Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-949(კ-20) 24 მაისი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 05 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 22 აგვისტოს შპს „...მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 ივლისის №04/41569 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული ხარჯის - 47 712 ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებაა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 ივლისის №04/41569 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა შპს ,,...ს“ მიერ 2017 წლის 25 დეკემბერს წარდგენილი №844/01 ადმინისტრაციული საჩივრის არსებითი განხილვა კანონით დადგენილი წესით; დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში (დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ანაზღაურდება გაწეული ხარჯი - 47712 ლარი) შპს ,,...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 05 მარტის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 05 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სააგენტო არ აფინანსებდა სამედიცინო შემთხვევებს, მხარისთვის ცნობილი იყო 2015 წლის 13 თებერვალს. მხარემ სასამართლოს მიმართა 2018 წლის 23 აგვისტოს, შესაბამისად გასული იყო აქტის გამოცემის მოთხოვნის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის მე-2 ნაწილში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262.2 მუხლის შესაბამისად, არსებობდა საქმის შეწყვეტის საფუძველი. კასატორმა აღნიშნა, რომ მხარის არაერთი განცხადების შესაბამისად, სააგენტოს 2017 წლის 07 ნოემბრის №04/69706 გადაწყვეტილების მიხედვით, განმარტებული იქნა იურიდიული შედეგი, ასევე სააგენტოს 2018 წლის 20 ივლისის №604/41569 გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მხარეს უარი ეთქვა საჩივრის მიღებაზე სააგენტოს 2017 წლის 29 დეკემბრის N°04/80405 წერილის პირობების დაუცველობის გამო, ამასთან, მხარემ არ დაიცვა სააგენტოს 2015 წლის 13 მაისის №04/33212 წერილის მოთხოვნებიც. კასატორის მითითებით, მხარის 2018 წლის 16 იანვრის №19/01 წერილის სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, რომ დავის საგანს წარმოადგენდა 2015 წლის 13 თებერვლის №122460 მიღება–ჩაბარების აქტი და სადავო სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრი №165-3-2/338460545-241-43924. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს 2018 წლის 20 ივლისის 04/41569 გადაწყვეტილება გამოცემული იყო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი. ამავე განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 ივლისის №04/41569 სადავო გადაწყვეტილებით, შპს ,,...ს“ უარი ეთქვა 2017 წლის 25 დეკემბრის №844/01 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე იმ დასაბუთებით, რომ კლინიკას მოეთხოვა პაციენტთა დამატებითი საიდენტიფიკაციო მონაცემების (პირადი ნომერი და/ან სამედიცინო შემთხვევის ნომერი) წარდგენა, თუმცა საჩივარში აღნიშნულ ბენეფიციარებზე კლინიკის შემდგომი მომართვა და დამატებითი ინფორმაციის წარდგენა სააგენტოში არ ფიქსირდებოდა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,...ს“ მიერ 2014-2015 წლების საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოდან ცალკეული შემთხვევებს მიენიჭა სტატუსი ,,სადავო’’ და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებას არ დაექვემდებარა. საქმეში წარმოდგენილია შპს „...ს“ დირექტორის მიმართვები, რომლებითაც დასტურდება, რომ მან 2015, 2016 და 2017 წლებში არაერთხელ მიმართა მოპასუხე ადმინისტაციულ ორგანოს და მოითხოვა ზემოხსენებული შემთხვევების განხილვა და დაფინანსების საკითხის გადაწყვეტა. ამასთან, შპს „...ს“ დირექტორი 2018 წლის 16 იანვრის მიმართვაში აღნიშნავდა, რომ მისთვის კვლავ უცნობი იყო სადავო შემთხვევებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და ისე მიიღო სადავო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის ავტორისთვის საჭიროების შემთხვევაში არ გაუგრძელებია ხარვეზის ვადა დამატებითი ინფორმაციის წარსადგენად. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ჩაეტარებინა მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, განემარტა პირისათვის (ადმინისტრაციული საჩივრის ავტორი) მისი უფლებები და მოვალეობები, განემარტა, რომ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი საჭიროებდა მოთხოვნის კონკრეტულად ჩამოყალიბებასა და/ან საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მტკიცებულებების წარდგენას. ამდენად, არ მომხდარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად დავის საგნიდან გამომდინარე, ირელევანტურია კასატორის მითითება მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის თობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავიც მხრივ არსებითად ეყრდნობა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივარზე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (ს/კ 200294519) მიერ 22.10.2020წ. №03711 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 05 მარტის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.10.2020წ. №03711 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა