდნო ლ. ს-ეის სახელზე გაცემულ 1996 წლის 12 აგვისტოს N5084 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტს და დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ჯ-ის სახელზე აღიარებული მიწის ნაკვეთი ერთხელ უკვე იყო განკარგული, რის საფუძველზეც სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, მიღებულ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე. კასატორი არ იზიარებს სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ბ. ჯ-ის მიერ სრულად იქნა წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულებით განსაზღვრული დოკუმენტაცია, მათ შორის, ინფორმაცია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელმა ორგანომ დაადასტურა, რომ მიწის ნაკვეთზე არ იყო აღრიცხული სხვა პირის საკუთრების უფლება. ასევე საქმეში წარმოდგენილ იქნა ორთოფოტო, რომელიც ადასტურებს მიწის ნაკვეთზე შენობის არსებობის ფაქტს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე. შესაბამისად, არ არსებობდა დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც შეიძლებოდა ბ. ჯ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელე მის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტზე მითითებით ადასტურებს ბ. ჯ-ის სახელზე აღიარებული და მისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთების იდენტურობას, რაც კასატორის მოსაზრებით, არამართებულია, ვინაიდან შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე აღნიშნული გარემოების დადგენა შეუძლებელია. მოსარჩელეს უნდა წარედგინა მტკიცებულება, რომელიც დაადგენს - წარმოადგენს თუ არა იდენტურ მიწის ნაკვეთებს ის მიწის ნაკვეთი, რომელიც მხარის განმარტებით წარმოადგენდა მისი მამკვიდრებლის საკუთრებას და რომელიც კომისიის მიერ იქნა განკარგული. თუმცა ასეთი დოკუმენტი მხარეს არ წარმოუდგენია. ასევე, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ცალსახად ვერ მიუთითეს თუ სად მდებარეობდა ლ. ს-ეისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი. ვინაიდან საქმეში არსებული დოკუმენტაციით შეუძლებელია მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენა, გაურკვეველია, რის საფუძველზე დაადგინა სასამართლომ აღნიშნული, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
კასატორის განმარტებით, კომისიის 2015 წლის 27 თებერვლის N422 საოქმო გადაწყვეტილება წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის მიმართ მოქმედებს დაცვის განსაკუთრებული საკანონმდებლო გარანტიები. საქმეში არსებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ბ. ჯ-იმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედება, რაც გამოიხატა მიწის ნაკვეთის გასხვისებაში. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ბ. ჯ-ის კომისიის გადაწყვეტილების მიმართ გააჩნია კანონიერი ნდობა. მხარის კანონიერი ნდობის შემთხვევაში კი აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობა გამართლებული იქნებოდა, თუ დადგინდებოდა ამ აქტით მოსარჩელის კანონიერი უფლების/ინტერესის შელახვის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ არ დასტურდება ბ. ჯ-ისა და ლ. ს-ეის მიწის ნაკვეთების იდენტურობა, გაურკვეველია, რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ მოსარჩელის ზეპირსიტყვიერი განმარტებები აღმჭურველი აქტის ადრესატის მიმართ მოსალოდნელი ზიანის საპირწონე გარემოებებად. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები და არგუმენტაცია, რაც შესაძლებელს გახდიდა სადავო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და გ. ქ-ამ. მოსარჩელეს - მ. ს-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 27 იანვრის №422 საოქმო გადაწყვეტილების - ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ბ. ჯ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე (დღის წესრიგის მე-11 საკითხი) და 2015 წლის 5 მარტს გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 600კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კანონიერების შესწავლა, იმ საფუძვლით, რომ მისი მამკვიდრებელი ლ. ს-ეე 1985 წლის 14 ივნისს მიღებულ იქნა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის მებაღეობის ამხანაგობა ,,...ი-...-ის“ წევრად და გამოეყო 600 კვ.მ. ბაღის ნაკვეთი გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში. 1996 წლის 12 აგვისტოს კი მის სახელზე გაიცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №5084, რომლის მიხედვით ლ. ს-ეეს საკუთრებაში გადაეცა გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 620 კვ.მ. საბაღე მიწის ნაკვეთი ერთ ნაკვეთად №69, საიდანაც 600 კვ.მ. წარმოადგენდა რეფორმამდე არსებულ ფართს, ხოლო 20 კვ.მ. დამატებით გამოყოფილ ფართს. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია შეუძლებლად იქნა მიჩნეული, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთზე გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და საკუთრების უფლების მოწმობით საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა სხვა პირზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონზე, რომელიც აწესრიგებს პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს, აგრეთვე იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს. დასახელებული კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნეოდა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის – ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული); ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
2015 წლის 12 იანვარს ბ. ჯ-იმა №14/318 განცხადებით მიმართა ქ.თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 27 იანვრის №422 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის მე-11 საკითხი) მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს (ქ.თბილისი, მთაწმინდის რაიონი, სოფელი ...ი), 600 კვ.მ. მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია-სასყიდლიანი და აღიარებულ იქნა ბ. ჯ-ის საკუთრების უფლება. ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ 2015 წლის 5 მარტს გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №..., მასზედ, რომ ბ. ჯ-ის გადაეცა საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ.თბილისი, მთაწმინდის რაიონი, სოფელი ...ი, ფართობით: 600 კვ.მ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის დაინტერესებული პირის მხრიდან მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის ნამდვილობის დადასტურება. ამ მიზნით, დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა წარადგინოს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გამოირიცხება უძრავი ქონების სხვა პირის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტი. თავის მხრივ, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა წარმოშობს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისია ისე დაეყრდნო მხოლოდ ბ. ჯ-ის მიერ წარდგენილ განცხადებას, რომ დამატებით არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, არ ყოფილა ადგილზე გასული და თავად არ შეუმოწმებია უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა, რამეთუ როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ბ. ჯ-ის ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე ჯერ კიდევ 2014 წელს უარი ეთქვა კომისიის მიერ იმ მოტივით, რომ არ დასტურდებოდა ამ უკანასკნელის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ანუ 2007 წლამდე. ასევე, კონკრეტული დავისათვის მნიშვნელოვანია საქმეში წარმოდგენილი მებაღის წიგნაკი, საიდანაც ირკვევა, რომ ლ. ს-ეეს (მოსარჩელე მ. ს-ეის დედა) გამოეყო 600 კვ.მ. ბაღის ნაკვეთი გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში, ხოლო 1996 წლის 12 აგვისტოს გაცემული №5084 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, დასტურდება, რომ ლ. ს-ეეს საკუთრებაში გადაეცა გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 620 კვ.მ. საბაღე მიწის ნაკვეთი ერთ ნაკვეთად №69, საიდანაც 600 კვ.მ. წარმოადგენდა რეფორმამდე არსებულ ფართს, ხოლო 20 კვ.მეტრი დამატებით გამოყოფილ ფართს. სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა არა სახელმწიფოს საკუთრებას, რაც საკუთრების უფლების აღიარებისთვის კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს, არამედ, კერძო საკუთრებას, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც უკვე აღინიშნა, სადავო მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ ერთხელ უკვე განკარგა, რასაც ადასტურებს მებაღის წიგნაკი და მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №5084.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის ინტერესი მოსარჩელის მხრიდან დასტურდება მის სახელზე 2015 წლის 26 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობით, რომლის თანახმად ირკვევა, რომ მოსარჩელე მ. ს-ე არის აწ. გარდაცვლილი ლ. ს-ეის პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო სრულად, მასში შემავალი აქტივებით და პასივებით. ლ. ს-ეის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი ძალაშია, რაც ანიჭებს მ. ს-ეს მის საფუძველზე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით დარეგისტრირების უფლებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს რესპუბლიკაში მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ მინისტრთა კაბინეტის 28.06.93 წლის N503 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ ერთადერთ საფუძველს. მიღება-ჩაბარების აქტი მის მფლობელს უქმნის მართლზომიერ მოლოდინს იმისა, რომ შეძლებს მიღება-ჩაბარების აქტით მოპოვებული საკუთრების უფლების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლი არ უზრუნველყოფს საკუთრების მოპოვების უფლებას. თუმცა „საკუთრება“ შეიძლება იყოს „არსებული საკუთრება“ ან აქტივები, მათ შორის, მოთხოვნები, რასთან დაკავშირებითაც მომჩივანმა შეიძლება ამტკიცოს, რომ მას, სულ მცირე, „მართლზომიერო მოლოდინი“ აქვს. მართლზომიერ მოლოდინს უნდა ჰქონდეს „საკმარისი საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში“ (ფაბრი საფრანგეთის წინააღმდეგ (Fabris v.France), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 07.02.2013წ. გადაწყვეტილება პუნქტი 50).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი - კომისიის გადაწყვეტილება წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის მიმართ მესამე პირს - ბ. ჯ-ის გააჩნია კანონიერი ნდობა და განმარტავს, რომ პირის კანონიერი ნდობის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად აცხადებს თვით კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ადგენს მისი გაბათილების დაუშვებლობის სტანდარტს, პირის კანონიერი ნდობის არსებობის პირობებში. საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.4 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ცალსახად მიიჩნევს, რომ თუ კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი აქტით ილახება სხვა პირის კანონიერი უფლებები, შეუძლებელია მისი სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება მესამე პირის კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, რადგან ერთი აქტის მიმართ სხვადასხვა პირების კანონიერი უფლებებისადმი დიფერენცირებული მიდგომა, თანაც ამ უფლებების უპირატესობის დაუსაბუთებლობის პირობებში, სრულიად არასამართლიანია. კონკრეტულ შემთხვევაში კი, როგორც საქმის მასალებიდან დგინდება გასაჩივრებული აქტების გამოცემით მოსარჩელეს შეეზღუდა მისი მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის უფლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე