Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე № ბს-1029(3კ-20) 29 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი - მ. კ-ი

მესამე პირები - მ. ნ-ი; ქ. ა-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2016 წლის 11 აგვისტოს მ. კ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 27 ნოემბრის №000561 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 11 ივლისის №1-1207 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 27 ნოემბრის №000561 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 11 ივლისის №1-1207 ბრძანება 2000 ლარით დაჯარიმების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.

კასატორების განმარტებით, ორივე ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო აქტები მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. თუმცა საყურადღებოა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, სადაც სასამართლო უთითებს ,,ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონზე და განმარტავს, რომ, ვინაიდან მ. კ-ი წარმოადგენს ასაკით პენსიონერ პირს, არსებობს სადავო დადგენილებით დაკისრებული საჯარიმო სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი. თუმცა აღნიშნულ მსჯელობას ეწინააღმდეგება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის მე-4 პუნქტში მითითებულია შემდეგი: ,,გადაწყვეტილების გამოტანიდან ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 27 ნოემბრის N00561 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 11 ივლისის N1-1207 ბრძანება 2000 ლარით დაჯარიმების ნაწილში“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორება მიიჩნიეს, რომ ბუნდოვანი და ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები, ვინაიდან, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით მ. კ-ი გათავისუფლდა მხოლოდ დაკისრებული ჯარიმისგან, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, კი სრულად არის გაბათილებული ქ. თბილისის სადავო NO00561 დადგენილება.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, კასატორების მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, კერძოდ კი, არასწორად განმარტა ის სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა სადავო გადაწყვეტილება. შესაბამისად, კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.

2020 წლის 27 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებაზე შეგებებული საკასაციო საჩივარი წარადგინა მ. კ-იმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით მ. კ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 27 ნოემბრის №000561 დადგენილების, რომლითაც მ. კ-ი დაჯარიმდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში პროექტის დარღვევით მე-2 კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის 2 000 ლარით და მ. კ-ისათვის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 11 ივლისის №1-1207 ბრძანების კანონიერების შემოწმება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანაა საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა. ამ ამოცანის განსახორციელებლად განისაზღვრება თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს სამართალდარღვევის ჩამდენს. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილი კი მოითხოვს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედოს იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული გადაცდომისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საერთო წესს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთი სახეა სამშენებლო სამართალდარღვევა. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-15 მუხლის ,,რ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევა ეს არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით. ამავე კოდექსის პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ უნებართვო მშენებლობისა და რეკონსტრუქციის წარმოებისათვის სათანადო სანქციას - დაჯარიმებას ან/და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟს ითვალისწინებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დამრღვევისათვის სახდელის დაკისრება არ ხდება დაუყონებლივ, გადაცდომის აღმოჩენისთანავე, ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, მითითებით სავარაუდო დამრღვევს განესაზღვრება ვადა განხორციელებული ქმედების მართლზომიერების დასადასტურებლად ან დარღვევის გამოსასწორებლად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების შესრულებასთან მიმართებით, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირდა დარღვევა - მითითების პირობების შეუსრულებლობა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას პირისათვის სახდელის დაკისრების შესახებ, ამასთანავე, სამართალდარღვევა გამოსწორებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მითითებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის მიუხედავად, სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილების გამოცემამდე დამრღვევი აღმოფხვრის სამართალდარღვევას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა აღნიშნულ ნორმათა დაცვით, მ. კ-ის განესაზღვრა ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, განემარტა დარღვევის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგები. გასათვალისწინებელია, რომ მ. კ-ის ჩაბარებული აქვს მითითება და შემოწმების აქტი. უფრო მეტიც, მან განმარტა, რომ მითითებაში აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით მოამზადებდა პროექტს და კორექტირების მიზნით აღნიშნული დარღვევებს აღმოფხვრიდა. ამასთან, სადავო მშენებლობაზე ნებართვა გაგრძელებული აქვს და მითითებულ ვადაში განახორციელებდა პროექტის შეთანხმებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, მ. კ-ის მიერ სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სწორად იქნა გამოყენებული პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ა.ა“ ქვეპუნქტები, რომლის თანახმად, მ. კ-ი დაჯარიმდა 2 000 ლარით პროექტის დარღვევით მე-2 კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის.

საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლოა პირი გათავისუფლდეს ადმინისტრაციული სახდელისგან. მ. კ-ის მიერ ჯარიმის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის კანონზე, რომლითაც დადგინდა ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა (1-ლი მუხლი). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სამშენებლო სამართალდარღვევაზე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეზე, უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი. საქმის მასალებით, დასტურდება, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მ. კ-ის მიერ ნაწარმოებია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 23 ივნისის N01/758 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 27 ნოემბრის №000561 დადგენილება გასაჩივრებულია და ჯერ არ არის აღსრულებული. მოხმობილი კანონის 3.1 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებს და თანამდებობის პირებს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ფიზიკური პირის ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლების საკითხი უნდა გადაეწყვიტათ კანონის შესაბამისად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებული ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა სამართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა. სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არა მხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. ამასთან, სადავო აქტების გასაჩივრების შემთხვევაში პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა სადავო აქტები.

„ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან - ჯარიმისა და საურავისაგან თავისუფლდება: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია; ბ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან); გ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი; ვ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი; ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი − დევნილი. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მ. კ-ი არის ასაკით პენსიონერი (დაბადებული ... წელს). ამდენად, ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან - ჯარიმისა და საურავისაგან, თავისუფლდება კანონის ამოქმედების დროისათვის ასაკით პენსიონერი, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აღნიშნული ნორმა სასამართლოს აძლევს საფუძველს მ. კ-ისათვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში, გაავრცელოს კანონით გათვალისწინებული შეღავათი და მ. კ-ი გათავისუფლდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 27 ნოემბრის №000561 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისაგან. ამასთან, საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი შეეხება დამრღვევის გათავისუფლებას მხოლოდ ჯარიმისაგან და საურავისაგან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ მ. კ-ი გათავისუფლებულია 2015 წლის 15 სექტემბერს გაცემული N000561 მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების ვალდებულებისაგან.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას, გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილების წინააღმდეგობასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ სამოტივაციო ნაწილიც შეიცავს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მ. კ-ი მიჩნეულია სამართალდამრღვევად, მაგრამ ვინაიდან, მის მიმართ შესაძლებელი იყო „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათიანი რეჟიმის გამოყენება იგი გათავისუფლდა მხოლოდ ჯარიმის გადახდისგან. სარეზოლუციო ნაწილშიც ასევე მკაფიოდ არის მითითებული, რომ ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 27 ნოემბრის №000561 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 11 ივლისის №1-1207 ბრძანება - 2000 ლარით დაჯარიმების ნაწილში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე