საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-63(2კ-22) 29 მარტი, 2022 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოწინააღმდეგე მხარე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (კასატორი) - ნ. გ-ი
სარჩელზე მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის მომსახურების ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2020 წლის 16 სექტემბერს ნ. გ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის მომსახურების ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის წარმომადგენლის მიერ 2020 წლის 1 ივლისს შევსებული დეკლარაციის საფუძველზე 2020 წლის 31 ივლისს 67410 ქულის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 7 სექტემბრის N04/19666 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ასევე მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მოსარჩელეს განუსაზღვრავს 9570 სარეიტინგო ქულას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის წარმომადგენლის მიერ 2020 წლის 1 ივლისს შევსებული დეკლარაციის საფუძველზე 2020 წლის 31 ივლისს 67410 ქულის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 7 სექტემბრის N04/19666 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ნ. გ-ითან დაკავშირებით კანონით დადგენილი წესით და ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. გ-იმა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ნ. გ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება და გასაჩივრებული საოქმო განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის განჩინება საკასაციო საჩივრებით გაასაჩივრეს ნ. გ-იმა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორის - ნ. გ-ის განმარტებით, თუ სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტულად არ დაავალებს, არ მიუთითებს თუ როგორ უნდა იმოქმედოს ადმინისტრაციულმა ორგანომ და რომელი მონაცემებით უნდა იხელმძღანელოს სოციალურმა აგენტმა, გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება და ნ. გ-ი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებით ვერავითარ შედეგს.
კასატორის მითითებით, სასამართლომ ასევე მტკიცების ტვირთი განაწილა არასწორად, მეტიც, მოსარჩელე მხარეს არ მისცა შესაძლებლობა მოეპოვებინა მტკიცებულება, როდესაც საოქმო განჩინებით უარი უთხრა მოპასუხისათვის ქულის გამოთვლის პროგრამაში მონაცემების შეტანის პროცესის გამეორების დავალებაზე. სასკ-ის მე-17 მუხლი ადგენს, რომ აქტის ბათლად ცნობის თაობაზე სარჩელზე მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს აკისრია. სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო დაემტკიცებინა რომ მის მიერ ნ. გ-ისათვის ქულის მინიჭება სწორად მოხდა. სასამართლოს ასევე უნდა გაეთვალისწინებინა და გადაწყვეტილებით ემსჯელა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უგულვებელყო მოპასუხის მიერ ოჯახის დეკლარაციის ,,B3“ გრაფაში დაშვებული დარღვევა, კერძოდ, მოპასუხემ ხსენებულ გრაფაში არ აღნიშნა არ შემოხაზა გრაფა ,,დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს“. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კიდევ ერთი დაშვებული დარღვევა გამოიხატა იმაში, რომ მოპასუხეს ქულის გამოთვლისას არ უნდა გაეთვალისწინებინა მოსარჩელის განათლება, რადგან განათლების დონე ასაკით პენსიონერი პირების შემთხვევაში აღარ გაითვალისწინება. განსახილველ შემთხვევაში კი, დეკლარაციიდან (მათ შორის, ელექტრონულიდან) დგინდება, რომ დეკლარაციის გრაფა ,,C2“ შევსებულია, კერძოდ, შემოხაზულია განათლების მიღწეულ დონეში - „უმაღლესი". ამასთან, კასატორის მოსაზრებით, როდესაც სასამართლომ დაადგინა რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქულის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ბათილია, ამავე სასამართლოს უნდა დაეკისრებინა მოპასუხისათვის მიუღებელი საარსებო შემწეობის გაცემის ანაზღაურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში პრობლემურ საკითხს წარმოადგენს დეკლარაციის ბლოკის მე-9 პუნქტში დაფიქსირებული ოთახების რაოდენობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრმა განმარტა, რომ შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საერთო საცხოვრისში არის ოთხი ოთახი. უფროსი სოციალური აგენტის მიერ დაფიქსირდა 3 ოთახი. ვინაიდან, ერთი ოთახი არის ავარიული და საცხოვრებლად სახიფათო, რაც დასტურდება ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენელის მიერ წარმოდგენილი შემოწმების აქტით. შესაბამისად, საცხოვრისად გამოუყენებელი ოთახი დეკლარაციაში დაფიქსირდა მე-7 პუნქტის მე-3 გრაფაში (დაუმთავრებელი სახლი ან სხვა ნაგებობა). ხოლო მისი ფართობი - 19.58 კვ.მ გამოაკლდა შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საცხოვრებლის საერთო ფართობს (82.33კვ.მ). დეკლარაციის ბლოკის მე-8 პუნქტში - „ჩაწერეთ რამდენია შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართობი“ -სოციალურმა აგენტმა დააფიქსირა 62.75კვ.მეტრი. ეს იყო აგენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომა, რომელიც გამოსწორდა რაც დადასტურდა გრძელიშვილის ხელმოწერით. დეკლარაცია დამუშავდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის N758 დადგენილების შესაბამისად. ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. დღეის მდგომარეობით ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 67410 ერთეულს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, „9 პუნქტის – „ჩაწერეთ რამდენი ოთახია თქვენი შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საერთო საცხოვრისში სულ (სამზარეულოს, დერეფნის, სააბაზანოს, საპირფარეშოს და სხვა დამხმარე სათავსოების გარდა)“ — შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა მიუთითოს იმ ოთახების რაოდენობა, რომლებიც გამოიყენება საცხოვრებლად, მათ შორის მისაღები ოთახი, საძინებელი, ლოჯია. დაკავებული ოთახების რაოდენობაში სააგენტოს უფლებამოსილი პირი არ გაითვალისწინებს დერეფანს, საპირფარეშოს, სააბაზანოს ან სხვა დამხმარე სათავსოს (მაგ. სხვენი, ავტოფარეხი, სამზადი/მარანი, სამეურნეო ნაგებობა, სარდაფი, კომერციული ფართი, დაუმთავრებელი ნაგებობა/ფართი). სააგენტოს უფლებამოსილი პირი პირადად დაათვალიერებს და შეამოწმებს ოთახების რაოდენობას, იქ არსებულ ნივთებს და ინვენტარებს და შესაბამის გრაფაში მიუთითებს ოთახების ჯამურ რაოდენობას.“ ოჯახის დეკლარაციის მე-8 პუნქტში დაფიქსირებულია შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართობი - 62.75 კვ.მ. ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის დათვლა განხორციელდა 62.75 კვ.მ-ზე და არა როგორც საჩივრის ავტორმა აღნიშნა 75 კვ.მ-ზე.
2020 წლის 3 სექტემბრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა, ნ. გ-ის წარმომადგენელთან - ა. ლ-ესთან ერთად კიდევ ერთხელ იმსჯელა ოჯახის ხელახალი გადამოწმების საკითხზე, თუმცა სააგენტოში დაცული ინფორმაციითა და საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების თანახმად, ხელახალი გადამოწმების შედეგად არსებითად არაფერი შეიცვლებოდა და დეკლარაციის შევსების შემთხვევაში დაფიქსირდებოდა იგივე მონაცემები, რაც დაფიქსირდა სადავო დეკლარაციაში. ამასთან გათვალისწინებულ იქნა ისიც, რომ ნ. გ-ის ოჯახის ხელახლა შემოწმება განხორციელდა 2020 წლის 1 ივლისს, ხოლო ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა 67410 ერთეულით განისაზღვრა 2020 წლის 31 ივლისს. აღნიშნული სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე, ნ. გ-ის ოჯახმა ვერ მოიპოვა უფლება საარსებო შემწეობის მიღებაზე, თუმცა, სარგებლობს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შეღავათებით. ამდენად, ხელახალი შემოწმების შემთხვევაში, აღნიშნული გადამოწმებიდან ასეთ მოკლე პერიოდში, კასატორის მოსაზრებით, დიდი ალბათობით დღეს არსებულისგან განსხვავებული, ბენეფიციარის სასარგებლო შედეგი ვერ დადგებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ნ. გ-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ნ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავოა 2020 წლის 1 ივლისის ოჯახის დეკლარაციის შევსების შედეგად სარეიტინგო ქულის მინიჭების სისწორე და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება. მთავარ სადავო საკითხს და მოსარჩელის მიერ დავის დაწყების მიზეზს წარმოადგენს მოსარჩელესა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის შეუთანხმებლობა საცხოვრებელი ბინის ფართსა და ოთახების რაოდენობაზე. მოსარჩელის განმარტებით, დეკლარაციის შევსების დროს უფლებამოსილი პირის მიერ მოხდა მონაცემების არასწორად დაფიქსირება, კერძოდ, ,,A8“ პუნქტში არასწორად იქნა მითითებული საცხოვრებელი ფართობი, ვინაიდან საჯარო რეესტრში დაფიქსირებულ საერთო ფართს უნდა გამოაკლდეს დამხმარე ფართი. ასევე, მოსარჩელემ განმარტა, რომ „A9“ პუნქტში არასწორად მიეთითა ოთახების რაოდენობა, ვინაიდან, დადგენილია, რომ ერთი ოთახი არის ავარიული. დეკლარაციის B3 გრაფაში არ აღნიშნა / არ შემოხაზა გრაფა, დაუხმარებლად გადააგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს. ასევე, მოპასუხეს ქულის გამოთვლისას არ უნდა გაეთვალისწინებინა მოსარჩელის განათლება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და ამ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის და რეფერირების წესის“ მე-6 მუხლის მიხედვით „A8“ პუნქტის – „ჩაწერეთ რამდენია შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართობი“ შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დეკლარაციაში უნდა დააფიქსიროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მითითებული ინფორმაცია კვადრატული მეტრის მითითებით, თუ ოჯახი ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში და არ არის დარწმუნებული თუ რამდენ ფართობს იკავებს ზუსტად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ჩაწერს იმ მონაცემებს, რომელსაც დააფიქსირებს ოჯახის წევრი და აღნიშნული ინფორმაცია ჩაითვლება სანდოდ (მე-7 პუნქტი). ამავე წესის „A9“ პუნქტის – „ჩაწერეთ რამდენი ოთახია თქვენი შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საერთო საცხოვრისში სულ (სამზარეულოს, დერეფნის, სააბაზანოს, ტუალეტის და სხვა დამხმარე სათავსოების გარდა)“ – შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა მიუთითოს იმ ოთახების რაოდენობა, რომლებიც გამოიყენება საცხოვრებლად, მათ შორის მისაღები ოთახი, საძინებელი, ლოჯია; დაკავებული ოთახების რაოდენობაში სააგენტოს უფლებამოსილი პირი არ გაითვალისწინებს დერეფანს, ტუალეტს, სააბაზანოს ან სხვა დამხმარე სათავსოს (მაგ. სხვენი, ავტოფარეხი, სამზადი/მარანი, სამეურნეო ნაგებობა, სარდაფი, კომერციული ფართი, დაუმთავრებელი ნაგებობა/ფართი). სააგენტოს უფლებამოსილი პირი პირადად დაათვალიერებს და შეამოწმებს ოთახების რაოდენობას, იქ არსებულ ნივთებს და ინვენტარებს და შესაბამის გრაფაში მიუთითებს ოთახების ჯამურ რაოდენობას (პუნქტი 8). ზემოაღნიშნული წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დეკლარაციის „B3“ პუნქტში - ,,ფიზიკური მდგომარეობა“ მოცემულ ცხრილში ყოველ წევრზე უნდა შემოიხაზოს მხოლოდ დეკლარაციაში ჩამოთვლილი ფიზიკური მდგომარეობის შესაბამისი კოდები. სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა დარწმუნდეს (ვიზუალურად ან დოკუმენტურად), რომ ფიზიკური პირის მდგომარეობა შეესაბამება დეკლარირებულს. ამ კითხვის შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა გაითვალისწინოს: ა) პირებს, რომელთაც რაიმე ავადმყოფობის გამო დროებით შეზღუდული აქვთ გადაადგილება (მოტეხილობის, კეთილსაიმედო ავადმყოფობის ან სხვა) არ მიეკუთვნებიან კატეგორიებს: „სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი“ და/ან „დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და საჭიროებს მომვლელს“; ბ) ამ წესის მიზნებისათვის, ფიზიკური მდგომარეობის – „სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას“ – შემოხაზვისას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა დარწმუნდეს, რომ ოჯახის წევრის მდგომარეობა ნამდვილად შეესაბამება ამ კატეგორიას, რაც დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებულია: ბ.ა) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს გულის ქრონიკული უკმარისობით (I50) (III – IV ფუნქციური კლასი „NYHA“) ან სტაბილური სტენოკარდიით (I20.8) (III – IV ფუნქციური კლასი „CCS“); ბ.ბ) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლის დროსაც რეკომენდებულია ან ჩატარებულია აუცილებელი ინტერვენციული ჩარევები (ოპერაციები გულზე, სტენტირება, რითმის წამყვანის – პეისმეიკერის, გულშიდა დეფიბრილატორის იმპლანტაცია); გ) თუ ოჯახის წევრს შეესაბამება ორი ან მეტი კატეგორია, შემოიხაზება ყველა შესაბამისი კატეგორიის კოდი. ხოლო ამავე წესის მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, დეკლარაციის „C1“ პუნქტის კითხვაზე – „რა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დადის შინამეურნეობის წევრი მიმდინარე (გასულ) აკადემიურ წელს“ შევსებისას – სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა შემოხაზოს შესაბამისი კოდი ოჯახის ყველა არასრულწლოვან (18 წლამდე) ასაკის წევრზე, ხოლო ,,C2” პუნქტის - ,,განათლების მიღწეული დონე” შევსებისას – უნდა შემოიხაზოს შესაბამისი კოდი ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრზე. „C1“ და „C2“ პუნქტებში ყოველ წევრზე უნდა შემოიხაზოს მხოლოდ ერთი შესაბამისი პასუხის კოდი.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში მყოფ ოჯახს, რომელიც საჭიროებს დახმარებას, შეუძლია მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნით. ასეთი მიმართვა წარმოადგენს ოჯახის შესაბამისი წესისა და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით გადამოწმებისა და შეფასების საფუძველს, რის შედეგადაც ოჯახს ენიჭება კონკრეტული სარეიტინგო ქულა. თავის მხრივ, სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდეგ ოჯახი მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულად ითვლება, ხოლო სარეიტინგო ქულის ოდენობაზეა დამოკიდებული იმ სოციალური გარანტიების განსაზღვრა, რომელთა გამოყენების უფლებაც ენიჭება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახს. ამრიგად, აუცილებელია, რომ ოჯახის როგორც პირველადი შეფასება, ისე შემდგომი გადამოწმება განხორციელდეს ნორმატიულად გათვალისწინებული თითოეული მეთოდის ზუსტად და ზედმიწევნით დაცვით. ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას მნიშვნელობა ენიჭება უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის დეკლარაციაში შეტანილ თითოეულ მონაცემს.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ დეკლარაციის ,,A8“ პუნქტში შიდამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართობად მითითებულია 62.75 კვ.მ, ხოლო ,,A9“ პუნქტში ოთახების რაოდენობაში მითითებულია 3 ოთახი.
ამასთან, ვინაიდან ერთი ოთახი არის ავარიული და საცხოვრებლად სახიფათო, სოციალური აგენტის მიერ საცხოვრისად გამოუყენებელი ოთახი დეკლარაციაში დაფიქსირდა მე-7 პუნქტის მე-3 გრაფაში (დაუმთავრებელი სახლი ან სხვა ნაგებობა). ხოლო მისი ფართობი 19.58 კვ.მ გამოაკლდა შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საცხოვრებლის საერთო ფართობს (82.33კვ.მ). შესაბამისად, დეკლარაციის ბლოკის მე-8 პუნქტში „ჩაწერეთ რამდენია შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართობი“ სოციალურმა აგენტმა დააფიქსირა 62.75კვ.მეტრი.
ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის 2018 წლის 17 ოქტომბრის დასკვნის შესაბამისად, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. N.../...ის ქ. N...-ში მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობის ავარიულობის თვალსაზრისით შეესაბამება დაზიანების მესამე ხარისხს. ამდენად, ირკვევა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართი, რომელზეც დეკლარაციაში მითითებულ იქნა როგორც მშენებარე, შეესაბამება დაზიანების მესამე ხარისხს და აღნიშნულ ფართში ცხოვრება არის სახიფათო.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის ოჯახის დეკლარაციაში მონაცემები შეტანილია არასწორად, გარემოებების დეტალური გამოკვლევის გარეშე, რასაც შესაძლოა გამოეწვია სარეიტინგო ქულის არასწორი გამოანგარიშება. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებლად სახიფათო ოთახის დაფიქსირება დეკლარაციაში, როგორც დაუმთავრებელი სახლი ან სხვა ნაგებობა, არ შეესაბამება სახიფათო საცხოვრებელი ოთახის, ავარიული შენობის გრაფას. დაუმთავრებელი სახლის ან სხვა ნაგებობაში ვერ იქნება მიჩნეული საცხოვრებელი სახლის ერთი ავარიული ოთახი. რაც შეეხება დეკლარაციის ,,A8“ პუნქტში დაფიქსირებულ ფართობს, როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან დასტურდება, ნ. გ-ის საკუთრებაში აქვს 82.33 კვ.მ ფართობის ბინა. მართალია, ადმინისტრაცული ორგანოს მითითებით, დეკლარაციის შევსებისას საჯარო რეესტრში აღრიცხულ ფართობს გამოაკლდა ავარიული შენობა, რომლის ფართობი შეადგენს 19.58 კვ.მ და აღნიშნულის შემდეგ განისაზღვრა შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საცხოვრებლის საერთო ფართობი, მაგრამ შენობის აზომვითი ნახაზით გაურკვეველია თუ კონკრეტულად რომელი ოთახი ეკუთვნის მოსარჩელეს და რომელი ოთახი რა დანიშნულებით გამოიყენება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ გაურკვეველია რომელი ოთახი ჩაითვალა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შინამეურნეობის საერთო ფართში. აღნიშნულის დაზუსტების გარეშე კი შეუძლებელია განისაზღვროს, რამდენად სწორად იქნა მითითებული შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საცხოვრებლის საერთო ფართობი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება გათვალისწინებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნ. გ-ის ოჯახის დეკლარაციის ხელახალი შევსებისას, სოციალურად დაუცველი ოჯახის მიერ დაკავებული ბინის ფართისა და ოთახების რაოდენობის განსაზღვრისას. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ასევე დამატებით უნდა იქნეს გარკვეული, რატომ იქნა შემოხაზული მხოლოდ „სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი“ და არა „დაუხმარებლად გადაადგილება არ აშეუძლია და საჭიროებს მომვლელს“ პუნქტი. ასევე, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, უნდა განსაზღვროს განათლების ბლოკში შრომისუუნარო მოსარჩელისთვის უმაღლესი განათლების აღნიშვნის რელევანტურობა, რათა განხორციელდეს დეკლარაციაში ოჯახის რეალური მდგომარეობის აღწერა, ვინაიდან დეკლარაციიაში მითითებულ გრაფას თავისი დანიშნულება აქვს და იგი ასახვას პოულობს ქულათა ოდენობაზე. სწორედ სარეიტინგო ქულით წყდება შემწეობის გაცემა/არ გაცემის საკითხი და სოციალურად დაუცველი ოჯახის მიერ რიგი სოციალური შეღავათებით სარგებლობის უფლება.
ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხი საჭიროებს არსებითად შესწავლას, გამოკვლევას და გადაწყვეტას, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ნ. გ-ის ოჯახის ახალი დეკლარაციის შედგენისა და არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარეიტინგო ქულის განსაზღვრა წარმოადგენს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ნ. გ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე